წელს, 3-5 მაისის ჩათვლით, პირველად საქართველოში, კერძოდ გურიაში, ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატი „Bzhuzha Race“-ით გაიხსნება. ექსტრემალური კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი „Bzhuzha Race“-ი სოფ. შემოქმედის მახლობლად მდებარე მდინარე „ბჟუჟა“-ზე 2016 წლიდან იმართება და წელს ოფიციალურად გახდა ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატის (EKEC) წევრი. EKEC მოიცავს 5 ჩემპიონატს, რომელსაც საქართველოს გარდა ევროპის 4 ქვეყანა უმასპინძლებს: საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია და ჩეხეთი. საქართველოში ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 9 ქვეყნის 100-მდე საუკეთესო ათლეტი, ისეთი ძლიერი გუნდებიდან როგორიცაა: Adidas Outdoor, ExoKayak, Red Bull International, S2S Pro Team და ZetKayaks. აღსანიშნავია, ასევე, რომ წელს პირველად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ.
Bzhuzha Race-ი, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, ადგილობრივი ხელისუფლების, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და სხვადასხვა ადგილობრივი და უცხოელი სპონსორების მხარდაჭერით შეიქმნა და პირველ წელსვე ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნის 70 სპორტსმენი ესტუმრა. გასულ წლებში ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებამ, მონაწილეთა და ვიზიტორთა დადებითმა გამოხმაურებამ, სოციალურ მედიაში ფართოდ გავრცელებულმა ფოტო-ვიდეო მასალამ, მდინარე ბჟუჟის უნიკალურმა ტექნიკურმა მონაცემებმა და გამოცემა Kayak Session Magazine-ში დაბეჭდილმა არაერთმა სტატიამ მიიქცია ევროპის სპორტული წრეების ყურადღება, რაც Bzhuzha Race-ისთვის ევოპის ჩემპიონატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.
2018 წელს Bzhuzha Race-ი გაშუქდება როგორც საქართველოში, ისე უცხოურ ბეჭდურ და ონლაინ გამოცემებში (Kayak Session Magazine, Canoe & Kayak Magazine, Rapid Media Magazine), ასევე, EKEC-ის მედია პარტნიორების და საინფორმაციო არხების მიერ.