ხმაურიანი გამოდგა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა, რომელიც დღეს გაიმართა. სხდომამ ერთი საკითხი „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა წარმოადგინა.
მამაკაიშვილმა ვრცლად ისაუბრა ბიუჯეტის თითოეულ მუხლზე და დარბაზში მყოფ დეპუტატებს მიმართა, რომ მზად იყო ყველა კითხვისთვის გაეცა პასუხი.
ბიუჯეტის მიმართ შენიშვნები ჰქონდათ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატებს.
_შიდა აუდიტის სამსახურს აქვს თუ არა შესწავლილი და გავლილი 2017 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიში? მას უნდა გადასცემოდა დოკუმენტი და მას უნდა დაედო დასკვნა _ეს კითხვა დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა დასვა.
ნაციონალ დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდათ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის პროცენტული მაჩვენებლის მიმართ.
სხდომის დარბაზში მას შემდეგ დაიძაბა სიტუაცია, რაც შალვა თავდიშვილმა სოფელ ჯუმათში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისათვის გახარჯული თანხების ხარჯვის მიზნობრივობის შესწავლა მოითხოვა.
_აქ მინიმუმ ნახევარი მილიონი ლარია არამიზნობრივად დახარჯული. ჩვენ ნაციონალები არ მივიღებთ მონაწილეობას, ისე შეჰქმენით ჯუმათის წყლის საკითხის შესასწავლად არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, თქვენი დეპუტატების მონაწილეობით. შეისწავლონ სად დაიხარჯა ამდენი ფული. რას მოხმარდა, რა შედეგი მივიღეთ. წყლის პრობლემა რეალურად მოგვარებული არ არის....
თავდიშვილს ახალგაზრდა დეპუტატი გენო ჩავლეიშვილი შეეპასუხა:
_ბატონო შალვა, ძალიან კარგია, რომ სოფელ ჯუმათძე ზრუნავთ, მაგრამ არა მგონია, ჩემზე უფრო მეტად გიყვარდეთ ჩემი საკუთარი სოფელი. პატივცემულო, აღნიშნულ პროექტზე არაერთხელ მქონია სოფლის მოსახლოებასთან საუბარი. სოფელა არ ჰყავს არც მერიის წარმომადგენელი და არ თანაშემწე, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა... წყლის სათავე ნაგებობა სტიქიამ დააზიანა.
_არავითარ სტიქიას არ აქვს ამასთან კავშირი. რასაც ახლა ამბობ, იტყუები. წინა მოწვევის საკრებულოს სხდომაზე დავაყენე ეს საკითხი, რომ პროექტი უხარისხოდ ხორციელდებოდა და დანაშაულს ჰქონდა ადგილი _სიტყვა შეაწყვეტინა ჩავლეიშვილს დავით მჟავანაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმდომარის მოადგილე მარიკა ჩხარტიშვილმა თქვა, რომ ეს საკითხი სესწავლი აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს და დადებითი დასკვნა აქვს დადებული.
კვლავ თავდიშვილის რეაპლიკა: _სამხარაულის ბიურო სიგრძეს და სიგანეს სწავლობს და ის ვერ დადებდა დასკვნას, სამუშაოები ხარისხიანად იყო თუ არა შესრულებული, რადგან არ შეუსწავლია. კამათში სხდომაზე დამსწრე კიდევ ერთი დეპუტატი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ბესო ქათამაძე ჩაერთო კამათში: _მარიკა, აქ თქმულის გარდა უამრავ დარღვევევბზე დაწერილა მედიაში, დგება სახელობითი სიები, კომენტარებს ვაკეთებთ და თქვენ არ მიიქცევთ საჭიროდ ამას მიაქციოთ ყურადღება. უამრავი სფეროა, სადაც არამიზნობრივად იხარჯებოდა თანხები.
შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა კამათი და ურთიერთბრალდებეზე გადავიდნენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიდა მმართველი პარტიის სამკაციანი ჯგუფი.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე: _ თქვენ რაც გინდათ, იმას ხედავთ , რაც არ გინდათ ვერა. 2005 წელს შემოქმედის წყლის სათავენაგებობაზე 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, ის მოკითხეთ?
ამაზე დავით მჟავანაძემ და შალვა თავდიშვილმა უპასუხეს: _აგებინეთ მერე ამის გამო პასუხი ვინმეს? გამოგეძიებიათ და მოგეთხოვათ ამაზე პასუხი. ეს რა მიდგომაა, მე თუ გავაფუჭე, თქვენც უნდა გააფუჭოთ? ხანგრძლივი კამათის შემდეგ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს-„2017 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიშის შესრულების შესახებ“ კენჭი უყარეს.
სხდომაზე დამსწრე 36 დეპუტატიდან საკითხს მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია „ნაცმოძრაობის“ წევრებმა დავით მჟავანაძემ, ბესო ქათამაძემ, შალვა თავდიშვილმა, დამოუკიდებელა დეპუტატმა ლევან მგელაძემ.