`ნაციონალი~ დეპუტატების განცხადებებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობა კორუფციაში იხრჩობა

დამატებულია: 2018-05-02
picture1

ბესო ქათამაძის თქმით, კორუფციული გზით გაყიდულია მიწები და ამ სქემაში დიდი ალბათობით ჩართულია პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ოზურგეთიდან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2 მაისის საკრებულოს სხდომა `ნაციონალების~ ერთგვარ ბენეფისად იქცა, თითქმის მთელი სხდომის განმავლობაში სამმა `ნაციონალმა~ დეპუტატმა _ ბესო ქათამაძემ, შალვა თავდიშვილმა და დავით მჟავანაძემ დანარჩენი დეპუტატების ხმა გადაფარეს და, ერთი შეხედვით, საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენეს საკრებულოს ხელმძღვანელობას, საკრებულოს `ქართული ოცნების~ დეპუტატებსა და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ოზურგეთიდან. სხდომა ვაკხანალიას დღის წესრიგით გათვალისწინებული მეხუთე საკითხიდან დაემსგავსა, როცა არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ნორმატიული ფასების განსაზღვრას შეუდგნენ. სამეულმა ოპონენტებს უკიჟინა, რომ ისინი კორუფციაში არიან ჩართული:

ბესო ქათამაძე: `კორუფციაში ხართ და წესებს ჩვენ ვარღვევთ?~

დავით მჟავანაძე: `დანაშაულს ჩადიხართ, სისხლის სამართლის დანაშაულს, კორუფციულ გარიგებებში ხართ და თქვენ საუბრობთ წესრიგზე?~

ბესო ქათამაძე: `თქვენ, ბატონო დავით, მხოლოდ შრომის სკოლის მიწების გაყიდვაზე მიღებული გადაწყვეტილებით 2 მილიონით აზარალეთ მუნიციპალიტეტი. ბატონო გიორგი, კორუფციაში იხრჩობით, დასკვნაც დაგიდოთ ანტიკორუფციულმა. კორუმპირებულმა პირებმა, სანამ `ნაციონალებს~ ახსენებთ პირში წყალი გამოივლეთ. ახლობელ-ნათესავებზე ყიდით მიწის ნაკვეთებს~.

შალვა თავდიშვილი: `გიორგი, შენი ხელი ურევია ამ ყველაფერში. დაგავალენ არა? შეგაშინენ ხომ? სხვანაირად ვერ იზამდი, შეგეშინდა, თბილი სკამის დატიების შეგეშინდა~.

ბესო ქათამაძე: `ეს არის კორუფციული გზით გაყიდული მიწები. ამ სქემაში დიდი ალბათობით ჩართული არის პარლამენტის დეპუტატი~.

ეს მცირე ნაწილია `ნაციონალი~ დეპუტატების მიერ ზემოაღნიშნული ადრესატებისადმი ქაღალდების ფრიალით წაყებული ბრალდებებისა. რა თქმა უნდა, იყო საპასუხო რეპლიკები და არგუმენტები, რომელთა მოსმენა `მბრალდებლებს~ არ სურდათ და ყველანაირად შეეცადნენ ჩაეხშოთ ოპონენტების ხმები. საკრებულოში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის მარიკა ჩხიკვიშვილის თქმით (მას ჯუმათის წყალსადენზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მოსთხოვეს), `ნაციონალმა~ დეპუტატებმა ტელეკამერების წინ თავიანთი გეგმა შეასრულეს.

მარიკა ჩხიკვიშვილი: აგერაა, ბატონო, ეს დასკვნა. სხვათა შორის, ვისაც კითხვა ჰქონდა, პრობლემა არ იყო და არც ამ საკითხზე კომისიის შექმნაა პრობლემა. ახლა თქვენ ძალიან კარგად იცით, ეს ყველაფერი რატომ მოაწყვეთ. ბატონო თავმჯდომარე, ამათმა კამერა დაინახონ ჩართული, სწორედ ეს უნდათ, პოპულისტობა. დამთავრდა პირდაპირი ეთერი, უკვე სათანადოდ გიხილათ მაყურებელმა, დღევანდელი გეგმა შეასრულეთ~. ურეკში შრომის სკოლის მიწების გაყიდვის თაობაზე სოფელ შრომის მაჟორიტარ დეპუტატს დავით ჭაკნელიძეს დავით მჟავანაძემ ჰკითხა: იცოდა თუ არ სოფლის მოსახლეობამ და მასწავლებლებმა ამის შესახებ.

_ ღია აუქციონის წესით გაიყიდა, კანონის სრული დაცვით. გაზეთი `ალიონი“ გამოდის და აუქციონის პირობები ერთი თვით ადრე გამოქვეყნდა ამ გაზეთში, _ თქვა ჭაკნელიძემ.

_ რამდენი გამომწერი ჰყავს `ალიონს~? _ ჩაეკითხა `ნაციონალი~ დეპუტატი.

_ ბევრს გამოწერილი აქვს, მე თვითონ ჩამაქვს სოფელში,

_ ჭაკნელიძის პასუხზე მჟავანაძეს ცინიკურად ჩაეღიმა.

შეიძლება, არც უნდა გამოვდევნებოდით ამ რეპლიკას, მაგრამ ვატყობთ, ბატონი დავითი კარგა ხანია უბრად უყურებს გურიის მასშტაბით უძველეს გაზეთს. არ გვინდა ნაწყენი დაგვრჩეს ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც, უკაცრავად და, რაღაცნაირად მჟავე ცომით გამომცხვარი დეპუტატის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ არც მთლად უპასუხობა ივარგებს: ბატონო დავით, ჩვენი მკითხველების რაოდენობა ჩვენი კომერციული საიდუმლოებაა, თუ ძალიან გაინტერესებთ, ორშაბათობით, სანამ თქვენს `ნავსაყუდელამდე~ მიხვიდოდეთ, შემოიჭვრიტეთ ჩვენი რედაქციის ფანჯარაში, საიდანაც გაზეთსაც ბლომად დაინახავთ და მკითხველსაც.

უფრო ვრცლად ამ მასალას ჩვენი გაზეთის მომავალი ორშაბათის ნომერში იხილავთ.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.