წყალსგატანებული თუ წყალს აღლეტილი მილიონები?

დამატებულია: 2018-05-16
picture1

რომ არა `ორიონი~, იმ თანხით, რაც შემოქმედის წყალსადენის მშენებლობაზე დაიხარჯა, ორი ონი აშენდებოდა

_ თქვენ რაც გინდათ, იმას ხედავთ, რაც არ გინდათ ვერა, 2005 წელს შემოქმედის წყლის სათავე ნაგებობაზე 10 მილიონი დაიხარჯა, ის იკითხეთ?

_ აგებინეთ მერე პასუხი ვინმეს? გამოგეძიებიათ და გამოგეთხოვათ ამაზე პასუხი. ეს რა მიდგომაა, მე თუ გავაფუჭე, თქვენც უნდა გააფუჭოთ?!..

გახსოვთ, ალბათ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 30 აპრილის რიგგარე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ღურჯუმელიძისა და `ნაციონალური მოძრაობის~ დეპუტატის დავით მჟავანაძის ერთმანეთისადმი საკმაოდ ხმაურიანი წაძახილ-წამოძახილი, როცა სოფელ ჯუმათის წყალსადენზე არსებული მდგომარეობის შესასწავლად ოპოზიციამ სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა.

ჯუმათის წყალსადენის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ცხელ კვალზე, იმდენი ითქვა და დაიწერა, ალბათ, დადებითად მოგვარდება ეს პრობლემა. მოდით, ახლა ქალაქ ოზურგეთისათვის საუკუნის პროექტად წოდებული, 4,5-მილიონიანი შემოქმედის წყალსადენის პროექტის რაღაცნაირად მიჩუმათებული ამბავი მოვიკითხოთ, რომლის დამფინანსებელი გახლდათ მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი, თანადაფინანსებელი და დამკვეთი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო განმახორციელებელი _ `ორიონი~, თუ სწორად ვამბობთ, `სმუ ინგეკომის~ შვილობილი კომპანია, რომელმაც მანამდე ვერ შეასრულა წინა ორი _ ბათუმის წყალკანალისა და ქობულეთის სანიაღვრე სისტემის პროექტები.

თავის დროზე, როცა შემოქმედის წყალსადენსაც იგივე ბედი ეწია, ვწერდით: `რომ არა `ორიონი~, იმ თანხით, რაც შემოქმედის წყალსადენის მშენებლობაზე დაიხარჯა, ორი ონი აშენდებოდა~.

`რამდენადაც მახსოვს, შემოქმედის წყალსადენის პროექტი ხორციელდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, თუ არ ვცდები, 2004-2007 წლებში. ეს იყო ახალგაზრდა გუბერნატორ ჟანი კალანდაძის ერთ-ერთი პირველი საქმე, სამუშაოები მიხეილ სვიმონიშვილის გუბერნატორობის პერიოდშიც მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის პროცესში იყო რაღაც დარღვევები, მაგალითად, შემოქმედში ერთხელ მთავარი მილი დაზიანდა, რომელიც ოპერატიულად შეკეთდა, ყველაფერი განხორციელდა პროექტის მიხედვით. უკვე ახალი ხელისუფლების დროს, 2013 წელს სტიქიამ დააზიანა სათავე ნაგებობა, კერძოდ, მწყობრიდან არის გამოსული წყალმიმღები, ქვიშდამჭერი სალექარი და საფილტრაციო მოედნები კი დღესაც წესრიგშია, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში `საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების~ ოზურგეთის სერვისცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამჟამად კი `სატისის~ თავკაცმა დავით ცერცვაძემ.

სტიქიისგან სათავე ნაგებობის დაზიანებამდე 2 წლით ადრე, ოზურგეთელმა `თავისუფალმა დემოკრატებმა~ წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმართეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და მუნიციპალიტეტის საკრებულოს. წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის სერვისცენტრმა ოპოზიციურ პარტიას აცნობა, რომ სათავე ნაგებობის მუშაობა არის სეზონური და დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე. მოსახლეობას წყალი მიეწოდება 8-საათიანი გრაფიკით, სასმელი წყლის ვარგისიანობის ყოველდღიური კონტროლი ხდება სერვისცენტრის ლაბორატორიაში.~

მაშინ ოზურგეთელმა ახალგაზრდა `თავისუფალმა დემოკრატებმა~ ოპერატიულად ჩატარებულ პრესკონფერნეციაზე ჟურნალისტებს ამცნეს, რომ პროექტმა რამდენკერმე განიცადა ცვლილება, რაც აისახა ხარჯთაღრიცხვაში და საინვესტიციო პროექტის ღირებულება გაიზარდა. მხოლოდ პროექტირებაში გადახდილია 113 400 ლარი. ამ პროექტის მიხედვით, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობა უზრუველყოფილი უნდა ყოფილიყო 24-საათიანი წყალმომარაგებით. მიწოდება უნდა მომხდარიყო ანასეულში მდებარე რეზერვუარებიდან. წყალი უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, თვითდინებითი და არა დამოკიდებული სეზონურობაზე. დახარჯულია სოლიდური თანხა, რეალობა კი კატასტროფულია. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ პროექტი ჩავარდა. ოზურგეთის მოსახლეობას არც 8-საათიანი გრაფიკით მიეწოდება წყალი და რაც მიეწოდება, ისიც სასმელად უვარგისია.

სხვათა შორის, პროექტის მიხედვით,შემოქმედის წყალსადენის თვითდინებითობას გაუსვა ხაზი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა შოთა გოგიბერიძემ, რომელიც იმ წლებში სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობდა და მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს როგორც თვით პროეტზე, ისე მისი ეტაპობრივი განხორციელების პროცესებზე.

შოთა გოგიბერიძის თქმით, ზედმეტი ხარჯები განპირობებულია იმით, რომ არ გამართლა პირველადი, ანუ შემოქმედის წყალსადენის პროექტმა. დამატებითი თანხებით კი მოხერხდა მეორადი პროექტის, უფრო სწორად, ძველი, მაკვანეთისა და ლაშეს წყალსადენების რეაბილიტაცია და ქალაქის ქსელის განახლება. ქალაქი უწყლოდ არ დარჩენილა, მაგრამ დაიკარგა პირველადი პროექტის იდეა, რომ წყალსადენი თვითდინებადი იქნებოდა.

`. მახსოვს იყო საუბარი კალუას ტბიდან წყლის მოწოდებაზე, კვლევითი სამუშაოებიც მიმდინარეობდა. მერე გადაწყვიტეს წყალი მიეღოთ არა კალუადან, არამედ მდინარე ბჟუჯის ნაპირზე მოწყობილისათავე ნაგებობით რომელიც არტეზიულ წყალს მიიღებდა. არტეზიული წლის დებეტი უნდა ყოფილიყო იმხელა, რომ ქალაქის მიმართულებით წამოსულიყო თვითდინებით, დაგროვებულიყო ანასეულის გადამწნევ სადგურზე, საიდანაც უწყვეტად მიეწოდებოდა ქალაქს, მათ შორის თორმეტსართულიან საცხოვრებელ სახლებსაც. ეს იქნებოდა ელექტროენერგიის ძალიან დიდი ეკონომია და, რა თქმა უნდა, მომსახურების მინიმალური ხარჯები. ამ წყალსადენის მთავარი არსი სწორედ ეს იყო.

პროექტში გარკვეულწილად ჩადებული იყო ქსელის რეაბილიტაციაც, რადგან ასეთ წნევას ძალიან სერიოზული მილები სჭირდებოდა. ამ მხრივ პროექტი ნორმალურად იყო გაკეთებული“.

როგორც გოგიბერიძე ამბობს, სამხარეო ადმინისტრაციას ძალიან მაღალზე ჰყავდა აყვანილი ეს მშენებლობა, ბევრი შენიშვნებიც ჰქონდა. პირადად მას ვერ აჩვენეს გეოლოგიური დასკვნაც:

`რაღაც დარღვევები რომ დაგროვდა, სამხარეო ადმინისტრაციამ არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ დასკვნებს დაამატა ადგილობრივი სპეციალისტების მიერ შესწავლილი საკითხების მოხსენებითი ბარათები და პროკურატურაშიც გადააგზავნა. ფაქტობრივად აპარატის საქმიანობას მე ვხელმძღვანელობდი და ვეცნობოდი, რა წერილები მიდიოდა. გარდა ამისა, ხშირად მოდიოდნენ ამ პროექტში მონაწილე მუშები, ხან ხელფასი უგვიანდებოდათ, ხან კიდევ რა.

მახსოვს, გუბერნატორმა მოითხოვასამხარეო ადმინისტრაციის გამსვლელი სხდომის ჩატარება სათავე ნაგებობაზე. მთავრდებოდა უკვე პროექტი. ავედით, ჩამოსული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლობა, მთავრობის წარმომადგენლები ძალიან დიდი შემადგენლობით. გამსვლელი სხდომის ოქმს აფორმებდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მეც, რა თქმა უნდა. რაც ყველაზე ცუდი იყო, ჩვენ ვერ ვნახეთ არტეზიულ რეზერვუარებში შემომავალი წყარო. ვნახეთ დამდგარი, ლაყე წყალი. პირადად მივყევი ღარს და აღმოვაჩინე, რომ ბჟუჟის წყალი იყო შემოშვებული რეზერვუარებში, რომელიც შემდეგ იგივე მდგომარეობით, არც თუ ისე მაღალხარისხოვანი გაფილტვრით, მიდიოდა მილში პირდაპირ. სათავე ნაგებობა იყო ძალიან დიდი დარღვევებით გაკეთებული. მაშინვე შევადგინე ოქმი, თუმცა, თათბირის მონაწილეებმა უარი თქვეს ხელმოწერაზე. ვეცდებით, გამოვასწოროთო, მოკლედ, ათასი რამ მოიმიზეზეს. მივხვდი, რომ ამ პროექტის ბედი ფაქტობრივად ცუდად იყო გადაწყვეტილი. შემდეგ სპეციალისტებთან პირადი საუბრებით გავიგე, რომ არ იყო დებეტი არტეზიული, მოვითხოვე გეოლოგიური დასკვნა, ეს აღნიშნულია იმ ოქმში გეოლოგიური დასკვნა ვერ წარმომიდგინეს. არასამთავრობო სექტორის დასკვნაში რატომღაც აღნიშნული იყო, რომ გეოლოგიური დასკვნა არსებობდა, მაგრამ, როცა სპეციალურად მივედი, ვერ მაჩვენეს.

მოკლედ, ოთხმილიონნახევრიანი პროექტი თითქმის ბოლომდე განხორციელდა ისე, რომ გეოლოგიური დასკვნა არ იდო. რა თქმა უნდა, ოქმს დავარტყი გუბერნატორის ბეჭედი, ხელიც მოვაწერე, უფლებამოსილი პირი ვიყავი, რომ ეს გამეკეთებინა. იმდენად აღშფოთებული ვიყავი, რომ ხსენებული ოქმი პრესას მივეცი, სამგვერდიანი იყო, მახსოვს.

მაშინაც მივიჩნევდი, რომ ეს იყო დიდი დანაშაული, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩვენ პროკურატურაც კი ჩავრთეთ საქმეში ამ დარღვევების გამო. დიახ, დიდი დანაშაული იყო ის, რომ თვითდინებადი წყალსადენის იდეა დასამარდა. მიუხედავად ამისა, მაინც განხორციელდა ეს პროექტი, დაიხარჯა ძალიან დიდი ფული, რომელიც ქსელის რეაბილიტაციას და მაკვანეთისა და ლაშეს სათავე ნაგებობების აღდგენას რომ მოხმარებოდა, გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა. რა თქმა უნდა, სამხარეო ადმინისტრაციამ არ მოიწონა, რომ საკუთარი ინიციატივით ჩავაყენე მედია საქმის ყურში და ესეც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი სამსახურიდან წამოსვლისა. გახსოვთ, ალბათ, მაშინდელი სტრუქტურების მუშაობის სპეციფიკა. ეს იყო ჩაკეტილი, სოდისა და კუდის კონტროლზე აყვანილი სტრუქტურები. დამლაგებელი ვერ შეყოფდა ცხვირს შიგ მაგათი ნებართვის გარეშე და ამ დროს ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა მუშაკმა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა მედიას. ღიად არ დამპირისპირებიან, მაგრამ ეს იყო ჩემსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტის ძირითადი, რეალური წყარო.

მაგრამ ეს არ იყო მთავარი, მთავარი იყო ის, რომ ჩემი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ამ პროექტის ავტორები, შემსრულებელი და მონაწილე მხარეები. გაიმართა სასამართლო პროცესები, დაუდასტურდათ დანაშაული, საპროცესო გარიგებებიც შედგა, ეს უკვე პრესიდან ვიცი. სამწუხაროდ, დაზარალებული დარჩნენ ოზურგეთი და ოზურგეთელი მოსახლეობა, ვისთვისაც მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა თვითდინებადი, ეფექტური წყალსადენი და 24-საათიანი წყალმომარაგება.

ხსენებულ ოთხმილიონნახევარს შემდეგ კიდევ არაერთი ტრანში დაემატა, რადგანაც შეიცვალა პროექტის მიმართულება, არსი და საჭირო გახდა დამატებითი თანხები უკვე არსებული, ძველი წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და ქსელის რეაბილიტაციისთვის.

იცით კიდევ მაშინ რამ გამოიწვია ჩვენი აღშოთება? რაკი სათავე ნაგებობაზე მდინარის წყლის შემოგდება გადაწყვიტეს, ვიცოდით, რომ 12-14 ფერმა იყო გადმომდგარი ბჟუჟის წყალზე~.

ახლა გადავხედოთ საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის ვებ გვერდს, სადაც დღესაც უცვლელად დევს თითქმის ოთხი წლის წინანდელი (29.06.2014) მასალა, რომელიც გვამცნობს, რომ ოზურგეთში 30 ათას მოქალაქეს წყალმომარაგების მიწოდების პრობლემა მოუგვარდა:

„სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში - გიორგი ჩხაიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე თორაძემ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა არჩილ ცაბუტაშვილმა და მისმა მოადგილე გიორგი კობერიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 30 ათას მოქალაქეს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარა. წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომელიც ოზურგეთში წლებია არ განხორციელებულა, ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 2,653,428.70 ლარია. რეაბილიტაციის შედეგად ნაცვლად 8 საათიანი გრაფიკისა , მოსახლეობას წყალი 14 საათიან რეჟიმში მიეწოდება. ამასთან გარანტირებული იქნება წყლის ხარისხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ობიექტი ექსპლუატაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცემა. ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შედეგად მთლიანად ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობას გაუუმჯობესდა წყლის მიწოდების ხარისხი. აქამდე მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა. რეაბილიტაციის დასრულების შედეგად კი გრაფიკის დრო მინიმუმამდე შემცირდება. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა წყლის ხარისხი. ასევე მოხდება წყლის დაქლორვა და „სკადას“ სისტემის მეშვეობით წყლის ხარისხის კონტროლი მუდმივ რეჟიმში. აქამდე ოზურგეთის მოსახლეობა დაბალი ხარისხის გაუფილტრავ სასმელ წყალს იღებდა და იმასაც შეზღუდული გრაფიკით.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად წლის ბოლოს ოზურგეთის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის განხორციელებას დაიწყებს. ამის შედეგად კი მოსახლეობისთვის გრაფიკის სრულად მოხსნა მოხდება. ასევე დაიზოგება ელექტროენერგია, ვინაიდან ტუმბოების 24 -საათიან რეჟიმში მუშაობა აღარ იქნება საჭირო. ოზურგეთის გარდა, წყლის სისტემის გაუმჯობესება საქართველოს 28 ქალაქში მოხდება. პროექტის განხორციელების განმავლობაში ობიექტზე 60 ადამიანი იყო დასაქმებული.

წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში აშენდა თანამედროვე საქლორატოროს შენობები, მთლიანად გამოიცვალა სატუმბი სადგურის ტერიტორიაზე გარე და შიდა კომუნიკაციები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ელექტრომომარაგების სისტემას, დამონტაჟდა ახალი ტრანსფორმატორი, მოხდა სამივე სათავე ნაგებობის შემოღობვა. დამონტაჟდა ,,სკადა“ სისტემა, რაც საგრძნობლად აადვილებს წყალსადენის ქსელის კონტროლს და ოპერირებას

ამასთან, სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელების დროს წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ქალაქი დაიყო 4 სექტორად, რისთვისაც დამატებით მოეწყო 36 სარეგულაციო ჭა ურდულებითა და წნევის რეგულატორებით. სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ქალაქის 3 სატუმბ სადგურზე. #1 სატუმბ სადგურზე დამონტაჟდა 3 ტუმბო-აგრეგატი წარმადობით 365 მ3/სთ. #2 სატუმბ სადგურში 2 ტუმბო-აგრეგატი წარმადობით 160 მ3/სთ და #3 სატუმბ სადგურში 2 ტუმბო-აგრეგატი წარმადობით 120 მ3/სთ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარდა წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციისა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაფინანსებით მდინარე ბჟუჟის კალაპოტში წყალსადენის დრენაჟებზე და მაგისტრალურ წყალსადენზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოების საერთო ღირებულება 493 000 ლარია. ნაპირდამცავი გაბიონების კედლების მოწყობის და მდინარე ბჟუჟის ძველ კალაპოტში დაბრუნების შემდეგ დაცული იქნება წყალსადენის დრენაჟები და მაგისტრალური წყალსადენი, რაც წყლის დებეტზე და ხარისხზე აისახება“.

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას იქნებ გადაეხედა ამ ინფორმაციისათვის და შესაბამისი შესწორებებით მოსახლეობისათვის ეცნობებინა ოზურგეთის წყალმომარაგებაში არსებული მდგომარეობა.

მაკვანეთის მიდამოებში, მდინარე ბჟუჟზე ინერტული მასალის მომპოვებელი კარიერის მავნებლური ქმედების შედეგად წყლის დონე იმდენად დაიწია, რომ მალე ტუმბოებით მისი სათავე ნაგებობაში გადმოქაჩვა შეუძლებელი გახდება. რას გადმოტუმბავ, რაც არ არის? გარდა უწყლობისა, ხომ არ იკვეთება ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე?

კი, ბატონო, როგორც ოზურგეთის მუნიციალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ლავრენტი ბიგვავამ გვითხრა, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ საკითხზე და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება

უარესი მდგომარეობაა ლიხაური- ანასეულის წყალსადენზე, რომლის სათავე ნაგებობა ფაქტობრივად ამორტიზებულია. ამას ემატება ისიც, რომ სოფელ ლიხაურის მოსახლეობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ წყალსადენზე თავისი მთავარი მილი გააჩნია, ანასეულის მილზე ზის და ანასეულის დასახლება ფაქტობრივად მშრალზეა დარჩენილი. ლავრენტი ბიგვავას თქმით, მიმდინარეობს წინასაპროექტო სამუშაოები და სექტემბრისთვის დაიწყება ძირითად პროექტზე მუშაობა.საქმეში ჩართულია ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე.

მოკლედ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ქალაქი ოზურგეთი უწყლოდ არ დარჩება და ამ კარიერების გადამკიდე,არც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ანასეულის წყალსადენსაც მოეხედება, რამეთუ აქაურ მეცნიერებს ჯერჯერობით არ ძალუძთ წყურვილგამძლე ადამიანების გამოყვანა, მათ მხოლოდ ყინვაგამძლე მცენარეების გამოყვანის გამოცდილება აქვთ.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.