ასკანგელ ალიანსის“ დღევანდელი დღე და პერსპექტივები

დამატებულია: 2018-05-16
picture1

გურიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ დარგს, ბენტონიტური თიხების მოპოვება-გადამუშავებას ახალი პერსპექტივები გაუჩნდა. შპს „ასკანგელ ალიანს“ წიაღისეულის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში, ციხისუბანში, ბენტონიტური თიხის მოპოვების მიზნით ლიცენზია გადასცა. ლიცენზიის პირობებით 2 წლის განმავლობაში 150 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ლიცენზიის პირობები მთიპირისა და მიმდებარე სოფლებისთვის სხვა მნიშვნელოვან პროექტებს ითვალისწინებს.

ოზურგეთელი სამთოელების წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ცნობილ ბიზნესმენს და მეცენატს, ოზურგეთის საპატიო მოქალაქეს, ასკანელ გოჩა ჩხაიძეს, რომელმაც შეძლო თანხების მოძიება დაწყებული საქმის გასაგრძელებლად. უშუალოდ მისი ძალისხმევით შეიძინეს გერმანიაში თანამედროვე დანადგარები, რომელიც უზრუნველყოფს ახალ ქარხანაში მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვებას.

სოფელ მთისპირში, ციხისუბანში, ასკანის ბენტონიტური თიხების მოპოვება 1946 წელს, აკადემიკოს ალექსანდრე თვალჭრელიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. კარიერზე თავდაპირველად თიხის მოპოვება მაღაროში ხდებოდა, ხოლო შემდეგ გადავიდნენ ღია მოპოვებაზე.

ერთ-ერთი პირველი სამთოელი მთისპირელი დავით შარაშიძე იყო, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში კავკასიონზე, მყინვარწვერის პლატოზე, ცნობილი მეტეოსადგურის ააგო.

1944 წელს, როდესაც დავით შარაშიძე ალიოშა ჯაფარიძესთან ერთად უშბაზე ასასვლელად ემზადებოდა, ალექსანდრე თვალჭრელიძის თხოვნით სოფელ მთისპირში ჩავიდა და სამთო-საძიებო პროცესებში ჩაერთო, ხოლო კარიერის გახნის შემდეგ იგი აქ უბნის უფროსად მუშაობდა. სამთოელი გახლდათ მისი მეუღლე, ქალბატონი ლუიზა ნაჭყებია, რომელიც ასკანის თიხის კარიერის მთისპირის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა.

ოზურგეთის მაღაროთა სამმართველო ერთ-ერთი ძლიერი საწარმო იყო გურიაში. მაღაროელებს განსაკუთრებული წარმატებები გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში ჰქონდა, როცა ყოველწლიურად 120 ათასი ტონა სხვადასხვა სახის მაღალი ხარისხის თიხა იგზავნებოდა ყოფილი სსრკ-ს მეტალურგიულ, მანქანათმშენებელ ქარხნებში.აქაურ თიხას იყენებდნენ ღვინის წარმოებაში, სხვა დარგებში. ქარხანას იმ დროს თეიმურაზ ქილიფთარი ხელმძღვანელობდა. მაღაროთა სამმართველოში მუშაობა პრესტიჟული იყო და მუშა-მოსამსახურეებს მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდათ. ქალაქ ოზურგეთში მაღაროელები აშენებდნენ მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინებს, სკოლებს, სპორტულ მოედნებას და ა.შ... შენების პერიოდს გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ნგრევის პროცესი მოჰყვა.

ნახევარსაუკუნიანი ისტორიის შემდეგ, 1997 წელს შპს „ასკანა“აუქციონზე ბერძნულმა კომპანიამ „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანია“ შეიძინა. სამწუხაროდ, ბერძნულმა კომპანიამ არ შეასრულა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები: 20 წლის მანძილზე დაინგრა ან ჯართად გაიყიდა 2 ქარხანა, სიძველისა და უმოქმედობის გამო მწყობრიდან გამოვიდა, განადგურდა საკარიერო ტექნიკა. 2017 წლის დეკემბერში მათ ლიცენზიას მოქმედების ვადა ამოეწურა...

ამჟამად კი ბენტონიტური თიხების წარმოების დამფუძნებლები ბატონი დავით შარაშიძისა და ქალბატონ ლუიზა ნაჭყებიას შვილი და შვილიშვილი თენგიზ და დავით შარაშიძეები არიან, რომლებმაც ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძესა და აწ გარდაცვლილ ალექსანდრე ჩხაიძესთან ერთად საწარმოო ციკლის სრულად ამოქმედება შეძლეს.

კახა სიორიძე, შპს „ასკანგელ ალიანსის“ დირექტორი:_ჩვენი საწარმო ახდენს ბენტონიტური თიხების მოპოვებას და გადამუშავებას, რომელიც გაგვაქვს როგორც ევროპაში, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ქარხნისთვის მანქანა-დანადგარები შევიძინეთ გერმანიაში. ეს დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ბენტონიტური თიხების წარმოებას. ჩვენ გვაქვს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია, რომელიც ასევე გერმანული დანადგარებითაა აღჭურვილი. ეს ლაბორატორია უზრუნველყოფს პროდუქციის ექსპორტირებამდე ხარისხის კონტროლს. ლაბორატორია უზრუნველყოფს კარიერიდან ჩამოტანილი თიხის პირველადი ანალიზის ჩატარებას, რაც საშუალებას გვაძლევს ამ თიხებს სწორი მიმართულება მივცეთ შემდგომი გადამუშავებისათვის.

_რამდენი ადამიანია ამჟამად დასაქმებული წარმოებაში?

_ამჟამად ჩვენთან 110 ადამიანი მუშაობს, ძირითადად სოფელ ასკანის და მთისპირის მოსახლეობა. ასევე მუშაობენ სოფელ დვაბზუსა და ოზურგეთის მიმდებარე რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები. დაცულია უსაფრთხოების წესები და მუშა-მოსამსახურეების საშუალო ანაზღაურება 700 ლარს შეადგენს.

_ვის მიეწოდება თქვენი პროდუქცია და რა პერსპექტივებია ამ კუთხით...

_რაოდენ გასაკვირვიც არ უნდა იყოს, ამჟამად ძირითადი დამკვეთი არა რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, არამედ ევროპის უდიდესი ქვეყანა გერმანიაა. მათ ყოველთვიურად მანქანათმშენებლობისათვის 1200 ტონა საყალიბე თიხას ვაწვდით. სულ კი თვეში 2000 ტონა გადამუშავებულ თიხას ვაგზავნით ექსპორტზე. ამჟამად მოლაპარაკებებს ვახდენთ უკრაინისა და ბელორუსის მანქანათმშენებლებთან,, რომელთაც ასეთი სახის თიხა სჭირდებათ მეტალურგიასა და საყალიბე წარმოებაში. ჩვენ ცნობილი მიზეზით დავკარგეთ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარი, ამით ისარგებლეს ჩვენმა კონკურენტებმა, დაიჭირეს ბაზარი და მაღალხარისხიანი ჩვენებური თიხა უკრაინული, აზერბაიჯანული და სომხური თიხებით ჩაანაცვლეს.

_თქვენ ახლახან სახელმწიფომ ბენტონიტური თიხების ციხისუბნის საბადო გადმოგცათ...

_ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს დადგენილების შესაბამისად, 2018 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ შპს „ასკანგელ ჯგუფს “ გადმოსცა ასკანის ბენტონიტური თიხების ჯგუფში შემავალი ციხისუბნის საბადო, შემდეგი სალიცენზიო პირობებით, რომ „ასკანგელ ჯგუფმა“ 3 წლის განმავლობაში განახორციელოს უნდა 500 ათასი ლარის ინვესტიცია, რომელიც უნდა დაიხარჯოს შემდეგნაირად:

ა) სოფელ მთისპირში უნდა ამუშავდეს თიხის პირველადი გადამუშავების ქარხანა, რომელიც უნდა აღიჭურვოს შესაბამისი მანქანა-დანადგარებით;

ბ) უნდა მოხდეს 4 სოფლის წყალსადენის (მთისპირი, ასკანა, მზიანი, ბასილეთი) სათავე და საფილტრე ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც მდებარეობს სოფელ მთისპირში;

გ) უნდა მოხდეს სოფელ მთისპირში მდებარე კულტურის უნიკალური ძეგლის_ასკანის ციხის რეაბილიტაცია, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს;

დ) 2 წლის განმავლობაში დამატებით უნდა დასაქმდეს 150 ადამიანი.

მანანა ანდღულაძე, ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი: _ 38 წელია სამთოელი ვარ, აქედან 33 წელის ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოში ვიმუშავე. არ შემიძლია ჩემი გულისტკივილი არ გამოვთქვა იმ ის შესახებ, რაც ოზურგეთში ბერძნული კომპანიის შემოსვლის შემდეგ მოხდა. მათ ჯერ მინიმუმამდე დაიყვანეს შპს „ასკანას“ 800-კაციანი კოლექტივი, ხოლო შემდგ მთლიანად გააჩერეს წარმოება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ მათ საშუალება მისცა საწარმოს უმოქმედოდ გაჩერების, ნგრევის და განადგურების. 2003-2004 წლებში მუშა-მოსამსახურეთა მღელვარებას, საპროტესტო აქციებს, გაფიცვებს, შიმშილობას შედეგი არ მოჰყოლია.

ბერძნული კომპანიის თავდაპირველი მიზანი იყო წიაღისეულის მოპოვება ყოველგვარი დანახარჯების გარეშე. იგნორირებული იყო პროექტით გათვალისწინებული აუცილებელი სამთო სამუშაოების ჩატარება, რამაც საბადო სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა.

20 წლის განმავლობაში, ბერძნულ კომპანიას მოჰყავდა არგუმენტი, რომ არ მოიძებნა სტაბილური მომხმარებელი, მაშინ როცა მსოფლიო ბაზარზე ჩვენი სახით ძლიერი კონკურენტის ჩამოშორების შემდეგ საბრძნეთში , კუნძულ მილოსსზე არსებული მათი კუთვნილი ანალოგიური საწარმოს გაყიდვები 600 ათასი ტონა პროდუქციიდან მილიონ 200 ათას ტონამდე გაიზარდა.

უცხოურმა კომპანიამ სამსახურიდან დაითხოვა ოზურგეთის მაღაროთა სამმართველოს კვალიფიციური კადრები. „ასკანგელ ალიანსმა“ ისინი მათთან მოიწვია და მათი კვალიფიკაციის მიხედვით დაასაქმა: ზურაბ დონდოლაძე _სამთო სამსახურის უფროსად; ვახტანგ თოიძე _კარიერის უფროსად; თამარ მურვანიძე -ლაბორატორიაში; დღეს ჩვენს ლაბორატორიაში მომუშავე მზია ხომერიკი, ირმა ლომაძე, მედეა ქინქლაძე _ყველა პროფესიით ქიმიკოსია.

ლაბორატორიაში გერმანული დანადგარებით ხდება სტანდარტით გათვალისწინებული ყველა ანალიზის ჩატარება, რაც უზრუნველყოფს ბენტონიტური თიხის ხარისხის მუდმივ შემოწმებას. ჩვენს კითხვაზე, რის აღდგენას ისურვებდა თეიმურაზ ქილიფთარის დროინდელი წარმოებიდან, ქალბატონმა მანანამ გვიპასუხა:

_გასული საუკუნის 80-იან წლებში მაღაროთა სამმართველომ დაიწყო ბუნებრივი საპნის წარმოება, რომელიც ტუბებში იყო და მაღალი მოთხოვნილება ჰქონდა უკრაინასა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე. დღეს მსოფლიოში ასეთ პროდუქციაზე მოთხოვნაა და შესაძლებელია „ასკანგელ ალიანსმა“ თანამედროვე ტექნოლოგიით და შეფუთვით თხევადი საპონი და შამპუნი გამოუშვას.

„ასკანგელ ალიანსის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ შარაშიძე თვლის, რომ მთავრობის მხარდაჭერა, სალიცენზიო პირობები დიდი პასუხისმგებლობაა მათთვის.

_150 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, კიდევ ამდენივე ოჯახების გაძლიერებას,. მუნიციპალიტეტის მთიანი რეგიონის სოფლებში ახალგაზრდების მიგრაციული პროცესის შეჩერებას შეუწყობს ხელს. ასკანის ბენტონიტური თიხების ჯგუფის ციხისუბნის საბადოს ტექნიკური მდგომარეობა ამჟამად სავალალოა. ჩასატარებელია მნიშვნელოვანი სამუშაოები. მნიშვნელოვანი გამაგრებითი სამუშაოები აქვს ჩასატარებელი კარიერთან მისასვლელ გზაზე მდინარე ბახვისწყალზე არსებულ რკინაბეტონის ხიდს, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ბერძნული კომპანიის კუთვნილებაა. მომავალში ალბათ ოზურგეთთან დამაკავშირებელ ახალი გზის პროექტზეც ვიფიქრებთ, რომლის მშენებლობაც დაწყებული იყო გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და სოფელ ბახვის ტერიტორიაზე მდინარე ბახვისწყალზე ხიდიც კი ააგეს. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად. ამ საქმიანობაში ლომის წვლილი მიუძღვის ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძეს, რომელთანაც ერთად ვფიქრობთ ასკანა-მთისპირის რეგიონი ერთ-ერთი მნიშვნელოვავი სამრეწველო და ტურისტული ზონა გახდეს გურიაში.

სალიცენზიო პირობების შესასრულებლად სოფელ დვაბზუსა და მთისპირში აიგება ახალი საამქროები. ყოველივე კი საერთო ჯამში რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს._ გვითხრა თენგიზ შარაშიძემ.

ავტორი: ნუგზარ ასათიანი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.