,,ნარკომანია გაახალგაზრდავდა\"

დამატებულია: 2018-05-22
picture1

ნარკომომხმარებელი _ დამნაშავე თუ ავადმყოფი?

საქართველოს პოსტსაბჭოთა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ნარკოპოლიტიკა აქვს. 2002 წელს წამალდამოკიდებულება დაავადებად აღიარეს, მაგრამ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები არ შესულა, რის გამოც აღნიშნული კანონი დღემდე წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების უმთავრეს პრინციპებთან: ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებული ადამიანი ერთსა და იმავე დროს ავადმყოფიც არის და დამნაშავეც. ადამიანების აზრი ორად იყოფა, ერთნი ფიქრობენ, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა იზრდება მეორენი კი -პირიქით ,კანონის ლიბერალიზაციაში ხედავენ საფრთხეს. ბოლო დღეებში თემა განსაკუთრებით გააქტიურდა.

შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის გურიის რეგიონული ცენტრის“ დირექტორი გია თავბერიძე: _ დეკრიმინალიზაციას ვემხრობი, რადგან ნარკომანი არის ავადმყოფი. კი არ უნდა ისჯებოდეს, უნდა იყოს სამკურნალო ცენტრები, სადაც ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობა, ხოლო მომხმარებელი უნდა ისჯებოდეს. ნარკომანი სხვაა და მომხმარებელი სხვა. თუ ადამიანი ერთხელ ან ორჯერ მოწევს, ის მომხმარებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს დამოკიდებული, როცა ნარკოტიკის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, წამალდამოკიდებულია. ესაა განსხვავება მომხმარებელსა და ნარკომანს შორის. ნარკომანი ნარკოტიკს ღებულობს იმიტომ, რომ უკვე ავადმყოფია, ძლიერი ტკივილები აწუხებს და მის მოსახსნელად სჭირდება ნარკოტიკი. როცა მოხდება ორგანიზმის ტკივილებიდან განტვირთვ,ა შემდეგ ნარკოტიკს უკვე საკაიფოდ ეძებს, სიამოვნების მისაღებად.

დეკრიმინალიზაციის მომხრეა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფენიქსი-2009“ გამგეობის თავმჯდომარე, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ჯიჯიეშვილიც:_საშინელი ნარკოპოლიტიკა გვაქვს. ჩემი აზრით, სრული დეკრიმინალიზაცია გამოიღებს ყველაზე კარგ შედეგს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამაზე საუბარიც არ არის, მაგრამ ლიბერალიზაცია აუცილებლად საჭიროა. შეუძლიათ შპრიცში ჩარჩენილი წამლის გამო ადამიანი 8 წლით ციხეში გაუშვან. მაშინ, როცა მკვლელობასა და გაუპატიურებაზე 5 წლით სჯიან . სახელმწიფო აღიარებს, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა, მეორე მხრივ, ავადმყოფს იჭერს. სად არის ლოგიკა?! ამ ლოგიკით დავიჭიროთ ვისაც დიაბეტი ან ფილტვების ანთება აქვს. ან არ უნდა ვაღიაროთ, რომ ავადმყოფობაა, ვთქვათ, რომ დანაშაულია. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეცვალოს ნარკოპოლიტიკა. 1969 წელს, როცა პირველად იქნა მიღებული კანონი ნარკოტიკებთან მიმართებაში, ოზურგეთში იყო 50-მდე ნარკომანი . 10 წლის შემდეგ მათი რაოდენობა ორი-სამი ათასამდე გაიზარდა. აი, ეს შედეგი გამოიღო აკრძალვამ. როცა ვლაპარაკობ დეკრიმინალიზაციაზე, ვგულისხმობ, რომ არც ერთი ნარკოტიკის მოხმარებაზე არ უნდა იყოს სასჯელი. ლაპარაკი არ არის გავრცელებაზე. ამ შემთხვევაში სასჯელი ძალიან მკაცრი უნდა იყოს. ქვეყნებში, სადაც ნარკოტიკების ლიბერალიზაცია მოხდა, ცოტა ხნით შეინიშნებოდა მომხმარებელთა რაოდენობის მცირე მატება, ხოლო შემდეგ - კლება, საკმაო რაოდენობით. ამავე დროს პორტუგალიიას და ჩეხოსლოვაკიის მაგალითი გვიჩვენებს, რომ თითქმის ნულამდე დავიდა ამ პოპულაციაში შიდსისა და ჩ ჰეპატიტის გადადება.

ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ ორივე რესპოდენტი ამბობს, რომ ნარკომომხმარებელთარაოდენობა ოზურგეთში დიდია. საგულისხმო ფაქტია - ,,ნარკომანია გაახალგაზრდავდა“.

გია თავბერიძეს, როგორც ექიმ-ნარკოლოგს, ყოველდღიურად უწევს ურთიერთობა როგორც ,,სტაჟიან ნარკომანებთან“ და ახალ მომხმარებლებთან, ასევე მშობლებთან, რომლებიც ცდილობენ, როგორმე აარიდონ შვილები ნარკოტიკს.

გაახალგაზრდავდა ნარკომანია. ადრეული ასაკიდან, სკოლის პერიოდიდან, უკვე მეხუთე კლასიდანაც ანაშის მწეველები გვხვდებიან. დღე არ გავა, მშობელი არ მოვიდეს, მოიტანოს ანალიზი, არ გვკითხოს რჩევ,ა როგორ მოიქცეს? რა პრობლემები აქვს მის შვილს? 100 შემთხვევიდაან 20-30 შემთხვევაში დასტურდება, რომ არასრულწლოვანი, ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელია. ეს ძირითადად არის მარიხუანა. დანარჩენ შემთხვევებში ბარბიტურატები, საძილე საშუალებები. მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი არ არსებობს. იწყებს ყველა ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკით, მარიხუანათი და მერე გადადის სხვა ნარკოტიკებზე. შევესწარი ფაქტს მე-7-8 კლასელები საუბრობდენ, ერთი ეუბნება მეორეს, მე გუშინ მოვწიე მარიხუანა და სტრესები მომეხსნაო. ეს გარდატეხის ასაკია, იწყება სტრესული სიტუაციები და გრძელდება მთელი ცხოვრება. თუ ამ ასაკის ბავშვი მარიხუანით ეცდება სტესულ სიტუაციასთან გამკლავებას, წარმოიდგინე, ცხოვრებაში რამდენი სტრესის გადალახვა მოუწევს და რა უნდა გაიკეთოს, რომ ეს სტრესი მოეხსნას.-გვეუბნება გია თავბერიძე ოთარ ჯიჯიეშვილი: ოზურგეთში ნარკომანების რაოდენობა მაღალია. თუმცა, კარგი ის არის, რომ ე.წ. ახალი კლუბური ნარკოტიკები ოზურგეთში ძალიან ცოტაა, თითქმის არაა, მხოლოდ ერთეული შემთხვევები გვხვდება. მეტადონის პროგრამამ შეამცირა ქუჩურ ნარკოტიკებზე მოთხოვნა. თუმცა. არის მეორე, სუბოქსინის პროგრამა, რომლის ყიდვაც, სამწუხაროდ, უპრობლემოდ შეიძლება. იყიდება იაფად, ადვილად ხელმისაწვდომია. მაგალითად, მე და თქვენ შეგვიძლია, წავიდეთ და ვიყიდოთ. სუბოქსინს ძირითადად ეტანებიან ახალგაზრდები. ძველი თაობის ნარკომანებისთვის სუბოქსინი ფაქტიურად არ მოქმედებს რადგან კომბინაციაა ნარკოტიკის შემცვლელისა და ანტიდოტის. გაკეთებისთანავე არაფერი იგრძნობა. ვერ გეტყვით, რატომ, მიმბაძველობით თუ სხვა მიზეზით, მაგრამ არის სუბოქსინზე მოთხოვნა, არის ბაზარზე. პრევენცია საჭიროა ძალიან ადრეული ასაკიდან. ნარკოტიკი ცუდია. ოზურგეთის ათამდე სკოლაში მქონდა შეხვედრები ბავშვებთან. ვიწყებ იმით, რომ არ გასინჯონ არც ერთი ნარკოტიკი. თუ დაგვიჯერებს ვინმე, კარგი. საბედნიეროდ, მიჯერებს ბევრი. ბევრი ავაცდინე ცუდ გზას.

გია თავბერიძე: ვისაუბროთ რეალურად. ნუ შევფუთავთ ლამაზი ფერებით უმძიმეს დაავადებას. საქართველოში ოფიციალურად დაახლოებით 50 000 ადამიანი მძიმე ნარკოტიკული სენითაა დაავადებული. მოდაში შემოვიდა განტვირთვის დღეები. სამუშაო დღეებში მუშაობენ, შაბათ-კვირას კლუბურად ერთობიან, იღებენ ნარკოტიკს . უამრავი სხვადასხვა სახის ნარკოტიკი შემოვიდა შეცვლილი სახით, ფორმულით, სიკვდილიანობამაც მოიმატა.ზოგი ფიქრობს, ვინც სასიკვდილოა, მოკვდესო, მაგრამ ესეთი მიდგომა არ ივარგებს. ერთ წამალდამოკიდებულს შეუძლია მინიმუმ 10 პიროვნება ჩართოს თავის ქსელში. ჩვენ შვილებს საკმარის ყურადღებას ვერ ვაქცევთ, ხდება მათი ჩათრევა ამ წრეში ისე, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ. როცა შევამჩნევთ, უკვე გვიანია. მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ, როგორც ნარკოტიკების მომხმარებლები. ეს საგანგაშო ციფრია.

_რა შედეგები მოიტანა ჩანაცლებითმა თერაპიამ?

_ მეტადონის პროგრამას აქვს თავისი დადებითი შედეგი, მაგრამ ეს ერთ-ერთი საფეხურია ნარკომანიის მკურნალობის კუთხით. მეტადონის პროგრამიდან გასულ პიროვნებებს ჭირდებათ შემდეგი რეაბილიტაცია. ეს ამჟამად არ ხერხდება. სახელმწიფო შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ საკმარისი არ არის. თბილისსა და ბათუმში არის სტაციონარები, სადაც უფასოდ მკურნალობენ, რომ მოხდეს განკურნება. მაგრამ ეს არის ქრონიკული დაავადება და საბოლოო განკურნება ძნელია. შესაძლებელია, გარკვეული პერიოდი იყოს რემისია. ვისთანაც მიგვიწვდება ხელი, ყველას ვეუბნებით, მოიტანონ ახლობლების ოჯახის წევრების ანალიზი, რათა ინახოს არის თუ არა პიროვნება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების რისკის ქვეშ. ამის შემდეგ ვაკვალიანებთ, ვეძებთ პრობლემის მოგვარების გზებს ანონიმურობა დაცულია, გვარსახელი არ გაინტერესებს. საგულისხმოა, რომ საზოგადოება დაავადებას მიიჩნევს, როგორც შავ ჭირს, მაგრამ ამის ფონზე მაინც ინერტულია. ყველა აგინებს ნარკომომხმარებლებს, ამავე დროს, თვითონ მომხმარებელია. პრევენციისთვის აქტიურად ითანამშრომლონ ჩვენთან, რომ სენი ქრონიკულ ფორმაში არ გადაიზარდოს. გვყავს კვალიფიციური ექიმები პირადად მე ექიმი-ნარკოლოგი ვარ. საერთოდ, ქვეყანაში არასაკმარისია ექიმი სპეციალისტები, სამი გვყავს ოზურგეთში, ჩვენთვის საკმარისია, მაგრამ ლანჩუთი, ჩოხატაური?! ექიმებსაც შესაფერისი პირობები უნდა ჰქონდეთ, ურთულესი სამუშაოა აღნიშნულ პაციენტებთან, მათ ფსიქიკა დაზიანებული აქვთ. ოთარ ჯიჯიეშვილი: შეიძლება ითქვას რომ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა მეტადონის პროგრამამ. მასში ქვეყნის მასშტაბით 7 000 ადამიანია ჩართული 180-მდე ოზურგეთში, თუმცა ციფრი მერყეობს. ჩანაცვლების პროგრამის დახმარებით ხალხი აღარ ეძებს ფულს, ნარკოტიკს, ბარიგას. მიდის და სვამს ნარკოტიკის შემცვლელს, რომელიც მას ფეხზე აყენებს და აძლევს საშუალებას ნორმალურად იაროს, რაღაც გააკეთოს სრულფასოვნად. თუმცა, გულახდილად ვიტყვი, ეს სრულად არ ცვლის ნარკოტიკს, ყველას ურჩევნია ნარკოტიკი მიიღოს, მაგრამ მის ძებნას, ფულის შოვას, პოლიციასთან უსიამოვნებას ხალხი თავს არიდებს. ,,უნდა მოხდეს ინფორმაციის სწორი მიწოდება, რომ საპირისპირო შედეგი არ მივიღოთ“, - ამბობს გია თავბერიძე.

ხანდახან ანტირეკლამას რეკლამის ხასიათი აქვს. ნარკომანიის გაახალგაზრდავება გამოიწვია იმ პროპაგანდამ, რაც ტელევიზიით სხვადასხვა საინფორმაციო არხებით მიმდინარეობს. პროპაგანდას უწევენ ნარკოტიკს და საერთოდ ყველაფერს, რაც კი მავნეა საზოგადოებისთვის.

და ბოლოს, ორივე რესპონდენტი საზოგადოებას ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოუწოდებს . და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას სთავაზობს.

ოთარ ჯიჯიეშვილი:_ძირითადად ვმუშაობთ შიდსისა და სხვა ინფექციური დაავადებების პრევენციაზე, ასევე ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებაზე. ნარკოტიკების მომხმარებლებს ვასწავლით, როგორ აიცილონ თავიდან დაავადებები ვურიგებთ მედიკამენტებს,ვუწევთ სხვადასხვა დახმარებას - იურიდიულს, ფსიქოლოგიურს.

გია თავბერიძე: ერთმა მკითხა, არ სვამ, არ ეწევი, რითი კაიფობო? ვმუშაობ, რომ ვიღლები და ჩემს ნაშრომს ვხედავ, ეს მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას-მეთქი. ყველას თავისი ინტერესის სფერო აქვს, მაგალითად, მე მსიამოვნებს, რომ სხვა კარგადაა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.