ქუდზე კაცი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად

დამატებულია: 2018-05-22
picture1

ნინო შეწირული: ,,კატეგორიულად აკრძალულია შენობის შიგნით შეწამვლა, სახლში ყველაზე ეფექტიანი მექანიკური ღონისძიებებია\"

გაზაფხულის დადგომიდან კვლავ გააქტიურდა აზიური ფაროსანა. შესაბამისი უწყება მხოლოდ სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებს შეწამლავს. მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთების მიხედვა თავად მოუწევს. ამიტომაც ბევრი კითხვა გაჩნდა საზოდაგოებაში. ,,წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა ძირითადი მიზანია გარემოსადმი ნაკლებად მავნე ტექნოლოგიების გამოყენებით მავნებლის რაოდენობის შემცირება და კონტროლი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და მისგან გამოწვეული ეკო ზარალი“, _ ამბობენ შესაბამის უწყებაში. როგორ ხდება ამ ყველაფრის განხორციელება ჩვენს რეგიონში? რა სამუშაოებია ამ დროისთვის ჩატარებული? რა იგეგმება წლის განმავლობაში? ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსს, ნინო შეწირულს ვესაუბრეთ. ,,მარტის თვიდან უკვე დაიწყო მონიტორინგი, რას გულისხმობს ეს?! გურიის რეგიონში, სამივე მუნიციპალიტეტში დაიდგა ფერომონიანი საჭერები ასე ვსწავლობდით როგორი იყო მდგომარეობა ფაროსანას აქტიურობის თვალსაზრისით, რათა დადებულიყო დასკვნა, პირველ რიგში, რომელ სოფლებში უნდა შევსულიყავით შესაწამლად. მანქანები უკვე მზადყოფნაში იყო. ადგილობრივი მძღოლები შერჩეული, დატრენინგებული, რომლებმაც ჯერ ტესტირება, შემდეგ გასაუბრება გაიარეს, ასევე მართვის ტესტ დრაივები, შეისწავლეს ტექნიკა. ამ დროისთვის რიგ სოფლებში უკვე დაწყებულია და ამ წუთამდე მიმდინერეობს უშუალოდ შეწამვლითი სამუშაოები. დავიწყეთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, სადაც იყო ცხელი წერტილები“.

_როდის დაიწყება წამლობა ოზურგეთსა და ჩოხატაურში?

_ ოზურგეთი და ჩოხატაური მონიტორინგის სისტემაზეა დამოკიდებული. სისტემა არის ასეთი, საჭერზე უნდა დაფიქსირდეს მავნებლის გარკვეული რაოდენობა. როგორც კი სიგნალი იქნება დავიწყებთ ღონისძიებების გატარებას. ჩვენ გვაქვს ელექტრონული სისტე-მა არის საიტი ფაროსანა.გე სადაც არის განთავსებული მონაცემები ცხელი კერების შესახებ. თუ შეხვალთ აღნიშნულ ვებ-გვერდზე ნახავთ, ლანჩხუთის ცხელი წერტილები წითლად არის მონიშნული. ჩვენი ფიტოსანიტარები ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინს. როგორც კი ოზურგეთში ან ჩოხატაურში დაფიქსირდება ის რაოდენობა, რომელიც წამლობას საჭიროებს, ჩვენ მზად ვართ სამუშაოები დავიწყოთ.

_რამდენი ერთეული ტექნიკა მუშაობს გურიის რეგიონში?

_გვყავს 18 ერთეული ტექნიკა. 16 სამანქანო და 2 სატრაქტორო დანადგარი . აქედან 7 მანქანა არის ოზურგეთში, 5 ლანჩხუთში და 4 ჩოხატაურში. ამას გარდა, ლანჩხუთში საყანე ფართობების გათვალისწინებით არის 2 ტრაქტორი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს 18-ია და მორჩა. თუკი ჩვენ უფრო მეტი ცხელი წერტილი გვექნება და ეს ტექნიკა ვერ აუვა საჭირო ღონისძიებებს, დავიხმართ მეზობელი რეგიონებიდან, თბილისიდან დამატებით ტექნიკას. მობილიზაციას გავაკეთებთ იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება. 25 ადგილობრივია დასაქმებული სხვადასხვა დანადგარზე. არის ორგვარი დანადგარი. ტარდება ნისლით შესხურება და სკალუტით. ხდება ტყისპირებში და არა ტყეში. უშუალოდ ტყეში წამლობა კანონით აკრძალულია. ჩვენ მხოლოდ მოიზიდე და მოკალის პრინციპით ვმუშაობთ. ტყის პირებზე იკიდება ფერომონები, რომელიც მიიზიდავს მწერს. ყოველ კვირაში ლოკალურად იმ ერთ ხეზე ერთ წერტილში ხდება შეწამლვა და არა მთლიანად ტყის მასივის.

_ საკარმიდამო ნაკვეთები მესაკუთრეებმა თავად უნდა შეწამლონ. არის თუ არა ამისთვის მზად მოსახლეობა?

_თითოეულმა მოქალაქემ თავის საკარმიდამო ნაკვეთს თავად უნდა მოუაროს. გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში 52 000 ბენეფიციარს დაურიგდა ერთი ლიტრი ,, ინსაკარი\" \"ბიფეტრინის\" შემცველი პრეპარატი, რომელიც უშუალოდ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოსაყენებელია. როგორც ვიცი, დღემდე ხდება იმ ნაშთების ათვისება, რაც ჰქონდათ მუნიციპალიტეტებს. კარგი ხარისხის 362 სოლო აპარატები სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გურიის მუნიციპალიტეტებს გადასცა უსასყიდლოდ, რომლებიც გადანაწილდა სოფლებში. აქედან გამომდინარე, მოსახლეობა მზად არის საკარმიდამო ნაკვეთების წამლობისთვის. აქვს პრეპარატი, სოლო აპარატი და ყველანაირი ინფორმაცია, გამოცდილება, ცოდნა. სოფლებში არიან დატრენინგებული ადამიანები. 725 ადამიანი არის დატრენინგებული გურიის მასშტაბით, რომლებიც შეწამვლით ღონისძიებებს ატარებდნენ სოფლებში. სოლო აპარატებზე იყვნენ დასაქმებული. სახელმწიფოდან იღებდნენ ხელფასს და უსასყიდლოდ ხდებოდა საკარმიდამო ნაკვეთების წამლობა. ვინაიდან 2017 წლის მიწურულს პრეპარატი, აპარატებიც დავტოვეთ სოფლებში, მოსახლეობას და მუნიციპალიტეტებს მივეცით საშუალება, თავად განახორციელონ ღონისძიებები.

_რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა, როგორ უნდა მოახდინოს წამლობა?

_ვმუშაობდით და ვმუშაობთ ინფორმაციულობის გაზრდის მიზნით. ჩვენ თვითონ ვხვდებოდით მოსახლეობას, ვარიგებდით ბროშურებს. ჩვენთანაც მოდიან დაინტერესებული პირები ვპასუხობთ საინტერესო კითხვებზე. მუშაობს უშუალოდ გურიის ცხელი ხაზი #16006, მოქალაქეს შეუძლია აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე კითხვის გაჩენის შემთხვევაში დარეკოს და მიიღოს კომპეტენტური პასუხი. ასევე არის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახური, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობს საინფორმაციო კამპანიაში.

_რა სირთულეებს აწყდებით მუშაობისას? როგორია დამოკიდებულება მოსახლეობის მხრიდან?

_როცა გასულ წელს ჩვენი ფიტო სანიტარები სოფლებში დადიოდნენ, არავინ თხილის წამლობაზე არ საუბრობდა. აგრესიაც კი მოდიოდა მოსახლეობიდან. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ არასწორი ინფორმირებულობის ბრალი. ვისაც არ უნდოდა შარშან შეწამლვა, წელს უკვე მოდის და რეკომენდაციებს იღებს ჩვენგან, განა მარტო აზიურ ფაროსანაზე, თხილის სხვა მავნებლებზე, დაავადებებზე. დღეს რომ მიხვიდეთ პესტიციდების მაღაზიაში, რიგი დგას. თუ შეიძლება ამ ამბავში რამე დადებითი იყოს, ისაა რომ დასავლეთ საქართველოში ხალხმა მოწამვლის კულტურა შეიძინა. თხილის შეწამვლა, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში დადებით შედეგს მოგვცემს.

_ რა სიფრთილის დაცვაა საჭირო წამლობისას ? მიეცით რეკომენდაციები დაინტერესებულ პირებს.

_განსაკუთრებული, განსხვავებული სიფრთილე არ მოგვეთხოვება. ეს არის ჩვეულებრივი ქიმიური წამლობა, რომელსაც ატარებენ ციტრუსშიც, ბოსტნეულ კულტურაშიც. უნდა დავიცვათ ის ელემენტარული ნორმები, რომელიც ნებისმიერი წამლობის დროს საჭიროა. ეს იქნება ნიღაბი, ხელთათმანი თუ შეწამვლის დრო. შესხურება უნდა მოხდეს დილას ან საღამოს და არა შუადღეზე.

მთავარი,ა უკვე შეწამლულ, ღონისძიებაჩატარებულ ფართობზე ლოდინის პერიოდი დავიცვათ სწორად. მინიმუმ 20 დღე არ უნდა შევიდეთ და ნაყოფი არ მივირთვათ. პირუტყვი უნდა დავიცვათ. ჩვენ თუ სწორად ვისწავლით ამ ღონისძიებების განხორციელებას, დამერწმუნეთ ერთი შეკითხვაც არ წამოვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ არავითარი ფუტკრის, საქონლის დანაკარგი არ ყოფილა, მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო, ისიც, შეიძლება ითქვას, რომ დაუდევრობის გამო. ელემენტარული უსაფრთხოების ზომები უნდა დავიცვათ. თვითონ პრეპარატს, რომელიც მოსახლეობაში დავარიგეთ, მოყვებოდა ინსტრუქცია, სადაც დეტალურად იყო ქართულ ენაზე ახსნილი, როგორ უნდა მოიხმარო, რა დროს უნდა განახორციელოს წამლობა, როგორ დაიცვას პირადი უსაფრთხოება.

_რამდენად საშიშია შენობაში წამლობა, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მწერს სახლში?

_კატეგორიულად აკრძალულია შენობის შიგნით შეწამლვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვიყენოთ ბუნებაში გამოსაყენებელი პრეპარატი დახურულ სივრცეში. არის ბიოპრეპარატები, რომლებიც გამოუვალ მდგომარეობაში შეგვიძლია შენობაშიც გამოვიყენოთ, მაგრამ სახლში ყველაზე კარგი მაინც მექანიკური ღონისძიებებია. შარშან ფერომონიანი საჭერებიც გადავეცით მოსახლეობას. წელს პესტიციდების მაღაზიაში იყიდება. შარშან არ იყო ბაზარზე. აღნიშნულ აპარატს კარგი ეფექტი აქვს. რომ არ მოხდეს საკარმიდამო ნაკვეთის მთლიანად შეწამლვა, დაკიდებთ ერთ ლოკაციაზე. ჩვენ მას კამიკაძე ხეს ვეძახით მიიზადავს მწერს, რომელსაც პერიოდულად შევწამლავთ. შეგვიძლია ის ხე დავიცვათ, ბარიერი გავუკეთოთ, რადგან არ მივიდეს ცხოველი, ფრინველი თუ ადამიანი .

აზიური ფაროსანა 2001 წელს გამოჩნდა ამერიკაში, 2004 წელს ევროპის სხვადასხვა ქვეშანაში. მწერი იკვებება და აზაიანებს 300-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო, დეკორატიულ და ტყის მცენარეს. აქვს რეპროდუქციის მაღალი უნარი. გამრავლების ერთ ჯერზე დაახლოებით 200 შთამომავალს იძლევა და საქართველოს პირობებში მინიმუმ ორჯერ მრავლდება. ძლიერი ინვაზიის დროს მოსავლის 70 პროცენტის დაზიანება შეუძლია. ჩვენს ეკოსისტემაში ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული მავნებლის ბენებრივი მტერი, რომელიც მის პოპულაციას გააკონტროლებს.

ავტორი: ავტორი მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.