ასი წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, მაშინდელი ვორონცოვის სასახლის ე.წ. სარკეებიან დარბაზში, მამაჩემმა, ნოე ჟორდანიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა.
ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღე მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიაში. იმასაც კი ვიტყოდი, რომ ეს იყო საქართველოსავის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ბოლო700-ზე მეტი წლის განმავლობაში, დიახ, მას მერე, რაც მონღოლებმა დაიპყრეს საქართველო 1238 წელს.
საუკუნეების გავლის მერე საქართველო პირველად გახდა დამოუკიდებელი და ერთიანი ქვეყანა, მას ჰყავდა დემოკრატიულად არჩეული და განათლებული მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი ნოე ჟორდანია.
ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გზა იყო გრძელი და სირთულეებით აღსავსე. ქართველებს ჰქონდათ მრავალსაუკუნოვანი და ძლიერი კულტურა, მაგრამ არ ჰქონდათ ნაციონალური ერთობის მტკიცე გრძნობა. ეს გრძნობა და ნაციონალური ერთობის კონცეფცია შუა საუკუნეებში საერთოდ არ არსებობდა, და ფეოდალური დაქუცმაცებულობა ნორმად იყო ქცეული. 1805 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორია მთლიანად ჩაიგდო ხელში, ქვეყანა დაყოფილი იყო სამეფოებად და სამთავროებად, ესენი იყო შიდა ქართლი, სამეგრელო, იმერეთი. მხოლოდ საფრანგეთისა და ამერიკის რევოლუციებმა გამოიწვიეს ნაციონალური ერთობის ძლიერი შეგრძნება, შეგრძნება, რომელმაც ქარიშხალივით გადაუარა მე-19 საუკუნის ევროპას და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბებას.
საქართველოს არ მიუღია მონაწილეობა ამ მოძრაობაში. როგორც ვიცით, იმ დროს, როცა ნაციონალისტურმა მოძრაობამ შეიპყრო ევროპის ქვეყნები, საქართველო იყო ოკუპირებული ქვეყანა, გაერთიანებული აუტოკრატულ ცარისტულ იმპერიაში, სწორედ ამან შეუშალა ხელი საქართველოს ამ პროცესში ჩართვაში. ამის შედეგი იყო, რომ მე-19 საუკუნის ბოლომდე ქართველისავის პიროვნული მიკუთვნებულობის გრძნობა ვრცელდებოდა მის ოჯახზე, მის სოფელზე, და არაუმეტეს მისი პროვინციისა. ქართველ პატრიოტებს დიდი და თავდადებული მუშაობა დასჭირდათ რომ ეს ვიწრო-კუთხური განწყობა შეეცვალათ. სოციალ-დემოკრატების ფარულმა მოღვაწეობამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა იმაში, რომ შეცვლილიყო დამოკიდებულება ცარისტული რეჟიმისადმი და მომზადებულიყო ერთიანი ნაციონალური სახელმწიფო, რაც საბოლოოდ განხორციელდა კიდეც 1918 წელს ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნით.
1918 წლის ქართულ მთავრობას მხარს უჭერდა პრაქტიკულად მთელი საქართველო, ყველა სოციალური კლასი. სწორედ ამ საერთო მხარდაჭერის შედეგი იყო, რომ 1990-იანი წლებისგან განსხვავებით, 1918 წელს არ მომხდარა დამანგრეველი სამოქალაქო ომი, გარდა ამისა, ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველო აერთიანებდა აფხაზეთსაც, ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც, და რა თქმა უნდა, აჭარასაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ერთობა მიღწეული იყო უაღრესად რთულ საერთაშორიო პირობებში. სწორედ ამ დროს სამოქალაქო ომი მძვინვარებდა რუსეთში, ბრიტანელების მიერ წაქეზებული დენიკინის თეთრი არმია უტევდა საქართველოს, სამხრეთით დაშლის პირას მყოფ ოტომანების იმპერიაში 1917 წლის ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად არეულობა სუფევდა, რის შედეგადაც ათასობით რუსი, პოლონელი და სხვა ნაციონალობის ჯარისკაცების განიარაღება და მათი სამშობლოში დაბრუნება იყო საჭირო, მას შემდეგ რაც ახლად დამხობილმა ცარისტულმა რეჟიმმა მიატოვა ისინი რუსეთ-თურქეთის საზღვარზე, რაც იმ დროს საქართველოსა და თურქეთის საზღვარს წარმოადგენდა. ამ მიტოვებულმა ჯარის ნაწილებმაც დიდი არეულობა შემოიტანესსაქართველოში.
დიდი კონტრასტი იყო საქართველოს მეორე დამოუკიდებლობის მიღების მომენტში, როდესაც საბჭოთა იმპერია დაიშალა საკუთარი სიმძიმის ქვეშ, და როცა დიდი სახელმწიფოები, უმეტესად შეერთებული შტატები, ეხმარებოდნენ და აფინანსებდნენ დამოუკიდებლობის მოძრაობას.
მიუხედავად ამდენი ხელისშემწყობი პირობებისა, 1990-იანი წლების ლიდერებმა ვერ მოახერხეს დადებითი საერთაშორისო სიტუაციის გამოყებენა, და ერთი წელიც არ იყო გასული ზვიად გამსახურდიას არჩევიდან, როცა იგი გააგდეს თბილისიდან. საქართველოში გაჩაღდა სამოქალაქო ომი, რომელმაც დედაქალაქის ცენტრის ნახევარი დაანგრია, და ათასობით ადამიანი შეიწირა. ამას გარდა, აფხაზეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და სამოქალაქო ომის არეულობას დაემატა 300.000 ქართველი ლტოლვილი!
დიახ, საქართველო გადარჩა, და თავი გამოაცხადა კიდეც დასავლური ორიენტაციის ქვეყნად, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ დემოკრატია არ გამოიხატება მხოლოდ ოფიციალურ რეტორიკაში, ის უპირველეს ყოვლის გამოიხატება ქვეყნის მოქალაქეების შეგნებაში, რაც ჯერ კიდევ არაა საბოლოოდ მიღწეული საქართველოში. იმის მტკიცე საბუთი, რომ ქვეყნის მოსახლეობის შეგნებაში ჯერ არ არსებობს დემოკრატიის დასავლური გაგება, არის ის ფართოდ გავრცელებული მცდარი შეფასება, რაც გამოიხატება სტალინური სოციალიზმისა და დასავლური სოციალიზმის იდენტურობაში, მიუხედავად იმის, რომ ისინი ერთმანეთის საწინააღმდეგო მოვლენებს წარმოადგენენ. ასევე, უვიცობა სუფევს საქართველოს მოსახლეობის დიდ მასებში (და ასევე ყოფილ საბჭოთა კავშირის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში) იმის არცოდნაში, რომ ყველა დასავლური ორიენტაციის ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში, სახელმწიფო ეყრდნობა სოციალიზმის პრინციპეზე აგებულ ინსტიტუტებზე. დაწყებული რამსეი მაკდონალდის მშრომელა პარტიით დიდ ბრიტანეთში, სახალხო ფრონტით საფრანგეთში, ყველა სკანდინავიური ქვეყნების პოლიტიკური წყობით, ფრანკლინ რუზველტის „ახალი მორიგების” პრინციპში. ამერიკაში, ყველა ესენი შეიცავდნენ და დღესაც შეიცავენ ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა, მოსახლეობის სოციალური დაცვა, მშრომელების ხელფასიანი შვებულება, მოქალაქეების სამედიცინო დაზღვევა, უმუშევრობის დროს დახმარების გაწევა, და კიდევ მრავალო სხვა.
პოლიტიკური სიმწიფე არასოდეს არ ვარდება ციდან, მას სჭირდება დრო, სჭირდება აზროვნების და ჩვევების თანდათანობითი ევოლუცია.
დასავლელი ისტორიკოსები ყველანი ერთხმად აფასებენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიდ მიღწევებს, მისი მთავრობის უანგარო მოღვაწეობას, რაც სამწუხაროდ, არ შეიმჩნევა საქართველოში, თუმცა უკვე 25 წელი გავიდა დამოუკიდებლბის აღდგენის მერე.
არსად საქართელოში, გარდა ლანჩხუთისა, სადაც დაიბადა ნოე ჟორდანია, ჯერაც არაა მიღწეული ამ ფაქტის საზოგადო დაფასება. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც მართავდა სოციალ-დემოკრატიული მთავრობა. მაგრამ პოზოტიური ცვლილებები მაინც აშკარაა დღევანდელ საქართველოში. ინტერესის გაზრდაპირველი რესპუბლიკის მიმართ, რისი მოწმენიც ჩვენ თანდათან ვხდებით, ალბათ დაკავშირებულია ჩვენი ისტორიის სოციოლოგიურ ფენომენთან: ჩვენ საუკუნეების განმავლობაში პირველად გვყავს საქართველოში ახალგაზრდა თაობა, რომელსაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირის, ან რაიმე სხვა ქვეყნის მბრძანებლობის ქვეშ.
ახალი, თავისუფლად დაბადებული და გაზრდილი თაობის მოსვლა ქმნის საქართველოში სრულად ახალ სოციალურ წრეს, რომლის მსოფლმხედველობა არაა დამახინჯებული საბჭოური კომუნიზმის შეხედულებებით, რამაც უხილავი ძაფებით შებოჭა და დაამახინჯა მრავალი თაობის ქართველის მსოფლმხედველობა. მათ შორის საბჭოთა სტერეოტიპებმა დაამახინჯეს დაფასება იმ დიდი პატრიოტებისა, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომის ქაოსში შექმნეს თანამედროვე დასავლური სტილის დემოკრატიულო ქვეყანა.
თანამედროვე საქართველო, რომელმაც 70-წლიანი ნაძალადევი შეწყვეტის მერე აღიდგინა დამოუკიდებლობა და მოიპოვა ადგილი მსოფლიო ქვეყნებს შორის, მრავალმხრივ არის მემკვიდრე პირველი რესპუბლიკისა. და დღეს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს, უნდა გვიხაროდეს რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია უკვე მეოთხედ საუკუნეზე მეტია, პირველად შუა საუკუნეების მერე. დაე ასე ყოფილიყოს სამარადისოდ.
საქართველოს გაუმარჯოს!
რეჯებ ჟორდანია
(
ქართულად თარგმნილია იოსებ ჟორდანია მიერ)