დაშინების გზით ამერიკელი მოქალაქის გაქურდვის მცდელობა

დამატებულია: 2018-05-25
picture1

21 მაისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, დაშინების გზით ამერიკელი მოქალაქის ამანდა ონოჩის გაქურდვა განიზრახეს.

ამანდა მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში, „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“.ფაქტის შესახებ, ინფორმაცია, პირველად აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქეთევან ხიდაშელმა გაავრცელა.

„მადლობა ოზურგეთის პოლიციას, რომ ასე ოპერატიულად იმოქმედა ამერიკელი მოხალისეზე თავდასხმის საქმეზე, ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ თავდამსხმელი დამნაშავეა, ალკოგოლიკი, თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირი, რაც მთავარია, ეს პირი ისევ თავისუფლად დაიარება ხან დანებით, ხან ნაჯახით, ხან ცელით, ხან „ატვიორტკებით“ ... რა ბერკეტი აქვს დიპლომატიურ კორპუსს? არც არაფერი, გაიწვიეს ჩვენი მოხალისე ამერიკაში... ასეთი უუნარო პოლიცია გვყავს, სანამ ვინმეს მართლა არ მოკლავს ეს კაცი, არაფერს აკეთებენ! ირონია, ცინიზმი ისევ მსხვერპლის მიმართ! არ გვაქვს ჩვენ სახელმწიფო და მორჩა!“ - წერს ხიდაშელი. სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ინციდენტი ორჯერ მოხდა, ერთი და იგივე პირის მიერ. „მარტო ამერიკელი მოხალისის უსაფრთხობაზე არ არის საუბარი, ეს კაცი უვარდება მეზობლებს სახლში, აშინებს ღამით გამვლელებს,“ -ამბობს ის.

საქართველოს პარლამენტის ოზურგეთელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აღნიშნულ ფაქტით დაინტერესდა და გამოეხმაურა. ფეისბუქმომხმარებელი ნინი ზურაბიანი წერს: _„ჩემს სამსახურში ძალიან ხშირად დადიოდა და მემუქრებოდა. დანითაც იყო, ერთხელ ხანჯალი თუ ცელი იყო აღარ ვიცი, ჩემამდე აღარ შემოუშვეს, მოკვლით მემუქრებოდა. სახლშიც რამოდენიმეჯერ მოვიდა, ეზოში დაუკითხავად შემოვიდა. ჩემი ძაღლიც კი გაიყოლა ერთხელ.

სულაც არ ვარ რასისტი, მაგრამ , მაინცდამაინც ფერადკანიანს უნდა დასხმოდა თავს, თავი რომ შეეწუხებინა პოლიციას?

ჩემს გარდა, რამოდენიმე ადამიანი ვიცი კიდევ, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს ამ არაკაცის გამო\" ჩვენ დავუკავშირდით სოფელ დვაბზუს დეპუტატსა და რწმუნებულს, სადაც ფაქტი მოხდა. იური გოგოტიშვილი და როზეტა სკამკოჩაიშვილი ფაქტს ადასტურებენ.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1950 წელს დაბადებული ბ.ს. ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დაზარალებულის მიერ სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის პროცედურა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მაისს, დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ცენტრალური საავტომობილო გზის ტროტუარზე ქვეითად მიმავალ აშშ-ს მოქალაქეს, „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეს - ა.ო.-ს დანის დემონსტრირებით ფული მოსთხოვა. ქალბატონმა ყვირილი დაიწყო, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან ისე მიიმალა, რომ აშშ-ს მოქალაქისთვის არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებია და არც თანხა წაუღია. 22 მაისს კი ბ.ს-მ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში უკანონოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სახლის ეზოში და 1965 წელს დაბადებულ ქალბატონს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.ს. 23 მაისს დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ყაჩაღობის, მუქარის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 151-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს“- ნათქვამია შშს-ს ოფიციალურ განცხადებაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა მოხალისემ საქართველო ვადაზე ადრე დატოვა.

ავტორი: მარი კოძოევი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.