საქართველოს მრავალსაუკუნოვანი წარსულიდან მოყოლებული ეპოქათა ცვლა და დროთა თანმდევი პოლიტიკური რეალობანი. უმძიმესი ეპიზოდები ერის ცხოვრებიდან, როცა იდგა ჟამი ყოფნისა და არყოფნისაც... და ეპიზოდები, რომლებიც სიხარულის ემოციებით ტვირთავდა და ტვირთავს გულს და გონებას. მავანთათვის დღეს რუხი ფერებიც შეიძლება ედოს ფონად მსგავს მოსაზრებებს, მაგრამ რა არის გონება ემოციის გარეშე და გული ხომ მით უმეტეს...
ისევ ისტორიის გადასახედიდან - დრო, ზუსტად საუკუნის მიღმიერი... უდიდესი მოლენა ჩვენი ქვეყნისა 1918 წლის 26 მაისი. ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა დაიშალა და შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მთავრობის დარბაზში, ეროვნულმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი. მთავრობის უმაღლესი ორგანო _ პარლამენტი (დამფუძნებელი კრება, რომელმაც შეცვალა ეროვნული საბჭო.) და აღმასრულებელი ორგანო - მინისტრთა საბჭო (მთავრობა). იმჟამინდელი პრესის მონაცემებით, პოლიტიკურ სივრცეში მაშინ უმრავლესობას სოციალ- დემოკრატები წარმოადგენდნენ, შემდეგ რიგითობით მოდიოდნენ სოციალ-ფედერალისტები; ნაციონალ-დემოკრატები; სოციალ-რევოლუციონერები; რადიკალ-დემოკრატები. თუმცა ამჯერად არ ვაპირებთ პარტიათა ისტორიებზე გავამახვილოთ ყურადღება. ადამიანთა როლზე ვისაუბრებთ კონკრეტულ მოვლენებთან მიმართებით და იღბალზეც ალბათ, მოვლენებს რომ აკავშირებს პიროვნებებთან.
26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და პიროვნებები ერთი დიდი ოჯახიდან.
ვსტუმრობთ ნინიძეთა საგვარეულო კუთხეს ასკანაში და მასპინძლობას ლევან ნინიძის ოჯახი გვიწევს. მიზეზიც გვაქვს საამისოდ, თუმცა ეს ცოტა მოგვიანებით.
ნინიძეთა ხუთი ძმის მოკლე ისტორიიდან:
თედორე, ყარამანი მიხაკო, კირილე და მოსე.
ხუთი ძმიდან ორი ძმა - ყარამან და კირილე ნინიძეები თავიდანვე ჩართულან პოლიტიკურ ცხოვრებაში. ყარამანი მენშევიკი იყო. მენშევიკების ხელისუფლების პერიოდში ნავთობკომიტეტის მინისტრი. დახვრიტეს 1937 წელს.
კირილე ნინიძე – ეროვნული საბჭოს წევრი, დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელისმომწერი, იმჟამინდელი საკანონმდებლო ორგანოს - დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. იგი პროფესიით იურისტი გახლდათ.
1921 წლის მარტში დაითხოვეს დამფუძნებელთა კრება, საქართველოს მთავრობა ჯერ ბათუმს, ხოლო შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, კირილემ თავისი პროფესიით გააგრძელა მუშაობა. როცა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ამბროსი ხელაია დააპატიმრეს, კირილე ყოფილა ამბროსი ხელაიას ადვოკატი, რაც მაშინ უდიდესი გმირობა იყო.
ურთიერთობა დაძაბულა სამაჩაბლოში ქართველთა და ოსთა შორის. მომრიგებელი ჯგუფის ხელმძღვანელობა კირილე ნინიძისთვის დაუვალებიათ. ოსებს ალყა შემოურტყამს დედაქალაქიდან ჩასული ჯგუფისთვის. ოსთა ატამანს უცნია კირილე - შენ მე სიცოცხლე მაჩუქე შენის ადვოკატობით. ახლა მე გჩუქნიო. ყველა უვნებლად გაუშვიათ.
კირილე ნინიძეც, როგორც სოციალ-დემოკრატი 1937-ში დახვრიტეს. ამბობენ მშობლიურ ოზურგეთში, ჭადრების ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საქართველოს ისტორიიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, სხვა ხელისმომწერთა გვერდით კი მისი ხელწერაც ამშვენებს.
მოსე ნინიძეს, 1903 წელს გაუხსნია პირველი ბიბლიოთეკა ასკანაში.
მიხაკო ნინიძეც სოფელში დარჩენილა. მეურნე კაცი ყოფილა, თავისებური ალღოთი და რიგიანობით. უფროსი ძმას, თედორე ნინიძეს სოფელში, შინა მეურნეობისთვის მიუყვია ხელი. პირველი კულტივატორი ცხენით მას შემოუყვანია სოფელში. მუშაობდა ფოთის ნავსადგურში. მთისპირელ (ციხისუბნელ)ალექსანდრა სიამაშვილზე დაქორწინებულა და ოჯახიც კარგად გაუმართავს, ადრევე გაუკულაკებიათ.ხუთი შვილი აღიზარდა თედორე ნინიძის ოჯახში. ილია, რაფიელი, გიორგი, თინა, ვენერა. ხუთივე უმაღლესი განათლებით. მუდმივად სდევდა შიშის აჩრდილი ოჯახს. 1947 წელს გარდაცვლილა თედორე.
რეპრესირებული ძმების პატრონს, და თავად გაკულაკებულს, ბევრი მცდელობა დასჭირვებია ოჯახის გადასარჩენად. საამისო ბევრ გადმოცემულ ფაქტს იხსენებს დიდი დედა, 89 წლის ქ-ნი თალიკო მახარაძე-ნინიძისა. მშობლიური კერის გამართვა გიორგი ნინიძეს რგებია. 1948 წელს გამხდარა მათი ოჯახის რძალი ქ-ნი თალიკო. რომელიც ახლაც მხნედ გამოიყურება და მასპინძლობის უდიდეს ტრადიციას, გასაოცარ იუმორსაც უზავებს დროდადრო. როგორც ოჯახში ამბობენ, შიდა მეურნეობასაც ყურადღებით ადევნებს თვალყურს და გამოცდილებას ხალისით უზიარებს ახალგაზრდებს.
გიორგი ნინიძისა და თალიკო მახარაძის ოჯახში ორი შვილი აღიზარდა. თედო და ლევან ნინიძეები. პირველმა შვილმა - ბაბუას სახელის გამგრძელებელმა თედო ნინიძე, ბაბუას ძმის, კირილე ნინიძის პროფესია აირჩია.
ლევან ნინიძემ, პროფესიით ზოოტექნიკოსმა, სოფლის მეურნეობას, მეფუტკრეობას მიჰყო ხელი. მაგრამ მისი ნიჭიერების მთავარი გამოხატულება მაინც ხელოვნებაა. ანსამბლ „შვიდკაცას“ წამყვანი სოლისტი, განსაკუთრებული ხმის ტემბრით, ნიჭიერებითაა, გამორჩეული.
წინაპართა ნაკვალევზე ვახსენეთ ზემოთ...
1990 წლის 14 ნოემბრის სესიამ, გააუქმა სახელწოდება -საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და ქვეყანას საქართველოს რესპუბლიკა ეწოდა. 1991 წლის 9 აპრილს, 12 საათსა და 30 წუთზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი იქნა მიღებული, ხელმოწერილი უზენაესი საბჭოსა და მთავრობის წევრების მიერ.
თავდაპირველი თითქმის სამწლიანი დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის აღდგენა 73 წლის შემდეგ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი ასკანელი კირილე ნინიძე გახლდათ. და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელისმომწერთა შორის, შვიდი ათეული წლის შემდეგ, პატივი ერგო კირილეს ძმისშვილიშვილს, თედო ნინიძეს.
უბრალო დამთხვევად როგორ ჩავთვალოთ ყოველივე. გენეტიკური კოდის მძლავრობას უფრო მოჰგავს და წინაპართა ნაკვალევის მადლმოსილებას.
ბიოგრაფიული შტრიხები თედო ნინიძის ცხოვრებიდან.
ასკანის საშუალო სკოლა დაამთავრა თედომ და იმავე წელს უმაღლესი შეფასებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.
თავიდანვე გამორჩეული იყო თედო - იხსენებს დედა და გვიყვება უფროსი შვილის ბავშვობაზე. „თუ ლევანი უფრო გახსნილი და მხიარული იყო, თედო პირიქით, დინჯი და სერიოზული, განსაკუთრებულად სწავლობდა სკოლაში, სტუდენტობისას“.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სწავლას აგრძელებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში, შემდეგ ასპირანტურაში. პარალელურად დაამთავრა გერმანული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, დაიცვა ხარისხი სამოქალაქო სამართალში.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ჟურნალის „სამართალი“ მთავარი რედაქტორი; უზენაესი საბჭოს დეპუტატი; სახელმწიფო საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე; გენერალური პროკურორი; იუსტიციის მინისტრი (არასრული ჩამონათვალი მისი ბიოგრაფიული ფურცლებიდან).
მუშაობდა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის შემუშავებაში, არის არაერთი ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი. პროფესორი. ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჰყავს მეღლე და ერთი შვილი.
თავად პიროვნებები ქმნიან საკუთარ ავტორიტეტს.
ეროვნული მოძრაობის წლებში, როცა განსაკუთრებული აგრესია იყო მიმართული სამთავრობო, საბჭოური წყობის მიმართ, თედო ნინიძე დეპუტატობის კანდიდატი იყო სამთავრობო პარტიიდან. ოზურგეთში, შეხვედრაზე ჩამოსულ აკაკი ბაქრაძეს დარბაზიდან დაუსვეს კითხვა _ რა აზრის იყო თედო ნინიძის დეპუტატად არჩევაზე. აკაკი ბაქრაძის პასუხი _ მე მივესალმები თედო ნინიძის ყოფნას საქართველოს მთავრობაში. აკაკი კარგად იცნობდა თედოს და იცოდა მისი პიროვნული თვისებებისა და შესაძლებლობების ფასი. ეპოქათა ცვლაში ყოველთვის ხდება მოვლენათა შეფასება-გადაფასება.
არის ფასდაუდებელი მოვლენებიც ერის ისტორიაში. არიან პიროვნებები, რომელთა ბიოგრაფიები ლამაზ ფონად მოჰყვებიან მოვლენებს.