უქმნის თუ არა საშიშროებას ქ. ოზურგეთის მოსახლეობას ბიოლოგიური ნარჩენების სამარხი

დამატებულია: 2019-09-15
picture1

ალიონი. ქ. ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩის შესახვევში (ექადია) 1956 წელს გაიხსნა ცხოველთა დაავადებებთან ბრძოლის სადგური და ლაბორატორია, რომლესაც ბუნებრივია ბეკარის ორმოც გააჩნდა. აქ, 12 მეტრის სიღრმის ორმოში იმარხებოდა _ბრუცელოზის, პასტერელოზის, ჯილეხის (ციმბირული წყლული) და ლაბორატორიის სხვა საშიშ ნარჩენები.

აღნიშნულმა დაწესებულებამ გასული საუკუნის 90-იან წლებამდე იარსება.

გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში ოზურგეთის აგრარული ბაზარი ექადიაზე, მდინარე აჭისწყლის სანაპიროზე გადაიტანეს. ამას ხელს უწყობდა გამართული ტრანსპორტიც, (ტროლეიბუსი, ავტობუსი).

ბაზრის ტერიტორიაზე და მიმდებერედ, ათეულობით ახალი მაღაზია გაიხსნა. ერთ-ერთი _ერთსართულიანი მაღაზია უშუალოდ ბეკარის ორმოს გვერდით დადგეს, რაც იმჟამინდელი ხელისუფლების დიდი შეცდომა იყო.

გასული საუკუნის 90-იან წლებში რამდენჯერმე გაიძარცვა მაშინდელი ლაბორატორია, დაზიანდა შენობა და 2008 წელს ამერიკული დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით აქ აშენდა სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელმაც ადრე არსებული 0,5 ჰექტარი ფართობიდან, მხოლოდ 600 კვადრატული მეტრი ფართობი შემოღობა. შემოღობის მიღმა დარჩა ბეკარის ორმო.

ექადიის ტერიტორიაზე მდინარის მიმდებარე ტერიტორიები და ჭალა-მინდვრების დიდი ნაწილი ამჟამად კერძო მესაკუთრეებს ეკუთვნით. ჩვენ კონკრეტულად ყოფილი ვეტლაბორატორიის 0,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ბედით დავინტერესდით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამჟამინდელი ლაბორატორიიდან დაახლოებით 40 მეტრში მდებარეობს ლუგარის ლაბორატორიის ფილიალი _სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის განყოფილება.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ისინი ადგილზე არ ანადგურებენ სამედიცინო ნარჩენებს, არამედ მათი ტრანსპორტირება ხდება შესაბამის ადგილებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი ლაბორატორიის ამორტიზებული შენობის ეზო (1944 კვადარტული მეტრი) ამჟამად შპს „სიდერს“ ეკუთვნის, რომლის წილს თანაბრად 50-50 % ფლობენ ქ. თბილისში მცხოვრებნი რუსუდან ხარგელია (დირექტორი) და ნინო სურგულაძე. ძალიან მნიშვნელოვანია, რა ნაგებობის აშენებას აპირებენ ისინი ბეკარის ორმოს სიახლოვეს, რომ გარემოს და მოსახლეობას პრობლემა არ შეუქმნან.

კიდევ ერთი მესაკუთრე ჰყავს ბეკარის ორმოს სამხრეთ-დასავლეთით 1035 კვ. მეტრ არასასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს. მისი ამჟამინდელი მფლობელი კობა სირაძეა.

მიმდებარე ტერიტორიაზე 500 კვადრატულ მეტრ ფართობს ფლობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო დანარჩენი ტერიტორია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

_ბეკარის ორმო, რომელიც ექადიის ტერიტორიაზე 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან არსებობდა, დაახლოებით 30 წლის წინ დაიხურა. იქ ინახება ბრუცელოზის, პასტერელოზის, თურქულის, ცოფის და სხვა ლაბორატორიული საშიში ნარჩენები.

სავარაუდოდ აქ შეიძლება იყოს ჯილეხის (ციმბირული წყლულის) ნარჩენებიც, რომლებიც დამარხულ მდგომარეობაში საუკუნეზე მეტს ძლებს. აქ ექსკავატორით და სხვა ტექნიკის გამოყენებით სამუშაოების შესრულებისას შეიძლება გამოიწვიოს ნიადაგობრივი ინფექცია, რომელიც დაზიანებული სამარხიდან გამოყვეს წყალს, გაიფანტოს და დაავადოს პირუტყვი და შემდეგ ადამიანიც. ციმბირული წყლული ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პათოგენია.

ამ თემაზე მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელმაც შესაბამისი წერილობით მიმართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს. არსებული მდგომარეობა ნახა ამ დარგის ერთ-ერთმა აღიარებულმა სპეციალისტმა თენგიზ ყურაშვილმა. გაკეთდა გარკვეული მონახაზი _ტერიტორია უნდა შემოიღობოს _გვითხრა ლაბორატორიის უფროსმა ზურაბ ფხალაძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი ამირან გირკელიძე მიიჩნევს, რომ სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად ბეკარის ორმოების მიმდებარე ტერიტორიაზე დაუშვებელია რაიმე სახის მიწის სამუშაოების ჩატარება. ტერიტორია უნდა შემოიღობოს და ღობეზე განთავსდეს შესაბამისი წარწერები.

გაზეთი „ალიონი“ ამ თემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსს ალეკო მამეიშვილს ესაუბრა.

_საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის წერილში დასმული საკითხებიდან გამომდინარე, აუცილებელ საჭიროებად მივიჩნიეთ ბეკარის ორმოების, როგორც ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის, ასევე მიმდებარე ტერიტორიის შემოწმება ნიადაგში ვირუსების შესაძლო გავრცელებაზე და აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება. მცდელობის მიუხედავად ვერ მოვიძიეთ დაწესებულება, რომელსაც ამ მომსახურების გაწევა შეუძლია.

აქ ჩამოვიდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოცდილი სპეციალისტი თენგიზ ყურაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.მათი დასკვნით ბეკარის ორმოდან ნარჩენების გაჟონვა-დაზიანების საშიშროება არ არის.

ბეკარის ორმოს მიმდებარედ შემოიღობება დაახლოებით 2 000 კვარდატული მეტრი ფართობი და დაიდგმება შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერები _გვითხრა ალეკო მამეშვილმა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.