ტამიშის საშინელებანი

დამატებულია: 2019-10-08
picture1

12 ოქტომბერს, დაბადებიდან 80 წელი უსრულდება ცნობილ ჟურნალისტს ეთერ ქადეიშვილს. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი წიგნიდან „ქართველთა სულის ხსნისათვის“

მივყვებით გზას სოხუმისაკენ მიმავალს. ახლა ჩვენი ბიჭები აკონტროლებენ მას. გვესალმებიან, ხელით გვანიშნებენ, გაჰყევით გზას, თავისუფალიაო.

ათეულობით სიცოცხლე შეეწირა ამ თავისუფლებას.

აფეთქებული ტანკები, სასწრაფო დახმარების მანქანა.

_ ორი ექიმი გოგონა იჯდა მანქანაში. წელში გაწყვეტილები ეყარნენ აქ.არ გინდა ამის მოსმენა? თურმე, წინ გველოდებოდა ისეთი რამ.... მონასმენს რომ დაგავიწყებს.

შეჯგუფებულ ბიჭებთან შევჩერდით. ორმოს თხრიან. სახეები აირწინაღებით დაუფარავთ.

_ რა ხდება აქ?

_ ჩვენი ბიჭების გვამები აღმოაჩინეს!

_ იცით ვინ არიან?

_ ამბობენ \"ავაზას\" ბიჭები არიანო!

უაზროდ მივიწევ სამარხისაკენ, რომელიც საფლავს არ ჰგავს. უფორმო, შიშველი სხეულები, დასახიჩრებული სახეები, გაბერილი მუცლები...

_ როგორ ამოიცნობთ?

_ ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, საბუთები არაა. ამახინჯებენ, ტანსაცმელს ხდიან, ამითაც რომ არ იცნონ.

ცრემლებით სავსე აქვს თვალები \"ავაზას\" შტაბის უფროსის მოადგილეს მურად ნოზაძეს.

_ 2 ივლისს, დესანტის გადმოსხმისას მოექცნენ ჩვენი ბიჭები ალყაში. ბევრი დავკარგეთ, ახლა მიწაში ჩაფლულებს ვეძებთ.

თბილისელი ექიმი ნიკალაი დოლბინი გამაცნეს. წამითაც არ გვშორდება. ჩვენს მიცვალებულებს აპატიოსნებსო.

გზის ორივე მხარესაა ასეთი სამარხები. ვხუჭავ ფართოდ გახელილ თვალებს, მაგრამ შიგ თითქოს მიცვალებულები ჩამისახლდნენ. ვიღაცა ორმოს მაშორებს, მაგრამ შეყვირებამ ისევ იქეთ შემაბრუნა.

_ შეხედეთ, ძაღლი ჩაუკლავთ ცხედრებთან.

გავქვავდი!

თავისკენ მიმიხმო გაფითრებულმა მამაკაცმა.

_ ჟურნალისტი ხართ? გამომყევით, საშინელებას იქეთ გაჩვენებთ! ამაზე საშინელს?

სიფრთხილით, სათუთად იღებენ მიცვალებულებს, ზოგი ხელის შეხებისას იშლება. :ცელოფნებში\" ხვევენ და ერთმანეთის გვერდით ალაგებენ.

რამდენია? ერთი...სამი...ხუთი... ვეღარ ვითვლი.

_ შეძლებთ იქ მისვლას?

შევძელი!

რვა თუ ცხრა კაცი ერთმანეთზეა მავთულით გადაბმული.

დაბორკილი, ხელ-ფეხ შეკრული მიცვალებულები?

აქაურები, სოფლელები მოიყვანეს და ამათ დაამარხვინესო! - მეუბნება ის მამაკაცი, აქეთ რომ მომიხმო.

_ აგერ კუბო მოვიტანე, ბარემ შიგ ჩაასვენეთ!

_ რომ ვერ ამოიცანით?

_ რა ვქნა არ ვიცი. მთელი დღე ვეძებ მიცვალებულებში. მგონი ჩემი ძმისშვილია, ჩემი გაზრდილი, ნუგზარი. ვერ ვცნობ, მაგრამ ვგრძნობ. უნდა წავიყვანო \"ჩემია თუ არა, ვიღაცის შვილი ხომაა? ქრისტიანულად მაინც დავმარხავ!\" - წუხს მერაბ გედენიძე.

ახალგაზრდა კაცის გვამი აგდია გზაზე. ყველა ზიზღიან მზერას ავლენს.

_ მოღალატეა, გაყიდა \"ავაზას\" ბიჭები. აი, აქაც, ქალის გვამი რომ აგდია, ისიც მოღალატეა, მტერი თავზე დააყენა ბიჭებს. ქალის გვარი არ მიკითხია, კაცის ვინაობა კი მითხრეს, ქართველია. აღარ დაელია საქართველოს გამყიდველები!

თუ გაუძლებთ ამაზე უარესს ნახავთ მაიმუნების ჯიშთსაშენ მეურნეობაშიო! - შეწუხებული გვეუბნება ერთი.

რამდენს გაუძლო ამ ხალხმა. თერთმეტი თვეა სიკვდილის პირისპირ დგანან. სიცოცხლე ჩამკვდარია ტამიშში. დანგრეულია სახლები. ერთი ძაღლი ნახეს და ისიც მიცვალებულებს ჩააკლეს!

ჩემთვის მეტისმეტია ეს საშინელება, მეტს, ალბათ, ვერც გავუძლებ. უკან ვბრუნდებით!

წიგნიდან: \"ქართველთა სულის ხსნისათვის.\"

1993 წელი, 10 ივლისი.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.