ოზურგეთელი დონორები საქართველოს სამსახურში

დამატებულია: 2020-05-15
picture1

დღეს, ქ. ოზურგეთში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ოფისში ამ პარტიის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაცია გაიმართა. დღის განმავლობაში სისხლი გაიღო 40-მდე ოზურგეთელმა.

_„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ორგანიზაცია შეუერთდა საქართველოში მიმდინარე აქციას „გადაარჩინე სიცოცხლე“ და შესაბამისად მიმდინარეობს უანგაროდ დონორების მიერ სისხლის გაღება და ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სისხლის ბანკის შეკრებით იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც ეს სჭირდებათ _გვითხრა „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის ბიუროს წევრმა, საკრებულოს დეპუტატმა გიორგი ღურჯუმელიძემ.

_დილიდან მიმდინარეობს ეს მეტად მნიშვნელოვანი აქცია, რომლის მიზანი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა.მე ხშირად ვიღებ სისხლს, რადგან მაქვს პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი და მას ექიმები „ოქროს სისხლს“ უწოდებენ. როცა ამ ჯგუფის სისხლის მნიშვნელობაზე ექიმებმა სისხლის პირველი გაღებისას მითხრეს, მას შემდეგ წელიწადში რამდენჯერ, როცა ბათუმში ან ქუთაისში ვიმყოფები, სისხლის ბანკს სისხლს ვაბარებ, რადგან ვიცი, რამდენად დეფიციტურია ამ ჯგუფის სისხლი, გვითხრა საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე მარიკა ჩხიკვიშვილმა.

_ოზურგეთის საზოგადოება აქტიურად ჩაერთო სისხლის ბანკის აქციაში „გადავარჩინოთ სიცოცხლე“, რაც მთავარია, აქ მოსული ყველა პირი საკუთარი ინიციატივით იღებს მონაწილეობას ამ აქციაში. აქცია მიმდინარეობს შეუფერხებლად და დაცულია საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე მოთხოვნები -გვითხრა სისხლის ცენტრალური ბანკის ცენტრალური ოფისის „სამტრედიის“ წარმომადგენელმა ლაშა კვანტალიანმა.

გაზეთ „ალიონთან“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჭანუყვაძემ, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ აქციაში, მადლობა გადაუხადა აქციის ყველა მონაწილეს, რომლებმაც უანგაროდ გაიღეს სისხლი.

ავტორი: ავტორი გაზეთი „ალიონი“;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.