მაკვანეთელები და შემოქმედელები ტრადიციას არ ღალატობენ

დამატებულია: 2020-05-31
picture1

ხვნა-თესვის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში. ამ მხრივ მაკვანეთელები და შემოქმედელები აქტიურობენ.

გუშინ, ხვნა-თესვის სამუშაოების მიმდინარეობა მოვინახულეთ მდინარე ნატანების, ჩოლოქის, შარისწყლის მიმდებარე ტერიტორიებზე მოლიან-ჩალიანში.

მდინარე ჩოლოქის პირას ერთი „ნიუ ჰოლანდი“ და 3 „ბელარუსი“ ამუშავებდა სოფელ მაკვანეთის მოსახლეობის კუთვნილ საყანე ფართობებს.

_ხვნა-თესვის სამუშაოები წელს 10 აპრილს დავიწყეთ. მას შემდეგ ჩვენი ტრაქტორისტები მიხო ბაბილოძე, თენგიზ ურუშაძე, ლევან გოი, მიშა მამინაშვილი ხნავენ და თესავენ ჩვენი სოფლის მოსახლეობის საყანე ფართობებს. რაც მთავარია, ჩოლოქში 31 ჰექტარი საყანე ფართობი შემოვღობეთ ეკლიანი მავთულით. გარდა ამისა 90 ჰექტარი სახნავ-სათესი ფართობი გვაქვს მოლიანში მდინარე შარისწყლის მიმდებარე ტერიტორიებზე. უკვე დაითესა 90 ჰექტარი ფართობი. ახლა, როგორც თავად ხედავთ, მდინარე ჩოლოქისპირა ფართობებზე მიმდინარეობს ხვნა-თესვის სამუშაოები _გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბურძგლამ.

ჩვენ მდინარე შარისწყალის პირას მაკვანეთელი ფერმერის ვალერი პუხლოვის მშენებარე ფერმაც დავათვალიერეთ.

_ფონდებისთვის არ მიმიმართავს. ბანკიდან გამოვიტანე 55 ათასი ლარი 5-წლიანი სესხი და ამით ვაშენებ ამ ფერმას. აქ ამ ეტაპზე 70 სული საქონელი მეყოლება, შემდეგ კი გაფართოებას ვგეგმავთ _გვითხრა მან. სიმინდის ფართობების მარგვლის სამუშაოებია დაწყებული სოფელ შემოქმედის მოსახლეობის კუთვნილ ფართობებში.

_2 „ბელარუსის“მარკის ტრაქტორი მუშაობს შემოქმედელთა მიწებზე. დათესილია 50 ჰექტარი ფართობი, საიდანაც 6 ჰექტარი უკვე გამარგლეს. ხვნა-თესვის სამუშაოები ამჯერადაც მიმდინარეობს _გვითხრა შემოქმედელმა ფერმერმა ბესიკ ლომინაძემ.

ბესიკ ლომინაძეს აქ მეცხოველეობის ფერმა აქვს. 10 დღეში იგი პირუტყვს დაბა გომისმთის მიმდებარე საზაფხულო საძოვრებზე აიყვანს. ცნობილი მეცხოველე იყო ბესოს მამა ასლან ლომინაძე. მთასაც ამაგრებდა და ბარსაც. ახლა მისი ვაჟი ბესო ოჯახის ტრადიციას აგრძელებს, თან სოფელს უდგას მხარში.

_ჩვენი ფართობები შემოღობილია და დაცულია პირუტყვისაგან. აქ რამდენიმე ოჯახია, რომლებიც ზამთარ-ზაფხულ აქ არიან (ვაკიჯვრელი მდინარაძეების ოჯახი გავიცანით). ჰყავთ პირუტყვი, ფრინველი, აქვთ საყანე ფართობი, ბოსტანი. შრომობენ და შემოსავალი აქვთ.

მეცხოველეების ამ პატარა დასახლებაში გვაქვს შუქი (ადგილობრივი მთავრობა დაგვეხმარა რამდენიმე წლის წინ), ახლა,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ ტრაქტორი „კამაცუ“ გვათხოვა და საყანე ფართობებამდე მიმავალი ავარიული გზები მოვაწესრიგეთ, დაჭაობებული ფართობები ამოვავსეთ. მადლობა მინდა ვუთხრა მათ _გვითხრა ბესიკ ლომინაძემ.

მან ჩვენთან საუბარში განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა, სოფლის მხარდამჭერ პროგრამების მიმართ.

¬_როგორ არ უნდა დააფასო მთავრობის მხარდაჭერა ფერმერებისადმი. იაფი საწვავი, ტექნიკის შეძენისას თანადაფინანსება _ეს ყველაფერი სტიმულია სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისათვის _გვითხრა ბესიკ ლომინაძემ.

სამწუხაროდ,წლებია მოლიან-ჩალიანში რამდენიმე სოფლის ათეულობით ჰექტარი სავარგულს ტრაქტორის გუთანი არ შეხებია. ვფიქრობთ მაკვანეთელების და შემოქმედელების სახით კარგი მაგალითებიც გვაქვს.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.