ბრიფინგი

დამატებულია: 2016-08-15
picture1

ქალაქ ოზურგეთში, 9 აპრილის სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს დღეს, ქალაქ ოზურგეთში `დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში~ გამართულ ბრიფინგზე თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები 9 აპრილის სკვერში გზის მშენებლობას გამოეხმაურენ და მიიჩნიეს, რომ პროექტი სამართლებრივი ნორმების დარღვევით ხორციელდება.

კერძოდ, `მმართველობითი სისტემების განვითარებისა~ და `საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის~ წარმომადგენლებმა, მოქმედი კანონმდებლობის, ოზურგეთის საკრებულოს სხდომების ოქმებისა და მასალების ანალიზის საფუძველზე, დაასკვნეს, რომ 9 აპრილის სკვერში საავტომობილო გზის მშენებლობა არ იყო შეთანხმებული არც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან.

მათ მიერ ჩატარებული ანალიტიკური სამუშაოების შედეგად ირკვევა, რომ ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის 25 ოქტომბერს მოიწონა საპროექტო წინადადება `ოზურგეთში დაზიანებული ქუჩების სავალი ნაწილის მოასფალტების სამუშაოები~. პროექტს, სათაურიდან გამომდინარე, უნდა მოეცვა მხოლოდ ქუჩის სავალი ნაწილის მოასფალტების სამუშაოები. სავალი ნაწილი კი `საგზაო მოძრაობის შესახებ~ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, გულისხმობს გზის ელემენტს, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისთვის და მასში არ მოიაზრება ტროტუარები, ქვეითთა ბილიკები, პარკები, სკვერები და სხვ.

საპროექტო წინადადება შეთანხმებულ იქნა რეგიონული განვითარების სამინისტროსთან, რომელმაც 2016 წლის 4 თებერვალს გამოყო შესაბამისი თანხები პროექტის განხორციელებისათვის. 2016 წლის 11 თებერვალს ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა შესაბამისი ცვლილებების ასახვას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ქალაქის მერიის მიერ საკრებულოს სხდომაზე წარდგენილ მასალებში ჩამოთვლილი იყო იმ დაზიანებული ქუჩების ჩამონათვალი, რომელთა მოასფალტებასაც ითვალისწინებდა პროექტი. მასალებში არ იყო ნახსენები სკვერის ტერიტორიაზე ახალი გზის გაჭრა.

2016 წლის მარტში კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევით, საკრებულოსა და სამინისტროსგან ფარულად, მერიამ სატენდერო დოკუმენტაცის ტექნიკურ დავალებაში დაზიანებული ქუჩების მოასფალტებასთან ერთად ჩაამატა წინადადება `არსებული სკვერის ხარჯზე, წულაძის ქუჩის მარცხენა ზოლისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის მოწყობა~.

შესაბამისად, _ როგორც ბრიფინგზე ხსენებული არასამტავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, _პროექტის შეცვლილი შინაარსი და სკვერში მიმდინარე სამუშაოები არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის #23 დადგენილებას, რადგან ის ხორციელდება ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოწონებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანხმობის გარეშე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.