ბათუმის დღეები ოზურგეთის სამხატვრო გალერეაში

დამატებულია: 2016-12-09
picture1

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ქალაქ ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის საგამოფენო დარბაზს ერთი დღითაც ვერ ნახავთ თავისუფალს. 23 ნოემბერს აქ გახსნილ გურიის მხატვართა საშემოდგომო გამოფენას 5 დეკემბერს აჭარის მხატვართა კავშირის წარმომადგენელთა გამოფენა ჩაენაცვლა. მიუხედავად უამინდობისა, გამოფენაზე მაყურებელი საკმაო რაოდენობით მოვიდა, ოზურგეთელ სახვითი ხელოვნების მოყვარულებს საშუალება მიეცათ, ენახათ 50-ზე მეტი ნამუშევარი, პირადად გაცნობოდნენ და გასაუბრებოდნენ 20-ზე მეტ ბათუმელ მხატვარს. ეს გამოფენა მთელ საქართველოში მოგზაურობს და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დღეებში ქუთაისის სამხატვრო გალერეას ამშვენებს.

8 დეკემბერს კი აქ დამთვალიერებლის წინაში პერსონალური გამოფენით წარსდგა წარმოშობით ოზურგეთელი, სოფელ შრომაში დაბადებული და ამჟამად ბათუმში მოღვაწე მხატვარი მიხეილ (მერაბ) კვაჭაძე. ბატონმა მერაბმა, რომელიც დღეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ასწავლის, ბოლო წლებში შექმნილი 50-მდე ნამუშევარი ჩამოიტანა ოზურგეთში.

როგორც ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძემ გვითხრა, ბათუმის დღეების გაგრძელება _ მიხეილ (მერაბ) კვაჭაძის პერსონალური გამოფენა საკმაოდ რეზონანსულია და მას დეკემბრის ბოლომდე დაეთმობა ოზურგეთის სამხატვრო გალერეის საგამოფენო სივრცე.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.