ჩინური მხარე ქართულ კომპანია \"შილდასგან\" 5 მილიონ ბოთლ ღვინოს შეიძენს

დამატებულია: 2017-01-14
picture1

ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანია “შილდამ” ჩინურ მხარესთან რეკორდული მოცულობის კონტრაქტი გააფორმა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩინური ღვინის იმპორტიორი კომპანია “შანხაი სციფან თრეიდინგი” “შილდასგან” 5 მილიონ ბოთლ ღვინოს შეიძენს.

მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილების მიერ დაფუძნებული კომპანია “შილდას” მიერ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შემდგარი ეს გარიგება უპრეცედენტოდ მასშტაბურია, რამდენადაც თითქმის უტოლდება 2016 წელს საქართველოდან ჩინეთის ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მთლიან მოცულობას.

ღვინის მწარმოებელ კომპანია “შილდაში” აღნიშნავენ, რომ ჩინეთში იმპორტიორებისა და ალკოჰოლური სასმელების მომხმარებლის ქართული ღვინისადმი ინტერესი მზარდია.

“შილდასა” და “შანხაი სციფან თრეიდინგს” შორის ხელშეკრულებას ჩინეთში ხელი 11 იანვარს მოეწერა. გარიგების გაფორმებას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის წარმომადგენელი.

კომპანია „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაცია Beijing Er Shang-სთან თანამშრომლობის მემორანდუმი ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში ქართულ-ჩინური ბიზნესფორუმის მსვლელობისას გააფორმა, რომელსაც წინ საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და მსხვილი ჩინური კორპორაციის Er Shang Group-ის პრეზიდენტთან სუნ ჯისთან შეხვედრა უძღვოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ლევან დავითაშვილი, აგრეთვე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური და ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი.

ბიზნესფორუმი ჩინეთის ქალაქ შანხაიში გაიმართა.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.