ბეგლარ სიორიძე: `არ მეშინია მოწყობილი თუ მომავალში მოსაწყობი პროვოკაციისა~

დამატებულია: 2017-07-03
picture1

თითქმის მთელი თებერვლის განმავლობაში და მიმდინარე თვის გასულ დღეებში, ხმაურიანი თემების გამო, საზოგადოების დიდი ნაწილის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქის მერი. ეს თემები რამდენიმე კითხვაში მოვაქციეთ და 2 მარტს ქალაქის მერს ინტერვიუ ვთხოვეთ.

_ ბატონო ბეგი, ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, თუ არ ვცდები, პირველი ბილბორდების თემა იყო ასეთი და ბილბორდებით დავიწყოთ.

_ განსაკუთრებული ნამდვილად არ მომხდარა. ძალიან მიკვირს ერთი რამ: ამ ქალაქში ზოგიერთები, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატები, სადაც წესრიგს ვამყარებთ, იქ გაჩნდებიან, რა თქმა უნდა, ჩვენს საწინააღმდეგოდ. შეიძლება ასე ითქვას, ამ ქალაქში 27 წლის მანძილზე ვისაც რა უნდოდა და სადაც უნდოდა, იმას აკეთებდა და აშენებდა. ჩემი მერობის პერიოდში, შემიძლია ამით ვიტრაბახო კიდეც, რომ დავიწყეთ წესის, რიგისა და კანონის შესაბამისად ამა თუ იმ საკითხის ერთობლიობაში მოყვანა.

ვმუშაობთ გენერალურ გეგმაზე, მათ შორის იმაზე, სად განთავსდეს ბილბორდები. საერთოდ, კანონი რეკლამასთან დაკავშირებით ითვალისწინებს სულ სხვა გარემოებებს, ვიდრე ის იყო დღემდე ჩვენს ქალაქში. ამიტომ დავიწყეთ ამ საკითხის მოწესრიგება. აღმოჩნდა, რომ ქალაქში არც ერთ ბილბორდზე არ არის შესაბამისი ნებართვა. არ დაგვიწყია `გურიის მოამბის~ ბილბორდით, პირველი ეს იყო ფირმა `აუდო~..???? რომელიც დავაჯარიმეთ 9 ათასი ლარით, სწორედ იმისათვის, რომ არ ჰქონდა შესაბამისი ნებართვა. ქალაქში განთავსებულ ბილბორდზე. ბუნებრივია, `გურიის მოამბესაც~ მოვთხოვეთ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა ოთხ ბილბორდზე.

ამის შემდეგ გააჩაღა ვლადიმერ მენამდემ, `გურიის მოამბის~ დირექტორმა ის ხმაურიანი თემა, რომლითაც თქვენც დაინტერესდით. ამის გამო უძღვნის ის თითქმის ყოველდღიურად რამდენიმე სიუჟეტს თუ სტატიას ქალაქის მერიასა და ქალაქის მერს მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში. ჟურნალისტიკური ეთიკა ამას როგორ და რამდენად ითვალისწინებს, ეს მიმინდია ჟურნალისტებისთვის, თქვენი კოლეგებისთვის. მე კი ვამბობ, რომ ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე წესისა და რიგის შესაბამისად. რამდენიც არ უნდა გაასაჩივროს ბატონმა ვლადიმერ მენაბდემ და რამდენ სასამართლოშიც არ უნდა იჩივლოს, ვერც ერთი სასამართლო, დარწმუნებული ვარ, ვერ მიიღებს უკანონო გადაწყვეტილებას და ვერ დაგვავალდებულებს, რომ ქალაქში, ნებართვის გარეშე, ვლადიმერ მენაბდეს ჰქონდეს ბილბორდი.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ დავაში პირველი სასამართლო სხდომა `გურიის მოამბემ~ მოიგო.

_ ეს არის ბატონი ვლადიმერის დასათაურებული სტატია `გურიის მოამბეში~, თითქოს ქალაქის მერიამ წააგო დავა და ჩვენ აგვეკრძალა `გურიის მოამბის~ ბილბორდების დემონტაჟი და ა. შ. პირიქით, ჩვენ მას გავუგზავნეთ ბრძანება ორი თუ სამი დღის წინ, სადაც მითითითებულია, რომ უნდა გადაიხადოს ჯარიმა 12 ათასი ლარის ოდენობით და დაუყონებლივ მოახდინოს აღნიშნული ბილბორდების დემონტაჟი, თუ ამას არ შეასრულებს, ჩვენ მივმართავთ კანონით დადგენილ წესს, საქმის კურსში ჩავაყენებთ აღმასრულებელს.

_ თუ ასეა, სხვები რომ დააჯარიმეთ, მაშინ რატომ შეიკავეთ თავი?

_ ვინ გითხრათ, რომ თავი შევიკავეთ, მიდის პროცესი, ჯერ მითითება გავუგზავნეთ. ნებართვის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ან დემონტაჟი უნდა მოეხდინა, ან ჯარიმა გადაეხადა. თუმცა, ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც დემონტაჟს ექვემდებარება აღნიშნული ბილბორდები. მითითება არ შეასრულა, მოდის რაღაც გაურკვეველი დოკუმენტაციით. ამასწინათ მოგვწერა, თითქოს 2009 წელს მან მიმართა მაშინდელ გამგეობას განცხადებით და მიიღო შესაბამისი ნებართვა. გადავამოწმეთ არქივში, შემოსული და გასული კორესპონდენციების წიგნში და არანაირი განცხადება ლადო მენაბდის მიერ შეტანილი არ არის არა თუ იმ დროში, არამედ მთელი წლის განმავლობაში.

ასე რომ, ეს არ არის ჩვენი ახირება, ეს არის ბატონი ვლადიმერის ახირება. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევს ეს ადამიანი, რომ ქალაქში უნებართვოდ ჰქონდეს ბილბორდი, ფართი თუ სხვა დანარჩენი რამ. მაგრამ მე გპირდებით, რომ არც ვლადიმერს და არც არავის უკანონოდ არაფერი არ ექნება, რასაც შევძლებ და რასაც მოვახერხებ, რა თქმა უნდა, ჩემი მერობის პერიოდში. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ყველაფერი თავისი წესი და რიგის მიხედვით აიგოს და აშენდეს ჩვენს ქალაქში.

_ რახან მშებელობაზე ჩამოვარდა სიტყვა, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ლევან მგელაძემ დასვა საკითხი, იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე საქანელასა და ბავშვების სასრიალო დანადგარის უხარისხოდ გაკეთების შესახებ. თქვა, რომ ორ კვირაში თუ არ გააკეთებენ, მიმართავს შესაბამის ორგანოებს.

_ დავაკონკრეტებ. მე ვიყავი იაკობ შემოქმედელის ქუჩაზე და ვნახე ეს პროექტი, რომელიც დასრულებული არის და შესაბამისად დასკვნაც აქვს წარმოდგენილი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, იქ არ არის მხოლოდ მხოლოდ საქანელაზე საუბარი. როგორც გამოვარკვიე, არის მაგიდა სკამები, სასრიალო და ერთად არის ეს ყველაფერი 1500 ლარი. რაც შეეხება იმას, რომ არსებობს ექსპერტიის დასკვნა აღნიშნულ სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, მე მაინც ვთხოვე კომპანიის წარმომადგენელს, გამოასწოროს ეს ნაკლი, რადგან არც მე მომეწონა, რაც ვნახე. დამპირდნენ, რომ უმოკლეს დროში მოაგვარებენ ამ საკითხს, დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება. უცილებლად გადავამოწმებ.

_ მესამე ხმაურიანი თემა აქ 28 თებერვალს გამართული აუქციონი იყო, აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში მდებარე მაღაზიების მოვაჭრეებმა გააპროტესტეს აუქციონის შედეგები. სამართალდამცავების ჩარევაც კი გახდა საჭირო.

_ გეტყვით ახლავე, ეს ადამიანები უკვე შვიდი წელია არ იხდიან არც ერთ თეთრ იჯარის გადასახდელს. არაერთხელ შევხვდი მათ, შევთავაზე, რომ არ შეიძლება ასე მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებულ ქონებას ფლობდნენ, არ იხდიდნენ არც ერთ თეთრს იჯარის გადასახდელის სახით. ან უნდა ეყიდათ მუნიციპალიტეტის ქონება, ან გადაეხადათ იჯარა. დაახლოებით ერთი წელი მიდიოდა ეს მოლაპარაკებები, ნამდვილად არ მქონდა და არ მაქვს სურვილი, ეს ადამიანები უმუშევრები დარჩნენ, მაგრამ არ ისურვეს არც ერთი და არც მეორე. ამიტომ, ჩვენ კანონის სრული დაცვით, შევიტანეთ ეს ქონება საპრივატიზაციო ნუსხაში, გამოვცხადეთ აუქციონი. ამ ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა ამ აუქციონში, შემოიტანეს ბე, ჰყავდათ მათი ნდობით აღჭურვილი პირი, ქარჩავა, რომელმაც ერთი ბიჯის შემდეგ დატოვა აუქციონი. ასე რომ, კანონიერად გაიმარჯვა მეორე პრეტენდენტმა. ამ აუქციონში.

_ ვინ არის ეს მეორე პრეტენდენტი?

_ მეორე პრეტენდენტი არის დარჩია, რომელმაც მოიგო აუქციონი, თუ რ ვცდები ,58 ათას ლარად.

რაც შეეხება ამ ქალბატონების პრეტენზიას, მართლა ვერ ვხვდები, რა პრეტენზიები აქვთ? ვფიქრობ, აქ უფრო გარკვეული პარტიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩარეული ჩარეული, რომლებიც აქეზებენ ამ ადამიანებს და მოუწოდებენ მათ არაკანონიერი ქმედებებისაკენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

ხმამაღლა უნდა განვაცხადო, რომ არავის მეშინია, ანუ ამ შემთხვევაში მე არ მეშინია მოწყობილი თუ მომავალში მოსაწყობი პროვოკაციისა, რაც იგეგმება კანონის დარღვევით ჩემს საწინააღმდეგოდ.

_ ეს საქმეც სასამართლოშია და სასამართლომ დაადო ყადაღა ქონებას?

_ არ ვიცი, როგორც იწერება გაზეთებში, სასამართლოში შეიტანეს სარჩელი, რას ჩივიან, ვერ გავიგე, რატომ წავაგეთ აუქციონიო?

მუნიციპოალიტეტი ყიდდა თავის ქონებას, უფრო სწორად, გაყიდა. ერთი თვის წინ გამოაცხადა აუქციონი, მიიღეს მონაწილეობა ამ აუქციონში დ დამარცხდნენ. მართლაც აბსოლუტურად გაუგებარია რას ჩივიან?

ვნახოთ, თუ სასამართლოს მიმართეს და სასამართლოდან მოგვივა რაიმე შეტყობინება, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით ვიმოქმედებთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ესეც, ისევე, როგორც ბევრი პროცესი, დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით. აუქციონის დაწყებამდე რომ ყოფილიყო სადავო ის ქონება, კიდევ ჰო, შეიძლებოდა რაღაც ლოგიკასთან გვქონოდა საქმე, მაგრამ ეს ქონება 2006 წლიდან, არის მუნიციპალიტეტის, ჩვენ არ დაგვირესტრირებია ეს ქონება ჩვენს საკუთრებაში. რა თქმა უნდა, 2012 წელს ჩვენ გადმოგვეცა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. მიუხედავად ამისა, რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ ამ ადამიანებთან და ვცდილობდით, რაღაცნაირად მათზე მოგვერგო ეს ყველაფერი და ისე დასრულებულიყო, მაგრამ არც ისე უნდოდათ, არც ასე.

_ კიდევ ერთი გახმაურებული თემა, ეს იყო ჩაის სახლი, აშენდება თუ არა ის ოზურგეთში?

_ ჩაის სახლთან დაკავშირებით შემოიტანა ესკიზი და განცხადება ნუგზარ გიორგაძემ და ითხოვა, რომ მრავალწლიანი იჯარით გადაგვეცა ის ტერიტორია, რომელიც ე. წ. 9 აპრილის სკვერში არის მიტოვებული, შადრევანის სახით. ეს მიტოვებული შადრევანი, დამეთახმებით, ალბათ, რომ არის ერთი დიდი ნაგვის ურნა. თუ ამ ადგილას რაიმე გაკეთდება, ამას მივესალმები. თვითონ ნუგზარ გიორგაძის მისამართით რატომ არის ყველა მხრიდან ასეთი წინააღმდეგობა, ჩემთვის ეს გაუგებარია. უფრო მეტად პრეტენზია მოდის ბატონი გიორგაძის მისამართით, ვიდრე ჩაის სახლთან დაკავშირებით.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე მას მიღებული აქვს ხსენებული მიწის ნაკვეთი, ქალაქის მერმა მიიღო თანხმობა საკრებულოდან ამ მიწის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით.

_ ჩაის სახლის აშენების იდეას თუ ეთანხმებით?

_ მაგასაც გეტყვით, ჯერ ეს დავამთავრო. ჯერჯერობით არაფერი გაგვიცია. მას შემდეგ მე ნუგზარ გიორგაძე არ მინახავს, გავიდა რამდენიმე თვე უკვე, რაც უკვე მაძლევს იმის საბაბს, რომ ეს ნაკვეთი აღარ გავცე ნუგზარ გიორგაძეზე, იმიტომ, რომ იგი უნდა მობძანებულიყო და შემდგომი პროცესები დაწყებულიყო. თუ რაიმე საპატიო მიზეზი აქვს, არ ვიცი, თუ ეს არასაპატიო მიზეზით ხდება და ეს ადამიანი ამდენი ხანია არ შეგვხმიანებია, მაშინ არანაირი ვალდებულება ქალაქის მერს არ აქვს, რომ გინდა თუ არა, ეს ნაკვეთი დარჩეს ნუგზარ გიორგაძეს.

რაც შეეხება ჩაის სახლს, ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება. შორს რომ არ წავიდეთ, ბათუმის ბულვარში ჩაის სახლიც არის, ყავისაც არაყისაც. კაფეებიც არის და ათასი რაღაცის სახლიც, იმიტომ, რომ პარკში ადამიანი წყურვილით არ უნდა დაიხრჩო. თუ მოგწყურდება, შეგეძლოს უნდა, სადღაც მიხვიდე და წყალი, წვენი თუ ლუდი დალიო. თუ აშენდება ჩაის სახლი, ძალიან კარგი იქნება. მაგრამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით ახლა ვერაფერს გეტყვით. როცა მას შევხვდები და შევთავაზებ ჩვენს პირობებს, არ იქნება ეს იჯარა ორ კაპიკად, როგორც იყო დღემდე. იქნებ მისაღების არ იყოს ბატონი ნუგზარ გიორგაძისთვის ის ფასი, რასაც ჩვენ შევავაზებთ. ვერ გეტყვით ვერაფერს. გადაწყვეტილი ნამდვილად არ გვაქვს, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე გადაეცა ამ ადამიანს და იქ აშენდება ჩაის სახლი.

_ კიდევ ერთი კითხვა, კულტურისა და დასვენების პარკში უკვე მეორე წელია ატრაქციონი დაინგრა. იყო მოსახლეობიდან შეკითხვა, პასუხიც მიიღეს. ხომ არ არის დამატებით რაიმე სიახლე?

_ ჩვენ ველოდებოდით ინფრასტრუქტურის სამინისტროდან თანხას, იმიტომ, რომ ეს ატრაქციონი შარშან სტიქიისაგან, დიდთოვლობისას დაინგრა. იყო დაპირებები, რომ გამოიყოფოდა თანხები აღსადგენად, მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოგვეძებნა საამისო სახსრები, გამოვძებნეთ კიდეც. ძალიან მალე ტენდერი გამოცხადდება, და აღვადგენთ ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნულ ატრაქციონს.

_ ქალაქის მერიაში საშვთა სისტემა თუ მოიხსნება?

_ საშვთა სისტემა არ მოიხსნება. მე მივიჩნევდი, რომ ჩვენ ქალაქის მერიაში არ გვჭირდებოდა საშვთა სისტემა, რამდენადაც მოქალაქეებს შეძლებოდათ ნებისმიერ საკითხზე ქალაქის მერთან თუ სხვა ნებისმიერ თანამშრომელთან მოსვლა, მაგრამ ბოლო ხანებში რაც მოხდა, ამას ჰქვიოდა შემოჭრა, დებოშის მოწყობა. იგივე ვლადიმერ მენაბდე მყავს მხედველობაში, რომელიც შემოიჭრა ორი ჩართული ვიდეოკამერით და დადიოდა კაბინეტ-კაბინეტ ქალაქის მერიაში, რაც დაუშვებელია. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ მერიის სამსახურს ვერც ერთ ქალაქში, სადაც საშვის გარეშე შებრძანდებით. მე, მაგალითად ქალაქის მერი ვარ და ბათუმის მერიაში მერთან საშვის გარეშე ვერ ავდივარ, ასევეა თბილისის მერიაში და ყველგან, ნებისმიერ სამინისტროში, დაწესებულებაში. ვინც აპროტესტებს ქალაქის მერიაში საშვთა სისტემის შემოღებას, მისი პარტიის ოფისშიც ვერ შებრძანდებით საშვის გარეშე.

ასე რომ, სამარცხვინოა და რცხვენოდეთ უნდა ამ ადამიანებს, რომლებიც, აგერ უკვე სამი წელია, ამტკიცებენ, თეთრი შავიაო. არ გამოუვათ, ვერ დაამტკიცებენ, რადგან თეთრი თეთრია და შავი შავი შავია.

ესაუბრა თემურ მარშანიშვილი

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.