მონარდე ქალთა ასპარეზობა ამიერიდან ტრადიციად დამკვიდრდება

დამატებულია: 2017-03-13
picture1

კაფე `შუა ქალაქში~ გაიმართა დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღესასწაულისადმი მიძღვნილი რეგიონული ტურნირი ნარდში, რომელიც გურიის ნარდის ფედერაციის ზრუნვა-მოწადინებით ჩატარდა. აღნიშნულ წარმომადგენლობით ტურნირში 32-მა ქალბატონმა იასპარეზა.

შეჯიბრებას არც სპორტული ჟინი აკლდა და არც სატურნირო აზარტი.

პირველივე ტურებიდან გამოიკვეთნენ ამ მიმზიდველი ასპარეზობის არანაკლებ მიმზიდველი ერთპიროვნული ლიდერები.

მეტადრე დაძაბულად წარიმართა ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები. ტურნირის მესამე-მეოთხე საპრიზო ადგილებისთვის უშეღევათო ბრძოლა გაჩაღდა მაგული ცერცვაძესა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროს ხათუნა სურგულაძეს შორის. უაღრესად საინტერესო დაპირისპირებაში ანგარიშით 5:1 გაიმარჯვა ხათუნა სურგულაძემ და ასპარეზობის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მრავლად შეკრებილმა გულშემატკივრებმა ასევე უაღესად საინტერესო შერკინება იხილეს ლანჩხუთელი ნინო ძიძიგურისა და ოზურგეთელი ნატალია მიხაილოვას ფინალურ შეხვედრაში.

დაძაბულ შერკინებაში ანგარიშით 5:3 გამარჯვებას ლანჩხუთელმა მონარდემ მიაღწია და ასპარეზობის მთავარი პრიზი და სამახსოვრო საჩუქრები დაისაკუთრა.

აქტიურობისთვის სპეციალური პრიზი გადაეცა ქეთევან დემანიას.

ასპარეზობის ყველა პრიზიორსა და მონაწილეს გაზაფხულის ყვავილების თაიგულებთან ერთად, ხატები, სამახსოვრო და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

აქ უსათუოდ უნდა ითქვას ტურნირის ორგანიზატორთა ძალისხმევასა და გულისხმიერების თაობაზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირს ვნებათაღელვის მუხტის გარეშე არ ჩაუვლია. ტურნირის მთავარი მსაჯი იყო ხალამპრე დოლიძე.

შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ მისიას ნარდის ფედერაციის პრეზიდენტმა თამაზ სალუქვაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ოლეგ გობრონიძემ, და სხვებმა.

აქვე გაიმართა ბლიც-ტურნირი, სადაც ოთხმა კონკურსანტმა იასპარეზა.

ბლიც-ტურნირის გამარჯვებულის ტიტული თამარ ჩიგოგიძემ მოიპოვა.

გამარჯვებულთ სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ, კაფე `შუა ქალაქის~ ხელმძღვანელმა ჯუმბერ სურგულაძემ, ოზურგეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ ანდღულაძემ, რაიონის სხვა გამოჩენილმა და ცნობილმა ფიგურებმა.

რაიონის ნარდის ფედერაციის მესვეურთა ინიციატივით, მონარდე ქალთა ტურნირი ამიერიდან ყოველი წლის გაზაფხულზე ჩატარდება და ტრადიციად დამკვიდრდება.

ავტორი: ნუკრი ნიკოლაიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.