მომხმარებელთა უუფლებობა საქართველოში

დამატებულია: 2017-03-31
picture1

ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები უგულვებელყოფილია

ჩვენ მოვიხმართ წყალს, ჰაერს, მედიკამენტებს, მომსახურებას, პროდუქტს - საკვებს, სამშენებლოს, გასართობს... და თუ ამ სფეროში ჩვენი უფლებები არ ირღვევა, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგად და დაცულად ვგრძნობთ თავს. შეიძლება ადამიანმა, მომხმარებელმა დაცულად იგრძნოს თავი ქვეყანაში, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონიც კი არ არსებობს? ვიცით, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი ევროპის ქვეყნებში აღინიშნება? ვიცით როდის ილახება ჩვენი უფლება? რა არის მომხმარებლის უფლება?

- შეილახა თქვენი, როგორც მომხმარებლის უფლება? ამ შეკითხვით საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენელებს მივმართე. აღმოჩნდა, რომ ჩემი რესპოდენტების 90% მიიჩნევდა, რომ არასდროს ჰქონია მსგავსი პრობლემა. თუმცა, ცოტაოდენი განმარტების შემდეგ:

გიორგი რუსიეშვილი, მშენებელი, დროებით უმუშევარი: „ - ვერ ვიხსენებ ასეთ ფაქტს. ...გამახსენდა, ამ დღეებში ნათურა ვიყიდე, არ მუშაობდა. ალბათ, თუ მეცოდინებოდა, რომ მქვს უფლება და უფრო ძვირიანი რომ ყოფილიყო, მოვითხოვდი პასუხს. ამჯერად კი, ახალი შევიძინე.“

ინეზა კეკელიძე, ეკონომისტი: - „ - მაღაზიაში სამნი საუბრით იყვნენ გართული, ჩემს ზრდილობიან მიმართვაზე ერთი გამოხედეს მხოლოდ. ველოდე, ჩავიქნიე ხელი და გამოვედი. ძალიან გამაღიაზიანებელი იყვნენ.“ ეკა მგელაძე, ჟურნალისტი: „ - ბანკი უკვე დაფარულ სესხს მახდევინებდა ხელახლა. სამი დღის ნერვიულობის და და სამუშაო საათებში ბანკში ვიზიტების შემდეგ ბოდიში მომიხადეს.“

ქეთევან მიმინოშვილი, მენეჯერი: „ - კომპანიები ხშირად, ვერც კი ამჩნევენ, რომ არღვევენ მომხმარებლის უფლებას, საზოგადოებაში სამაგალითო იმიჯს ირგებენ, მეცენატები და ქველმოქმედები არიან ამავე დროს.“ ლალი კილაძე, პედაგოგი: „- შარშან ხელი ვიღრძე, გადაუდებელი დახმარება დამჭირდა. კლინიკაში რენტგენის გადაღებაში გადამახდევინეს 20 ლარი, თან მითხრეს, რომ საყოველთაო დაზღვევით ეს უფასო იქნებოდა. მაქვს კორპორაციული დაზღვევა, რომლითაც ფინანსდება მომსახურების ან 100 ან 80%. გადავწყვიტე ცხელ ხაზზე გადამემოწმებინა, რადგან 100 ლარის იდენტური მომსახურება ჩემი აზრით არ მიმიღია და შესაბამისად 20 ლარის გადახდა არ მეკუთვნოდა. ცხელ ხაზზე განმარტების გარეშე გამამტყუნეს“.

დათო გაბაიძე, იურისტი,: „ - თბილისში, სამების ტაძართან „ლაღიძის წყლებში“ ორი ხაჭაპური და წყალი შევუკვეთეთ, რომლის მოტანასაც თითქმის საათზე მეტი დასჭირდა, სამაგიეროდ, ჩვენი მიმტანი დიდი თავაზიანობით მოემსახურა მრავალრიცხოვანი სომეხი ტურისტების ჯგუფს და ამასობაში მიიღო-გაისტუმრა კიდეც, ძალიან გამაღიზიანებლი იყო.“

ნანა კუტუბიძე, ეკონომისტი, უმუშევარი: „ -ბანკში განვადება მქონდა. პირველი გადახდისას ოპერატორმა გამაფრთხილა - აქ 1 ლარი ვალი ჩანს, რისაა ვერ ვხედავ და გადაიხადეთ, თორემ პრობლემას შეგიქმნითო. გადავიხადე. მეორე თვეში განვადების თანხა ბანკმა შეუტანლად ჩამითვალა და 20 ლარითაც დამაჯარიმა. ბევრი ნერვიულობის შემდეგ გაირკვა, ერთი ლარი ვალი ყოფილა იმის გამო, რომ ბარათზე კოდი შევცვალე ერთი წლის წინ, რაზეც არ ვიყავი ინფორმირებული და ამ ვალის დაფარვაში თურმე ბანკს 7 თეთრი კუთვნოდა. რასაც ერთი თვე მოთმინებით ელოდა და განვადების თანხიდან ჩამომაჭრა. ბოლოს, გამოიჩინა კეთილი ნება და მაპატია, რადგან დათმობას არ ვაპირებდი. როგორც შევიტყვე, ჩემს მეგობარს იგივე შემთხვევაში ჯარიმა გადაახდევინეს, რადგან მან დათმობა არჩია“.

გივი კიღურაძე, ინჟინერი, დროებით უმუშევარი: „ - „აიფონ +-სში“ შევიძინე განვადებით აიპადი 600 ლარად. გარანტია 3 თვე ეწერა, ვიფიქრე, მაინც არ გაფუჭდება კარგი პროდუქტი და სანდო მაღაზიააო. ზუსტად ამ ვადით იმუშავა. გაფუჭებულ ნივთში განვადებას ათი თვე ვიხდიდი. მომწოდებელმა პასუხისმგებლობა აიცილა.“ თამთა სიხარულიძე, ექიმი: „ - ვერ ვიხსენებ, არასდროს... თუმცა, ჩვენს ოჯახში ძირითადად სასმელ წყალს ვყიდულობთ, ონკანის წყალს არ ვენდობი, ტალახიანია, გასინჯვა ხარჯებთანაა დაკავშირებული... მარინე არზიანი, დიასახლისი: „ - გუშინ ისტერიკაში ჩამაგდო ჭორაობას მოცდენილი ხაჭაპურის გამყიდველის უყურადღებობამ, ვერც ხაჭაპურს დაველოდე, რომელსაც ჯანდაბაში ჩადიო, ამ სიტყვებით ტენიდა პარკში და ვერც ფული დავიბრუნე, გამოვიქეცი და გულამოსკნით ავტირდი.“

ეს მაგალითებიც კი საკმარისია ჩვენი სავალალო რეალობის წარმოსადგენად. ახლა ამას დაუმატეთ სმს შეტყობინებებ-შემოთავაზების წვიმა ჩვენს მობილურებში, რომელიც ქვეყანაში ჩვენი გადაადგილების შესაბამისად მრავალფეროვნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მობილური კავშირის კომპანია აფიქსირებს ჩვენს ადგილსამყოფელს. ძირითადად, სარეკლამო შეტყობინების დაბლოკვა თითქმის შეუძლებელია, თუმცა ამ შანსს გიტოვებენ, მაგრამ შესაბამისი პროგრამა ხშირად არ მუშაობს.

ჩვენს ქვეყანაში უამრავი დილეტანტი იბრალებს „მოხელეობას“ - სტანდარტების უგულვებელყოფით აშენებს, კერავს, სტილისტობს, მძღოლობს, ვაჭრობს... რას იზამ, სამუშაო და ფული სჭირდება და რადგან პროფესიათა ცვლა სპონატნურად ხდება, ისევ ჩვენ გვიბრუნდება უხარისხო რემონტის, მომსახურების სახით, რასაც დიდი დოზით ერთვის უპატივცემულობა და კონფლიქტიც.

მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით საინტერესოა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ ტრაპაიძის შეფასება:

- 1996 წლის მარტიდან მოქმედებდა საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, ამავე წელს ძალაში შევიდა პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, რომლის ამოქმედების შემდეგ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა 2012 წელს.

- შეუწყობს თუ არა ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება?

- ასოცირების ხელშეკრულება სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად საერთო ევროპული ფასეულობების განმტკიცებას და დაცვას ემსახურება. მისი ერთ-ერთი მიზანი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ერთგულება და გავრცელებაა; აღნიშნულ ფასეულობათა დამკვიდრება საქართველოში, უპირობოდ შეუწყობს ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, მათ შორისაა მომხმარებელთა უფლებების დაცვაც.

-მოუმართავთ თქვენთვის მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ან ინტერესების შელახვის კონკრეტული შემთხვევის გამო?

- დიახ, არაერთხელ. უმრავლესობას სამართლებრივ დოკუმენტებს ვუმზადებთ, იმ შემთხვევაში თუ გასაჩივრებას აზრი არ აქვს, მხოლოდ კონსულტაციით ვიფარგლებით.

- მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იცავენ მომხმარებლის უფლებებს? კანონიერია დაუბრუნებელი ვალის ამოღების არაოფიციალური მეთოდები - დარეკვა მეზობლებთან, მეგობრებთან, დაშინება...?

- ხშირად პრობლემური სესხების ამომღები ორგანიზაციები არასამართლებირვი გზით ცდილობენ ინფორმაციის მოპოვებას, ზოგ შემთხვევაში, მომხმარებლის მოტყუებას. თუ მოქალაქეებს კარგად ექნებათ გაცნობიერებული მათი უფლება-მოვალეობები, მათ მოტყუებასაც ვერავინ შეძლებს.

- პირადად, თქვენ გქონიათ ასეთი შემთხვევა?

- დიახ, ჩემთვისაც დაურეკავთ ნათესავის ან ახლობელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მაგრამ ვაგრძნობინე, რომ ვალდებულება არ გამაჩნია მათ ინფორმაცია მივაწოდო, და უფრო მეტიც, პირის პირადი ინფორმაციის გაცემის უფლება მისი თანხმობის გარეშე არ მაქვს.

- რა არის მომხმარებელთა უფლებების დარღვევების მიზეზი, შესაძლებელია მათი აღმოფხვრა?

- თუ ბანკებზეა საუბარი, ბანკები ვალდებულნი არიან ხელშეკრულებებში მიუთითონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული, პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ინფორმაცია სავალუტო რისკების შესახებ, ხელშეკრულების პირობების ცვლილების წესი და სხვ. სესხის მიმღები კარგად უნდა გაეცნოს ხელშეკრულებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის წვრილი შრიფტითაა დაწერილი. სამწუხაროდ საქართველოში ხელშეკრულებას ხელისმოწერამდე, მხოლოდ 10% კითხულობს, მათი ნახევარი ბოლომდე ვერ აცნობიერებს იმ რისკებს, რაც ხეშეკრულების დარღვევას შეიძლება მოყვეს.“

ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება?

ინტერნეტში მოვიძიეთ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში, მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის შესახებ რეკომენდაციაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების ამოქმედებისთანავე, ანუ 2014 წლის 1 სექტემბრიდან, ძალაში უნდა შესულიყო დირექტივა, რომლის მიხედვითაც ბაზარზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქცია უსაფრთხო უნდა იყოს და უნდა არსებობდეს მათზე ზედამხედველობის ორგანო. უნდა არსებობდეს ბაზარზე ზედამხედველობის სამსახური, რაც დღემდე არ არსებობს. ქართული მხარე ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უხეშად არღვევს. მიუხედავად ევროკავშირის მკაცრი მოთხოვნისა, არ გვაქვს მომხმარებელთა უფლებების დამრღვევი ორგანიზაციების დასჯის და პასუხისგების რეალური მექანიზმები.

ევროპის კარზე კაკუნის პარალელურად საჭიროა დაჩქარდეს ასოცირების ხელშეკრულებების ვალდებულებების ამუშავება. მით უფრო, რომ მისაბაძია ევროკავშირის სტანდარტები. მაგალითად, ევროკავშირის დირექტივების მიხედვით კანონით დასჯადია ეგრეთწოდებული აგრესიული და ცრუმარკეტინგი, რომელსაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. ეს არის მაღაზიების მიერ გამოცხადებული კოლექციების ლიკვიდაცია თუ გრანდიოზული ფასდაკლებები და ასე შემდეგ, რაც ხშირ შემთხვევაში რეალობას არ შეესაბამება და მყიდველის მისაზიდად არის გაკეთებული. ევროპაში კანონის მიხედვით, მომხმარებელს, 6 თვის განმავლობაში, უფლება აქვს შეძენილი პროდუქტი ყოველგვარი დავის გარეშე დააბრუნოს უკან. 6 თვის შემდეგ, უკვე ორივე მხარეს, სასამართლოს გზით, თანაბრად შეუძლია იბრძოლოს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად...

მართალია, საქართველოში მომხმარებელთა უფლებების კანონიც კი ზედმეტად იქნა მიჩნეული, მაგრამ... ეს ხომ არ არის ჩვენს ინტერესებში?! თანაც ყველაზე ეფექტური არის თავად ჩვენი აქტიურობა, შესაძლებლობის ფარგლებში რეაქცია, პასუხის მოთხოვნა. საუკეთესო ვარიანტია თუ მას ზურგს გაუმაგრებს შესაბამისი კანონი, რომელსაც იმედია მალე მიიღებს ჩვენი პარლამენტი, თუ რათქმა უნდა დაინახავს, რომ საზოგადოებისაგან არის შესაბამისი მოთხოვნა.

ლია კილაძე

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.