თეატრის საგასტროლო ტური ზუგდიდში

დამატებულია: 2017-05-12
picture1

ოზურგეთის თეატრი სამშენებლო ხარაჩოებს მიღმა აგრძელებს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას.

9-14 მაისს მიმდინარეობდა ოზურგეთსი თეატრის საგასტროლო ტური ზუგდიდში. რეპერტუარში იყო: ჟან ანუი, რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე - „ანტიგონე“; ლაშა თაბუკაშვილი, რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე - „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“; პოლიკარპე კაკაბაძე, რეჟისორი მამუკა ბაბილოძე - „სამი ასული“; რეჟისორ ზურა სიხარულიძის საავტორო სპექტაკლი „ნერგი“, ვაჟა ფშაველას მოთხრობების მიხედვით მსახობ ბელა კიკვაძის მონო სპექტაკლი, რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე - „ნეტავი დამბადებელო“. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობის ავარიულობის გამო ზუგდიდში სათეატრო წარმოდგენები მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში იმართება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ჩიგოგიძის სიტყვებით, თეატრმა პროექტის „გასტროლი საქართველოში“ ფარგლებში ქალაქ ზუგდიდში პირველი წარმოდგენები გამართა, რადგან ეს მისი ქალაქია და აქ წლების წინ თეატრის რეჟისორიც იყო: „ - ზუგდიდი არის ჩემთვის უახლოესი ქალაქი და პირველად აქ ჩამოვედით, ჩვენი საგასტროლო პროექტის ფარგლებში, რადგან ჩვენთან თეატრის შენობას რეაბილიტაცია უტარდება, კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ვიწყებთ მოგზაურობას. ვგეგმავთ ასევე საზღვრებს გარეთ გასვლას.~ - აღნიშნა მან.

თეატრის დირექტორი ზაზა ჯინჭარაძე ამბობს, რომ ოზურგეთის თეატრი, რომელსაც ძალიან მალე მცირე სცენის დატოვებაც მოუწევს სარემონტო სამუშაოების გამო, გასვლითი სპექტაკლებით მთელ საქართველოს ეწვევა: „ - ჩვენი საგასტროლო ტურნე მთელ საქართველოს მოიცავს, ზუგდიდის შემდეგ მოვივლით ქართლის რეგიონს, აჭარას, საქართველოს სხვა რეგიონებს.~

ზუგდიდში ოზურგეთის თეატრის სპექტაკლები დადებითად შეფასდა და თეატრის საარქივო მასალაც შეივსო მაყურებლის შეფასებებით: `ნეტავი დამბადებელოს~ შესახებ ილია ბერულავა, მაყურებელი: ` - ძალიან მოგვეწონა მე და ჩემს ქალიშვილს. აღფრთოვანებული ვარ მსახიობის თამაშით. ძალიან კარგი იქნება თუ კიდევ ვნახავთ ასეთ წარმოდგენებს. ბავშვებისათვის ეს რაღაც ახალია, ასეთი წარმოდგენებით შეიძლება შევაყვაროთ მათ თეატრი და გავანებივროთ ასეთი შთაბეჭდილებებით.~

`ანტიგონეს~ შესახებ გეგა ქურციკიძე, რეჟისორი: ` - ძალიან ნასიამოვნები ვარ, რომ კიდევ ერთი ვერსია ვნახე ამ უკვდავი ნაწარმოებისა და მადლობა შემოქმედებით ჯგუფს, ბატონ ვასოს ამ მძაფრი ემოციებისათვის და შესანიშნავი სპექტაკლისათვის.~ `დარაბებს მიღმა გაზაფხულიას~ შესახებ ზურა ლაშხია, მსახიობი: ` - ცოტა მიჭირს საუბარი, ჩემი მეგობრები, უსაყვარლესი ადამიანები სცენაზე არიან... სპექტაკლმა შესანიშნავად ჩაიარა. მიხარია, რომ გვყავს ასეთი მაყურებელი და ოზურგეთის თეატრს ჰყავს უძლიერესი დასი და სამხატვრო ხელმძღვანელი. ძალიან ნასიამოვნები ვარ, მადლობა მათ ამისათვის. სპექტაკლში არ არის ერთი წერტილი, ხაზიც კი ჩავარდნილი, ჩაწეული. არის ვებერთელა სითბო და სიყვარული.~

ლია კილაძე,

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

P.s. თეატრის პროექტი „გასტროლი საქართველოში“ იმერეთში გაგრძელდება. 22 მაისს ისინი ქალაქ სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრის სცენაზე დავით კლდიაშვილის „მსხვერპლს“ წარმოადგენენ. შემდეგ ქ. ქუთაისელი მაყურებლების წინაშე წარდგებიან, ამ რეგიონის სხვა ქალაქებში გადაინაცვლებენ.

16 მაისს ოზურგეთის თეატრის მსახიობები ნოდარ დუმბაძის სპექტაკლით „გიჟები“ თურქეთის რესპუბლიკაში,ქ.გირესუნში საერთაშორისო ფესტივალზე წარდგებიან.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.