რეგიონული მედია კაჭრეთში რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელებს შეხვდა

დამატებულია: 2017-05-19
picture1

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის დაბა კაჭრეთში, საზოგადოებრივი კოლეჯი „აისის“ საკონფერენციო დარბაზში რეგიონული მედიის ასოციაციის წევრი მედიაორგანიზაციები სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრას რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი, ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე დავით შემოქმედელი (ტაკიძე) უძღვებოდა.

პრესკონფერენციის თემა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე და ამ იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გახლდათ.

_ შარშან, სანკტ პეტერბურგში რუსთაველის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივით, ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, ხელნაწერთა ინსტიტუტში მოეწყო გამოფენები. 14 დეკემბერს კი რუსთაველის ქუჩაზე გაიხსნა შოთა რუსთაველის ძეგლი (მოქანდაკე ზურაბ წერეთელი). დღეს, პეტერბურგელები რუსთაველის დღეს აღნიშნავენ _ თქვა ჟურნალისტებთან რუსთაველის საზოგადოების პეტერბურგის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ლალი ხორნაულმა, რომელიც მეუღლესთან ავთანდილ ბუხრაშვილთან ერთად (ბატონი ავთანდილი ამ საზოგადოებას ხელმძღვანელობს) იმყოფება კაჭრეთში.

ჟურნალისტებთან ქართული ასომთავრული დამწერლობის შესახებ ისაუბრა ცნობილმა ენათმეცნიერმა, პროფესორმა რამაზ პატარიძემ.

შეკითხვებს უპასუხეს რუსთაველის საზოგადოების კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიკა კვალიაშვილმა, პროფესორმა ივანე ჯაფარიძემ.

რეგიონული მედიის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მამულაშვილმა რუსთაველის საზოგადოების მესვეურებს რეგიონული მედიის კახეთში ვიზიტის მიზანი გააცნო - რეგიონული ჟურნალისტიკის განვითარება საქართველოში.

მედიატურს კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ მასპინძლობს.

ავტორი: გაზეთი ,,ალიონი\";

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.