მასწავლებლის ღია ბარათი განათლების მინისტრ ბატონ მიხეილ ჩხენკელს

დამატებულია: 2017-12-25
picture1

ვფიქრობ, ამჯერად გაუმართლა ქართულ საზოგადოებას გილოცავთ!

დამეთანხმებით, სიდუხჭირე, სულიერი თუ მატერიალური კრიზისი, გაუცხოება, შიში და ძრწოლა, ყოველი გაუცნობიერებლის გაუაზრებლობა, ჩემი აზრით, წიგნიერების, განათლებულობის უკმარობით აიხსნება.

უფალი შეგეწიოთ „გონება-გახსნილი, გულ-განათლებული თაობის“ აღზრდისათვის საჭირო გზების ძიებისას!

მძიმე ტვირთია.

თუ უწიგნურნი მომრავლდებიან საზოგადოებაში, „გონებაჩვილნი“ მმართველობაშიც გამოერევიან და ქვეყანა დაღმა დამავალ კიბეს დაემსგავსება.

ვიცი, უამრავი საქმე-საზრუნავი გაქვთ, მაგრამ, გთხოვთ, ერთხელ კიდევ გადახედოთ, რამდენად სწორად მიმდინარეობს სისტემის ოპტიმიზაცია, უსამართლოდ ხომ არ მოექცნენ ე. წ. LT - მენეჯერებს, რომლებმაც თავის დროზე წარმატებით გაიარეს კონკურსი და სასკოლო რეფორმის გარიჟრაჟზე, პროფესიონალიზმით, საქმის ცოდნით, დიდი ჯაფითა და გულწრფელი ენთუზიაზმით, არარასაგან შექმნის სასკოლო კომპიუტერული ქსელი?..

LT - მენეჯერები შორეული სოფლების სკოლებში დადიოდნენ, თითქმის ყოველდღე ასეული კილომეტრის გავლა უწევდათ - ამოწმებდნენ და უზრუნველყოფდნენ ქსელის გამართულობას...

მათ უკან ოჯახები დგას.

ერთი მათგანი ჩემი შვილია.

წარმოიდგინეთ მდგომარეობა მძიმე სენით შეპყრობული მოხუცი მასწავლებლისა, რომლის ერთადერთი შემოსავალი შვილის წვით მოპოვებული მწირი ხელფასია.

მაგრამ მაშინ დაცულად ვგრძნობდი თავს, არ მეშინოდა...

მერე, როცა ვიხილე „რუსთავი-2-ის“ ეთერში LT - მენეჯერები პლაკატებით უსამართლობას აპროტესტებდნენ, თვალებში შუქი ჩაქრობოდათ, მარტონი იყვნენ, არავის აინტერესებდა მათი ბედი... „ნუგეშის ჭიატი“ მომესპო...

აღარც ხე, ტრუმენ კეპოტის პერსონაჟების სულის თავშესაფრადქცეული, თუნდაც მეტაფორული...

აღარც გურამ დოჩანაშვილის დომინიკოს უტკბესი სიტყვები: „ვიღაცას ვუყვარვარ!..“

აღარც ღვთისმშობლის ჩურჩული: „რაი არს, რაი გელმის?..

სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკოს თავი?..“

კლარა ( ტატა) გურგენიძე, სნეული პენსიონერი მასწავლებელი.

2017 წელი, გიორგობისთვის 23, ოზურგეთი.

P.S.

...და თუ ე. წ. LT - მენეჯერები სწორედ ის „მცოდნე, გულ-განათლებული“ თაობაა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის პროგრესის დაჩქარება?

- სისტემური პრობლემა თუ კერძო შემთხვევა?

- ქრესტომათიული ამონარიდები საფიქრალ-სააზროვნოდ მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებს... განსაკუთრებით მათ, ვისაც ხელეწიფების ქვეყნისა და ადამიანების ბედის მართვა:

„... ქვეყანას მცოდნე, გულ-განათლებული, გონება-გახსნილი თაობა იხსნის“.

„თუ ამასაც არ მოვუარეთ და ვუპატრონეთ, რაღა კაცნი ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ (ილია);

„აწ ჩვენთან არს ხორციელი კეთილ და თქვენთან არს სულიერი კეთილი და ესე შევზავეთ ურთიერთს“ გიორგი მერჩულე);

„... ვინცა ქმნა თიხა ჭურჭლადა, რას უძღვნის ხელფასადაო, ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს, ულაგმო და უსადაო“(დავით გურამიშვილი);

„... მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ დაჰყვედრიდა: რა ღორულად სჭამო!“

..,.

„... აწ ყოველთა გლახაკთა, უღონოთა და მდაბალთა ჭირნი მისწავლებია და ამის შემდგომად ნახეთ თქვენცა, რა არის სასწავლო მის“(სულხან-საბა) და ა. შ.

ლეონი და მენტორები

მემკვიდრის (მომავალი ხელმწიფის წვრთნის ლეონისეული მეთოდების (მსახურთა და მწდეთა ჭირი, გლახაკთა და უქონელთა წესი, ფეხშიშველ მარეკთა ტკივილი...) წილ თანამედროვე მასწავლებლებმა მომავალ სახელმწიფო მოღვაწეებს შეიძლება მარტივად შესთავაზონ თუნდაც ჩემი უბადრუკი „საცხოვრისი“, სიღატაკით, გადასახადებით, ბანკის ვალითა და 180 ლარით...

მაშინ გაიგებენ, ქვეყნის მმართველს იმისთვის კი არ ირჩევს ხალხი, ღვთის შეწევნით, რომ მხოლოს პირადი ცხოვრება აიწყონ, ოდენ ნათესავ-მეგობრებს, ე. წ. მხარდამჭერებს გაუმართონ ხელი, არამედ ორმოში ჩაგდების ნაცვლად „ხნარცვიდან“ ამოიყვანონ თუნდ ე. წ. LT-მენეჯერები და მსგავსნი...

ეს ე. წ. ტესტური თამაში ანრი მიშოს სიურეალისტურმა და ფანტასმავორიულმა ჩანახატებმა შთამაგონეს - „მე დამესიზმრა, რომ მეძინა, მაგრამ მე სულაც არ მეშლებოდა, მე ხომ ვიცოდი, რომ გამეღვიძა მანამდე, სანამ გავიღვიძებდი და რომ მეძინა, „გავიხსენებდი“.

დიახ, ასე იცვლება ეს ძილ-ღვიძილი კვლავ უძილობით... ახალი წლის დამდეგს მაინც დავივიწყოთ, რომ გვეძინა, ვუსმინოთ ბეთლემელ ყრმას: „იღვიძებდეთ ჩემთანა“, დავიჯეროთ დომინიკოს ნანინანატრი - „ვიღაცას ვუყვარვარ“, დავდგეთ წმინდა დირესთან და ჩვენსავე სიღრმეში ვიპოვოთ საიდუმლო გზა შეცნობა-გადარჩენისა:

„...ზამთარი მიდის, წელი ახალი დგას წმინდა ქოხის წმინდა დირესთან, ბრწყინავს სამყაროს 1-ლი წელი, რომლის დადგომა ბავშვმა ინება“.

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.