„თუ თანადგომა იქნება, უკეთესი შედეგი გვექნება“

დამატებულია: 2018-03-07
picture1

დღეს, 7 მარტს, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის (რეგიონული ლიგა, „ბ“ ჯგუფი) პირველი ტურის მატჩში „მერცხალმა“ ჩხოროწყუს „ლესიჭინე“ მიიღო და 2:0 დაამარცხა. გოლები შოთა გუჯაბიძემ და ნოდარ მაჭავარიანმა გაიტანეს. პირველი წარმატებული მატჩის შემდეგ საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ გენერალურ დირექტორს, წარსულში ცნობილ ფეხბურთელს მურთაზ აბაშიძეს შევხდით და სტადიონზე არსებულ მდგომარეობასა და „მერცხალის“ პერსპექტივებზე ვესაუბრეთ:

_მეორე კვირაა, რაც ჩემს მოვალეობას შევუდექი. პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. გუნდმა ერთი კვირის წინ დაიწყო ვარჯიში. ადგილობრივი, ახალგაზრდა ფეხბურთელებითაა გუნდი დაკომპლექტებული. პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ...

_ვინ უხელმძღვანელებს გუნდს?

_გუნდის მთავარი მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი იქნება, უფროსი მწვრთნელი ჯუმბერ(ჯონი) კალანდაძე; მწვრთნელები: დავით სურგულაძე და მერაბ ვანიძე; გუნდის უფროსი _შოთა გიორგაძე..

_ რა პრობლემები არის ამჟამად სტადიონზე და რას გეგმავს „მერცხალი.“

_ არავისი ბოღმა მე არ მაქვს. 3 წლის წინ, როცა სტადიონი დავტოვე „მერცხალი“ პირველ ლიგაში გამოდიოდა. ახლა გუნდი ბოლო ლიგაშია. ამჟამად მთავარი პრობლემა გუნდის უკეთესი შედეგი და საფეხბურთო მინდვრის მოწესრიგებაა.

_ როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას?

_დავიწყოთ მინდვრის პრობლემით. მისი მოწესრიგება ეტაპობრივად მოხდება. მინდორზე მხოლოდ კალენდარული შეხვედრები გაიმართება. გუნდი ბოხვაურის სტადიონზე ივარჯიშებს. ბოხვაურისა და დვაბზუს სტადიონებზე ივარჯიშებს ბავშვები. მომავალში კი ვფიქრობთ სტადიონის ტერიტორიაზე ყოფილი სპორტდარბაზის ადგილას საფეხბურთო მოედნის მოწყობას, სადაც გუნდები ივარჯიშებენ.

რაც შეეხება გუნდს, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის კერძო კლუბი, რომ ვინმემ გვიკარნახოს, როგორ მოვიქცეთ. მწვრთნელების საქმიანობა შედეგით განისაზღვრება. თუ არ ექნება შედეგი, გუნდს დატოვებს. გახსოვთ ალბათ, როგორი წარმატებული იყო ჩემი თანამემამულე (ხარაგოულელი) ნოდარ ახალკაცი, რომლის გაწვრთნილმა გუნდს 1981 წელს ევროპის თასი მოაგებინა „დინამოს.“ შემდეგ გუნდს ჰქონდა ჩავარდნები და ნოდარმა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.ეს შედარება იმიტომ მოვიყვანე, რომ მწვრთნელმა ღირსეულად შეასრულოს მოვალეობა.

_მურთაზ, ფეხბურთში წინსვლა სათანადო დაფინანსების გარეშე შეუძლებელია...~ ~_გეთანხმებით. წელს ადგილობრივი ბიუჯეტის ფეხბურთზე 50 ათასი ლარია გამოყოფილი, მაგრამ მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე გვპირდება თანადგომას.სხვების იმედიც გვაქვს. ისე, არავის მივცემ უფლებას, ბიუჯეტის ფული წყალში გადაყაროს. გარდა ამის ვქმნით ვეტერანთა ფონდს, სადაც პირადად მე ჩემი ხელფასიდან ყოველთვიურად შევიტან შესატანს. სხვა გეგმებიც გვაქვს, ამ ეტაპზე მთავარია დავლაგდეთ.

მინდა ზოგიერთებს ვუთხრა, რომ ზემოდან სატელეფონო ზარებით ჩემზე ზემოქმედებას ვერ მოახდენენ, გავაკეთებთ იმას, რაც სჭირდება გუნდს და ოზურგეთის პრესტიჟს.

„მერცხალი“ შემდეგი შემადგენლობით თამაშობდა: ლევან ზვიადაძე, ნუგზარ ინწკირველი, თემურ ალიევი, ელგუჯა ჩხაიძე, ნოდარ სურგულაძე (ვალერი მამალაძე), ვახტანგ დოლიძე (დიმიტრი ჯაფარიძე), შოთა გუჯაბიძე (მერაბ ანდღულაძე), ირაკლი ღლონტი, ზაურ კალანდაძე, ვახტანგ ჯაყელი, ნოდარ მაჭავარიანი. სხვა შეხვედრები ჯგუფში ასე დამთავრდა: „ზანა“ -„ეგრისი“2:2; მეტა-„დინამო“ (ბთ 2) 1:2; „ოდიში 1919“ -„სქური“ 1:1. მორიგ მატჩს მერცხალი 13 მარტს ბათუმში გამართავს, ადგილობრივ „დინამოსთან.“

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.