`მოიდანახელი~ თვითნაბადი მხატვრის პერსონალური გამოფენა

დამატებულია: 2018-05-16
picture1

`აქ არის რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც არც უნდა გაიყიდოს და არც უნდა გაჩუქდეს, იმდენი მოდერნიზმია მათში~

რაც 10 მაისს ქ. ოზურგეთის მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში ახალი ექსპოზიციის _ თვითნასწავლი (ალბათ, უფრო თვითნაბადი) მხატრის ალეკო ლომაძის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენის სახით ვიხილეთ, იმას, ყველასთვის გასაგები ენით, უბრალოდ რომ ვთქვათ, მაღალი ხელოვნება ჰქვია.

მხატვარმა მშობლიურ ქალაქში თავის პირველ გამოფენაზე 130-ზე მეტი ნამუშევარი წარმოადგინა. თუ ამას დავუმატებთ ამ რიცხვზე დაახლოებით ორჯერ მეტ დამთვალიერებელს, მიხვდებით, რა ინტერესი გამოიჩინა ოზურგეთელმა საზოგადოებამ ამ გამოფენისადმი პირველივე დღეს. რახან ინტერესი ვახსენეთ, ბარემ აქვე ვიტყვით, რომ სახვით ხელოვნებაში ადგილობრივი ახალი სახელების წარმოჩენით, უპირველესად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და პირადად მერი კონსტანტინე შარაშენიძე ინტერესდებიან, რომელთა ძალისხმევით ეს ღონისძიება შედგა.

როგორც ღონისძიების წამყვანმა, ხელოვნებათმცონე ლია ურუშაძემ გვითხრა, ალეკოს ხატვა გაუთვითცნობიერებლად დაუწყია ქვის ფერებით. საერთოდ ხატები ქვის ფერებით კეთდებოდა, რაც შეიძლება ამ თვითნასწავლმა მხატვარმა სულაც არ იცოდა, ისე შედგომია თავის შემოქმედებით საქმიანობას. ასე შეუქმნია დავითის, რუსთაველის, თამარის, ჩვენი უწმინდესის ილია II-ის სახეები და შემდეგ დაუწყია ფრესკების ხატვა. დღეს უკვე ალეკოს ნამუშევრებს ხშირად ნახავთ საზღვარგარეთის გამოფენებშიც. ოზურგეთის გალერეაში მოტანილი ნამუშევრები კი, დაწყებული ქართული ანბანის დასურათებით და უსასრულობაში გადასული აბსტრაქციებით თვითმყოფადია, ქართულია, ძალიან ქართული.

ახალგაზრდა მხატვარს პერსონალური გამოფენა და აღიარება მიულოცა ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა რევაზ ტაკიძემ, რომელმაც გამოთქვა იმედი, რომ ალეკო ლომაძის ნამუშევრებს მალე იხილავს ქობულეთელი სახვითი ხელოვნების სპეციალისტები და მოყვარულები.

პალიტროსანმა მხატვარმა, ოზურგეთის სამხატვრო სკოლის დამაარსებელმა ვახტანგ მამეიშვილმა გაიხსენა ის დრო, როდესაც პატარა ალეკო სამხატვრო სკოლაში მიუყვანეს:

`ალბათ, სულ რამდენიმე დღე იყო და წამოვიდა. თავისუფალია, არც ერთ ჩარჩოებს არ ექვემდებარება. წარმოიდგინეთ, მერე პატრიარქმა ოთახიც კი გამოუყო, დაჯექი და იმუშავეო. რა გითხრათ, მისი ყველა ნამუშევარი სხვადასხვა ემოციით არის დამუხტული~.

გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარემ თამაზ დარჩიამ საზოგადოებას ამცნო, რომ ალეკო დღეიდან ამ კავშირის სრულუფლებიანი წევრია.

მხატვარს მომავალი წარმატებები უსურვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი სირაძემ, რომელმაც თქვა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის, ყველანაირად მხარს დაუჭერს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს, რომლებიც, საბედნიეროდ, არც თუ ისე ცოტა გვყავს ოზურგეთში.

`მრავალფეროვნება, აბსტრაქცია, მოდერნიზმი, მაღალი გემოვნება, ნამდვილი ნიჭის გამოვლება თვითნასწავლი მხატვრისა. აბა, ჩვენ `სხვისნაწავლები~ ვართ. ისეთი სახეებია, მისი მომავალი ჩანს~, _ ასე შეაფასა თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თავართქილაძემ ალეკო ლომაძის შემოქმედება. მისივე თქმით, `აქ არის რამდენიმე ნამუშევარი, რომელიც არც უნდა გაიყიდოს და არც უნდა გაჩუქდეს, იმდენი მოდერნიზმია მათში~.

როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნათია თხილაიშვილმა აღნიშნა, ნიჭიერ და ღირსეულ ადამიანს სიცოცხლეშივე უნდა მიაგო პატივი:

`ყველა ნიჭიერ და ღირსეულ ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის, სიცოცხლეშივე უნდა მიაგო პატივი. მოხარული ვარ, რომ 26 მაისს ჩვენს ქალაქსაც ვაჩვენებთ ალეკო ლომაძის მაღალ შემოქმედებას~.

`მე თქვენ მიერ სხვადასხვა ფერებით დასურათხატებულ `ქართულ ანბანში~ საქართველო და თქვენი ქართველობა დავინახე. თითოეული წერითი ნიშანი სუნთქავს მასში. თქვენ აქ დღეს გურიის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრად აგირჩიეს. საზოგადოება `სანთელი~, რომელსაც მე დღეს აქ წარმოვადგენ, ზნეობის საზოგადოებაა და დღეიდან თქვენ მისი საპატიო წევრიც იქნებით~, _ უთხრა მხატვარს ცნობილმა ფილოლოგმა ლალი ბასილაშვილმა.

და ბოლოს, რას შევიძენდი ამ გამოფენიდან, მე რომ კოლექციონერი ვიყო: `ბედის ბორბალი~, `თავისუფლების ფასი~, `ქართველი კაცი~, `ევროპა~ `რუსთაველის ფრესკა~, `ძველი თბილისი~... ეჰ, რა აზრი აქვს ჩამოთვლას, აკი თანდილა თავართქილაძემ თქვა ისეთებია, არც უნდა გაიყიდოს და არც უნდა გაჩუქდესო.

ავტორი: თემურ მარშანიშვილი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.