15 ივნისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დაბა ნასაკირალის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბესო ქათამაძემ სიტყვა ითხოვა. იმის გამო, რომ სხდომის დასაწისში ენმ-ის წევრი დეპუტატი თათია ნიკოლაიშვილი სიტყვით გამოვიდა, მას რეგლამენტი შეახსენეს და სხდომის დასრულების შემდეგ მისცეს სიტყვა. საკრებულოს დღის წესრიგით საკითხების განხილვა დასრულებული იყო, ამიტომ რამდენიმე დეპუტატმა სხდომა დატოვა და ქათამაძეს არ მოუსმინა.
ბესო ქათამაძეს ახალი არაფერი არ უთქვამს, მაგრამ იმ თემას შეეხო, რომელიც ოზურგეთის მომავლისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.
_ ვანდალიზმი და საზიზღრობა ხდება ჩვენს მუნიციპალიტეტში ქვა-ღორღის მოპოვებასთან დაკავშირებით. ბაილეთი-სილაური ნასაკირალის მონაკვეთზე ულიცენზიოდ მოიპარეს მილიონობით ლარის ღირებულების ინერტული მასალა. სოფელ სილაურში მდინარე სუფსიდან ინერტული მასალა გაჰქონდა კომპანიას, რომელსაც შესაბამისის ლიცენზია არ გააჩნდა.
აოხრებულია ყველაფერი, პრაქტიკულად მდინარე არ არსებობს, ახლა იგივე პროცესი, სოფელ გურანთაში, შავიზღვისპირა 20 კილომეტრიან ზოლში, მდინარე ნატანების აუზში მიმდინარეობს. რაც ხდება გურიანთაში, ეს ვანდალიზმია, მოსახლეობა ამბობს, რომ საფრთხე ექმნება ლაითურის ჭაბურღილებს, რომლის პროექტი სახელმწიფოს 5 მილიონი ლარი დაუჯდა. გეოლოგებიც ამბობენ, რომ ჭაბურღილებს საფრთხე ექნებათ. მაინტერესებს ვინ არის ეს ხალხი, ვინ მფარველობს მათ, რომ ასე ვანდალურად ექცევიან გარემოს და მილიონობით ლარს რომ იდებენ ჯიბეში. პასუხს ვინ სთხოვს _ განაცხადა ბესო ქათამაძემ.
ქათამაძეს მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ უპასუხა:
_მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვა ლოკაციაზე არ მიმდინარეობს ინერტული მსალის მოპოვება. გურაინთაში ხდება ეს, ავტობანი უნდა აშენდეს.ლიცენზია აქვს მაგ კომპანიას და თანხმობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან 2021 წელს აქვს მიცემული და მასზე მე ნუ მომთხოვთ პასუხს.
თუ გაქვთ ინფორმაცია, შეგიძლიათ დარეკოთ მუნიციპალურ ინსპექციაში და შესაბამისი შეტყობინება გააკეთოთ. ერთად ვაკონტროლოთ, ჩვენი ინტერესიც ეს არის გარემოს დაცვა, კანონის შესაბამისად ვიმოქმედოთ _უთხრა ქათამაძეს ღურჯუმელიძემ.
ამით დასრულდა ეს კითხვა.
კარიერების თემით ყველაზე მეტად ალბათ ჟურნალისტები არიან დაინტერესებულნი, რადგან წლებია ვწერთ გურიის მდინარეებზე არსებულ მდგომარეობაზე. თავდაპირველად ბევრნი ვიყავით, თუმცა თანდათან ჩამოგვცილდა თანამოაზრეები_ზოგმა რესურსის არქონა დაასახელა, ზოგმა სხვა მიზეზი…
ისე, მთლად ადვილი არ არის, იქ მისვლა, სადაც მოსალოდნელი სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცყოფისაგან თავის დასაცავად 112-ზე დარეკვა და პოლიციის გამოძახება ხდება საჭირო. ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო მუხტიც, ცრუ დაპირებებით (გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები) შეასუსტეს.
არც თუ შორეულ წარსულში, ახლახან მდინარე სუფსის ხეობაში მომხდარიც საკმარისია იმის ასახსნელად, როცა კომპანია „ქიუ ემ სიმ“ ვითომდა „გასწორხაზოვნების“ მოტივით, ნაპირები არ დაუტოვა და ფაქტიურად ფსკერი ამოუღო მდინარე სუფსას ოზურგეთი-ბაილეთი-ჯუმათი-გულიანის გზის სუფსის ხიდის მიმდებარედ. კომპანიას წიაღის ეროვნული სააგენტოდან არანაირი ნებართვა არ ჰქონდა. არც გარემოს დაცვის შესაბამის სამსახურს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს არანაირი ზომები არ მიუღიათ ამ ბარბაროსული ქმედების შესაჩერებლად.
რომელ კომპანიაზეც საუბრობდა დაბა ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი? ამის შესახებ წელს ვწერდით: („საბრძოლო პილიგონად ქცეული კარიერი“, „ალიონი“ #3,14 თებერვალი,2022 წ.)
გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან:
„როგორც ვწერდით, ხელისუფლებამ ერთობლივი საწარმო „POLAT YOL &MAPA“ უფლება მისცა ზღვიდან 20 კილომეტრიან ზოლში, მდინარე ნატანებზე, ისტორიული ვაშნარის ციხე-ქალაქის მიდებარედ, ლიცენზიის გარეშეც მოიპოვოს წიაღი. ამისთვის 2020 წლის 4 სექტემბერს. სასწრაფოდ შევიდა ცვლილებები2005 წლის 11 აგვისტოს N 136 დადგენილებაში „სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების“ .
კერძოდ: _ „დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა…შავი ზღვის შესართავიდან 20 კმ. მანძილზე პირდაპირი ხაზით“…
ცვლილება: _ „ მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია…იმ შემთხვევაში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების ( პლაჟების) აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული მასალა დასაწყობებულია“…აღნიშნულს ხელს აწერს მაშინდელი პრემიერი-მინისტრი გიორგი გახარია.
სასწრაფო წესით კანონის ცვლილებას წინ უსწრებდა, კომპანია “პოლატის” წერილი 27. 08.2020 წ. დოკუმენტის N-TMO/20/0324, რომელიც გაეგზავნა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. კომპანიამ დაიწუწუნა წიაღი არ მაქვს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვისო.
გზა უნდა აშენდეს, და გამონაკლისი დაუშვეს, რომელსაც ხელს ამჟამინდელი პრემიერიც აწერს. მდინარე ნატანების აუზში, 20 კილომეტრიან ზოლში ულიცენზიოდ შევიდა„POLAT YOL &MAPA, რომელმაც იქ წიაღისეულის მოპოვების უფლება ქვემოიჯარე კომპანის გადასცა და ახლა ვხედავთ, როგორ ბარბაროსულად ექცევიან ისინი ხეობას.“
გაზეთი „ალიონი“ დაუკავშირდა ქვემოიჯარე კომპანიის მენეჯერს იაკობ ლექვინიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მას დრო არ ჰქონდა ჩვენთან სასუბროდ.შემდეგ კი ვერ დავუკავშირდით.
ლექვინიძისთვის დასასმელი კითხვა, ჰქონდათ თუ არა შესაბამისი გარემოსდაცვითი ნებართვა და წარმოების გეგმა, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ნებართვები_უპასუხოდ დარჩა.
ავტობანი შენდება, მაგრამ მდინარე სუფსის აუზის აოხრების შემდეგ ქვა-ღორღის მომპოვებელები ახლა მდინარე ნატანების აუზს კვლავ შეესივნენ და ბოლო 20 წლის განმავლობაში 40-მდე ქვა-ღორღის მომპოვებლების მიერ აოხრებულ ხეობას საბოლოო განაჩენს გამოუტანენ.
მსგავსი სტატიები
- 83მდინარე ნატანების აუზებში ინეტრული მსალების ამოღება რომ შესაბამისი კანონების და წესების დარღვევით ხდებოდა და ხდება ამაზე არაერთხელ ვწერდით საქართველოს მინერალური რესურსების სააგენტო ორი თვეა საჯარი ინფორმაციას არ გვაწვდის...ამჯერად მდინარის აუზში მომუშავე ექსკავატორები ჟურნალისტების გამოჩენისთანავე მდინარიდან ამოვიდნენ და გაიქცნენ. ჩვენს მიერ გამოძახებულმა გარემოსდაცვითი დეპარტამენტის რეგიონულმა წარმომადგენლება „პოლატის“ მიერ საბუთების წარმოდგენამდე დროებით…
- 80საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 80"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 7628 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 74„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ვლადიმერ მენაბდე „მესაქონლეობისათვის მთავარი მიწის ნაკვეთია, საძოვარი, საკვები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისათვის, ის თუ როგორ გავაუმჯობესოთ საქონლის ჯიშები და გავაორმაგოთ ჩვენი შემოსავალი, სარჩო საბადებელი ოჯახებისათვის ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორეა როგორ გამოვიყენოთ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა, მაშინ როდესაც მცირე მრეწარმე ვართ და მეღორეობას ან კიდევ…