„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

ბახვი ჰესი – ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას

ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად სუფთა თაფლს აწარმოებდა. იგი არა მარტო კარგი მეფუტკრეა, არამედ ამ დარგში დიდ საგანმანათლებლო მუშაობასაც ეწევა.
1992 წელს მან შექმნა გურიის მეფუტკრეთა კავშირი, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს. აღნიშნულ კავშირთან შექმნილმა ერთწლიანმა უფასო სასწავლო კურსებმა არაერთი მეფუტკრე გამოზარდა, რომლებიც დღეს წარმატებული მეფუტკრეები არიან.

„ალიონის“ და „გურიის მოამბის“ ერთობლივი – „ბახვი ჰესის“ მიერ დაფინანსებული რუბრიკის „სოფლის ცხოვრება“ ფარგლებში, გაზეთი „ალიონი“ გურიის მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარე ჯანვერდი ცეცხლაძეს შეხვდა:

_ ბატონო ჯანვერდი, საგანმანათლებლო მუშაობით დავიწყოთ, რა როლი შეასრულა უფასო ერთწლიანმა კურსებმა რეგიონში მეფუტკრეობის განვითარებაში?

_მეფუტკრეობის სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობა და მაღალპროფესიული კადრების მომზადება საწინდარია სათანადო დონეზე წარიმართოს სოფლის მეურნეობის ეს უკეთილშობილესი დარგი.

მას შემდეგ, რაც კოლექტიური მეურნეობები დაიშალა, რეგიონში ფუტკრის ოჯახების რაოდენობამ იკლო, თუმცა მეფუტკრეთა რაოდენობა გაიზარდა. მათ არ გააჩნდათ სათანადო განათლება, ამიტომ შევქენით ერთწლიანი უფასო სასწავლო კურსები, ხოლო  შემდეგ ფუნქციონირება დაიწყო საქართველოს მეფუტკრეობის სახალხო უნივერსიტეტის ოზურგეთის ფილიალმა, სადაც ლექციებს კითხულობდნენ რეგიონის ცნობილი მეფუტკრეები, მოწვეული მეფუტკრეობის კარგისპეციალისტები. აქ ტარდებოდა ლექციები ფუტკრის ბიოლოგიაში, ფუტკრის მომშენებლობასა და სელექციაში,ფუტკრის დაავადებებზე, მათ მკურნალობასა და პროფილაქტიკაზე, ფუტკრის პროდუქტების მიღების ტექნოლოგიაზე, საკვებ ბაზაზე, აპითერაპიასა და სხვა საკითხებზე. მეფუტკრეობის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია დამწყები მეფუტკრეებისათვის, რადგან არცოდნას სავალალო შედეგი მოაქვს და აზიანებს სხვა მეფუტკრეებსაც.

პირველ ეტაპზე კადრების მოზადების საქმეში აშშ საელჩო დაგვეხმარა, ასევე აშშ ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ამქორი,“ თუმცა უმეტესად უანგაროდ, საკუთარი სახსრებით გვიწევდა მუშაობა.

დღეს გურიას ჰყავს შესანიშნავი, გამოცდილი  მეფუტკრეები, როგორიცაა მამა-შვილი ლევან და გივი ნინიძეები (ოზურგეთი); გივი ანთაძე, მამა-შვილი რომან და გიორგი მამალაძეები (ჩოხატაური), თამაზი და ირაკლი ღლონტები (ლანჩხუთი), თემურ ვასაძე,ლალი ჩანქსელიანი, ტარიელ ცეცხლაძე, ავთო კერესელიძე, რევაზ მსხალაძე (ყველა ოზურგეთი)  და სხვები…

ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი ქართული ფუტკრის გადარჩენაა, რომელმაც სამჯერ მიიღო ოქროს მედალი სხვადასხვა საერთაშორისო კონგრესზე. უნდა ვამრავლოთ პროდუქცია, დავიცვათ საერთაშორისო სტანდარტები, რადგან ჩვენი გზა ევროპისკენ მიდის.

_ახლა გაზაფხულია და ფუტკრის მოვლის აქტიური პერიოდია..

_ მეფუტკრეობა თავისუფალი სამყაროს უნიკალური, მეტად საჭირო სამეურნეო დარგია. მასთან თანამშრომლობა დიდ სიფაქიზეს, ცოდნას, ზნეობას და ინტელექტს მოითხოვს.

დადგა გაზაფხული და ფუტკრები გააქტიურდნენ, ამიტომ მეფუტკრემაც დროულად და გეგმიურად უნდა ითანამშრომლოს ფუტკართან. გაზაფხულზე გამოზამთრებული ფუტკრის ოჯახების მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული წინა წლის, დაზამთრებაში შემავალი ფუტკრის ოჯახებში დროულად და ხარისხიანად ჩატარებულ სამუშაოებზე.

გაზაფხულზე ყურადღებით მოწმდება ფუტკრის ოჯახები, რათა დადგინდეს გამოზამთრების შემდეგ სკაში არსებული მდგომარეობა. საგაზაფხულო შემოწმების შედეგად დგინდება საკვების რაოდენობა,  ფუტკრის ოჯახის სიძლიერე, ბარტყის რაოდენობა, ბუდის ხარისხი და სანიტარული მდგომარეობა.

აჭარა-გურიის რეგიონში, განსაკუთრებით მთის განაპირა სოფლებში, აღინიშნება საკმაო რაოდენობის სუროს თაფლის შემოტანა, რომელიც ადრე შაქრდება (კრისტალდება). ამიტომ ფუტკრის ოჯახებს დროულად უნდა ამოვაცალოთ დაკრისტალებული თაფლიანი ჩარჩოები და ჩავუდგათ სამარაგო თაფლიანი ჩარჩოები ან გამოვკვებოთ შაქრის სიროფით, პროფილაქტიკისათვის, რომელიმე პრეპარატთან ერთად.სასურველია კვება მოხდეს დღის მეორე ნახევარში, სუსტ ოჯახებს შევუმციროთ საფრენები, რათა არ მოხდეს ქურდობა.

გაზაფხულზე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად, ოჯახის სიძლიერის მიხედვით უნდა მოხდეს ბუდის გაფართოება  აშენებული, ხარისხიანი ჩასაკვერცხი ფიჭებით. რამდენიმე დღის თბილმა ამინდებმა არ უნდა წაგვახალისოს და ბუდეს უეცრად ნუ გავშლით (გავაფართოებთ), რადგან შემდეგ, მკვეთრი აციების შემთხვევაში, ფუტკარმა შეიძლება იგი ვერ დაფაროს და მოხდება ბარტყის გაციება. ღალიანობის მატებისას ვაძლევთ კარგი ხარისხის საშენ ხელოვნურ ფიჭებს, დროულად გავაფართოებთ ბუდეს, ფუტკარი არ მოცდეს და არ იფიქროს ბუნებრივ ნაყარზე.

გაზაფხულის პირველი ხილვის შემდეგ პროფილაქტიკურ მკურნალობას ვაწარმოებთ, როცა გარემოს ტემპერატურა პლუს 12 გრადუსს გადააჭარბებს.

_ ფუტკრის მკურნალობა და პროფილაქტიკა გარკვეულ ცოდნას ითხოვს. რას ურჩევდით ამ კუთხით მეფუტკრეებს?

_მეფუტკრეობის დარგის რენტაბელურობაზე და მის განვითარებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუ არ ვიცნობთ ფუტკრის დაავადებებს, რომელიც თითქმის გაორმაგდა რეგიონში კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე.

საფუტკრეში გრაფიკის მიხედვით სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად ჩატარება  თავიდან აგვაცილებს სხვადასხვა გართულებებს.

ვარვატოზი ფუტკრის დაავადებებს შორის ერთ-ერთი პარაზიტული დაავადებაა. დღეისათვის არის საშუალებები და საშველი თუკი დროულად და ხარისხიანად ჩავატარებთ ღონისძიებებს. ვარვატოზთან ბრძოლის მრავალი მეთოდი არსებობს: მედიკამენტური, ფიზიკური, ბიოტექნიკური, ზოოტექნიკური მკურნალობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა უნდა დასრულდეს მთავარი ღალიანობის დაწყებამდე ორი კვირით ადრე.

თუკი ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქცია იყოს კონკურენტუნარიანი და მოხდეს ევროპის ბაზარზე, ამისათვის პრაქტიკაში დანერგილი ძველი ქიმიური პრეპარატები უნდა ჩავანაცვლოთ ახალი თანამდეროვე, სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემების სტანდარტების შესაბამისად ახალი ბიოპრეპარატებით. მაგალითად „ეკოპოლი,“„თიმოლი B“, „პოლისანი,“ „ბისანარი“, „აპიტონი“, „ჭიანჭველა მჟავა,“ „აპიმიქსი“, „ნოზელავი“, „ვაროპენი“ და ა.შ.

_  როგორ დავიცვათ ფუტკარი კლიმატის ცვლილებებისაგან და როგორი უნდა იყოს ადამიანის და ფუტკრის „თანამშრომლობა“..

_ფუტკარი ერთადერთი არსებაა ჩვენს პლანეტაზე, რომელიც საკუთარი არსებობისთვის არ აზიანებს გარემოს, პირიქით, აკეთილშობილებს და ამრავლებს  მას.

იმისათვის, რომ მაღალპროდუქტიული იყოს ფუტკრის ოჯახები, საჭიროა ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება და ათვისება.

ყველა მეფუტკრეს უნდა შეეძლოს საკვები ბაზის შეფასება, კლიმატის ცვლილებებისგან გამოწვეული პრობლემების დაძლევა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მომთაბარეობის ორგანიზება. ტყის ზონაში საკვები ბაზაც კარგია და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები ნაკლებია. ასეთი საქმიანობა აუცილებლად წარმატებული იქნება, რაც გამოიხატება უხვი და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებაში და თავიდან აგვაცილებს დასახლებულ უბნებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების შხამ-ქიმიკატებისაგან ფუტკრის დაზიანებას.

ფუტკარი არ ვარგა ყვავილის და ყვავილი ფუტკრის გარეშე. სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს აგრარულ სექტორში ფერმერების დასახმარებლად ბიოპრეპარატების გამოყენებაზე.ერთგვარი შეთანხმება უნდა მოხდეს მებაღეებსა და მეფუტკრეებს შორის, რომ შეწამლის ზონიდან დროულად გაიყვანონ ფუტკარი.

_ რა მნიშვნელობას ანიჭებთ რეგიონში  დაცული ტერიტორიების შექმნას მეფუტკრეობისათვის?

_ გარემოს დაცვა საყოველთაო საკაცობრიო პრობლემაა, რომელსაც ნაციონალური საზღვრები არ გააჩნია. ტყის გადარჩენის გზად მიგვაჩნია სანაკრძალო, დაცული ტერიტორიებისა და ეკოპარკების სისტემების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს გარემოს გაჯანსაღებას, მეფუტკრეობის განვითარებას, ტურიზმის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფას.

ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიო მრავალფეროვნებით გამოიჩევა კოლხეთის ეროვნული პარკი, ხოლო გურიის ეროვნული პარკის დაარსება მიზნად ისახავს გურიის უნიკალური მთის ეკოსისტემების დეგრადაციისა და ფრაგმენტაციის შეჩერებას ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების არამდგრადი გამოყენების აღმოფხვრის გზით.

 

სოფელ მაკვანეთში (გოგიეთი) აგიდაყვას ხეობაში ათეული წლების წინ შევქენით ეკომუზეუმი,რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან მუშაობას ეწევა ადგილობრივი ლანშაფტის გადასარჩენად. იგი წარმოადგენს ეკოლოგიურ, საზოგადოებრივ, საბუნებისმეტყველო ცენტრს.  აღნიშნულ ტერიტორიაზე ეწყობა ტურისტული ლაშქრობები, სხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. აქ უცხოელი ტურისტებიც სტუმრობენ. მიზანი _გარემოს დაცვა და ტურიზმის განვითარებაა.

_რეგიონში, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში  მცირე ჰესები შენდება, თქვენ როგორც ეკოლოგი, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს იგი გარემოზე, თუნდაც მეფუტკრეობის განვითარებაზე..

_ განახლებადმა ენერგიამ თანდათან უნდა ჩაანაცვლოს თბომატარებლების გამოყენება. დღეს მსოფლიოს მთავარი გამოწვევა გლობალური დათბობას და კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება.  აქედან გამომდინარე ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად  იზრდება. ჩვენი გეოფიზიკურიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მცირე ჰესების სწორი დაგეგმარება. მცირე ჰესები,  იძლევა საშუალებას ელექტროენერგიაც მივიღოთ და დავიცვათ ბუნებრივი ლანშაფტი. სუფთა გარემო კი მეფუტკრეობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 94
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 94
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 90
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
  • 90
    ვულოცავთ _ რეზო თედორაძე-91ბატონო რეზო, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს _დაბადების 91 წლის იუბილეს. ეს მთელი საუკუნეა ხანგრძლივი ,ნაყოფიერი შრომისა და მოღვაწეობისა .თქვენი ცხოვრება მაგალითია ხალხისა და ქვეყნის უანგარო და თავდადებული მსახურებისა. თქვენ უდიდესი წვლილი მიგიძღვით რეგიონის კულტურული ცხოვრების აღმავლობაში. წლების განმავლობაში სათავეში ედექით ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის, ეკლესია-მონასტრების დაცვა-აღდგენის საქმეს. ასევე განუზომელია თქვენი…
  • 89
    კაცი მდიდარი ისტორიითოზურგეთს ჰყავს მდიდარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები, რომლებიც, თავიანთი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ქველმოქმედებით  სამაგალითო მოქალაქეები არიან. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მრავალმხრივი მოღვაწე ოლეგ გობრონიძე. მას დღეს დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდა. ოლეგი ქ. ოზურგეთში დაიბადა, გოგებაშვილის ქუჩაზე. დედა _ სონია შეწირული დაწყებითი განათლების სპეციალისტი იყო, ხოლო მამა აკაკი _ვაჭრობის მუშაკი. იხსენებს ოლეგი ეპიზოდებს …