https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ გადაგღლით ამ კოლექტივის ქება-დიდებით, მაგრამ იმას კი გავიხსენებ, როგორ ყოველმხრივ შეეწეოდნენ ლიხაურში ახალდაფუძნებულ ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმს. თანდათან ასაკი მოგვემატა (2010-ში გაიხსნა), მოვღონიერდით, თუმცა თანადგომა როდის ყოფილა ზედმეტი! ასეა კიდეც. ამიტომ, გულწრფელ მადლობას ვუხდი იმ მრავალრიცხოვან კრებულს, საქართველოს გაუხუნარი კულტურის სამსახურის ფერხულში რომ დგანან.
…და აი, ახალი „დავალება“ მივიღეთ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ავთანდილ სურგულაძისგან – რაიმე ძველსა და საინტერესოს ხომ არ შევთავაზებდით სამუზეუმო მეხსიერების სალაროდან.
…მალე, მაისში 130 წელი სრულდება ეგნატე ნინოშვილის გარდაცვალებიდან. ამასთან დაკავშირებით ბევრი ამბის გახსენება შეიძლება, რაც ცალკე უნდა გაკეთდეს. მე კი შემკვეთებს მივაწვდი მათთვის ორგანულ წერილს ნინოშვილის სახლ-მუზეუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და (გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან) გამორჩეული ეთნოგრაფის მიხეილ ვადაჭკორიას (გიორგი ჩიტაიას მოწაფე იყო) მემკვიდრეობიდან. იგი ეგნატეს მემორიალს 41 წელი დირექტორობდა. ვინ მოთვლის, რამდენი დავიწყებისთვის განწირული ამბები თუ ეპიზოდები შეკრიბა-გამოამზეურა. ერთი კი სწორედ ესაა, ფოლკლორის ცენტრს რომ ვთავაზობ. იგი გადმობეჭდილია ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის შემდეგი თაობის ძვირფასი მზრუნველისა და მცველის ქ-ნ ზოია ტუღუშის წიგნიდან „ეთნოგრაფიული მასალები ნინოშვილის მუზეუმის ფონდიდან“. ნაშრომი 2017 წელს გამოვიდა და მყისვე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. ასე რომ, ფოლკლორისტიკის სტიქიონში მაშვრალთათვის მეტად საინტერესო უნდა იყოს. დავძენ მხოლოდ, რომ ტექსტი ეთნოგრაფიულ – დიალექტოლოგიური ნიმუშია, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობასაც სძენს. ჩაწერის ზუსტი თარიღი ეთნოგრაფს მითითებული არა აქვს, ისტორიები კი თითქმის საუკუნის წინანდელია.
დასასრულ, მკითხველს წარსულ დროსა და სივრცეში გატაცებით მოგზაურობას ვუსურვებ; გვეამაყოს ჩვენი წინაპრებით, მათ დანატოვარზე მარადის ომახიანი სიმღერით გვეშენებინოს!
რუსლან ურუშაძე,
ლიხაურში ექვთიმეს მუზეუმის გამგე
ილიკო კონსტანტინეს ძე გუჯაბიძე
როდის და როგორ გამასიურდა ჩანგური
1927 წელს სადგურ სუფსაში შევხვდი ჩემს ბიძაშვილს აქვსენტი მეგრელიძეს. რომ შევხედე, ძალიანი დამწუხრებული იყო. ვიცოდი იმის მიზეზიც, ხუთი შვილების დედ-მამა ერთმანეთს გაშორდნენ… მე ვთხოვე, ცოტა ხანს ჩემთან დარჩენილიყო. მანაც დამეთანხმა და მისი ორი ქალიშვილით წამოვიდა ჩემთან.
მე სიმღერა მიყვარდა, გუნდის შედგენაზე ოცნებობდი, ეხლა რაკი ეს დახელოვნებული ლოტბარი ჩამომივარდა ხელში, ყოველი ღონე ვიხმარე, რომ ეს კაცი არ გამეშვა და ასეც მოხდა, მისი უნცროსი ქალიშვილი 7 წლის ლალა შევიყვანეთ სუფსის პირველდაწყებით სასწავლებელში.
სუფსის სკოლის მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, ოქტომბრის დღესასწაულზე გამოსულიყვნენ სიმღერით. ამისთვის სთხოვეს ამავე სკოლის მასწავლებელს ანასტასია კეჭაყმაძეს, რომელიც სიმღერის მცოდნე იყო, რომ ესწავლებია მათთვის რამდენიმე სიმღერა, ანასტასიამ უთხრა, თუ სიმღერის სწავლა გინდათ, მიმართეთ ილიკო გუჯაბიძეს, ის არის დახელოვნებული ლოტბარი და ის გასწავლითო. მოვიდნენ ჩემთან ს. გიორგობიანი, ს. გურგენაძე და თავართქილაძე, სთხოვეს მეგრელიძეს, ორი – სამი სიმღერა გვასწავლეთო. მეგრელიძემ კატეგორიული უვარი უთხრა. ისინი ნაწყენი წავიდნენ.
მე მაინც ჩემი განზრახვის იმედი არ დამიკარგავს. ყოველ ორ დღეში საღამოობით დაუძახებდი ჩემს ამხანაგებს და ვმღეროდით ჩემსას. მინდოდა გამეღვიძებია მეგრელიძეში სიმღერის სურვილი. ოქტომბრის დღესასწაულის შემდეგ ველაპარაკე სუფსაში გუნდის ჩამოყალიბებაზე. დიდი უვარის შემდეგ რომ აღარ მოვეშვი, მითხრა, თქვენ იცით რვა კაციანი გუნდი, ეს არ კმარა, გუნდი უნდა იყოს ორმოცი ან მეტი კაცისაგანო. მე დავტრიალდი, ჩამოვიარე სოფელი და ას კაცზე მეტს მოვაწერიე ხელი. ვაჩვენე სია მეგრელიძეს, აი, რამდენი მსურველია-მეთქინ.
-ჰო, კი შეძლებულაო, – მითხრა.
მე ეს საქმე ლოტბარისთვის ადვილი მეგონა და წინადადება მივეცი ეხლავე დავიწყოთ მეცადინეობა-მეთქინ.მან მითხრა, ეს საქმე ასე ადვილი არ არისო, ჯერ სიმღერები უნდა ჩავწეროთ ნოტებზე და სწავლება კი მერმე უნდა დავიწყოთო.
- აბა, ჩავწეროთ-მეთქინ.
- ამას ინსტრუმენტი უნდაო.
- რა ინსტრუმენტი, სიმღერას თოხი არ სჭირდება და ბარი-მეთქინ.
მან გამიცინა და მითხრა, ბარი და თოხი ადვილი საშოვნელია, ამას სჭირდება პიანინო, ან ფიზგარმონია. ჩვენ პიანინოს ვერ ვიშოვით, რადგან ძვირია, უნდა ვიშოვოთ ფიზგარმონია.
წავედით ფოთში მიხეილ ხაფთასთან. იმას ქონებია დიდი ფიზგარმონია, დაგვიფასა სამასი მანეთი. მე იმის ყიდვა ვერ შევძელი. ხავთასმა მეგრელიძეს აჩუქა ერთი ვიოლინო და ნოტები, რომელშიც იყო სიმღერები: „ჩუხჩუხით ჩამორბოდა“, „მიდის გემი“, „შევსვათ ხელადით ღვინო“ და „საცეკვაო“. მერმედ წავედით ბათუმში. ვერც ბათუმში ვიშოვეთ გასაყიდი ფიზგარმონია, მხოლოდ იქ გავიგეთ, სოფელ ახალ საყდარს (ეხლა თხინვალი) ყოფილა ვიღაც მასწავლებელი, რომელიც გარდაიცვალა და მას ქონებია პატარა ფიზგარმონია. მისი დაი ყიდისო. დავიქირავე ორი ცხენი, წავიყვანე მეგრელიძე და წავედით. ვნახეთ დაზიანებული იყო, მაგრამ მეგრელიძემ თქვა, ჩვენთვის გამოდგებაო. მოურიგდი ასოც მანეთად. მე ფული არ მქონდა, ერთი უღელი ხარი მყავდა, გავყიდე ოთხმოც მანეთად. ორმოცი მანეთი ვისესხე პროცენტით. თვეში ვაძლევდი პროცენტს ორ მანეთს და ორმოც კაპიკს.
მიუტანე ეს ფული, და ფიზგარმონია წამოვიღე, რომელიც დღესაც ჩემთან არის. შეუდექით სიმღერების ჩაწერას. სიმღერების ჩასაწერად მომყავდა ჩემი ამხანაგები: 1. პავლე მიქაშავიძე 2. ვანო გიორგაძე 3. დომენტი ჩხარტიშვილი 4. ალფესი გურგენაძე 5. ვალენტი ქილიფთარი 6. განსვენებული იოსებ ვასაძე 7. ლუკა მჟავია 8. არტემ გოგუაძე 9. ქრისტიფორე ჯიჯიეშვილი 10. შრომისთემიდან გოგი მჟავანაძე 11. სანდრო ჯაყელი 12. მოსე ჭანკელიძე, მე და ჩემი ძმა ტიტიკო. ყოველ დღე მასან ვიყავით და სიმღერებს ვაწერიებდით (ჩემი ძმა ტიტიკო კარგათ მღერის გურულ სიმღერებს და ჩონგურსაც უკრავს). აი, ამ ხალხისგან დაიწერა ნოტებზე მთელი რიგი გურული სიმღერები. ა. მეგრელიძემ როცა სიმღერების ჩაწერა მოათავა, დაიწყო ხალხის შემოწმება. ასოცი კაცისა და ქალისგან მხოლოდ სამოცდახუთს აღმოაჩნდა დამაკმაყოფილებელი ხმა და სმენა. დავიქირავეთ სამეცადინო ბინა, შევკრიბე მომღერლები და პირველ ღამეს ჩავატარეთ თათბირი, ავირჩიეთ გუნდის გამგეობა შვიდი კაცისგან. სანამ მეცადინეობას დავიწყებდით, სუფსის კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარემ გერმანე გუჯაბიძემ მეგრელიძეს შეეკითხა: თუ რისთვის ასწავლის ამ გუნდს სიმღერებს უსასყიდლოდ. მეგრელიძემ უპასუხა: მე ჩემმა მამიდაისშვილებმა ტიტიკომ და ილიკომ მაიძულეს, რომ ეს საქმე დამეწყოვო. კიდევ შეეკითხა გუჯაბიძემ. უსასყიდლოდ რომ ასწავლი, ჭამა არ გინდაო? მე ჩემი სარჩო პენსია მაქვსო, – უპასუხა მეგრელიძემ. ამის შემდეგ მეგრელიძემ დაანაწილა ხმები: პირველი ხმები მარჯვნით, მეორე ხმები მარცხნით. ბანები შვაში და დაგვაწყებია ყველასთვის ცნობილი სიმღერა „ნანინავდა“. მთელი ზამთარი ვიმეცადინეთ, ყოველ ღამე სამ-სამი საათი და შევისწავლეთ მთელი რიგი სიმღერები: როგორც გურული, ისე მეგრული, ქართ-კახური, სვანური და რამოდენიმე ევროპულიც. ჩემი პროგრამა მდიდარი იყო რეპერტუარით. ერთი მაშვინდელი პროგრამა ეხლაც ჩემთან ინახება. გაზაფხულზე მივეცით კონცერტი სუფსაში. ეს იყო 1928წ. დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მაყურებლებში ჩვენმა კონცერტებმა.
იმავე წელს მოხვდა ოზურგეთში (ეხლა მახარაძე) მასწავლებელთა სამაზრო კონფერენცია. იქ მიგვიწვიეს. კონფერენცია გავხსენით ინტერნაციონალით.
კონფერენციის დახურვის შემდეგ მივეცით კონცერტი.
მეორე დღეს გურული სიმღერის დიდმა ოსტატმა სამუელ ჩავლეიშვილმა ეჭვი შეიტანა და ასე გვითხრა: მეგრელიძე თქვენ გატყვილებსო, გურული სიმღერები როგორც მან, ისე თქვენც იცით და მღერით, თორემ მეგრელიძეს ეს სიმღერები ნოტებზე დაწერილი არ აქვსო:
ეს რომ უთხარი, მეგრელიძეს გაეცინა და სთქვა, მოვიდეს რაიმე ურცხო სიმღერა ეცოდინება და დამაწერიოსო: მართლაც ასე მოვიქეცით. წავედით იქავე ბეჟან ხუნდაძისას, რადგან იქ პიანინო იყო. წავიყვანეთ ჩავლეიშვილი და დააწერინა სიმღერა „ნინა“. მართლაც ჩვენთვის ახალი სიმღერა იყო, მაგრამ ძალიან ადვილი.
მოედანზე იყო ეკლესია, ახალგაუქმებული, მოვიყვანეთ მისი გამგე, გაგვიღო კარები. გამოუძახეთ ბაზარში გაბნეულ ამხანაგებს და სახელდახელოდ შეგვასწავლა მეგრელიძემ ეს ახალი სიმღერა. იმ ღამეს ჩვენი კონცერტი იყო, კონფერანსი მე ვიყავი, კონცერტის დასასრულს აუდიტორიას მოვახსენე „ნინას“ დაწერის ამბავი, ეხლა ჩვენი გუნდი ამ სიმღერას შეასრულებს-მეთქი. შევასრულეთ ეს სიმღერა. დიდი ოვაცია გაგვიმართეს და კიდევ გაგვამეორებიეს. ფარდა დაიხურა. ჩავლეიშვილი ამოვიდა სცენაზე, მეგრელიძეს ჩამოართვა ორივე ხელი და უთხრა: ვენაცვალე ამ ხელებს, აწი გურული სიმღერები არ დაიკარაგებაო. მზად ვარ, შენ გუნდში ვიყო, როდესაც გამომიძახებო: მეგრელიძემ ბათუმში გამართა საჩვენებელი კონცერტი, სადაც ოთხი დამკვრელები ჰყავდა ვიოლინოთ და ვიოლინჩელოთ, ჩვენ მიერ ნამღერ სიმღერებს დამკვრელები ასრულებდნენ უჩვენოთ ინსტრუმენტებზე. ამ კონცერტს ესწრებოდა მელიტონ ბალანჩივაძე, არტემ ერქომაიშვილი. მაშვინ ჩავლეიშვილი ჩვენ გუნდში იდგა, როგორც ერთი რიგითი წევრი. მახარაძეში ყოფნის დროს სურათიც გადაიღეს, რომელიც ამჟამად ჩემთან არის.
სუფსის გუნდის ხმა გავარდა. თბილისიდან შესამოწმებლად გამოგზავნეს კომპოზიტორი კოტე ფოცხვერაშვილი, რომელმაც ეს გუნდი ძალუანი მოიწონა, სადაც კონცერტს ვატარებდით, ფოცხვერაშვილი შესავალი სიტყვით გამოდიოდა.
როდესაც რამოდენიმე კონცერტი მივეცით, მეგრელიძემ მითხრა (გუნდს ტექნკურად მე განვაგებდი): მოდი, ჩანგური ვასწავლოთო. მე სახლში მქონდა ჩანგური, დამაკვრევინა ერთი უბრალო მელოდია და მან ნოტზე გადაიტანა. გამომართვა ჩანგური. დახედა ნოტზე და დაუკრა ისე, როგორც მე უკრავდი( მე ვიცოდი ხუთი სიმღერა ჩანგურზე). მეგრელიძემ მითხრა: სადმე კიდევ ვიშოვნოთ ჩანგური.
მე სუფსაში ჩანგური არ მეგულებოდა. ვიცოდი, ჩოჩხათში ჩემი სიმამრისას იყო ერთი ჩანგური, ავედი ჩოჩხათში, ვნახე ჩანგური გატეხილი, შევეკითხე, ხომ არ იცით ვინმემ ჩანგური-მეთქინ. იგინმა მასწავლეს: პართენ ჭანტურიას ოჯახში იყო ერთი ჩანგურიო. წავედი ჭანტურიას ოჯახში, ვნახე ჩანგური, ისიც გატეხილი. გამოვართვი, სასყიდელი არ მიმიცია, ისე წამოვიღე ორი ჩანგური. ჩამოვიტანე სუფსაში, შევაკეთებიე დურგალს, მოვიტანე ოჯახში. ავიღეთ ერთი მე, ერთი – ჩემმა ძმამ – ტიტიკომ და მესამე მეგრელიძემ. დაუკარით სამივემ ის მელოდია, რომელიც მეგრელიძეს ქონდა დაწერილი ნოტებზე და ძალიანი მოგვეწონა. ამის შემდეგ წავედი აცანაში. დაუკვეთე იქ პავლე ქინქლაძეს თორმეტი ჩანგური და ეს გუნდი თუთხმეტი ჩანგურით და მისი დამკვრელებით წავსდექით 1929 წელს საქ. ოლიმპიადაზე და შეფასებაც კარგი მივიღეთ. ჩვენ ჩვეული ვიყავით ერთი ჩანგურის დაკვრას. მასიურად კი არ უკრავდით, სწორედ აქვსენტი მეგრელიძემ სუფსაში შამოიღო მასიურათ ჩანგურის დაკვრა, რაც შემდეგში დიდათ გავრცელდა საქართველოში და დიდი პოპულიარობით სარგებლობს.
თბილისში ოლიმპიადაზე რომ ვიყავით, ერთ ბინაში ვმეცადინებდით. შამოვიდა ერთი მაღალი კაცი – თურმე იყო იურისტი პარმენ საბაშვილი, კეთილშობილი, განათლებული და სიმღერის მოყვარული. ხასანბეგურას ვიმეორებდით. ლექსს ვამბობდით გუგუნავას „თამარიანიადან“ ამოღებულ კუპლეტებს, საბაშვილმა ჩვენი გუნდი ძლიერ მოიწონა და გვითხრა ხასანბეგურას თავისი ლექსი აქვსო და გვითხრა ზეპირათ „ხასან ბეგი თავდგირიძე“. მე მანამ ეს ლექსი არ მქონდა გაგონილი და არც არავინ ამ ლექსს არ მღეროდა.
ამის შემდეგ ეს ლექსი გავრცელდა ხასანბეგურაზე და დღეს ყველა ამ ლექსს მღერის. მეგრელიძე მე დიდათ მაფასებდა. იხ. გაზეთი „მუშა“ N 106, 10. V. 1937 წელი.
აი, რას წერს მეგრელიძე:
„მეჩანგურეთა ანსამბლი საქართველოში პირველად ჩამოყალიბდა გურიაში სოფ. სუფსაში ჩემი ხელმძღვანელობით. ამ საქმის პირველი ინიციატორი ჩემთან ერთად იყო ამხ. ი. გუჯაბიძე 1927 წელს, როცა სუფსაში დავიწყე ეს საქმე. თვითონ მომღერალმა და ჩანგურზე დამკვრელმა გუჯაბიძემ დიდათ შემიწყო ხელი ამ საქმეში და ჩამაწერინა მრავალი სიმღერები. გუჯაბიძის ოჯახში თავს იყრიდნენ აგრეთვე ადგილობრივი მომღერლები. მე ამათი დახმარებით შევადგინე მომღერალთა გუნდი და მეჩანგურეთა ანსამბლი, რომელმაც 1929 წ. საქ. ოლიმპიადაზე პირველი ჯილდო მიიღო.
აქვსენტი მეგრელიძე“.
1930 წელს გადავედი ბათუმში რკ/გზის სადგურში მორიგე აგენტათ. მეგრელიძეც ბათუმში გადმოვიდა. ბათუმში რკ/გზის კლუბთან ჩამოვაყალიბე გუნდი ოცდათორმეტი ქალი და კაცისაგან, რომელშიც შედიოდა ბათუმის რკ/გზის სადგურის უფროსის მოადგილე მიშა ჩხარტიშვილი, გურიაში კარგად ცნობილი და გურული სიმღერის უბადლო შემსრულებელი სამუელ ჩხიკვიშვილი, გურული სიმღერის კარგი მცოდნე ეფრემ ბერსენაძე, იუმორისტი მეჩონგურე ისიდორე მოისწრაფეშვილი და სხვები. აქაც მეგრელიძე მოვიწვიე მასწავლებლად, მეგრელიძემ იმდენი იმუშავა, რომ ერთი კონცერტი გაუშვით რკ/გზის კლუბში და მერე მიატოვა, რადგან გუგუშვილთან (კლუბის გამგეა) უსიამოვნება მოუვიდათ, მიუხედავად იმისა, რომ მე სიმღერა, ჩანგური და გალობაც ვიცოდი. გალობა სუფსაში მქონდა ნასწავლი გაბრიელ სარჯველაძესთან.
ცხრააასიან წლებში, როცა ფილიმონ ქორიძე გურიაში აგროვებდა სიმღერა-გალობას და გადაჰქონდა ნოტებზე, მაშვინ სიმღერის მოყვარულმა ჯაბა, ვახტანგი და ტელემაკ გურიელებმა მოიწვიეს სუფსაში ქორიძე გალობის სასწავლათ.
რადგან სუფსის ეკლესიას მგალობლები არ ჰყავდა, სუფსაში იყო რკ/გზის სადგურის უფროსი და მისი თანაშემწეები – რუსები, მათი ცოლებიანათ. იცოდნენ გალობა და კვირადღეობით ეკლესიაში გალობდნენ რუსულად. ხსენებული გურიელები იყვნენ ნაციონალისტები, არ უნდოდათ ეკლესიაში რუსული გალობა ყოფილიყო, ამისთვის მოიწვიეს ეს გამოჩენილი მომღერალი და მასწავლებელი ქორიძე და სწავლობდნენ ქართულ გალობას.
როდესაც გურიელებმა ქართული გალობა შეისწავლეს, ერთ კვირა დღეს შევიდნენ ეკლესიაში. წირვა დაწყებული იყო და ხსენებული რუსები რუსულათ გალობდნენ. როცა მღვდელმა დაამთავრა თავისი ლოცვა, გურიელებმა დაასრეს რუსებს და შემოსძახეს ქართული გალობა, რამაც ხალხი აღტაცებაში მოიყვანა.
ქორიძემ პარალელურად ჩამოაყალიბა მეორე წრე გლეხებისგან. დღისით გალობას ასწავლიდა თავადიშვილებს და ღამით კი გლეხებს. მათ შორის იყო ერთი ხარაზი გაბრიელ სარჯველაძე. იგი ძლიერ დაინტერესდა ქორიძისგან ნოტებიც კი შეისწავლა. ამ სარჯველაძისაგან ვსწავლობდით სიმღერას და გალობაც მისგან ვისწავლე.
როგორც მოგახსენეთ, მე სიმღერა და ჩანგური ვიცოდი, მაგრამ გამბედაობა არ მქონდა, რომ გუნდისთვის ხელმძღვანელობა გამეწია. ამისთვის რკ/გზის გუნდი დაიშალა. 1932 თუ 1933 წ. მეგრელიძე გადაიყვანეს თბილისში. იქ ჰყავდა ქალთა ანსამბლი.
1936 წელს მეგრელიძემ წამიყვანა თბილისში და ჩამაბარა ავჭალის შრომის კოლონიის ბავშვთა გუნდი. იქ მუშაობის დროს თვეში ვღებულობდი ხუთას მანეთს. ვიმუშავე სამი თვე. რა დავრწმუნდი, რომ მე შემიძლია გუნდის ხელმძღვანელობა, დავტოვე იქ სამსახური და წამოვედი იმ სუფსაში, სადაც პირველად საფუძველი ჩაეყარა ჩანგურის მასიურად დაკვრას. ჩამოვაყალიბე სუფსაში სოფლის კლუბთან არსებული მეჩონგურეთა ანსამბლი – სრულიად უსასყიდლოდ და ვმართავდი კონცერტებს სოფლებს და ქალაქებში საუკეთესო შედეგებით. იხ. გაზეთი „მგზნებარე კოლხიდელი“ N168, 24. VII.1937.
დღეს სამოცდათოთხმეტი წლის მოხუცი ვარ, მაგრამ ჩემი წვლილი მაინც შემაქვს ხელოვნებაში და დღესაც განვაგრძობ ამ საყვარელ საქმეს, რომელიც ა. მეგრელიძემ დაიწყო სოფელ სუფსაში 1927 წელს.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობა აქტიურად თანამშრომლობს ყველა იმ დაინტერესებულ ორგანიზაციასთან თუ პიროვნებასთან, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ძველი, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი ან მივიწყებული ფოლკლორული მასალების მოპოვება – შეგროვებაზე. მათთან მჭიდრო კონტაქტების შედეგია ის, რომ ჩვენი დაარსებიდან, 2014 წლიდან დღემდე, უამრავი საინტერესო რამ გადმოგვეცა, რომელიც ჩვენი სოციალური გვერდის საშუალებით გავაცანით დაინტერესებულ საზოგადოებას, და დავაარქივეთ. ამ კუთხით ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმთან და კერძოდ ბ-ნ რუსლან ურუშაძესთან თანამშრომლობა. მან ადრევე მიაქცია ყურადღება და ჩვენც გაგვაცნო 1854 წლის 4 ივნისის ჩოლოქის ისტორიული ბრძოლის ეპიზოდები, რომელიც გაგრძელებაა ერთი კვირით ადრე, ოსმალებსა და ქართულ ლაშქარს შორის სოფელ შუხუთფერდთან გამართული შეტაკებისა. მიჩნეულია, რომ აქ დაიბადა გურული სასიმღერო ფოლკლორის ერთ-ერთი საუკეთესო მარგალიტი – „ხასანბეგურა“. იგი ხომ ამოხეთქვის დღიდან აღარ ჩამოდის საქართველოსათუ უცხო ქვეყნების სცენიდან.
…ჩოლოქზე ტიტანური ძლევის პერიპეტიებიდან გამოვიყენეთ სიტყვები, რომელსაც თურმე გამარჯვებული ქართველი ჯარისკაცები გაიძახოდნენ; ამ მოტივებზეშევთხზეთ რამდენიმე სტროფიანი ლექსი, ხოლო სიმღერა დაწერა უნიჭიერესმა ახალგაზრდა ფოლკლორისტმა და კომპოზიტორმა, ბატონმა ლევან ვეშაპიძემ. ძალიან ლამაზი, გურულ-კრიმანჭულიანი ნიმუში, სახელწოდებით „ჩოლოქზე ნამღერი“ შარშან ზაფხულში, 4 ივნისს, სოფელ ჭანიეთში, ისტორიულ ლოკაციაზე პირველად დააგუგუნა ანსამბლმა „შემოქმედმა“(ლოტბარი – ლაშა ჩხარტიშვილი).
ასე რომ, ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ნაყოფიერია და მას ალტერნატივა არ გააჩნია.
ავთანდილ სურგულაძე,
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის ხელძღვანელი
მსგავსი სტატიები
- 100„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის…
- 96თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
- 90
- 86რეჟისორი გიორგი ჭუმბურიძე მოკლემეტრაჟიან ფილმს იღებს ქართული ფოლკლორის მოამაგეების, ცნობილი ლოტბარის, მომღერლის, თვითნასწავლი კომპოზიტორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე არტემ ერქომაიშვილისა და ქართველი მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ხალხური სიმღერების შემკრების, საგუნდო დირიჟორის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერის, შოთა რუსთაველის, ივანე ჯავახიშვილის, ილია ჭავჭავაძის,ექვთიმე თაყაიშვილის,იაკობ გოგებაშვილის, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემიების ლაურეატის…
- 869 - 21 აგვისტოს ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ მიემგზავრება ესპანეთში. ანსამბლი „გურია“ მიწვეულია მსოფლიო საერთაშორისო XXXVI ფესტივალზე სადაც მონაწილეობს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის ანსამბლები. ანსამბლ „გურიას“ გარდა ამ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ არგენტინის, პერუს,ბრაზილიის, ბოლივიის, კანარის კუნძულების (ესპანეთი) და სხვა ქვეყნების ცნობილი ანსამბლები. აღნიშნულ ინფორმაციას კობა დუნდუა ავრცელებს.