ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს წარმოადგინეს.
სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი – გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი – ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი – ანა ნინუა; კომპოზიტორი – ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე; რეჟისორის თანაშემწე – მარინა ამაღლობელი.
მონაწილე მსახიობები: ლელა ალიბეგაშვილი, ნინო არსენიშვილი, კახა კუპატაძე, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე, ქეთი სვანიძე, დავით უფლისაშვილი, ლევან ხურცია. მოქმედება არც თუ ისე ახლო, და არც თუ ისე შორეული წარსულიდან, არც მთლად ორსაუკუნოვანი.
ჯერ სასცენო რეკვიზიტებით ნაამბობზე ვისაუბროთ. ის ღარიბ გარემოს ასურათებს. ერთმანეთისგან განსხვავდება სცენის მოპირდაპირე მხარეს მდგომი, შლიაპიანი, ლაბადამოსხმული მისტერ დაბალი და მისტერ მაღალი? – არა, უბრალოდ სწრაფვაა სიმაღლისკენ… მანძილი მათ შორის, თავად სცენითაა განსაზღვრული. სიმბოლური დატვირთვით კი დროდადრო მოპაექრე მჩხავანა ყვავის „შემოძახილები“, რომელსაც, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი კარაპეტა, როგორც იტყოდნენ და ახლაც იტყვიან ხოლმე, კაკალსაც აგდებინებს ზოგჯერ პირიდან, სწორედ ამ ჩხავილიანი შემოძახილების დროს. არ შეიძლება არ დაინახო ბატკნები სცენაზე. რომლებიც კარაპეტასთვის, ძველ სკივრში, ეგრეთ წოდებულ ზანდუკში გამომწყვდეული მოჩხრიალე ოქროს ფულებია მხოლოდ. ესაა მისთვის სიმდიდრეც და ბედნიერებაც. სამყაროს გასაღებიც და სამყაროს დასასრულიც. ერთადერთი შვილი ხანფერ (ხათუნა) კი, მისი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. არ უნდა შვილი უფულო თავადს გაატანოს. ნაგროვები ფულები სხვას ჩაუგდოს ხელში. „ქართველებმა ფულის ყადრი არ იციან, ფული უყვართ, მაგრამ ერთ მინუტსაც არ გაიჩერებენ ჯიბეში, სულ ტაშ-ფანდურში ხარჯავენ, ჩვენა კიდევ, სულ ვინახავთ და ვინახავთ“.
სპექტაკლის მესვეურთა მიერ, აქ კარგადაა წარმოდგენილი როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის უთავბოლობა, მომხვეჭელობასა და უგეგმოდ ხარჯვას შორის.
შედეგი? – უპრინციპობა, მლიქვნელობა, უნიათობა და კიდევ… – აქეთ სკივრში გამოკეტილი ოქროს ფულები და მაინც სიღარიბე, იქეთ თავადის სახლი, მაგრამ მოსალოდნელი შიში შიმშილისა.
ამ დროს აღდგომააო, ისმის სცენიდან, აღდგომის სახელით – მოწყალების გაღების დღეა, მიუსაფართა ნუგეშის დღეა…. იქნებ ცოტათი მაინც გათბეს გაყინული სული. სიყვარული იმარჯვებსო. გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ კარგად მაინც არ ჩანს წყვილის ბედნიერი ღიმილიანი სახეები, კულისებს მიღმიერად ჩარჩენილი. კარაპეტა კი დგას თავის ზანდუკთან სევდიანი მონოლოგით. მას ვერ გაურკვევია, რითი დააღწიოს თავი პოტენციურ მოზიარეებს.
მსახიობთა ოსტატობა, კომედიური ჟანრი, თემატური დატვირთვა და ხმამაღლა ნათქვამი, იუმორით გადმოცემული სათქმელი. ის, რაც არც მოგვწონს და გვაფიქრებს.
დრო მუშაობს და კი არ აქრობს პრობლემებს, სახესა და ფორმას უცვლის ხშირად.
სათქმელი ითქვა, მაყურებლამდეც მოვიდა, მაგრამ, როგორც რიგითმა მაყურებელმა, აქვე, როგორ არ უნდა გამოხატო მადლიერება იმ კომფორტული, ნათელი და თბილი გარემოსთვის, რასაც ოზურგეთის თეატრი, თავისი უნიკალური მოცემულობით, ოზურგეთის თეატრის ყველა მესვეური კი სწორედ მასპინძლობის გადმოსახედიდან ქმნის და ახალი მისტუმრების სურვილითა და მოლოდინით აცილებს სტუმრებს.
მსგავსი სტატიები
- 93ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში გაიმართა, ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…
- 93ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
- 909 სექტემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნო GURIAN ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილია ვახტანგ მეგრელიშვილის, სერგო გოგოლაძის, ოქსანა სტრატიჩუკის (უკრაინა) , ირინა ხარატიშვილის, ია არსენიშვილის, დოდო თაყაიშვილის, თამაზ, გია, საბა დარჩიების, დავით უღრელიძის, ლიკა კერვალიშვილის,…
- 89
- 86