9 სექტემბერს, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრში შემოქმედებითი სახელოსნო GURIAN ART წევრთა და მოწვეულ მხატვართა დაზგური გრაფიკისა და ბეჭდური მხატვრობის გამოფენა გაიმართა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ვახტანგ მეგრელიშვილის, სერგო გოგოლაძის, ოქსანა სტრატიჩუკის (უკრაინა) , ირინა ხარატიშვილის, ია არსენიშვილის, დოდო თაყაიშვილის, თამაზ, გია, საბა დარჩიების, დავით უღრელიძის, ლიკა კერვალიშვილის, ხათუნა სახელაშვილის, ნინა დარჩიას, ,ქეთი მესხის, თანდილა თავართქილაძის ნამუშევრები.
გახსნის ცერემონიალზე სიტყვებით გამოვიდნენ: ხელოვნებათმცოდნე ლია ურუშაძე, სახვითი ხელოვნების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე, პროექტის ხელმძვანელი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი ვახტანგ მეგრელიშვილი, გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარე თამაზ დარჩია, უკრაინელი მხატვარი ოქსანა სტრატიჩუკი, მხატვარი დოდო თაყაიშვილი.
_„შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში“, ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მიზანი ხელოვნების პოპულარიზაცია და ორიგინალური ადგილობრივი კულტურული პლატფორმის ჩამოყალიბებაა.
ცენტთან არსებული შემოქმედებითი სტუდია-სახელოსნო „GURIAN ART“ უკვე მერვედ მასპინძლობს პროფესიონალ მხატვართა ჯგუფს და ტრადიციულად სთავაზობს საინტერესო, თავისუფალ შემოქმედებით სივრცეს, ნოვატორული იდეების განხორციელებისათვის.
წელს იგი 4 ეტაპად გაიმართა. ბოლო ეტაპზე შემოგვიერთდა უკრაინელი მხატვარი ოქსანა სტრატიჩუკი, რომელმაც იაპონური დანადგარი „მაკულიტო“გადასცა ჩვენს სახელოსნოს. იგი წელს ჩვენთან მეორედაა და ძალიან მოხარული ვართ მისი ამ გამოფენაში მონაწილეობით“ _ განაცხადა ავთანდილ თავართქილაძემ.
_„სიახლეები და ხელახალი ექსპერიმენტები მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის და ხელოვნებისთვის ზოგადად. ახალი ტექნოლოგიებით ახლის ძიება და ახალ შედეგებზე გასვლა უპირველესი ამოცანაა შემოქმედებისთვის. ოზურგეთის სამხატვრო გალერეა ყოველთვის მზადაა ამ ექსპერიმენრებისთის. მადლობა მათ“ _ განაცხადა პროფესორმა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
_„ვფიქრობ, რომ ეს შესანიშნავი პროექტი საქართველოში ერთადერთია გრაფიკის დარგში. აქ ჩამოდიან მხატვრები სხვადასხვა მხარიდან, უცხოეთიდან, რომლებიც ეცნობიან ერთმანეთის ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ნიუანსებს.
შემოქმედებითი პროცესების გაზიარება და გაცვლა საუკეთესო ატმოსფეროს ქმნის “ _ გვითხრა ბათუმელმა გრაფიკოსმა სერგო გოგოლაძემ.
_„მოხარული ვარ გურიაში ყოფნით. მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, რომ გავატარე დრო საოცარ ხალხთან, შემოქმედებით ატმოსფეროში“ _გვითხრა უკრაინელმა მხატვარმა ოქსანა სტრატიჩუკმა.
_„ვფიქრობ,„შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში“ და აქ მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება ჩემს საქმიანობაში. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებსა და არაჩვეულებრივ პედაგოგებს თავდაუზოგავი შრომისა და ჩვენდამი გამოჩენილი ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის“ _ გვითხრა მოქანდაკე ლიკა კერვალიშვილმა.
_„პირველად ვმონაწილეობ მსგავს პროექტში. ძალიან მომწონს ბეჭდვის ხელოვნება. ოფორტი მრავალი ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა. ერთი ნახატი სხვადასხვა განზომილებითაა წარმოდგენილი და ეს შესანიშნავია“_ გვითხრა პროექტის მონაწილე ახალგაზრდა მხატვარმა საბა დარჩიამ.
მსგავსი სტატიები
- 94
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
- 94
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
- 93
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
- 91
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IX დღეს, ოზურგეთის დრამატულ თეატრში ორი წარმოდგენა ვიხილეთ: ამბროლაურის კულტურის ცენტრის სპექტაკლი „ბამბაზიის სამოთხე“ (რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე) და ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დადგმა „ლამბალო და ყაშა“ (რეჟისორი – დიმიტრი ხვთისიაშვილი). ოზურგეთის დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გაცოცხლდა ნინია სადღობელაშვილის პირველი…
- 90
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…