დღეს, 13 იანვარს, ბრალი წარუდგინეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს.

პროკურატურა მზია ამაღლობელს ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს.

პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. მანამდე ამ პლაკატის გაკვრის გამო დააკავეს მზია ამაღლობლის თანამშრომელი, ციალა ქათამიძე. მზია ამაღლობელი აქციაზე სწორედ ამ ფაქტის შემდეგ მივიდა.

მზია ამაღლობელი პლაკატის გაკვრის გამო აჭარის პოლიციის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა. ის დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ჰყავდათ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, შემდეგ კი სხვა დაკავებულ ქალ აქტივისტებთან ერთად გაათავისუფლეს.

„ყველა გამოვიდეს გარეთ, ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს. გამოდით ყველგან, ყველგან დაწერეთ, მოუწოდეთ საზოგადოებას,“ – თქვა მზია ამაღლობელმა მას შემდეგ, რაც პოლიციის სამმართველო დატოვა. როგორც მან თქვა, მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული წესით იყო დაწყებული.

გათავისუფლების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან გამოსულ მზია ამაღლობელს მისი ახლობლები დახვდნენ, რომლებიც სამმართველოსთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გაიგეს, რომ „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი პოლიციამ დააკავა. მზია ამაღლობელი მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ დაკავების ახალი ტალღა დაიწყო.

უწყვეტ, ლაივ კადრებში ჩანს, რომ პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ ერთი პირი, შემდეგ კი – მეორე. ორივე დაკავებული მზია ამაღლობლის ახლობლები იყვნენ.

პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება და ჭყლეტა დაიწყო, სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატს, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა რამდენიმე ზარი გენერალურ ინსპექციაში. ამ პერიოდში მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.

  • როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბათუმში 11 იანვრის საღამოს

11 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო აქციის მონაწილე თათია აბულაძე დააკავეს. მისი დაკავების შემდეგ პროევროპული პროტესტის მონაწილეები მარშით დაიძრნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ. სამმართველოსთან მისვლის შემდეგ აქტივისტმა ციალა ქათამიძემ იგივე შინაარსის საპროტესტო პლაკატი სამმართველოს შესასვლელ ჭიშკართან, ასფალტზე გააკრა.

ციალა ქათამიძე პლაკატის გაკვრის გამო დააკავა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ. ციალა ქათამიძის დაკავებიდან რამდენიმე წამში, კითხვის დასმის გამო, თუ რატომ დააკავეს ციალა ქათამიძე, პოლიციამ დააკავა ვაჟა დარჩია, პარტია „ლელოს“ წევრი. ორი აქტივისტის დაკავებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელსაც სოლიდარობის ნიშნად სურდა პლაკატის გაკვრა, თუმცა როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათემ პლაკატის გაკვრა ვერ მოასწრო, ისე დააკავეს.

სამი აქტივისტის დაკავების შემდეგ პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეთა უსისტემო და უსაფუძვლო დაკავება დაიწყო. ხალხის სიღრმეში დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი და თემურ ქათამაძე, თვითმხილველთა თქმით, ისინი უბრალოდ აქციაზე იდგნენ. კითხვის დასმის გამო დააკავეს არასრულწლოვანი ნინი შავაძე, რუსეთზე კითხვის დასმის გამო დააკავეს აქტივისტი თეო ბერიძე და მალხაზ ირემაძე. ეს უკანასკნელი ეკითხებოდა პოლიციელებს, თუ რატომ დააკავეს პლაკატების გაკვრის გამო ადამიანები.

სულ ბოლოს პლაკატების გაკვრის გამო დააკავეს „ბათუმელების“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელი აქციაზე მას შემდეგ მივიდა, რაც პირდაპირ ეთერში ნახა, თუ როგორ დააკავეს პლაკატის გაკვრის გამო სამოქალაქო აქტივისტი ციალა ქათამიძე.

მის მიერ პლაკატის გაკვრა, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15 საათზე“, იყო ერთგვარი სოლიდარობის აქტი ყველა უკანონოდ დაკავებულისადმი.

დღეს, 13 იანვარს, ბათუმის იზოლატორთან, გრიბოედოვის 4-ში, მედიის წარმომადგენლები აქციას გამართავენ სლოგანით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

12 იანვარს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების, პროფესიული და მედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ და მიმართეს საქართველოს შსს-ს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

განცხადების ხელმომწერები ითხოვენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და უკანონოდ დაკავების ფაქტების სასწრაფო გამოძიებას, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისგან მზია ამაღლობელის საქმის უწყვეტ მონიტორინგს და შეფასებას.

წყარო: ბათუმელები.გე

მსგავსი სტატიები

არ გამოტოვოთ