გადასახლება _ რამდენ ტკივი-ლიან ფურცლად შემორჩენია თავად ეს სიტყვა გასულ საუკუნეს, რამდენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩაბრუნებია გულს სამშობლოსგან მოშორებით და სამშობლოს მონატრებით.
ერთ-ერთი საუბრის დროს, რამდენიმე ფაქტის გახსენებას მოჰყვა ამ წერილის მომზადების იდეა. ვთხოვე ხათუნა გორგოშიძე – სურგულაძეს, მასალები მოეწოდებინა.
თვალწინ მიდევს დრო-ჟამისგან შეყვითლებული ეს ფურცლები, ბევრი ჩასწორებით, ბევრი გადახაზვით. და განა რა შეუძლია, თუნდაც ამ უმძიმეს მოგონებებს, როცა ხელაღებით, მაშინდელი რეჟიმის, მავანთა პირადი შეხედულებებითა და ინტერესთა გათვალისწინებით, წყდებოდა ოჯახთა ბედი, ხშირად, საავდრო განაჩენით.
თავდაპირველად, მშრალი ბიოგ-რაფიული ცნობებიდან.
მიხაკო გორგოშიძე მეორე მსო-ფლიო ომის მონაწილე იყო. დაიჭრა და ტყვედ აიყვანეს. როგორც წერილშია აღწერილი, გაამწესეს საფრანგეთის ტყვეთა ბანაკში. მისი მეუღლე ლოლა მჟავანაძე გახლდათ. 4 შვილი ჰყავდათ: გურამი, როდიონი, თამაზი, ემენი.
გურამ გორგოშიძე – აგრონომი, ანასეულის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; მეუღლე ლამარა ლომჯარია _ ქიმიკოსი, პედაგოგი. შვილები: ხათუნა ეკონომისტია, მუ-შაობს მუნიციპალიტეტის მერიაში, ეკონომიკისა და დაგეგმარების სამსახურის უფროსია. პარალელურად პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ორი შვილი ჰყავს ხათუნას, ზაზა და დავითი. ზაზა, მომავალი იურისტი, წარმატებული სტუდენტია. დავითი მოსწავლეა და ფეხბურთელობა უნდა.
ირმა გორგოშიძე პროფესიით ექიმია. მისი შვილი ნიკოლოზიც ასევე მომავალი იურისტი და წარმატებული სტუდენტი.
თამაზ გორგოშიძე კერძო ბიზ-ნესში იყო წარმოდგენილი, მეუღლე _ მედეა ვასაძე დიასახლისია. შვილები მირანდა და მაია გორგოშიძეები _ პედაგოგები არიან.
როდიონ გორგოშიძე პროფესიით აგრონომი იყო. მეუღლე მზევინარ გორგოშიძე _ ქიმიკოსი. ეკა პედაგოგია, მიხეილი _ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი.
ემენი გორგოშიძე _ პედაგოგი იყო;
მიხაკოს შვილები ჯერ კიდევ მცირეწლოვანნი იყვნენ, როცა მათ ოჯახს გადასახლების უმძიმესმა განაჩენმა მიუკაკუნა.
ყველაფერი დაიწყო ასე _ „1951 წლის დეკემბრის შუა ღამისას, ყველა გამოგვაღვიძა ძაღლის გაავებულმა ყეფამ. გახედა მამაჩემმა და შენიშნა უცხო კაცი, რომელიც მოურიდებლად ამოვიდა კიბეზე. შემოვიდა მისაღებ ოთახში და განაცხადა: _ უშიშროების კომიტეტიდან ვარო. გახსნა მხარზე გადაკიდებული ე.წ. „პალევაია“ ჩან-თა, ამოიღო ქაღალდი და წაიკითხა სია ჩვენი ოჯახის წევრებისა, მამაჩემის, დედაჩემის და მათი ოთხი შვილისა. შეგვკრიბა „ზალაში“ და გამოგვიცხადა _ რომ, ჩვენს ოჯახს უნდა დაეტოვებინა საქართველოს საზღვრები. ვინაიდან გადასახლებულნი ვიყავით.
მე უკანა კარიდან დავაპირე მეზ-ობელთან გადასვლა, რომ შემე-ტყობინებინა, მაგრამ რუსის ჯარ-ისკაცის მკაცრმა ხმამ უკან შემო-მაბრუნა. ამ დროს ისმის დედაჩემის ცივი კივილი, რამაც შეჰყარა სამეზობლო, მაგრამ ეზო ოცეულით იყო გარს შემორტყმული და არავის უშვებდნენ. მოულოდნელად მოდის კოლმეურნეობის თავმჯდომარე და ეუბნება ამ უცხო კაცს, რომ რამდენიმე მეზობელი შემოეშვათ, ბარგის მოგროვებაში რომ დაგვხმარებოდნენ. შემოუშვეს რამდენიმე მეზობელი, ერთი საათი დრო მოგვცეს. ვინ რას ჰყრიდა ტომრებში, როგორ კოჭავდა თოკით ლებს და საბანს, გვაცმევდა თბილ ტანსაცმელს, თუ რამე გაგვაჩნდა. ასე მოგვამზადეს მეზ-ობლებმა და და დაგვსვეს მაშინდელი „ზისის“ მანქანის ღია ძარაზე. „ზისი“ _ ზავოდ იმენი სტალინა“.
ჩემმა უფროსმა ძმამ, რომელიც მეექვსე კლასში სწავლობდა, წინააღმდეგობა გაუწია იმ მოტივით, რომ დილით სკოლაში უნდოდა წასვლა, „მე თქვენთან არ წამოვალო“. წიწილასავით ააფქიალეს და მანქანის ძარაზე შეიქნიეს. უცხო კაცი კაბინაში ჩაჯდა, დედაჩემი აკვნის ბავშვთან ერთად, ღია ძარაზე მოათავსეს., ოზურგეთიდან ბათუმში წაგვიყვანეს. ხუთი საათი დავყავით გზაში. სიცივისგან გათოშილები, ყველანი ვკანკალებდით. ბათუმში მანქანა მატარებლის შემადგენლობას მიაყე-ნეს, ერთ სასაქონლო ვაგონში ჩაგვტვირთეს. შემადგენლობასთან ცხენოსანთა კავალერია იდგა და ახლობლებს ახლო არ უშვებდნენ. ერთ ვაგონში 13-14 ოჯახი ვიყავით, მინიმუმ – 40-45 სული. კარები ჩაკეტილი, ერთი პატარა სარკმლის ანაბარა. საიდანაც ჰაერი შემოდიოდა. გვესმოდა ახლობლების გამახნევებელი შეძახილები _ იმედს ნუ დაკარგავთ, თავს გაუფრთხილდით, ბავშვებს მოუარეთ, თქვენ დაბრუ-ნდებით და ა.შ. ..
შებინდებისას, ეშელონი დაიძრა და რაც მაშინ მოხდა, ამას ენით ვერ გადმოსცემ და ვერც ქაღალდზე დაწერ. ეს კაცს უნდა ენახა, რომ განეცადა ის საშინელება, რასაც, ნამდვილად არ ვუსურვებ არავის. გარედან ახლობლები კიოდნენ და დაძრულ შემადგენლობას მოსდევდნენ. შიგნით ვაგონში ატყდა ქალების კივილი და თავ-პირში ხელების ცემა, მამაკაცთა არაადამიანური ღმუილი. ყოველივე ამის შემყურე, შეშინდნენ და ატირდნენ ბავშვებიც. გარედან ახლობლების ხმები აღარ ისმოდა. ეს ნიშნავდა, რომ მატარებელმა აკრიბა სიჩქარე, დაგვაშორა ნათესავებს, მეზობლებს, თანდათან ვშორდებოდით სამშობლოს.
ბნელ ვაგონში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. ზოგს ჩაეძინა, ზოგი ხმას არ, ან ვერ იღებდა. მიუხედავად შიმშილისა, არავის ჰქონდა ჭამის სურვილი. ვაგონში გათბობა არ იყო. ერთ გაჩერებაზე გაიღო ვაგონის კარი და „სალდათებმა“ შემოიტანეს „აცინკოვანი ვედროები“, ერთ ოჯახზე ერთი ცალი, რაც უნდა გამოეყე-ნებინათ ბუნებრივი მოთხოვნილე-ბისთვის. დიდი მოთმენის მიუხედავად, დაიწყეს მისი გამოყენება. ვაგონში საშინელი სუნი იდგა. თანდათან უარესდებოდა მდგომარეობა. მერე მამაკაცებმა მოიფიქრეს ვაგონის იატაკის ამოჭრა, ჩამოკიდეს ადიალები და ასე მოაწყვეს „საპირფარეშო“.
ვიწექით თაროებზე ბავშვები, რომ არ გადმოვვარდნილიყავით, თოკით, ან ქამრით გვაკრავდნენ, ბევრჯერ იყო გადმოვარდნის შემთხვევა. გაჩერე-ებზე, ვიწრო სარკმლიდან კითხუ-ლობდნენ სადგურის სახელებს და პასუხის მიღების შემდეგ ხდებოდნენ უფროსები, თუ სად ვიმყოფებოდით. კივილი კიდევ ერთხელ ატყდა, როცა საქართველოს საზღვარი დავტოვეთ.
შემადგენლობის ბოლოს ჩაბმული იყო „სახალხო ვაგონი“ გამცილებლე-ბისთვის. და „კუხნია“, საიდანაც „სალდათები“ გვიზიდავდნენ ბორშს, ან „გაროხის“ სუპს შავ პურთან ერთად.
გადავლახეთ მდინარე ვოლგა და უფროსებისთვის ნათელი გახდა, რომ მივყავით შუა ზიის მიმართულებით. სასტიკად აცივდა, ვაგონს შიგნით თუ რაიმე რკინის დეტალი იყო, ყველაფერს თეთრად მოედო ყინვა. შემოიტანეს ქვანახშირის ღუმელი და ორი რკინის ყუთი ერთი ნახშირით, მეორე დამწვარი ნახშირის ჩასაყრ-ელად. გაგონში საშინელი კვამლი იყო, ვიგუდებოდით, მაგრამ, გათბობაც საჭირო იყო.
ერთ დღეს, ვაგონში ატყდა ჩოჩქოლი (ბუნტი), თურმე ორთქმავ-ალზე, რომელსაც შემადგენლობა მიჰყავდა, ვირაცამ შენიშნა წარწერა „დობროვილცი“ (მოხალისეები). ასე ნიღბავდა მაშინდელი ხელისუფლება უდანაშაულო ხალხის გადასახლების პროცესს. წარწერა ჩამოხსნეს.
თხუთმეტი „სუტკის“ შემდეგ, გავცილდით ურალს. კიდევ 12 „სუტკა“ ვიარეთ თვალუწვდენელ, თოვლით დაფარულ, დაუსახლებელ ტრამალებზე. 26-ე დღეს ჩავაღწიეთ ერთ-ერთ რკინიგზის სადგურ, ე.წ. „ბახტარალში“. 1952 წლის 8 იანვარს, გადაიტანეს ჩვენი ბარგი „გაზ-51“ ტიპის ღია ძარაზე, ჩვენც დავსხედით და გაგვიყენეს გზას. თუმცა მადლიერებით მინდა ვთქვა, რომ გამცილებელი, ეროვნებით ყაზახი მამაკაცი დაჯდა ძარაზე და დედაჩემი და უმცროსი ძმები კაბინაში დასვა.
მანქანები მოლიპულ გზებზე ვერ მოძრაობდნენ და ორი, სამი მანქანა გადაბმული მიჰყავდა ტრაქტორებს. გავიარეთ კიდევ 27 კილომეტრი და ჩავედით კიროვის რაიონში. კოლმეურნეობა „ენბევში“ მოგვცეს მიწურის ტიპის საცხოვრებელი. 1941 წელში, ვოლგისპირიდან გადასახლებული გერმანელები ცხოვრობდნენ თურმე ჩვენს მეზობლად. ერთმა გერმანელმა მეზობელმა მოიტანა თივა, დაგვიგეს მიწურში მიწაზე. ზემ-ოდანაც თივა გადავიყარეთ და ასე „გვეძინა“ იმ ღამეს. მეორე დღეს, იმავე მეზობელმა მასთან გადაგვიყვანა და გადაგვავლებინა თბილი წყალი. შეგვიკეთა მიწურში ჩადგმული რაღაცნაირი ღუმელი „პლეტა“, საწვავად მოგვიტანეს საქონლის გამხმარი ნაკელი. გვასწავლეს, სად შეიძლებოდა ბამბის ღერების მოგროვება, რასაც ასევე საწვავად ვიყენებდით. კვამლის გამო სუნთქვა გვიჭირდა, თვალებიდან ცრემლები გვდიოდა. საოცრება და სიხარული ის იყო, რომ ტომარაში აღმოგვაჩნადა მთლიანი ღორი, რომელიც ისე იყო გაყინული, კამერა მაცივარში გაყინულს ჰგავდა. თურმე საახალწლოდ დასაკლავი ჩვენი ღორი მეზობელს სწრაფად დაეკლა, გაესუფთავებინა და ტომარაში ჩაედო.
მძიმე მგზავრობამ და შიშმა დედაჩემი ლოგინად ჩააგდო. 34 წლის იყო და 50 წლის ქალს დაემსგავსა. 6 თვე იყო ლოგინად ჩავარდნილი. მე, და ჩემს უფროს ძმას დაგვაწვა ოჯახის სიმძიმე, დედისა და უმცროსი ძმების მოვლა. მამაჩემი კოლმეურ-ნეობაში მუშაობდა. უფროსი ძმა დილით მიდიოდა სკოლაში, მე კი ნაშუადღევს. მორიგეობით „ვუძღვებო-დით“ ოჯახის საქმეებს. აუტანელი საცხოვრებელი პირობები გვქონდა. 3 კილომეტრიდან ვეზიდებოდით სასმელ წყალს. წყალიო, ვამბობ, თორემ ეს იყო მომწვანო, ბლანტი სითხე, რომელიც უნდა გადაგვედუღებინა, და შემდეგ მოგვეხმარა. წყალი ხელოვ-ნური არხით მოედინებოდა მდინარე სირდარიიდან. ბამბის პლანტაციების მორწყვა რომ მოთავდებოდა, წყლის მოწოდებაც წყდებოდა. წყალს, ხელოვნური ჩამკეტებით აკავებდნენ არხში. კოღოები მოსვენებას არ გვაძლებდნენ, ფუტკრის მართვეებივით მოდიოდნენ გუნდად. საწოლების თავზე მარლები გვქონდა გადაკრული, რომელიც ნაწილობრივ გვიფარავდა.
მამაჩემი კოლმეურნეობაში მუშ-აობდა და გამომუშავებულ შრომად-ღეზე ანაზღაურება გვეძლეოდა ნატურით _ ხორბალი, მარცვალი ლობიო, საზამთრო, ნესვი, ხახვი, მაკარონი, ცხენის შებოლილი ხორცი, რაც იყო ჩვენი საჭმელი. ხორბალს ხელის წისქვილზე ვფქვავდით რის ვაი ვაგლახით. ქვის დაბრუნებას ძალა უნდოდა, მე კი სულ 8 წლის ვიყავი.
ზამთარ-ზაფხულ გვეცვა დაბამბული ქურთუკი და შარვალი, რაც ყინვისგანაც გვიფარავდა და სიცხისგანაც. ზაფხულში 50-55 % სიცხე იყო. ზამთრისთვის გასათბობად ვიმარაგებდით საქონლის ნაკელს, რასაც ვაგროვებდით სოფლის ქუჩებში, ვზელდით ხელით, ვაძლევდით მრგვალ ფორმად და ვაკრავდით მიწურის კედლებზე. რომელიც ხმებოდა და თავისით ცვიოდა დაბლა, ჩვენც ვაგროვებდით და ვაწყობდით გამხმარ ლეპიოშკებს, ასე ეძახდნენ მას. წვის დროს ჰქონდა საშინელი კვამლი და სუნი. გაზაფხულზე, როცა ბამბის ყვავილის მტვერი ერეოდა ჰაერს, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებს უსნეულებდა თვალებს, ფაქტიურად ბრმავდებოდნენ. მაისის ბოლოსთვის ნელ-ნელა ეხილებოდათ ხოლმე თვალები. დაძინების წინ მიწურის შესასვლელთან და ირგვლივ ვაფენდით ცხვრის ტყავს, ცხვრისავე შარდით გაჟღენთილს, გველი რომ არ გადმოსრიალებულიყო. /ამბობდნენ შველისო/.
სკოლაში, კედელზე გაკრულ საბჭოთა კავშირის რუკაზე, მიჩერებული ვიყავით იმ ადგილს, სადაც ეწერა „გრუზინსკიი სსრ“, ხოლო გარეთ გავყურებდით იმ ჰორიზონტს, სადაც საქართველო გვეგულებოდა.
ერთ დღეს, სადილობისას, (სადილად გვქონდა პური, საზამთრო და მაკარონი.), ჩემდაუნებურად ცრემლები წამომცვივდა, ვინატრე, სახლში როდის დაგვაბრუნებენ, იქაური საჭმელი მომენატრა მეთქი. გავიგონე, მამაჩემმა დედაჩემს უთხრა: ტყვია კი მომხვდა ომში ბარე სამი, ერთს მაინც მოვე-კალი, რომ ამ საცოდაობისთვის არ მეყურებინა. არც თქვენ გადაგასახლებდნენო.
მოგვიანებით, 80-იან წლებში ვლადიმირის ოლქში არსებულ პატიმართა არქივში მოვიპოვე მამაჩემის პირადი საქმე, სადაც ეწერა, რომ იგი ჩავადრა ტყვედ, გადაყვანილი იქნა საფრანგეთში, ტყვეთა ბანაკში. . პირად საქმეში დევს ფოტო, ზოლიანი ფორმით გადაღებული ცხენით და „ტაჭკით“, ტყვეთა ბანაკში ეზიდებოდა წყალს..აი მამაჩემის დანაშაული, რისთვისაც გადაგვასახლეს 36 წლის მამა, 34 წლის დედა, 12 წლის უფროსი ძმა, 8 წლისა თავად მე, უმცროსი ძმები – 3 წლის და 1 წლისა და 6 თვის.
მართალია დავბრუნდით 1953 წლის ოქტომბერში, ნულიდან დაიწყო ჩვენმა ოჯახმა ფეხზე დადგომა. დავამთავრე სკოლა და გამიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახ-ურში. რომელმა კრიტერიუმმა უნდა შეგვიფასოს მორალური ზიანი მაშინ, როცა წაგვართვეს ბავშვობა, მოგვწყვიტეს სამშობლოს, ვხედავდით როგორ იხოცებოდნენ ქართველები შუა აზიის აუტანელ პირობებში…
კითხულობ ამ უმძიმეს ისტორიას, რომლის ავტორი (წერილის აღწერილობით თამაზი), მაშინ მხოლოდ რვა წლისა იყო. თუმცა ისე დეტალურად, თანმიმდევრული მეხსი-ერებით და საოცარი სიმძაფრით აქვს გადმოცემული ეს ყველაფერი, ახლაც კინოკადრებად გიცოცხლდება აღწე-რილი ყველა ფაქტი. ჩაგესმის მატარებლის უსიამოვნო, რიტმული ხმაური და უმწეო ადამიანთა ის მოთქმა-გოდება, რაც ამ ხმაურს გასდევდა. აქ კარგად ჩანს რომ მათი ოჯახი ერთმანეთზე ზრუნვამ გადაარჩინა. ყველა წევრი დაუბრუნდა სამშობლოს, მაგრამ, ხომ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვეღარ დაუბრუნდნენ თავიანთ კერას და უცხო მიწას შეერივნენ.
გადმოძახილი წელთა მიღმიერი დროებიდან-რითია შესაძლებელი გა-ნსაზღვრო სამშობლოს, ოჯახის, დედ-მამიშვილობის ფასი, როცა ეს ყველაფერი შეუფასებელი სულიერებაა.
მოამზადა
ნინო ნიკოლაიშვილმა.
სურათზე: გურამი (მარჯვნივ) როდიონ გორგოშიძეები; ბებია ოლია (ლოლა) მჟავანაძე.
მსგავსი სტატიები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
გურიაში აქამდე არ არსებობდა კომპანია, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებდა მშენებლებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს. დღეს კი ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. 6ა-ში! ვისთვის არის Foni Construction / ფონი ქონსთრაშენი ? თუ დრო არ გაქვს ხელოსნების მოძიებისთვის და მშენებლობის კონტროლისთვის, ან გურიაში არ იმყოფები, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ სრულ პროცესს –…