დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა ქვეყანაში დამყარებულ სისხლიან დიქტატურას. რეჟიმზე გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო მყარად დაეფუძნა დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის პრინციპებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და შეუქცევადი განვითარების რელსებზე დადგა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის საქართველოს პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია. ამასთან, უწყვეტი მშვიდობა „ქართულმა ოცნებამ“ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების პირობებში შეინარჩუნა. ამ მხრივ, განსაკუთრებით რთული იყო გასული 3 წელიწადი, როდესაც საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის პირდაპირი საფრთხე შეექმნა, თუმცა, უმძიმესი ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ხელისუფლება ამ გამოწვევასაც ღირსეულად გაუმკლავდა და უმკლავდება, საზოგადოება კი ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა და შანტაჟი, ვერავითარი სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარ-ცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა.
2012 წელს, უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2012 წლის 1 ოქტომბერს წარსულს ჩააბარა უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, არადემოკრატიული კონსტიტუცია, არჩევნების გაყალბება, ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ბიზნესის რეკეტი, მონოპოლიზებული მედია, პოლიტიკურ კონტროლს დამორჩილებული სასამართლო და უამრავი სხვა მანკიერება. დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის უფლებები, ქვეყანას აქვს დემოკრატიული კონსტიტუცია, ტარდება სამართლიანი არჩევნები, აღიკვეთა ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესი თავისუფალია, როგორც არასდროს, დაცულია სასამართლოს დამოუკიდებლობა, უზრუნველყოფილია მედიაპლურალიზმი.
საქართველო ეკონომიკური განვითარების სწორ გზას დაადგა. 2012 წლის შემდეგ, ქართულ ეკონომიკას ორ გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწია გამკლავება. თუმცა, რეალური ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების, ბიზნესის რეკეტის აღკვეთისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, საქართველომ სირთულეები წარმატებით დაძლია და ქვეყნის ეკონომიკა გაასამმაგა. გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9,7 პროცენტით იზრდებოდა, რაც რეგიონში და ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. უკვე წელს, საქართველოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადააჭარბებს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2030 წლისთვის 13 500 დოლარს მიაღწევს და საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნებს შორის გადაინაცვლებს. ლარის კურსი საიმედოდ სტაბილურია, 60-დან 36,4 პროცენტამდე შემცირდა ქვეყნის საგარეო ვალი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში სამჯერ შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი და 700 ათასამდე ადამიანმა დაძლია სიღარიბე.
2012 წლიდან, ფუნდამენტურად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა სოციალური პოლიტიკისადმი. დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, არსებითად გაფართოვდა სოციალური დახმარების პაკეტები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, აღიკვეთა სოციალური დახმარების პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განაწილების პრაქტიკა.
საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ პროგრესს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიაღწია. სწორედ 2012 წლის შემდეგ მოაწერა ხელი ქვეყანამ ასოცირების ხელშეკრულებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ბრძოლით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსიც, რომელიც საქართველოს არაკეთილმოსურნეებს და მათი კარნახით მოქმედ ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად ჰქონდათ მოაზრებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატია დღესაც საქართველოს შანტაჟითა და ხელისუფლებაში არადემოკრატიული ძალების დაბრუნების მცდელობით არის დაკავებული, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ყველა გამოწვევას ღირსეულად გაუმკლავდება და საქართველო 2030 წლისთვის დაანონსებულ ევროკავშირის გაფართოებას ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ მომზადებული შეხვდება. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დროისთვის, ბრიუსელის დღევანდელი ბიუროკრატიაც ღირსეული, დამოუკიდებელი და ევროკავშირისა და ევროპის მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ელიტით ჩანაცვლდება.
საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ხელისუფლებას ვეღარავინ კარნახობს და აიძულებს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების კარნახით და ამ ინტერესების ხარჯზე კომპრომისს არასოდეს დაუშვებს, მომავალშიც განუხრელად დაიცავს სამშობლოს, ეკლესიას და ეროვნულ ფასეულობებს!
მსგავსი სტატიები
- 92
როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
- 91
გაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია,…
- 91
ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
- 90
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას „ვაიმარის სამკუთხედის“ - საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის - საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ. „ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, გაყინოს ევროკავშირში გაწევრიანების…
- 89
გერმანიიდან საქართველოში ჩამოვიდა გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის პარტიის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ავთანდილ კალანდაძე. 90-იანი წლების ბოლოს ავთანდილ კალანდაძე ემიგრაციაში წავიდა და თითქმის სამი ათეული წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი რამდენიმე დღის წინ გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და ეროვნული დიალოგის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. მან საქართველოში…