(გაგრძელება)

უცხო ენათა ინსტიტუტის პრორექტორი  გოგი შიოშვილი დიდებული ადამიანი აღმოჩნდა, მან განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ცხოვრების გზაზე. ჯერ კიდევ 1965 წლის იანვარში, როცა კონსერვატორიაში გამოცდების ჩაბარებამდე რჩებოდა რაღაც  4 – 5 თვე, ბატონმა გოგიმ მიგვამაგრა ინგლისური ენის მასწავლებელთან, ახალგაზრდა ასპირანტ ქალთან,  რომელიც კვირაში სამჯერ, სამი საათის განმავლობაში გვიტარებდა გაკვეთილებს. ამ გაკვეთილებმა გასაოცარი შედეგები გამოიღო. გაკვეთილებზე სიარულის დროს გაირკვა, რომ ინსტიტუტში უკვე რეპეტიციებს ატარებდა რობერტ ბარძიმაშვილი და მის საესტრადო ანსამბლში მღეროდა ნანი ბრეგვაძე.

სწორედ მაშინ გადავწყვიტე შეგვექმნა საესტრადო ანსამბლი კარგი მუსიკოსებისაგან! ბატონ გოგის ეს იდეა მოეწონა,  დაგვაკავშირა ახალგაზრდა კომპოზიტორებთან: ირაკლი გიგაურთან, ნუგზარ ედილაშვილთან, ბორის თბილელთან, ოთარ თევდორაძესათან, ვაჟა აზარაშვილთან! შევარჩიეთ მათი სიმღერებისაგან რეპერტუარი, გავაკეთე ორკესტროვკები და დავიწყეთ მუსიკოსების მოძებნა.

აქ მინდა დავარღვიო წელთა თანმიმდევრობა  და გადავიდე 10 წლით წინ, როცა ჩვენ მოსკოვში, საკავშირო რადიოში და ცენტრალურ ტელევიზიაში დავიწყეთ ჩანაწერების გაკეთება: ხალხური სიმღერების, კამერული და საოპერო ნაწარმოებების, თანამედროვე საესტრადო სიმღერების, მათ შორის ჩავწერეთ ბევრი ქართული საესტრადო სიმღერებიც! გაზეთის მკითხველისთვის ნათელი რომ იყოს რას ნიშნავს სიტყვა „ჩავწერეთ?“, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ჩანაწერებს გადაცემდა საკავშირო რადიოს პირველი არხი და «მაიაკი» საბჭოთა მსმენელის მოთხოვნით მთელი მსოფლიოს მაშტაბით. იმ კომპოზიტორებთან, რომლთა გვარებიც ზემოთ მოვიხსენიე, გვქონდა მჭიდრო შემოქმედებითი კავშირი, ისინი საქართველოდან გვიგზავნიდნენ ახალი სიმღერების ნოტებს, მე კი ვაკეთებდი არანჟიროვკებს ორკესტრებისთვის და ამის მერე ხდებოდა საკავშირო რადიოს სტუდიებში ჩვენგან სიმღერების ჩაწერა. ახალგაზრდა  კომპოზიტორებისთვის ეს იყო დიდი წარმატება, თუ ვიგულისხმებთ, რომ  სხვადასხვა მიზეზების გამო საქართველოს ტელევიზიაში ერთი სიმღერის ჩაწერაც კი პრობლემა იყო, სწორედ ამ დროს – საბჭოთა კავშირის საკავშირო რადიოს გადაცემებში ისმენდნენ თავიანთ სიმღერებს ჩვენი შესრულებით!

ცენტრალურ ტელევიზიის  საკავშირო კონკურსში „Молодые голоса“ ორკესტრის თანხლებით ჩვენ შევასრულეთ ოთარ თევდორაძის სიმღერა „მოგონება“, ალბათ ბევრისთვის  ცნობილია ამ სიმღერის სიტყვები: „კართან მოდგა შემოდგომა, ნაადრევად მოფრენილი“.  ჩვენ დავიკავეთ საპრიზო მეორე ადგილი და მაყურებლის სიმპატიის პრიზი! ამ კონკურს გადაცემდა  ტელევიზიის პირველი პროგრამა მთელ საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ქვეყნების მაშტაბით. სიმღერას  უყურებდა და უსმენდა მილიონობით ადამიანი! ოთარ თევდორაძე ძალიან გახარებული იყო, მაგრამ ძალიან წუხდა, რომ საქართველოში ამ  გადაცემას არავინ არ გამოეხმაურა და არ მიაქცია ყურადღება?!

ახლა დაუბრუნდეთ 1965 წელს! ბატონმა გოგი შიოშვილმა  გაგვაცნო საქართველოს ტელევიზიის საესტრადო ანსამბლის ხელმძღვანელი საშა რექვიაშვილი, რათა ჩვენთვის გაეწია დახმარება, როგორც ახალგაზრდა მომღერლებისთვის. საშა აღმოჩნდა შესანიშნავი მუსიკოსი და ადამიანი, მოეწონა ჩვენი ხმებიც და როგორ ვმღეროდით, ასევე ჩემი არანჟიროვკები და ორკესტროვკები. ასე რომ ჩვენი შემოქმედებითი მეგობრობა გრძელდებოდა დიდი ხნის განმავლობაში.

ამავე დროს ჩვენ ვაგრძელებდით  მეცადინეობას  სიმღერაში მაესტრო დავით ანდღულაძესთან სრულიად უსასყიდლოდ. ჩვენი ხმის მუტაციაც როგორც იქნა დამთავრდა: ჩემი ძმისთვის, გოგისთვის დამთავრდა ძალიან კარგად, მას აღმოაჩნდა შესანიშნავი ხმა, დრამატიული ტენორი, რამაც ძალიან გაახარა ჩვენი მაესტრო. მაშინ გოგი იყო 19 წლის!

სამწუხაროდ  ჩემი ხმის მუტაციამ  ცუდად ჩაიარა. როგორც კონსერვატორიის ფონიატრი მარინა ვასილევნა ამბობდა, სახმო აპარატის ანთების მიზეზი იყო, ჩასაბერ ინსტრუმენტზე, ფლეიტაზე დაკვრა! ასეთივე დასკვნა მიიღო ოპერის თეატრის ფონიატრმა გულიკო ჭარხალაშვილმა „ქრონიკული ანთება სახმო იოგების“ დაკავშირებული ფლეიტაზე დაკვრასთან! ამ ექიმებთან მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, აბა როგორ  გამოიღებდა თუ ყველა დღე მე მიწევდა 4 – 5 საათი ფლეიტაზე დაკვრა.  მათი საბოლოო გადაწყვეტილებით კი მე ფლეიტაზე დაკვრაზე უარი უნდა მეთქვა, რაც ჩემ შემთხვევაში სრულიად დაუშვებელი იყო! ვოკალურ განყოფილებაზე  გამოცდების ჩაბარებაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლებოდა.  დამრჩა მხოლოდ ერთი გზა –  ფლეიტაზე გამეგრძელებინა სწავლა კონსერვატორიაში.

ამ დროს ჩვენი ცხოვრების გზაზე გამოჩნდა კიდევ ერთი დიდი პიროვნება – ნოდარ ანდღულაძე, ჩვენი პროფესორის დავითის შვილი და მოწაფე. ჩვენზე ოცი წლით უმფროსი. ახალი ჩამოსული იტალიიდან. ჩვენს მიმართ კეთილი განწყობილება გამოიჩინა, ვფიქრობ მასზე იმოქმედა მამიმისის ჩვენდამი დამოკიდებულებამ.

იტალიაში წასვლამდე, 1956 წლიდან ნოდარ ანდღულაძე თბილისის ოპერის თეატრის სოლიტი იყო, მას წარმატებით ქონდა შესრულებული აბესალომისა და მალხაზის პარტიები ზ.ფალიაშვილის ოპერებიდან, ტარიელის პარტია მ. მშველიძის ოპერიდან „ამბავი ტარიელისა“ და ა.შ.

1961/62 წელში ის მივლინებული იყო იტალიაში, მილანის თეატრ „ლა სკალაში“, სტაჟირების გასავლელად სხვა საბჭოთა მომღერლებთან ერთად, ცნობილ იტალიელ მომღერლის – ჯენარო ბარას ხელმძღვანელობით! რა ქმა უნდა ორ წელიწადში მომღერლის თავიდან „ახალი სისტემით აღზრდა“ ძალიან ძნელი საქმეა, თითქმის შეუძლებელი, თვით იტალიელ ჯენარო ბარასთვისაც კი, მაგრამ ნ. ანდღულაძემ თან ჩამოიტანა რამოდენიმე რვეული, სადაც აღწერილი ქონდა თითქმის ყველა გაკვეთილების მსვლელობა იტალიელ მაესტროსთან! მას ასევე მჭიდრო შემოქმედებით კავშირი ქონდა ჯენარო ბარას საუკეთესო მოწაფესთან, შესანიშნავ ტენორთან, ჯანი რაიმონდისთან!

იტალიიდან დაბრუნებულ ნ. ანდღულაძეს მიზნად ქონდა დასახული – ღირსეული ადგილი დაეკავა საოპერო სცენაზე, რა თქმა უნდა ასეთ ადგილად პირველ რიგში განიხილებოდა სსრკ დიდ თეატრი, სადაც უკვე 1959 წლიდან წამყვან სოლისტად მღეროდა ზურაბ ანჯაფარიძე, დავით ანდღულაძის მოწაფე! ამ თეატრში მუშაობის სურვილი  გააჩნდა  სხვებსაც, უკვე საკმაოდ ცნობილ ოპერის მომღერლებს: ვლადიმირ ატლანტოვს,  ვირგილიუს ნორეიკოს, ვლადისლავ პიავკოს, ანატოლი სოლოვიანენკოს და ზინოვი ბაბის!  მაინც ვის ქონდა შანსი გამხდარიყო დიდი თეატრის სოლისტი?! ვლადიმირ ატლანტოვს, ზინოვი ბაბის  და ნოდარ ანდღულაძესაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ თეატრის ხელმძღვანელობა ამ მომღერალს გამოიყენებდა იტალიურ ოპერებში!  მართლაც მალე ვ. ატლანტოვი ჩაირიცხა დიდ თეატრის სოლისტად, ზინოვის ბაბი – ამ დროს დიდი წარმატებით გამოდიოდა მსოფლიოს საოპერო სცენებზე და დიდ თეატრში მოწყობისთვის თავი არ მოუკლია! ნ. ანდღულაძეს რამოდენიმე მცდელობა ჰქონდა გამხდარიყო დიდი თეატრის სოლისტი, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ.

სწორედ ამ წლეებში კინო-ეკრანებზე გამოვიდა მუსიკალური ფილმები: „ახალგაზრდა კარუზო“, სადაც ისმოდა მარიო დელ მონაკოს შესანიშნავი ხმა. შემდეგ ფილმი „დიდებული კარუზო“ მარიო ლანცას მონაწილეობით, რომელმაც მოხიბლა მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში! ასევე ჩვენთან შესაძლებელი გახდა გვეყიდა მსოფლიოში ცნობილი მომღერლების პლასტინკები, მოგესმინა მათი ხმები, შესრულების დონე, ხმის ფლობის ტექნიკა, რამაც სრულიად შეცვალა ჩვენი შეხედულებები ოპერის მომღერლებზე!

მინდა მოგმართოთ თქვენ, პატივცემულო გაზეთ «ალიონის» მკითხველებო: მე ვცდილობ ჩემ მოგონებებში დღევანდელი დღის გადასახედიდან კი არ მოგმართოთ, არამედ ვცდილობ გავიხსენო იმ დროინდელი ჩემი განცდები, ფიქრები, ოცნებები, კარგი თუ არა კარგი ამბები!

დადგა 1965 წლის მაისის თვე, სკოლის გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ! მუსიკალურ საგნებში ჩემ ხუთიანებს, ერთი ოთხიანიც „გამოაყოლეს“, თანაც მუსიკის ისტორიაში?! მასწავლებელიც  კი შეწუხებული და გაოცებული იყო – „მე ხუთიანი დაგიწერეო!“. როგორც მერე „ამიხსნეს“, წითელი დიპლომების და ოქროს მედლების რაოდენობა ძალიან  ცოტა  ყოფილა და მე „არ მომიწია“!

მივიღეთ  გადაწყვეტილება  გამოცდები კონსერვატორიაში  ჩავებარებია! გამოცდებიც წარმატებით ჩავაბარეთ, მაგრამ როგორც ინსტრუმენტალისტებმა, მე როგორც ფლიტისტმა, ხოლო ძმამ კი როგორც კლარნეტისტმა! აი ახლა შეგიძლიათ შემეკითხოთ: „ არ გინანებიათ უცხო ენათა ინსტიტუტის უარყოფა?!“  იმ დროს ჩვენ გვეჩვენებოდა, რომ სწორად მოვიქეცით! დღეს კი ვფიქრობ ეს იყო შეცდომა! კიდეც გვითხრა მაშინ ბატონმა გოგი შიოშვილმა – „ორი, სამი უცხო ენის ცოდნა, თქვენ ცხოვრებაში ბევრ სიკეთეს მოგიტანთო!“.

ჩვენ სხვანაირად ვიყავით აღზრდილები, არსად წასვლას და მითუმეტეს სხვა ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებდით! საქართველოში, სადაც ჩვენი მშობლები, ნათესავები, მეგობრები და ხალხი, რომლებმაც ჩვენს მიმართ დიდი სიყვარული გამოიჩინა ჩვენ ბავშვობაში, რომლებიც ჩვენთან ერთად იმეორებდნენ ჩვენი სიმღერის სიტყვებს: « ჩემი ლამაზი ქვეყანა, იაგუნდი და ლალები, მისთვის ცოცხალ ვარ სიკვდილსაც, მისთვის არ დავინანები!»

ვიდექით კიდევ ერთ გზაჯვარედინზე! წინ კიდევ ბევრი განსაცდელი გველოდა!!!

    ჩვენც, მშობლებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც  გახარებულები ვიყავით, რომ გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ და გავხდით კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტები! დადგა 1965 წლის სექტემბერი და თითქოს ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა, ვგულისხმობ ცხოვრების და სწავლების პირობებს!

უმაღლესი სასწავლებლების ყველა «ჩამოსული» სტუდენტები საცხოვრებლად გაგვანაწილეს «სტუდქალაქში», თითქმის თბილისის ბოლოს, ვაკეში. კაზარმის ტიპის, ხის შენობები იყო განკუთვნილი 5 500 სტუდენტზე! კორპუსების ოთახები არაფრით არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, მხოლოდ მუსიკოსთა ოთახებში იდგა პიანინო!

ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში მიჩვეული ვიყავთ «ნიჭიერთა ათწლედში» ცხოვრების და სწავლების პირობებს: ერთ შენობაში ვცხოვრობდით, ვმეცადინეობით, ვისვენებდით, იქვე იყო ორგანიზებული ჩვენთვის სამჯერადი კვებაც. ტერიტორიულად ჩვენი სკოლა ძალიან ახლოს, რაღაც ხუთი წუთის სავალზე იყო ოპერის თეატრთან და  კონსერვატორიასთან!

ახლა კი ბევრი დრო გვეხარჯებოდა გზაში, ტროლეიბუსით ვაკედან კონსერვატორიამდე. თანაც საუზმის ჭამაც უნდა მოგესწრო სადმე. კონსერვატორიაში იყო რაღაც ბუფეტის მაგვარი, მაგრამ ყოველთვის სტუდენტების გაუთავებელი რიგი იდგა! ასე, რომ სანამ სტუდქალაქში არ დაბრუნდებოდი ვერც დაისვენებდი, ვერც იმეცადინები, ვერც შეჭამდი საჭმელს!

ახლა რამოდენიმე ათეული წლეებით წინ რომ გადავიწიოთ, საზღვარგარეთ გასტროლების დროს ამერიკაში თუ ევროპაში, ბევრ ეგრეთ წოდებულ

«საუნივერსიტეტო ქალაქებში» მიმიღია მონაწილეობა კონცერტებში, სადაც ყველაფერი –  თვით უნივერსიტეტი, სტუდენტების საცხოვრებელი შენობაც, ბიბლიოთეკა, სასადილოც, სპორტიული კომპლექსი, სამეცნიერო ლაბორატორიები და ა.შ. ყველაფერი ერთ ადგილას, ერთ სივრცეში იყო მოთავსებული, რაც სწავლების მაღალი დონის მისაღწევად იყო გათვალისწინებული!

დაუბრუნდეთ სტუდქალაქს! მინდა გავიხსენო ერთი არა სასიამოვნო ამბავი სტუდქალაქში, რაც სამწუხაროდ პირადად

მე შემემთხვა. საღამოს როცა სტუდქალაქში ვბრუნდებოდი გზად ერთი, ჩემზე საკმაოდ უმფროსი ბიჭი დამეწია და გამომელაპარაკა, რაღაც რაღაცეებს მეკითხებოდა: «აქ ცხოვრობო? სადაური ხარო?»  თითქოს არაფერიო ისე ვლაპარაკობდით და ამ დროს სრულიად მოულოდნელად მომიტრიალდა და თავი დამარტყა სახეში, მე ინსტიქტურად ხელი ავიქნე და როგორც ჩანს ჩემი ხელი მასაც მოხვდა, ასე იმიტომ ვფიქრობ, რომ მას ჩხუბი აღარ გაუგრძელებია. თავი ისე მაგრად დამარტყა, რომ ცხვირ-პირი და მარცხენა წარბი გამიხეთქა, სისხლი ჩამომდიოდა და ბუნდოვნად ვხედავდი თუ სად მივდიოდი.  როგორც იქნა კორპუსამდე მივაღწიე. ყველა შეწუხდა, ვის როგორც შეეძლო ისე მეხმარებოდნენ, ამასობაში ვიღაცამ სტუდქალაქის კომენდატს შეატყობინა ეს ამბავი. რაღაც ათ წუთში ექიმთან ერთად მოვიდა კომენდატიც, როცა გვარი დავასახელე კომენდატმა: «ვაი-მეო!» ისეთი ხმით დაიყვირა, რომ კედლები შეაზანზარა! შემდეგ მის მოადგილეს უთხრა: «ექიმმა და შენ ამ ბიჭს მიმიხედეთ, თუ საჭირო იქნა სასწრაფო გამოიძახეთო, მე იმ ნაძირალს  ჯოჯოხეთშიც რომ ჩავიდეს იქიდანაც ამოვიყვან და ჩემი ხელით დავახრჩობო!»

როგორც შემდეგ გამოირკვა სტუდქალაქის კომენდატი ყოფილა იური სიორიძე, მახარაძელი, სსრ კავშირის სპორტის ოსტატი, მძიმე წონის კლასიკური სტილის მოჭიდავე, სოფლის სპორცმენთა საკავშირო პირველობის ჩემპიონი. ასეთი «უცნაური» შემთხვევით გავიცანი ჩვენი გურული ფალავანი, გასაოცარი ძალის, გიგანტური აღნაგობის ახალგაზრდა იური სიორიძე. ის ნაძირალიც ხელად გამოძებნა ვინც იყო და მასთან, მის კაბინეტში შემახვედრა. რა თქმა უნდა ხმაზე ვიცანი, მეგრული აქცენტით ლაპარაკობდა, წარბზე ნაკერიც ემჩნეოდა. როგორც თვითონ აღიარა: «ერთმა ნაცნობმა ქუჩაში ჯხუბის ილეთი მასწავლა და მინდოდა ვინმეზე გამომეცადაო», ეს «ვინმე» ჩემდა ბედად მე აღმოვჩნდი. მოკლედ, როცა ყველაფერი ბოლომდე გაირკვა, ჩემი თხოვნით სასამართლოში საქმე არ გაგვიხსნია. ბატონი იური დიდი, კეთილი გულის ადამიანი აღმოჩნდა, კარგი გურული იუმორით, ჩვენ გვპატრონობდა როგორც უმცროს ძმებს! უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

დაუბრუნდეთ კონსერვატორიას! უკვე ოქტომბრის თვიდან მე ჩამრიცხეს საოპერო სტუდიის ორკესტრსი სოლისტად, მეორე ფლეიტისტის თანამდეობაზე! გამიხსნეს პირველი შრომის წიგნაკი, თუმცა ამ საბუთში შეცდომა დაუშვეს, მუშაობის დასაწყისად 1965 წლის მაგივრად ჩამიწერეს 1956 წელი! კიდევ კარგი, რომ მალე შევამჩნიე და ეს შეცდომა გამოვასწორეთ.

ჩემი ძმა წარმატებით განაგრძობდა მეცადინეობას დავით ანდღულაძესთან, მე კი ვესწრებოდი მის გაკვეთილებს და ხანდახან მაესტრო მეც მამღერებდა, დიდი სიყვარულით იყო განწყობილი ჩვენს მიმართ, ხშირად უთქვამს ჩემთვის: «ყველაფერი კარგად იქნება ჩემო გია! დარწმუნებული ვარ, რომ შენგან კარგი მომღერალი გამოვაო!» _ ასე მიმაგრებდა ეს დიდი ადამიანი გულს!

1966 წელს დავით ანდღულაძემ თხოვნით მიმართა კონსერვატორიის რექტორს ს. ცინცაძეს და გოგი გადაყვანილი იქნა დავით ანდღულაძის კლასში, ვოკალურ განყოფილებაზე! მოულოდნელად ნოდარმა მოინდომა ჩემთან მეცადინეობა, მე არ ვიცი როგორ შეთანხმდნენ ერთმანეთში მამა და შვილი, მაგრამ გოგი დარჩა ბატონ დავითის კლასში, მე კი არაოფიციალურად ნოდარ ანდღულაძის კლასში, არაოფიციალურად იმიტომ, რომ თვით ნოდარი იმ დროს არ ითვლებოდა კონსერვატორიის მასწავლებლად, ის იყო თბილისის ოპერის სოლისტი!

როგორც ყველა სხვა სპეციალობებში, ასევე  მუსიკოსებისთვისაც ყველაფერს თავისი დრო აქვს, დროის სხვადასხვა მონაკვეთი: «მოწაფეობის, პერსპექტულობის,  სასიმღერო მწერვალზე ასვლის და მწერვალიდან ქვემოთ სვლის, ბოლოს კი მასწავლებლობის დროის მონაკვეთი!»

და მაინც, რატომ ასე «უდროო დროს» მოინდომა ნოდარ ანდღულაძემ მასწავლებლობა?! არა მარტო ჩემთან, არამედ მამამისის ბევრ მოწაფეებთან?! ვფიქობ, ის არა მარტო თვითონ ცდილობდა ყოველდღიურად, პრაქტიკულად აეთვისებია

ჯ. ბარას ვოკალური სისტემა, სავარჯიშოები, სუნთქვის თუ აპორის საკითხები, ასევე უნდოდა ეს «სისტემა» გამოეცადა სხვა, ადამიანებზე, დამწყებ თუ უკვე გამოცდილ მომღერლებზე!

ასე დაიწყო ჩემი ვოკალური გაკვეთილები 1966 წლის შემოდგომიდან ნოდარ ანდღულაძესთან! მე დამრჩა  თითქმის ყველა გაკვეთილების ჩანაწერები, თეორიულად ძალიან საინტერესო, მაგრამ ვინაიდან მე ჯერ კიდევ ვმკურნალობდი სახმო სიმების ანთებას, ჩემი გაკვეთილებიც არა სტაბილურად მიმდინარეობდა. ხანდახან, როცა ხმა «მპასუხობდა» ნოდარი დაუძახებდა დედას – «ვარვარა მიხაილოვნა თუ შეიძლება შემოდი, მოუსმინე რა ლამაზად მღერისო». ვარვარა მიხაილოვნა შემოვიდოდა ზალაში, სადაც გაკვეთილები მიმდინარეობდა, დაჯდებოდა სავარჯელში და მეც ვმღეროდი! ძალიან საყვარელი, კეთილი ქალბატონი იყო! აუცილებლად შეგვაქებდა ორივეს, მოწაფესაც და მასწავლებელსაც! ყოველივე ასეთი გაკვეთილი მე მიმაგრებდა მომავლის იმედს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა! იმედი იმედად რჩებოდა, მაგრამ დრო კი სასწაული სისწრაფით მიქროდა!!!

1966 წელს ჩატარდა კონკურსი « ლა სკალაში» სტაჟიორად წამსვლელთა შორის! დავით ანდღულაძის კლასში იყო ორი შესანიშნავი მონაცემების მქონე დრამატიული ტენორი: ჩემი ძმა გოგი ბეშიტაიშვილი და მასზე ასაკით გაცილებით უფროსი გურამ მარტინენკო!

ბატონმა დავითმა გადაწყვიტა კონკურსში მონაწილეობა მიეღო გურამ მარტინენკოს და ზურაბ სოტკილავას! მოსმენის შემდეგ ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ «ორივე იმსახურებს სტაჟირებას და ორივეს გააგზავნიან ლა სკალაშიო», მაგრამ  აღმოჩნდა, რომ მარტო ერთი ადგილი ყოფილა გამოყოფილი. ეს ადგილი დაიკავა ზურაბ სოტკილავამ და გაემგზავრა მილანში.

1967 წელს, თუ არ ვცდები ჟურნალმა «ნიანგმა» გამოაქვეყნა ფელეტონი «ბულბულები და ყვავები», სადაც იუმორის სახით მიუნიშნებდნენ კონსერვატორიაში შესულ «ბულბულების» არა სახარბიელო ბედზე! ჩვენ, კონსერვატორიის სტუდენტებმა კი ახალგაზრდული სიხალისით გადავაქციეთ ეს ფელეტონი მხიარულ სპექტაკლად, შევდიოდით პირველ კურსელთა აუდიტორიაში და შევძახებდით « ბულბულებს გაუმარჯოს», პასუხად კი ისმოდა « გაიხარეთ ყვავებო» და ატყდებოდა სიცილ-ხარხარი. ჩვენ მომავალზე, ჩვენ ბედზე ჩვენ მანდამაინც თავს არ ვიკლავდით, ისედაც ხომ ყველასთვის ნათელი იყო, რომ ჩვენ აუცილებლად დიდი მომღერლები გავხდებოდით?!

მალე ეს ამბავი მთელ ქალაქს მოედო, ატყდა ერთი ამბავი, ვინ რას ამბობდა, სერიოზულს თუ სასაცილოს, მოკლედ იმ დროს ბევრი ანეგდოტები შეემატა ჩვენ დედაქალაქს!

ცნობილია, რომ ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტებთან შედარებით მომღერლის სახმო აპარატის «მუსიკალურ ინსტრუმენტად» ჩამოყალიბება ითვლება ურთულესად!

აი, თუ რატომ?!  კლავიშიანი, სიმებიანი, ჩასაბერი თუ დასარტყმელი მუსიკალური ინსტრუმენტები ადამიანს შესასწავლად თავიდანვე ეძლევა გამზადებული სახით, დარჩენილია თვით ინსტრუმენტის დაკვრის სრულყოფილად ათვისება! ამ შემთხვევაში არიან ორნი: მუსიკოსი და ინსტრუმენტი! თუ კარგად აითვისე, კარგი შემსრულებელი ხარ! თუ ცუდათ – შესაფერისად ცუდი შემსრულებელი!!

ვოკალისტის სახმო აპარატი არამც თუ გამზადებული ინსტრუმენტის სახად არ გვეძლევა, უფრო მეტიც – ვერც მოწაფე და ვერც მასწავლებელი მას ვერ ხედავს! ეს ინსტრუმენტი, ეს აპარატი ჩვენს შიგნით არის და მისი «მორჯულება» და «მუსიკალურ ინსტრუმენტად» გადაქცევა ძირითადად ჩვენი ყურთასმენის დახმარებით ხდება! აქ უდიდეს როლს თამაშობს მასწავლებლის ცოდნის და გამოცდილების დონე!

სწავლების დასაწყისში მასწავლებელი ჰგავს მოქანდაკეს, რომელსაც მისცეს შეკვეთა სხვადასხვა ხარისხის და მოცულობის მასალისგან გააკეთოს შესანიშნავი ქანდაკება! რომ «ბულბული» არ გადაიქცეს «ყვანჩალად»!

 

1967 წლის 20 დეკემბერს კონსერვატორიაში ჩატარდა კონკურსი «საუკეთესო კონცერტმეისტერი», სადაც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. დაწესებული იყო სამახსოვრო პრიზები! ძირითადად მონაწილეობდნენ პიანისტები, გამონაკლის წარმოვადგენდით მე, როგორც კონცერტმეისტერი და მომღერალი ვიქტორ სამაროვი, ლენინგრადიდან ახალი ჩამოსული, დავით ანდღულაძის კლასის სტუდენტი, შევასრულეთ ა. მაჭავარიანის რომანსი «არ დაიდარდო დედაო!»  და მოგვანიჭეს სამახსოვრო პირველი პრიზი – პლასტინკა პიეტრო მასკანის ოპერის «სოფლის პატიოსნების» ჩანაწერი მარიო დელ მონაკოს შესრულებით!

1967 წლიდან 1973 წლამდე დაიწყო ჩემი ცხოვრების დიდი მონაკვეთი, რომელსაც მე დავარქვი «გაცრუებული იმედები!».

გია ბეშიტაიშვილი

გაზეთი „ალიონი“ ## 8,9

 

 

                                                                                                                         

მსგავსი სტატიები

  • 83
    თემები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ - ანუ რა მანძილია შემგროვებლობასა და ხარჯვას შორის და რამდენად თვითმყობადია იგი სცენასა და სცენის მიღმა, რეალურ ყოფაშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე  რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს  წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…
  • 77
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 75
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 75
    ოზურგეთის თოჯინების თეატრი თავის ახალ ოფისში პირველი პრემიერას 12-13 აპრილს გამართავსოზურგეთის თოჯინების თეატრი, რომელსაც წლეულს დაარსებიდან 45 წელი უსრულდება, თავის ახალ შემოქმედებით საცხოვრისში - ოზურგეთის კულტურისა დასვენებისპარკში პირველ პრემიერას 12 და 13 აპრილს გამართავს. იაროსლავ ვოდროჟეკის მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე „პატარა წერო და საფრთხობელა“ თეატრის დამფუძნებელი, რეჟისორი ოთარ კუტალაძე მუშაობს. მოხდა ისე, რომ დღეს, 12 საათისთვის თოჯინების თეატრში ვყოფილიყავი და…
  • 75
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…