გურიის მაღალმთიან სოფელ ზოტში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) მდებარე კოოპერატივ „ულეველას“ პრობლემების შესახებ ვწერდით გაზეთ „ალიონში“(19 მაისი,  2025 წ.). აღნიშნულ კოოპერატივს 6 წლის წინ გურიის მთებში აღებული სათიბების საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე ქონების მართვის სააგენტო ედავება.  ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წინა თვეში დაიწყო სასამართლო პროცესი.

ზოტში, კიდობანას მთაზე, სანისლიასა და სხვა ადგილებშიც ვყოფილვართ, მაგრამ ამჯერად ზღვის დონიდან 2400 მეტრზე მდებარე იალაღებზე ასვლის მიზანი იყო გვენახა, რამდენადაა შესაძლებელი ამ  ადგილებში, სადაც წელიწადის უმეტეს დროს თოვლია და ზაფხული მოკლე, რამდენადაა შესაძლებელი თივის წარმოება. მით უმეტეს, აღნიშნულ საძოვრებამდე სამანქანე გზა მიყვანილი არ არის.

კიდობანასკენ მიმავალი გზიდან გაღმით ვხედავთ შუაგორას, ღომისციხის, შავნაბადას და სხვა მთიან ადგილებს. ამ უკანასკნელიდან ჩამომდინარე ღელე შემდეგ მდინარე მტკვრის ერთ-ერთ შენაკადს უერთდება. მესხეთის ქედზე მდებარე ზოტიმერიის, იგივე ზოტის მთიდან  (ზ.დ. 2676 მ.) სათავეს იღებს შავი და კასპიის ზღვის აუზის ორი მდინარე_ გუბაზეული და ქვაბლიანი.

კოოპერატივ „ულეველას“ იჯარით აღებული საძოვრების უმეტესობა კლდოვან და მიუვალ ადგილებშია განლაგებული. ჩვენ მწყემსების საზაფხულო დასახლება „კიდობანას“ ზემოთ ზღვის დონიდან 2 400 მეტრზე ე.წ. „მოყორილზე“ ავედით. ამ მიდამოებში, ციცაბო ფერდობებზე  მდებარეობს „ულეველას“ ძირითადი საიჯარო მიწები.

„ულეველას“ დამფუძნებელი ნევრიზ მიქელაძე სამხრეთ-დასავლეთისკენ გრძელიგორისკენ ( შუახევის მუნიციპალიტეტი) გვახედებს: იქ გაღმა, გრძელიგორში, შუახევის მუნიციპალიტეტის  სოფლებიდან 300 ოჯახზე მეტი ამოდიოდა, ანალოგიური მდგომარეობა იყო აქ, ქვემოთ მდებარე ხახუტას, კიდობანას, ლეკნარის და სხვა დასახლებებში  _300 ოჯახი გურიის მხრიდან ამოდიოდა. წარმოიდგინეთ, რამდენი პირუტყვი იყო წლების წინ მთაში. ახლა ამომსვლელ ოჯახთა რიცხვი რამდენიმე ათეულს თუ ითვლის _ამბობს ბატონი ნევრიზი.

ჩვენა კითხვაზე: _რატომ დათანხმდა იგი იჯარით აეღო ასეთი ციცაბო, კლდოვანი, გადარეცხილი ფართობები, ნევრიზ მიქელაძემ გვიპასუხა:

_კოოპერატივს სჭირდებოდა ტექნიკა, ვგეგმავდით გვეწარმოებინა თივა, ამიტომ შევარჩიეთ  შესაბამისი ფართობები. შემდეგ მივედით ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. აღმოჩნდა, რომ ჩვენს მიერ შერჩეული ფართობების ნაწილი  შუახევის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ადგილზევე,  ტოპოგრაფიულ რუკაზე „გადმოსწიეს“ ნახაზი  უნახავად, 305 ჰექტარის ნაცვლად 538 ჰექტრამდე გამოგვიყვეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნახაზის შეცვლის გამო უსარგებლო, მიუდგომელი ადგილები გადმოგვცეს.

 ხელშეკრულებით აქ გზა უნდა გაეყვანათ, რომ ჩვენ ამ საძოვრებით გვესარგებლა, მაგრამ თავად ხედავთ, როგორი უსარგებლო ადგილებია, ტრაქტორს და სათიბს აქ როგორ ამოიყვან. არც მსხვილფეხა პირუტყვი ამოდის აქ, რადგანქვემოთ,  საზაფხულო დასახლებების ირგვლივ აქვთ კარგი საძოვრები. _გვითხრა მან.

ჩვენს კითხვაზე, რას ითხოვს იგი სახელმწიფოსაგან, ამ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების სააგენტოსაგან,მან გვიპასუხა:

ვფიქრობ სასამართლო დავა მხარეებს შორის მორიგებით უნდა დასრულდეს, რადგან გურიის მთებში, იალაღებზე გზის არ არსებობის და რთული რელიეფის გამო ამ ქონებით სარგებლობა შეუძლებელია. ჩვენს კოოპერატივს არ ჰყავს საკუთარი პირუტყვი, რომ თუნდაც ზაფხულობით მათი აქ ამოყვანა მოხერხდეს.

სათიბ-საძოვრებამდე აუცილებელია სამანქანე გზის მიყვანა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია იჯარით აღებული ფართობის ათვისებისათვის;

საიჯარო ფართობი უნდა შემცირდეს 305 ჰექტრამდე, რადგან შეუძლებელია კლდოვანი ადგილების, დარეცხილი ფერდობების გამოყენება. ამ თემაზე განცხადებით მივმართეთ მთიანი რეგიონის სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელს ირაკლი ტრიპოლსკის, თუმცა ჯერ-ჯერობით აღნიშნულზე პასუხი არ მიგვიღია;

იჯარის ფასი გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით უნდა დარეგულირდეს. ფაქტობრივად საიჯარო ფართობები 3 თვეს თუ გამოიყენება, რადგან დანარჩენ დროს აქ სუსხი, ყინული და თოვლია _ამბობს ნევრიზ მიქელაძე.

ჩვენთან ერთად მთაში კოოპერატივ „ულეველას“ადვოკატი  კახა  ჩავლეიშვილი იმყოფებოდა, რომელსაც ვთხოვეთ მისი მოსაზრება გაეზიარებია ჩვენთვის:

_ როცა სახელმწიფომ ასეთი პროექტის განხორციელება დაიწყო, მასში ჩაერთვნენ სახელმწიფო ორგანოები: სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; კოოპერატივების მართვის სააგენტო; სოფლის მეურნეობის სააგენტო; ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

ესენი ყველა ჩართული იყო სახელმწიფო პროგრამაში და ყველას უნდა შეესრულებინა თავისი ფუნქცია.

სახელმწიფო ქონების სააგენტომ კოოპერატივ „ულეველას“ იჯარით გაუფორმა სხვა ნაკვეთი და მათ ანახვეს სხვა ნაკვეთი.

იჯარით გაფორებული დაახლოებით 600 ჰექტარი ფართობიდან 90 პროცენტი საძოვრად და სათიბად გამოუყენებელია, არის კლდოვანი, გადარეცხილი და მისასვლელი გზა არ აქვს. ეს ე.წ. სათიბები ზღვის დონიდან 2100-2400 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ალტიმეტრის ჩვენებით „მოყორვილი“ 2395 მეტრს სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც წელიწადში 7 თვეზე მეტ დროს თოვლი დევს.

სახელმწიფო პროგრამით ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს  იჯარით გადაცემულ ფართობებამდე უნდა  მიეყვანა სამანქანო გზა, რაც არ მოხდა, რაზედაც არსებობს მიმართვა, რომ კოოპერატვი „ულეველა“ ვერ სარგებლობდა იჯარით გადაცემული ქონებით. სახელმწიფოს უნდა უზრუნველყო სათიბებამდე დაახლოებით 20 კილომეტრამდე გზის გაყვანა. მოპასუხე მხარე ამჟამად ითხოვს სათიბებამდე მისასვლელი გზის გაყვანას და საიჯარო ფართობების რაოდენობა 300 ჰექტარამდე შემცირებას _გვითხრა კახა ჩავლეიშვილმა.

მემთეურები წელს შედარებით გვიან ამოდიან საზაფხულო დასახლებამდე. საზაფხულო დასახლებაში  ხახუტა ახალგაზრდა კაცს ლევან ართმელაძეს ვესაუბრეთ:

_წელს რთული ზამთარი იყო, მთებზე თოვლი  ბევრ ადგილზე ჯერ კიდევდევს. ამიტომ ზოტიდან საქონელი ძირითადად ახლა ამოჰყავთ. აქ, დასახლების მიდამოებში, საძოვრები საკმარისია და საქონელს არ უწევს უფრო ზემოთ ასვლა, სადაც ძირითადად კლდოვანი ადგილებია. ჩვენს ოჯახს 35 სული პირუტყვი ჰყავს და ყოველწლიურად დავდივართ აქ _გვითხრა მან.

სოფელ ზოტში ყოფნისას იქაურები ამბობდნენ, რომ ზოტიჰესის დიდი დიამეტრის მილში მოაქცევენ მდინარე გუბაზეულს, ჰესს საკმაოდ ქვემოთ აშენებენ და ხეობას ეკოლოგიური პრობლემები ექნება.

სხვები შიშს გამოთქვამენ ზოტის ოქროს საბადოების თემაზე.

_მდინარე თეთრი ღელის , წისქვილის ღელის (ორთავე მდინარე გუბაზეულის მარჯვენა შენაკადი) ჩახრის წყლის ხეობაში, (მარცხენა შენაკადი 8 კმ. სამხრეთ-აღმოსავლეთით სოფელ ზოტიდან) ოქროს საბადოების გახსნას გეგმავენ. კომუნისტების დროსაც იყო ცნობილი ამ საბადოების შესახებ და გეოლოგიური კვლევებიც ჩატარებული, მაგრამ მათ როგორც ჩანს, გაითვალისწინეს მარაგის რაოდენობაც და გურიის ეს მშვენიერი წალკოტი არ გაიმეტეს გადასათხრელად  და ეკოლოგიური პრობლემებისთვის _გვითხრეს მათ.

ზოტის მადანგამოვლინების თემას მომავალში დავუბრუნდებით, ამჟამად კი „ულეველას“ ერთ-ერთ პრობლემაზე ვისაუბრეთ.

გაზეთი „ალიონი“, #11, 9 ივნისი, 2025 წ. გვ.1-3.

 

 

 

მსგავსი სტატიები