ავტორი: გია ბეშიტაიშვილი  

            (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.)

ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან  როგორც წარჩინებულ სტუდენტს დამინიშნეს პ.ი. ჩაიკოვსკის სტეპენდია! საკმაოდ დიდი თანხა, რაც დიდ შეღავათს წარმოადგენდა ჩემთვის.

ჯერ კიდევ «ნიჭიერთა ათწლედში» სწავლის დროს, როგორც «მომავალი მომღერალი» გატაცებული ვიყავი ოპერების შესწავლით და შემეძლო პიანინოზე ბევრი ოპერის თავიდან ბოლომდე დაკვრა. ჩვენ სკოლას გააჩნდა უნიკალური მუსიკალური ბიბლიოთეკა, ოპერების კლავირებით, პარტიტურებით, მდიდარი მუსიკალური ლიტერატურით, მათ შორის ცნობილ დირიჟორებზე, სადაც მოყვანილი იყო სავარჯიშოები დირიჟორობაში.

მეც გადავწყვიტე ბედი მეცადა დირიჟორობაში!  ეს აზრი ძალიან მოეწონა დავით ანდღულაძეს და შუამდგომლობა გამიწია

დიდიმ მირცხულავასთან, საქართველოში ერთერთ საუკეთესო დირიჟორთან!

1967 სასწავლო წლის განმავლობაში ვსწავლობდი ფლეიტის განყოფილებაზე მამია კახიანის კლასში და  ერთდროულად არა ოფიციალურად ვსწავლობდი დირიჟორობას დ. მირცხულავასთან.

1968 წლის ივლისში დ. მირცხულავამ გადაწყვიტა მიემართა სულხან ცინცაძისთვის ნება დაერთო ჩემთვის ოფიციალურად მესწავლა ორ განყოფილებაზე! არა ოფიციალურად ჩემთან მეცადინეობის გაგრძელება უკვე არ შეიძლებოდა, თანაც როგორც სჩანს მაესტრომ რაღაც გარკვეული პერსპექტივებიც დაინახა ჩემში და დავით ანდღულაძესთან ერთად მიმართეს სულხან ცინცაძეს, კონსერვატორიის რექტორს თხოვნით – ნება მოეცა ჩემთვის ერთდროულად მესწავლა ორ განყოფილებაზე, მაგრამ თხოვნაზე უარი მიიღეს, იმ მოტივით, რომ ჯერ ერთი განყოფილება უნდა დაამთავროსო! მერე მეორე, მერე მესამე და ა.შ. თუ გინდ პენსიაზე გასვლამდეო. აი, ესეც თქვენ, დიდი ლენინის დიდებული თეზისი: «სწავლა, სწავლა და კიდევ სწავლა!»

სულხან ცინცაძემ კარგადაც იცოდა, რომ ყველა განყოფილებაზე პატარა გამონაკლისების გარდა ერთი და იგივე საგნები ისწავლებოდა და არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა რა ნიშანს დაუწერდნენ მარქსიზ-ლენინიზმში მუსიკოს, მთავარი ის იყო, რომ მუსიკოსი თავის სპეციალობაში ყოფილიყო საუკეთესო!

საერთოდ ამ წლეებში მუსიკის სფეროში შეიქმნა რაღაც არა ჯანსაღი სიტუაცია! ასობით ადამიანი საშუალო მუსიკალური განათლებით თუ უმაღლესი მუსიკალური განათლებით ეძებდა სამსახურს თავისი  სპეციალობით! მაშინ როცა მოთხოვნა სპეციალისტებზე იყო მინიმალური, მუშაობის მსურველები იყო ასჯერ მეტი! სამსახურში მოწყობა იქცა დიდ პრობლემად! ამუშავდა სისტემები «ნაცნობობის», «ქრთამის», «პირფერობის!»  ალმაცერად დაუწყეს ყურება «პერსპექტიულ» ახალგაზრდებს, ისინი მათ მიაჩნდათ მომავალ მეტოქეებად, ასეთ ახალგაზრდებს შორის აღმოჩნდა ჩემი ძმაც, რომელიც უკვე ითვლებოდა დ. ანდღულაძის საუკეთესო მოწაფედ!

თბილისში ამ დროს ბიუჯეტით დაფინანებული იყო ოპერის თეატრი, სიმფონიური ორკესტრები, მუსკომედიის ორკესტრი, საოპერო სტუდიის ორკესტრი, ასევე თეატრებში პატარა  ორკესტრები  სპექტაკლების მუსიკალური გაფორმებისთვის! ყველგან საშტატო ერთეულები შევსებული იყო 100%-ით. ამბობდნენ, რომ სოპრანო ცისანა ტატიშვილი ოპერის თეატრში რომ მიეღოთ, გააფორმეს მეხანძრის თანამდებობაზეო!

ახალგაზრდა, პერსპექტიული მომღერლები, კონსერვატორიის დიპლომებით ცდილობდენ «სადებიუტო სპექტაკლის» სიმღერის უფლება მიეღოთ, მაგრამ სრულიად უშედეგოდ! ცნობილი გახდა, რომ დღე-მეხვალეობით გამწარებული გურამ სხირტლაძე, მსოფლიოში ცნობილი მომღერლის, ქალბატონ  ცერცვაძის საუკეთესო მოწაფე, რევოლვერით ხელში შეუვარდა ოპერის თეატრის დირექტორს

დიმიტრი მჭედლიძეს კაბინეტში!

დანარჩენებმა სხვა გზა ამოირჩიეს: «სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს!»

და გაემგზავრენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, რომ ათეული წლეების შემდეგ რუსეთიდან დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში! რამოდენიმე მათგანმა დაბრუნების შემდეგ სახალხო არტისტის წოდებაც კი დაიმსახურეს!

ზოგიერთი ადამიანი, გაზეთ «ალიონი»-ს მკითხველი შეიძლება იტყვის გურულად – «ახლა გააჭყირა თვალიო?!» დიახ! სწორედ მაშინ გავაჭყირე თვალი! ბავშვობიდან, ღმერთის წყალობით ჩვენ შეგვხდნენ სრულიად კეთილი, პატიოსანი ადამიანები! მთელი ბავშვობა სიმღერით გავიარეთ, ხალხმა დიდი სითბო და სიყვარული გამოიჩინა ჩვენს მიმართ. «ნიჭიერთა ათწლედში» გვასწავლიდნენ არა მარტო დიდი მუსიკოსები, არამედ შესანიშნავი ადამიანები, რომლებმაც აგვაშორეს ყოველგვარ სიცუდეს, ყოველგვარ სიმახინჯეს! ამიტომ ვიყავი პატიოსანი, გულუპყვრილო ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ყოველგვარი სიბინძურისგან გაუთითხნავი! მინდა შეგახსენოთ, რომ ლაპარაკია 1960 წლეებზე!

1969 წლის ივნისში ჩავაბარე ბოლო გამოცდა სპეციალობაში და ექსტერნად – ხუთი წლის მაგივრად, ოთხ წელიწადში დავამთავრე კონსერვატორია ოქროს მედალზე, წითელი დიპლომით! ჩემთვის განკუთვნილი ოქროს მედალი ვერსად ვერ იპოვნეს, წითელი დიპლომი კი შეგიძლიათ იხილოთ!

როგორც ახალგაზრდა წარჩინებულ სპეციალისტს განაწილება მომცეს თბილისში, მუსიკალურ სასწავლებელში ფლეიტის კლასის მასწავლებლად! ასევე როგორც წარჩინებულ ახალგაზრდა სპეციალისტს, რაიონიდან ჩამოსულს მეკუთვნოდა ერთ ოთახიანი ბინა თბილისში. კულტურის სამინისტრომ  გადასცა ყველა საჭირო საბუთები ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს ამ საკითხის მოსაგვარებლად. მე და მამაჩემი რამოდენჯერ შევხვდით ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს რომელიც გვარწმუნებდა, რომ მალე მივიღებდი ბინას. ასე გრძელდებოდა წლეების განმავლობაში!

ამ დროს კი სრულიად მოულოდნელად დაუჯერებელი ამბავი მოხდა, ისეთი თითქოს სუფთა ცაზე მეხი გავარდაო, დააპატიმრეს მამია კახიანი, ჩემი მასწავლებელი, შესანიშნავი მუსიკოსი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი. გამოირკვა, რომ კოოპერატიული სახლის ბინადრებმა მოინდომეს თავიანთ ბინებში სახლის ტელეფონების შეყვანა და

დაავალეს მამია კახიანს, როგორც კოოპერატივის თავჯდომარეს ეს საქმე მოეგვარებინა. ზოგიერთებმა სასწრაფოდ «დააზუსტეს» უკვე გამოცდილი ხალხისგან რა თანხა იყო საჭირო და ვის შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა. ზუსტად ვერ გეტყვით, არ ვიცი ვისთან –  კავშირგაბმულობის სამართველიოს უმფროსთან თუ მინისტრთან მივიდა ბატონი მამია და ფულის გადაცემის დროს დაუფიქსირეს ქრთამის გადაცემის ფაქტი! ვფიქრობ, რომ ორგანოებს წინასწარ ქონდათ მიღებული გადაწყვეტილება ამ მოხელეს სამსახურიდან მოხსნის და არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა ვინ მიუტანდა მას ქრთამს! სამწუხაროდ ასეთი არასასიამოვნო ამბავის  მონაწილე გახდა ბატონი მამია!

  სექტემბერის დასაწყისში მე გადმომცეს ჩემი მასწავლებლისაგან თხოვნა მის მაგივრად დამეწყო მუშაობა «ნიჭიერთა ათწლედში» ფლეიტის კლასის პედაგოგად, რომ გათავისუფლებამდე შემენახა მისთვის სამუშაო ადგილი! 1969 წლის 15 სექტემბრიდან დავიწყე მუშაობა „ნიჭიერთა ათწლედში» პედაგოგად. მაშინ  სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ბატონ მამიას მალე შეუმსუბუქებდნენ დანაშაულს და გაათავისუფლებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი ფიქრები არ გამართლდა, ასე გაგრძელდა 1973 წლის 12 მარტამდე, როცა სკოლის დირექტორმა ა. ხატიაშვილმა დამიბარა და მითხრა, რომ ბატონი მამია გათავისუფლდა და უნდა უკან თავის ადგილზე დაბრუნებაო. მე იმავე დღესვე დავწერე განცხადება საკუთარი სურვილით სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ!

ახლა ისევ დაუბრუნდეთ 1969 წელს! ეს იყო გადამწყვეტი წელი, გზაჯვარედინი! საჭირო იყო გამერკვია ჩემი მომღერლობის საკითხი, ასევე საკითხი სად უნდა მეცხოვრა, სად და როგორ გამეგრძელებია ჩემი მუსიკალური გზა?! საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი სწრაფვა გამეგრძელებია დირიჟორობის გზაზე! ვინაიდან საქართველოში მაშინ არ არსებობდა ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი, ჩავიფიქრე, რომ სტუდენტებისა და სკოლის მოწაფეებისაგან მე შემექმნა ასეთი ორკესტრი!

ჩემი ჩანაფიქრი გაუზიარე ჩემზე უფროს, გამოცდილ ადამიანებს, ვიფიქრეთ ყველა სირთულეებზე, მათ შორის ორკესტრისთვის სარეპეტიციო სივრცეზე, ასევე დიდი მოცულობის ინსტრუმენტებზე: არფაზე, როიალზე, ლიტავრებზე, შესაფერის საორკესტრო რეპერტუარზე და ა.შ.  საბედნიეროდ კიდევ იყვნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ახალგაზრდებს დახმარებოდნენ მათ ჩანაფიქრების მიღწევაში.

თითქოს «ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის» შექმნა ახალგაზრდულ გამოუცდელობას და რისკს უფრო გავდა, მაგრამ ასეთი ახალგაზრდული მონდომებით და მცდელობით ჩვენამდეც ბევრი ცნობილი კოლექტივები იქნა შექმნილი მუსიკის სამყაროში!

მინდა გაგაცნოთ ადამიანები, რომლებიც მხარში ამომიდგნენ ჩემი ჩანაფიქრის განხორციელებაში: ეს იყო ბატონი ჯიმშერ მუჯირი – მისი მეშვეობით თბილისის პიონერთა სასახლემ უსასყიდლოდ დაგვითმო სარეპეტეციო დარბაზი, კვირაში ორჯერ, გამოგვიყო როიალი, არფა და ლიტავრები. ასევე ბატონი ვილი გურევიჩი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, გიორგი შიოშვილი, მიხო ბორაშვილი, იური სიორიძე და ვახტანგ თოხაძე – ქ. მახარაძის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი, ამ პერიოდში კი საქართველოს ვაჭრობის მინისტრი! ამ ადამიანებმა დროული საჭირო დახმარება გაგვიწიეს და დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენ წინსვლაში, რისთვისაც მათ სახელსა და გვარს დღესაც დიდი პატივისცემით ვიგონებ!

ახალგაზრდა მუსიკოსები ძირითადად შეიკრიბა «ნიჭიერთა ათწლედის» მოწაფეებისაგან და კონსერვატორიის სტუდენტებისაგან. ამ საქმეში დახმარება გამიწია ბახვა ბურჭულაძემ, მიშა შამელაშვილმა და გიორგი არუთინოვმა. ორკესტრში გაერთიანდა 45 მუსიკოსი, დირიჟორი, სოლისტები: პიანისტი – გოგი შავერზარშვილი და მომღერალი – გოგი ბეშიტაიშვილი!

საკონცერტო პროგრამაში შედიოდა ლ. ბეთხოვენის №5 საფორტეპიანო კონცერტი, პ. ჩაიკოვსკის №1 სიმფონიის მეორე ნაწილი, ქართველი კომპოზიტორების კამერული და სიმფონიური ნაწარმოებები, ვერდის, პუჩჩინის, ბიზეს, ვებერის, ლეონკოვალოს, მასკანის, გუნოს პოპულარული ოპერების ინტერმეცოები, საოპერო არიები და  ა. შ.

ვინაიდან მუსიკოსების ძირითადი ნაწილი ცხოვრობდნენ სტუდქალაქში, აქაც ბატონმა იური სიორიძემ გაგვიწია დახმარება, გამოგვიყო დიდი ოთახი, სადაც ჯგუფურ რეპეტიციებს ვატარებდით!

ეს დრო ჩემთვის ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, ვმუშაობდი ფლეიტის მასწავლებლად სკოლაში, ამავე დროს დავდიოდი ვოკალის გაკვეთილებზე ნოდარ ანდღულაძესთან.

თითქმის ორი წლის განუწყვეტელმა რეპეტიციებმა, ახალგაზრდულმა მონდომებამ კარგი შედეგი გამოიღო. ავითვისეთ რთული საკონცერტო რეპერტუარი. მიხო ბორაშვილის დახმარებით გადავიღეთ კინოფირზე პიეტრო მასკანის ოპერა «სოფლის პატიოსნება»-დან ინტერმეცო და «სიცილიანა» გიორგი ბეშიტაიშვილის შესრულებით, არფაზე უკრავდა ლერა ანასტასიდი! ჩავწერეთ ჩაიკოვსკის №1 სიმფონიის მეორე ნაწილი!

თავდაპირველად თუ ორკესტრის წევრებს რეპეტიციები სამხიარულო, გასართობ ადგილად მიაჩნდათ, თანდათანობით მიხვდნენ ჩვენი           საქმიანობის სერიოზულობას. შეიქმნა ერთსულოვანი, მეგობრული კოლექტივი, შეიგრძნეს, რომ რთული მუსიკის შესრულება შეძლებიათ!

მე ჩვენი რეპერტუარის მოსამენად მოვიწვიე ბატონი დიდიმ მირცხულავა, რომელმაც მოსმენის ბოლოს შეაქო ახალგაზრდა მუსიკოსები, გამოგვიცხადა მისი მხარდაჭერა და აღნიშნა თუ რა დიდი საქმის დასაწყისში ვიყავით! ცალკე მე, როგორც დირიჟორს მომცა შენიშვნები, დამინიშნა გაკვეთილი სადაც უნდა გვემუშავა შენიშვნების გამოსწორებაზე.

კიდევ ერთი თვის რეპეტიციების მერე, მე განცხადებით მივმართე კულტურის სამინისტროს, რომ გამოეყოთ სპეციალური კომისია «ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის» მოსასმენად და ოფიციალური სტატუსის მისაღებად!

ამ საქმეში ჩვენი მხარდამჭერი ბევრი ადამიანი ჩაერთო, მაგრამ სამინისტროდან გარკვეული პასუხი ვერ მივიღეთ, მოსმენითაც კი არ მოინდომეს მოესმინათ ორკესტრი! საბოლოოდ გვითხრეს, რომ პატარა ბიუჯეტის გამო კულტურის სამინისტროს არ შეუძლია კიდევ ერთი ორკესტრის შტატში აყვანაო! ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ასე უბრალოდ დავნებდით, იყო ჩვენგან წინადადებები უფასოდ კონცერტის ჩატარების უფლების შესახებ, თუ გინდ სულ მცირედი ანაზღაურებით მოეცათ ჩვენი არსებობის უფლება, მაგრამ ყველა ჩვენი შეთავაზება უშედეგოდ დამთავრდა!  ყველაფერზე უარი თქმა იმით იყო ახსნილი, თქვენ რომ გაღიაროთ, მაშინ ქუთაისაც, ბათუმსაც, თელავსაც და ა. შ. ყველას მოუნდება ჰყავდეს თავისი «ახალგაზრდული სიმფონიური» ორკესტრიო!

დიახ, სწორედ ასე მოხდებოდა და რა იყო ამაში ცუდი?! ეს იქნებოდა კლასიკური მუსიკის «აყვავების, ოქროს დრო!». ახალგაზრდა მუსიკოსებს გამოუჩნდებოდათ სამუშაო ადგილები თავისი სპეციალობის მიხედვით, ახალგაზრდა კომპოზიტორებს მიეცემოდათ მოტივაცია დაეწერათ სიმფონიური ნაწარმოებები, მითუმეტეს ამ წლეებში იყვნენ შესანიშნავი ახალგაზრდა კომპოზიტორები: იოსებ კეჭაყმაძე, ფელიქს ღლონტი, ვაჟა აზარაშვილი და ბევრი სხვები, აქ ყველას ვერ დავასახელებ, ასევე  საქვეყნოდ ცნობილი ქართველ კომპოზიტორები!

საზოგადოებისთვის კი ეს იქნებოდა კარგი შესაძლებლობა დასწრებოდნენ კლასიკური მუსიკის კონცერტებს, სადაც მოისმენდნენ შესანიშნავ მუსიკას, ჩვენი, ქართველი ახალგაზრდების შესრულებით! ეს შესაძლებლობა არ გამოვიყენეთ! ეტყობა კულტურის სამინისტრო მაშინ არ იყო მზად ასეთი სერიოზული ნაბიჯებისთვის!

მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მიუხედავად ასეთი «გაცრუებული იმედი»-სა ჩემთვის ადგილზე დგომა დაუშვებელი იქნებოდა!

იყო 1969 წლის სექტემბრის ბოლო და ოქტომბრის დასაწყისი. ჩემი გაკვეთილები სიმღერაში ნოდარ ანდღულაძესთან ტარდებოდა  არა სახარბიელო ვითარებაში.

ამ დიდ მომღერალზე – ნოდარ ანდღულაძეზე მე არა მაქვს არავითარი უფლება და საფუძველი კარგის გარდა რამე ვთქვა! ჩვენზე უმფროსი, განათლებული, წარმატებული ადამიანი, შესანიშნავი ოჯახის ერთადერთი შვილი, უკვე ყველასთვის ცნობილი მომღერალი დიდი პერსპექტივებით!

მინდა გავიხსენო ჩვენი ბავშვობის ის დრო, როცა ნოდარ ანდღულაძე ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან ჩვენ რომ გაგვიცნო და თავიდანვე ისე გვექცეოდა როგორც უმცროს ძმებს. გვასწავლიდა, გვირჩევდა რა წაგვეკითხა, რა გვესწავლა! ოპერაში ყველა მის სპექტაკლებს ყოველთვის ვესწრებოდით. ჯეროდა ჩემი ყურთასმენის. იცოდა რომ არ მოვიტყუებდი და სპექტაკლის შემდეგ აუცილებლად შემეკითხებოდა რა მომეწონა, რა არ მომეწონა და რატომ არ მომეწონა.  ასეთი ნდობა ჰქონდა მას ჩემს მიმართ. ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ ჩვენი ხმის მუტაციამ გრძელდებოდა.

ერთხელ ზაფხულში ჩვენ ოჯახს მახარაძეში ესტუმრა ბატონი დავითი, თან ახლდა ნოდარი და ზურაბ სოტკილავა! გაიშალა გურული სუფრა, შეიკრიბა ახლობლები, მეზობლები. გურული სუფრა უსიმღეროდ ვის გაუგია? ჯერ ნოდარს სთხოვეს ემღერა რამე, მან იმღერა ხოზეს არია, რამაც სუფრის წევრების მხურვალე აპლოდისმენტები გამოიწვია, მეც კი შემაქეს, ვინაიდან აკომპანიმენტსმე უწევდი პიანინოზე. შემდეგ სთხოვეს ზურაბ სოტკილავას, მაგრამ მოიბოდიშა «გაციებული ვარო». ამ დროს ვასო ბიძიამ გამოიჩინა ინიციატივა: « მოდი კაკო ჩვენი სტუმრების საპატივცემულოდ ჩვენც ვიმღეროთო!», მამას ძალიან მოერიდა, ჯერ იუარა, მაგრამ ბატონ დავითს ხათრი ვერ გაუტეხა და იმღერეს ძმებმა გურული შაირები: «შაირები მეც კი მიყვარს და ფანდურზე დამღერება».

ამ სიმღერამ  სტუმრებში დიდი მხიარულობა გამოიწვია. თვით შაირების კუპლეტები ძალიან მხიარული, სასაცილო იყო, მერე კი დიდი გაოცება გამოიწვია კაკოს და ვასოს ხმებმა. რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბატონმა დავითმა. ბიძია ვასოს ქონდა დრამატიული ბარიტონი, ისეთი სიძლიერის თითქოს მთაში მდინარემ კლდე გაარღვიაო, მისი ხმა სიძლიერით და ტემბრალურად ძალიან გავდა საქვეყნოდ ცნობილ იტალიელ ბარიტონს ტიტტო რუფფოს ხმას! მამას ძალიან ლამაზი, დიდი დიაპაზონის ტენორი ქონდა, შეეძლო სრულიად ჩუმად ემღერა და თუ საჭიროება მოითხოვდა ისეთი ხმის სიძლიერით ემღერა, რომ არც ვასოს ხმის ეშინოდა და არც არავის. ბატონი დავითი არ მალავდა თავის გაოცებას: «დღეს რაღაც გასაოცარი დღეა! არ ველოდი თუ ასეთ ხმებს მოვისმენდიო». ძალიან ნანობდა, რომ ასეთი იშვიათი ხმების პატრონი, ნიჭიერი ახალგაზრდები საქართველოში უყურადღებოდ რჩებოდა!

დაუბრუნდეთ 1969 წლის სექტემბერს!

სიმღერის გაკვეთილებს   ნოდარ ანდღულაძესთან! მე არ მომწონდა ჩემი ნამღერი, ჩემი ხმა, არც ჩემი მკურნალობის გაზვიადებული პროცესი, რაზედაც როგორც ჩანს მე ძალიან ხშირად ვლაპარაკობდი და ვკამათობდი. ნოდარს კი ჩემს მიმართ გაუჩნდა ეჭვი: თითქოს მე შემოთავაზებული სიმღერის სკოლა არ მომწონდა და ამ სკოლის არ მჯეროდა! რა თქმა უნდა «სკოლა» აქ არაფერ შუაში არ იყო. ვფიქრობ ის  იმყოფებოდა არა მასწავლებლობის, არამედ თავისი სტატუსის განმტკიცების, როგორც დიდი მომღერალის დროში და ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო მასწავლებლობის დროსთან! მასწავლებლობას თავისი ასაკი გააჩნია და ცოდნის გარდა დიდი გამოცდილება ჭირდება!  მას მოწყინდა ჩემთან უშედეგო მასწავლებლობა და მეც უკვე ვერ ვხედავდი მეცადინეობის გაგრძელების აუცილებლობას.

მე მაშინაც უკვე მესმოდა, რომ ნოდარს მის ცხოვრების გზაზე არა ერთხელ ქონდა გადატანილი «გაცრუებული იმედები», თუ გინდ მოსკოვის დიდ თეატრში სოლისტად მუშაობის, რასაც ის ნამდვილად იმსახურებდა სხვებზე უფრო მეტად!

უნაკლო მომღერალი არ არსებობდა და არც არსებობს, მაგრამ იტალიურ ოპერების შესრულებაში ნამდვილად იტალიური ხმით და სკოლით ნოდარ ანდღულაძეს მაშინ ვერავინ ვერ შეედრებოდა!

თეატრების კულისების მიღმა მიმდინარე სხვადასხვა ჯგუფების «საქმიანობამ» ბევრი არა ღირსეული, მაგრამ ჯგუფისთვის შესაფერისი მომღერალი ზემოთ ამოატივტივა და ბევრი ღირსეული კი ჩაძირა!

ნოდარ ანდღულაძეს უკვე გავლილი ჰქონდა თეატრების ასეთი «ადათ-წესები», რამაც მასზე როგორც ჩანს ცუდი, ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა! ვფიქრობ ამის მიზეზი იყო ამ პერიოდში რაღაც სპეციფიკური დამოკიდებულება ახალგაზრდა, ასე ვთქვათ «პერსპექტიული» მომღერლების მიმართ, მათ შორის ჩემი ძმის გოგის, დავით ანდღულაძის საუკეთესო მოწაფის მიმართ! ჩემი ბოლო გაკვეთილის ბოლოს ამ საკითხზე ვერ შევთახმდით და ცხარე კამათი გამოგვივდა.

ასე უფერულად დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა მასწავლებლისა და მოწაფისა! ეს იყო ჩემ ცხოვრებაში ერთერთი დიდი «გაცრუებულიიმედი»! ერთერთი, მაგრამ არა ბოლო. ჯერ მხოლოდ 22 წლის ვიყავი და წინ კიდევ ბევრი «გაცრუებული იმედები» მელოდებოდა!

 

მინდა პატარა, დასკვნის სახით დღევანდელი გადასახედიდან ჩემი აზრი გაგიზიაროთ, უბრალო სიტყვებით რომ ვთქვა ყველა ადამიანს, როგორც სულიერ არსებას გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყობითი მხარეები, კეთილი და ბოროტი, კარგი და ცუდი, პლიუსი და მინუსი! სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა სიტუაციის მიხედვით ხან პლიუსი იმატებს და მინუსი იკლებს! ხან კი მინუსი იმატებს და პლიუსი იკლებს! კარგია ისეთი ბალანსი, სადაც პლიუსი გაცილებით მეტია ვიდრე მინუსი. მთავარია ღირსების, პატიოსნების და საკუთარი თავის და ღმერთის რწმენის შენარჩუნება!

 

                                                                                                                                                                                  

     

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    „მომწყურდი საოცარი ძალით“(გაგრძელება) უცხო ენათა ინსტიტუტის პრორექტორი  გოგი შიოშვილი დიდებული ადამიანი აღმოჩნდა, მან განსაკუთრებული როლი შეასრულა ჩვენი ცხოვრების გზაზე. ჯერ კიდევ 1965 წლის იანვარში, როცა კონსერვატორიაში გამოცდების ჩაბარებამდე რჩებოდა რაღაც  4 - 5 თვე, ბატონმა გოგიმ მიგვამაგრა ინგლისური ენის მასწავლებელთან, ახალგაზრდა ასპირანტ ქალთან,  რომელიც კვირაში სამჯერ, სამი საათის განმავლობაში გვიტარებდა გაკვეთილებს. ამ…
  • 86
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 84
    „ბათუმიდან დაიწყება ექვთიმეს მოგზაურობა დანარჩენ საქართველოში“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო  თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ,  არაერთი  მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა  ყოფნა-არ ყოფნის ჟამი.  შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
  • 84
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…
  • 84
    თემები, რომლებიც აქტუალობას არ კარგავენ - ანუ რა მანძილია შემგროვებლობასა და ხარჯვას შორის და რამდენად თვითმყობადია იგი სცენასა და სცენის მიღმა, რეალურ ყოფაშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა, ამჯერად უკვე  რუსთაველის ეროვნული თეატრის შემოქმედებითმა ჯგუფმა აახმოვანა. სტუმრებმა გიორგი ერისთავის ერთმოქმედებიანი კომედია „ძუნწი“ ხუთ ივლისს  წარმოადგინეს. სცენური ვერსიის ავტორი და რეჟისორი - გოჩა კაპანაძე გახლავთ; მხატვარი - ლომგულ მურუსიძე; კოსტიუმების მხატვარი - ანა ნინუა; კომპოზიტორი - ნათია ზეინკლიშვილი; ქორეოგრაფი - კოტე…

არ გამოტოვოთ