ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია _ ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისათვის“, რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად..
CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების მენეჯერის ნინო გაფრინდაშვილის ინფორმაციით საგრანტო კონკურსის ფარგლებში 25 პროექტი დაფინანსდა ოზურგეთის, 13 პროექტი ლანჩხუთის, 12 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
ჩვენ ვწერდით კონკურსის შედეგების და მიმდინარეობის მიმართ გამოთქმული შენიშვნებისა და პროექტში გამარჯვებული პირების გასაჯაროების აუცილებლობის შესახებ. („ალიონი“#5). მწვავე პოლემიკის შემდეგ ჟურნალისტებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კონკურსში გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილი გახდა და ამჟამად CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოაწყო ტური „გაიცანი ადგილობრივი ბიზნესი“, რითაც საშუალება მოგვეცა, გავცნობოდით 5 ბენეფიციარს, რომლებმაც გამარჯვებული პროექტების რეალიზება შეძლეს.
პირველად ქ. ოზურგეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე მედეა ჯინჭარაძის ალსტრომერიის სათბური მოვინახულეთ.
სამომხმარებლო ბაზარზე ალსტრომერიის ყვავილზე მოთხოვნა დიდია და სათბურის მეპატრონის თქმით ვეგეტაციის შესაბამისად შეუძლიათ 3 დღეში ერთხელ 3 ათასი ცალი ყვავილი მიაწოდონ ბაზარს.
მედეა ჯინჭარაძის თქმით, აღნიშნულ საქმიანობას სამი წელია ეწევა, მას შესწავლილი აქვს რეგიონის სამომხმარებლო ბაზარი, ნერგების დარგვის მისეული სტილი (მჭიდროდ რგავს ნერგებს) აქვს და ამ საქმიდან მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ელოდება.
როგორც მან გვითხრა, პროექტით 11 ათასი ლარი მიიღო, რაც სათბურის აგების ღირებულების 85 პროცენტს შეადგენს. წელს, დიდთოვლობისას მართალია 315 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სათბურს ნაწილობრივ მიადგა ზიანი, მაგრამ მალევე აღადგინეს.
იგი ბიზნესის გაფართოებას გეგმავს და მომავალში ეზოში კიდევ ერთ სათბურს დადგამს. იმედოვნებს, რომ ინვესტორს იპოვის და თავად კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმატებებს მიაღწევს.
შემდეგი ლოკაცია თათია გოგიბერიძის საოჯახო მარანი გახლდათ. იგი ქ. ოზურგეთში, იური სიორიძის ქუჩის დასაწყისში (სასამართლოს წინ) მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 70 ათას ლარს შეადგენს და აქედან 53 ათასი ლარი დონორმა ორგანიზაციამ დაუფინანსა. როგორც გვითხრეს, ამ ოჯახს ღვინის დამზადების გამოცდილება აქვს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ გამოფენაზე ვერცხლის მედალიც კი აიღეს.
_აქ ჩვენ ვენახი არ გვაქვს. შემოდგომაზე ყურძენს ბუკისციხეში ვყიდულობთ, მოგვაქვს და ჩვენს საოჯახო მარანში ვწურავთ. ვცდილობთ ევროპული სტანდარტები დავიცვათ. ახალი, კაპიტალური მარანი დაგვეხმარება ამ სტანდარტების მოთხოვნების განხორციელებაში.
ჩამოსხმული გვაქვს ცოლიკაურის, ჩხავერის, ალადასტურის, მტევანდიდის ღვინოები. წელს საკმიელასაც დავუმატებთ. სამომავლოდ საფერავსაც (ოღონს ხაშმის ყურძნისაგან) ჩამოვასხამთ _ გვითხრა თათია გოგიბერიძემ.
იგი აქ ტურისტების მიღებას გეგმავს.
მკვლევარი ნანა თავდუმაძე ამბობს, რომ რეგიონში სტუმარ-მასპინძლობის ინსტიტუტი უნდა განვითარდეს. ტურიზმი, განსაკუთრებით „ნელი ტურიზმი“ გააძლიერებს გურიის ბრენდირებას საერთაშორისო ტურისტულ ქსელებში. ეს მიმართულება, რომელიც ფოკუსირებულია ლოკალურ კულტურაზე, ბუნებრივ მემკვიდრეობაზე და ავთენტურ გამოცდილებაზე, ხელს შეუწყობს რეგიონის ბუნებრივი და კულტურული რესურსების სწორად გამოყენებას, შექმნის ფართო ეკონომიკურ სარგებელს, წაახალისებს სოფლად დასაქმებას.
სოფელ მელექედურში თეა ცხომელიძის ფართობში მოცვის ინოვაციური მოყვანის პრაქტიკას გავეცანით.
_ ერთი ჰექტარი მიწის ფართობი მაქვს. 2800 კვადრატულ მეტრზე გაშენებულია ინოვაციური, ინტენსიური ლურჯი მოცვის ბაღი. სპეციალურ ქოთნებში დარგული მაქვს 1500 ძირი ინგლისური ჯიშების („გლადიატორი,“ „მავერიკი“) ლურჯი მოცვის ნერგი. ამდენივე რაოდენობის წამოვიღე სოფელ გურიანთაში არსებული სანერგედან „კოლიბრის,“ „სვითჰარდის“ იტალიური ჯიშის ნერგები.
ცოტათი დიდმა თოვლმა კი შეაფერხა, მაგრამ წელს ნაყოფმა ნიშანი მოგვცა, ვფიქრობ სამი წლის შემდეგ აქ 9 ტონა მოცვის მოსავალს მივიღებ. ვგეგმავ დარნარჩენ ფართობზეც მოცვის გაშენებას _გვითხრა თეა ცხომელიძემ.
მისი თქმით, იგი ამ პროექტის განხორციელებაზე კარგა ხანია მუშაობს. ბანკიდან საკმაოდ დიდი კრედიტის გამოტანა მოუწია. მარტო წყლის ჭაბურღილის მოწყობა (83 მეტრ სიღმეზე გაბურღეს სპეციალისტებმა) 30 ათასი ლარი დაეხარჯათ.
_ქოთნები მცენარეს მეტ მზის შუქს აძლევს, ხოლო საკვები ნივთიერებები ნიადაგში უფრო კონცენტრირებულად ნარჩუნდება. რაც მთავარია ავტომატიზირებული სარწყავი სისტემა გვაქვს და ნერგებს წყალი საჭიროების მიხედვით მუდმივ რეჟიმში მიეწოდება _გვითხრა მან.
დონორი ორგანიზაციის წილი მის მიერ წარდგენილ 60 ათასიან პროექტში 45 ათას ლარს შეადგენს.
თუკი აქ წარმოდგენილ წინა ორ პროექტში ოჯახის წევრები ჰყავთ დასაქმებულნი, აქ, მელექედურში საჭიროებისამებრ დამხმარე მუშახელს იყენებენ და ცხომელიძის თქმით მოცვის კრეფის სეზონზე აქაურ მოსახლეობას დაასაქმებენ.
სოფელ გამოღმა მელექედურში მდებარეობს ალექს შეწირულის ჩაის პლანტაცია და ჩაის საწარმო „ტაბა“.
_თავდაპირველად სამედიცინო განათლება მივიღე, შემდეგ 12 წელი ბრიტანეთში ვცხოვრობდი. მეწარმეობის ნიჭი აღმომაჩნდა, სამშობლოში დავბრუნდი და საოჯახო ჩაის ბიზნესი დავიწყე. შემეძლო ამ საქმეში ჩადებული თანხით სხვა ბიზნესი დამეწყო, მარკეტი გამეხსნა და უფრო იოლად გვეკეთებინა ბიზნესი, მაგრამ ამ საქმეს მოვკიდე ხელი. 10 ჰექტარ ფართობს ვუვლით, 12 ადამიანი გვყავს დასაქმებული. თანამედროვე ტექნოლოგიებით, ბუნებრივად მოყვანილი ჩაის ფოთლებისაგან ვაწარმოებთ უმაღლესი ხარისხის შავ, მწვანე და მოცვის ჩაის. ჩვენს პროდუქციას მომხმარებელი ჰყავს.
საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე და 48 ათასი ლარით დამაფინანსეს. შევქენით ჩაის სადეგუსტაციო დარბაზი „ტაბა“, სადაც უცხოელ თუ აქაურ ტურისტს შეეძლება ჩაის დეგუსტაცია . _გვითხრა ალექს შეწირულმა.
მან ჩვენთან საუბარში თავისი ბაბუა _ოზურგეთის კვების მრეწველობის ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე აკაკი შეწირული გაიხსენა, რომელ ტექნიკუმშიც მთავარი სპეციალობა _ჩაის მრეწველობის სპეციალისტების მომზადება იყო.
ამ დღის ბოლო ლოკაცია, სოფელ ბაღდადში ნიკო მამასახლისის მამულის მონახულება იყო, სადაც მეწარმე ინგა დუმბაძემ 18 ათასი ლარი გრანტით საოჯახო ბიზნესი გააუმჯობესა და ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი გახადა აქაური გარემო. (ინგა დუმბაძის მამულზე მომავალშიც ვისაუბრებთ).
რაც მთავარია, ჟურნალისტების და არასამთავროების ჯანსაღმა პოლემიკამ გარკვეული შედეგი გამოიღო და ვფიქრობთ, ეს პროცესი გაგრძელდება და უახლოეს ხანში ევროკავშირის მიერ უფრო მსხვილი თანხებით დაფინანსებული პროექტების დასრულების ან მიმდინარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციას მიიღებს მოსახლეობა.
ვფიქრობთ, ევროკავშირი კი, თუ როგორ იხარჯება გურიის რეგიონში მათ მიერ გამოყოფილი თანხები, გასაჯაროების წინააღმდეგი არ იქნება.
გაზეთი „ალიონი“, #10, 2 ივნისი, 2025 წ. გვ. 1-3.
მსგავსი სტატიები
- 93
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა 2025 წლის 15 იანვარს ბათუმში მომხდარი თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს: ვეხმიანებით ბათუმში მომხდარ ფაქტს და მიგვაჩნია, რომ პროტესტის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიები და ძალადობა ქართული ოცნების რეჟიმის ხელწერად იქცა. აღნიშნული ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობრივ გარემოს ქვეყანაში და ფეხქვეშ თელავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 15 იანვარს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, პარტია „ქართული ოცნების“ წევრები, დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე, სხვა პირებთან ერთად თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას[1] და ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ თანამშრომელს ზვიად ქორიძეს[2]. ადგილი ჰქონდა, როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე, მათზე ფიზიკურ ძალადობას. პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ძალადობრივი ქმედებები მოქალაქეების მიმართ აღარ არის ერთჯერადი შემთხვევა – ეს უკვე მათი რეპრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის განუყოფელი…
- 92
გურული არქიტექტორები ერთიანდებიან – რეგიონში შეიქმნა ახალი პროფესიული ასოციაცია „აგა“ (AGA – Association of Gurian Architects) რომლის მთავარი მიზანია გურიის ურბანული განვითარება, სივრცითი დაგეგმარება და თანამედროვე, ეკომეგობრული არქიტექტურის ხელშეწყობაა. AGA-ს წარდგენის პრეზენტაცია გასულ წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, მაგრამ ასოციაციამ გარკვეული საქმიანობები უკვე დაიწყო.…
- 92
- 91
ევროკავშირის მხარდაჭერით გურიის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი „მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური მდგრადობის ზრდისათვის“,რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან _ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფთან ერთად.. გაზეთ „ალიონის“ #10-ში ჩვენ გამოვაქვეყნეთ სტატია „როგორ მიმდინარეობს გურიის რეგიონში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები?“, რომელშიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში,…
- 91