სამწუხაროდ, ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე კონტრაქტორმა არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულებები და უკვე გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გურიაში მიმდინარე პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
„დღეს ვიმყოფებით გურიაში, სადაც დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე ვიმყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უკვე გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი ხელშეკრულების ფარგლებში განახლდეს სამუშაოები და უკვე წელს მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება“, – აღნიშნა სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორ კომპანიას ოფიციალურად აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
შეტყობინების საფუძველს წარმოადგენს კონტრაქტორის მხრიდან არაერთი ვალდებულების დარღვევა. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა და კონტრაქტორისგან მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სახის ზიანის ანაზღაურება.
გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, რომელიც E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა.
პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას.
ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია 11 კმ-იან მონაკვეთზე, თუმცა დარჩენილი 3 კმ-ზე სამუშაოები სერიოზული შეფერხებით მიმდინარეობდა.
სამუშაოებს თურქული კომპანია – ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAPA ახორციელებს.
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში, 228 მილიონი ლარით ფინანსდება.
ამ გზის დასრულება უზრუნველყოფს სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პირდაპირ კავშირს ქობულეთის შემოვლით გზასთან, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის გამტარუნარიანობას და შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 67
- 66
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ57 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
- 65
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
- 64
(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 64
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.„ძალიან მნიშვნელოვანი რიკოთის მთავარი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. შესაბამისად, ტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნულ გვირაბში…