გონებისკარი ამ ზაფხულს სხვანაირად გამოცოცხლდა,  ძველი სასაფლაოს ადგილას სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ჩვენი სოფელი, ძველად – გომების კარი, აერთიანებს შემოქმედის თემის ორი დიდ სოფელს გომსა და შემოქმედს, ისტორიულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა ჩვენს სოფელს, კარიბჭის, გამაერთიანებლის, შემრიგებლის…

1871-1916 და 1862-1896 წლებში იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში ფიქსირდება კარისყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ასევე იხსენიება არქიმანდრიტ არსენ მგალობლიშვილის მიერ 1828 წელს შედგენილ შემოქმედის ეპარქიის ეკლესიების სიაში. აქ ერთიანდებოდა  მეზობელი სოფლები, აღინიშნებოდა საერო და საუფლო დღესასწაულები, აქვე იყო სასაფლაო, სადაც განსაკუთრებული პატივით დაკრძალავდნენ ხოლმე სოფლის გამორჩეულ ადამიანებს. საფლავები აქ დღესაც შემორჩენილია, ეკლესია კი კომუნისტურმა რეჟიმმა ადგილობრივთა ხელით აღგავა პირისაგან მიწისა, ისე გაანადგურეს, რომ დღეს მის შესახებ ინფორმაციის მოძიებაც კი ვერ შევძელით, აღარ არსებობს ვიზუალური მასალა, მხოლოდ წინაპართა მონათხრობით შევძელით მონაცემების აღდგენა “ – ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელსაც მიმდინარე სამუშაოებზე გავესაუბრეთ.

გონებისკარში არსებული ხის ტაძარი საბჭოთა წლების რეპრესიებს შეეწირა. ეკლესია არა მხოლოდ ლოცვის ადგილი იყო, არამედ სოფლის გაერთიანების და დღესასწაულების ცენტრი. მისი დანგრევის შემდეგ სოფელმა თითქოს დაკარგა ეს ხალისი და მთლიანობა, აქ სასაფლაო დარჩა მხოლოდ, სევდიან მოგონებად. ბავშვობაში ვისმენდი ბებიაბაბუას ისტორიებს იმ ტაძარზე, სადაც მთელი სოფელი იკრიბებოდა. მინდოდა დამენახა ის ადგილი ისევ ცოცხალი და მოქმედი, ეს ტაძარი ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დარჩებათ. ისინი უნდა გაიზარდონ იმ შეგრძნებით, რომ გონებისკარს აქვს თავისი ისტორია, თავისი სული და რომ ამ სულის შენარჩუნება შესაძლებელია,“ – გვიყვება გონებისკარში მცხოვრები ისტორიკოსი, მხცოვანი პედაგოგი ვენერა გოლიაძე.

„ადგილობრივებს ხშირად გვიფიქრია, ხმამაღლაც გვითქვამს, გვიოცნებია ნასაყდრალის ადგილას ტაძრის გაცოცხლებაზე, ვის არ გავუზიარეთ, ვთხოვეთ დახმარება, სახელმწიფოს, ბიზნესმენებს, არ გამოვიდა. ახლაც არ მჯერა რომ ჩემი თაობა ამისი მოწმე ხდება და აქ ტაძარი დაბრუნდება. ჩვენი თემისთვის ესაა ღირსების დაბრუნების და ძველი ცოდვის გამოსყიდვის შანსი. კარგი საქმე კეთდება, კეთილი და ღვთის მოსაწონი.“ – გვიზიარებს ემოციებს ადგილობრივი.

 

  ახალი პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით დაიგეგმა, საინიციატივო ჯგუფმა სოფელში ტაძრის აღდგენაზე ხელმოწერები შეაგროვა და მორიგი მცდელობით ბიზნესის ჩართულობაზე თემში მოქმედ კომპანია „პარვუს ჯგუფს“ მიმართა.  კომპანია, რომელიც გომის მთაზე მდინარე ბჟუჟის ხეობაში ჰესებს აშენებს,  სოფლის თხოვნას სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოეხმაურა.

„როცა სოფლის მოსახლეობამ მოგვმართა დანგრეული ეკლესიის აღდგენის თხოვნით, ჩვენთვის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინიციატივა აღმოჩნდა, „პარვუს ჯგუფისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა არასოდეს ყოფილა მხოლოდ სიტყვები — ეს არის ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა და საზოგადოების მიმართ აღებული ვალდებულება. გავიარეთ კონსულტაცია სპეციალისტებთან, საპატრიარქოსთან, ვესაუბრეთ ადგილობრივებს,სოფლის უხუცესებს, ისტორიკოსებს, ვეცადეთ ისტორიული მასალის მოძიება,  აღმოჩნდა, რომ გონებისკარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია არა მხოლოდ ისტორიული შენობაა — ის იყო სოფლის სულიერი კერა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ასაზრდოვებდა ადგილობრივებს. მისი აღდგენა ასი წლის შემდეგ ჩვენთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა, ეს ნიშნავს კულტურული მეხსიერების, ტრადიციების და საზოგადოების ინტერესების დაცვას.

ამის პარალელურად, პარვუს ჯგუფმა არაერთ სხვა სოციალურ ინიციატივას დაუჭირა მხარი და კვლავაც არაერთი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ,  მაგრამ  ახლა, მოსახლეობის მოთხოვნის და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეკლესია გახდა ჩვენი ფოკუსი.

კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საქმიანობა ჰესების მშენებლობის ფარგლებში მხოლოდ ტექნიკური პროცესებით არ შემოიფარგლებოდეს, ასევე ემსახურებოდეს სოფლის განვითარებას და ადგილობრივი თემის კეთილდღეობას.

ეკლესიის აღდგენა სიმბოლური ნაბიჯია — ის აერთიანებს მოსახლეობას, ასწავლის მომავალ თაობას თავიანთი კულტურის პატივისცემასა და მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელობას“ _ აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

გონებისკარში დაწყებული მშენებლობა ერთდროულად არის წარსულთან დაბრუნება და მომავლისკენ სვლა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივი ინიციატივა და კერძო სექტორის მხარდაჭერა ერთად გადაიქცეს მნიშვნელოვან საქმედ, რომელსაც არა მხოლოდ ერთი სოფლის, არამედ მთელი რეგიონისთვის აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ახალი ეკლესია სოფლის სულიერ ცენტრად იქცევა და მის გარშემო კიდევ უფრო გამტკიცდება საზოგადოებრივი ერთიანობა.

მსგავსი სტატიები

  • 90
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 89
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 85
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
  • 85
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
  • 84
    ბახმარო _დღეს ყველაზე მეტად საკამათო თემაბახმარო ბევრი წერს, რომ ესაა გურიის განვითარების და გადარჩენის ერთადერთი შანსი, რომ ბახმარომ მინიმუმ 300000 ვიზიტორი უნდა მიიღოს საწყის ეტაპზე. რომ დასაქმდება და გამდიდრდება ადგილობრივი მოსახლეობა. მაგრამ, ამას ვინც წერს ერთ სიტყვას არ ამბობს, თუ რა მოუვა ეკოლოგიას. 300000 ვიზიტორისას 100000 გათბობის ქვაბის მოგუგუნე მილი რომ ჩაირთვება, ასობით ავტომობილის გამონაბოლქვს…