1-ლი ოქტომბრიდან იმ უცხოელებისთვის, რომელთაც საქართველოში ყოფნის წესები დაარღვიეს, კანონი მკაცრდება. მარტივდება ქვეყნიდან გაძევება და ასევე იზრდება ჯარიმების მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, 1-ლი ოქტომბრიდან, თუ უცხოელმა დაარღვია ქვეყანაში ყოფნის ვადები, დაეკისრება ჯარიმა 1000-დან 3 000 ლარამდე, ამასთან, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აეკრძალება საქართველოში შემოსვლა. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქცია ქვეყნიდან გაძევებას არ ითვალისწინებს, ჯარიმის მოცულობა კი 180-დან 360 ლარს შეადგენს.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით 1-ლი ოქტომბრიდან:
„უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 3 თვემდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 6 თვის ვადით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 2 წლის ვადით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ყოფნა საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის დღიდან 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვას 3 წლის ვადით.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მგზავრობის წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ფიზიკური პირის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოში მოწვევა ან/და მისი მომსახურების უზრუნველყოფა ან/და მისი მომსახურებით სარგებლობა საქართველოში ცხოვრების, მუშაობისა და სწავლის უფლების მოპოვების დადგენილი წესების დარღვევით – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია კოდექსში. (აქამდე ჯარიმის მოცულობა 1 000 ლარს შეადგენდა)
გარდა ამისა, „სისხლის სამართლის კოდექსის“ მიხედვით, 1-ლი ოქტომბრიდან მარტივდება იმ უცხოელების გაძევება, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.
კანონის მიხედვით, „უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის − ორიდან ათ წლამდე ვადით;
ბ) მძიმე დანაშაულისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის − ხუთიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.
3. უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის უცხოელის საქართველოში დარჩენა“.
ამასთან, კანონის მიხედვით, უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა არ აღსრულდება, თუ უცხოელის მიმართ მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ექვემდებარება გაძევებას ექსტრადიციის ინიციატორ სახელმწიფოში და მის ექსტრადიციას მხოლოდ ეს სახელმწიფო ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონი თანმდევ პროექტებთან ერთად მიმდინარე წლის ივლისში მიიღო. ცვლილებები ჯამში საქართველოს 18 კანონში შევიდა.
(წყარო: KNEWS.GE)
მსგავსი სტატიები
- 70
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 68
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 65
„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთ კეთილდღეობას ჯანვერდი ცეცხლაძე, 73 წლის, პროფესიით ეკოლოგი, სწავლული მეფუტკრე. 14 წელი მუშაობდა გურიის გარემოს დაცვის სამმართველოში მთავარ სპეციალისტად. 1985-1992 წლებში იყო ოზურგეთის მეფუტკრეობის გაერთიანების მეფუტკრე-სელექციონერი. სოფელ გოგიეთში (მაკვანეთის თემი) ეკოპარკში ფუტკრის 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავდა და ეკოლოგიურად…
- 65
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
- 64
სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…