სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, ნივთიერება „კამიტი“, რომელიც ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს იყო გამოყენებული, შსს-ს არასდროს შეუძენია. მისივე თქმით, უწყებიდან ამოღებულ ნივთიერებებზე ექსპერტიზა ჩატარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია“, რომელიც მათივე თქმით, შსს-მ 2007 და 2009 წლებში  შეიძინა.

.ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (EN)

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე როგორც ტელეკომპანია BBC-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში გადმოცემულ ინფორმაციებზე, ასევე მის საფუძველზე საქართველოში წარმოებულ კამპანიასთან დაკავშირებით.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა.

ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, გამოიყენებოდა მასების მართვისთვის – არის ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’.

აღნიშნული ნივთიერება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიიდან 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება ,,ტრიქლორეთილენთან’’ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710. ეს  კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებულია 17.5 კილოიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრულია ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, სადაც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნულია როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოხსენიებული საერთაშორისო გადაზიდვის კოდებით UN3439 და UN1710 შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციას, მათ შორის ,,ავერსი-რაციონალს’’, ,,ჯიპისის’’, ,,რუსთავის აზოტს’’ და სხვებს, ბოლო 20 წლის განმავლობაში 606-ჯერ აქვთ შემოტანილი ათეულობით სხვადასხვა დასახელების სამოქალაქო, საწარმოო და სამედიცინო დანიშნულების ტვირთი, მათ შორის ტრანსპორტირების კოდი UN3439 – 507-ჯერ  და ტრანსპორტირების კოდი UN1710 – 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში.

რაც შეეხება ნივთიერება ,,ბრომობენზილ ციანიდს’’, იგივე ,,კამიტს’’ – ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.

საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება ,,კამიტს’’.

ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ ,,კამიტის’’ გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ.

გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხნენ მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებიც, ასევე ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალების მიხედვით, საზოგადოების ინტერესის დასაკმაყოფილებლად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ნივთიერება ,,ბრომობენზილ ციანიდის’’ ე.წ. ,,კამიტის’’ გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში.

ამ ფონზე ნიშანდობლივია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა 5 პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.

ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ – პირველი: ქიმიური ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’. მეორე: ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით). მესამე: ქიმიური ნივთიერება – პროპილენგლიკოლი.

გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები.

საყურადღებო გარემოებაა, რომ აღნიშნული პირის მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები, ახლო წარსულში ერთ-ერთ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ბრალდებულ ბექა ჭულუხაძის მიერ ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამ საქმეზე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის ცნობილი მოვლენების პარალელურად.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებულმა ლაშა შერგელაშვილმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთა ბექა ჭულუხაძეს ზემოთ აღნიშნული საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა და გადამალვა თბილისის მახლობლად. შერგელაშვილი ამჟამად იმყოფება უკრაინაში.

ამრიგად, გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს  დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი ,,კამიტის’’ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები და BBC-ის ფილმის ავტორებთან ერთად მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ, ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად.

შესაბამისად, ვინაიდან გამოძიების მიერ დეტალურად გამოსაკვლევი ორი მიმართულებიდან ერთ-ერთთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა პოლიციის მიერ წინა საუკუნის 30-იან წლებში აკრძალული ნივთიერების ე.წ. ,,კამიტის’’ გამოყენების გამოგონილ ფაქტს, საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში.“_განაცხადეს ბრიფინგზე.

მსგავსი სტატიები

  • 75
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 73
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 70
    სახალხო დამცველი _მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით „2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო, გამოწვევის…
  • 70
    ვახტანგ ღლონტი – 70  70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…
  • 70
    გონებისკარში ძველი ეკლესიის აღდგენა იწყება – ადგილობრივთა ინიციატივა და ბიზნესის მხარდაჭერა გონებისკარი ამ ზაფხულს სხვანაირად გამოცოცხლდა,  ძველი სასაფლაოს ადგილას სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. „ჩვენი სოფელი, ძველად - გომების კარი, აერთიანებს შემოქმედის თემის ორი დიდ სოფელს გომსა და შემოქმედს, ისტორიულად მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა ჩვენს სოფელს, კარიბჭის, გამაერთიანებლის, შემრიგებლის... 1871-1916 და 1862-1896 წლებში იმერეთის სინოდის კანტორის მეტრიკული წიგნების საძიებელში ფიქსირდება კარისყურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც…