წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი
1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით აჟიოტაჟი გამოიწვია, საკონცერტო დარბაზების დირექტორებმა მაღალ დონეზე შეაფასა ჩვენი კონცერტი და ყველამ სურვილი გამოთქვა ჩვენთან კიდევ ბევრჯერ შეხვედრის! გამოირკვა ისიც, რომ ყოველი თვის განმავლობაში ჩვენ მიგვიღია მონაწილეობა 38 კონცერტში. აღმოჩნდა რომ ამ მონაცემით ჩვენ დავიკავეთ მეორე ადგილი იოსიფ კაბზონის შემდეგ, მისი შედეგი იყო თვეში 44 გამოსვლა. მაგრამ ჩვენმა ხელმძღვანელმა სერგეი მელიკმა ყურადღება მიაქცია იმასაც, რომ იოსიფ კაბზონს ყავდა მუსიკოსებთა ორი შემადგემლობა და ქონდა ორი კომპლექტი საკონცერტო აპარატურის. სანამ კაბზონი ერთ ადგილას მღეროდა, ანსამბლის მეორე შემადგემლობა უკვე მეორე ადგილზე გამზადებული უცდიდა კაბზონის მისვლას! ჩვენ კი 38 გამოსვლა ჩავატარეთ ერთი შემადგემლობით,

ერთი აპარატურით! ადმინისტრატორის დიდი გამოცდილებით თუ ჩვენ დღეში ორი კონცერტი გვქონდა, მაშინ პირველ კონცერტს ჩვენ ვიწყებდით, მეორე კონცერტს კი ვამთავრებდით! თუ კი დღეში ერთი კონცერტი გვქონდა, მაშინ ვმღეროდით ჩვენ სოლო კონცერტს!
რადგან იოსიფ კაბზონი ვახსენე, მინდა ავღნიშნო მისი «პირობები» როცა ის იღებდა მონაწილეობას მოსკონცერტის «საერთო» კონცერტებში! ყველა ადმინისტრატორმა «იცოდა» მისი თხოვნა: « არცერთ შემთხვევაში, მისი სცენაზე გამოსვლის წინ, არ უნდა ემღერა ჟენია პოლიკანინს (ახალგაზრდა, შესანიშნავ ბარიტონს, ბრწყინვალე მაღალი ბგერებით)! კაბზონის გამოსვლიდან მხოლოდ ოთხი, ხუთი ნომრის შემდეგ ადმინისტრატორს ეძლეოდა უფლება ჟენია პოლიკანინის სცენაზე გამოშვების! როგორც სჩანს იოსიფს კაბზონს არ აწყობდა ემღერა თანმიმდევრობით ამ მომღერალთან. ალბათ მსმენელს რომ არ შეძლებოდა მათი ერთმანეთთან შედარება! მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ მომღერალს სრულიად განსხვავებული რეპერტუარი ჰქონდა. იოსიფ კაბზონი შესანიშნავად მღეროდა და ასრულებდა საბჭოთა პატრიოტულ სიმღერებს,
ჟენია პოლიკანინი კი რუსულ ხალხურ სიმღერებს და რუსულ რომანსებს.
ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ევგენი პოლიკანინი დროთა განმავლობაში გახდა ცნობილი საოპერო მომღერალი, მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემეროვოჩ-დანჩენკოს სახელობის საოპერო თეატრის წამყვანი ბარიტონი!
ასეთი ამბები არც თუ იშვიათია მომღერლებს შორის, თუ გინდ გავიხსენოთ ფრენკ სენატრა, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ამერიკელი მომღერალი, არტისტი რომელსაც ასევე ჰქონდა ხმის დიაპაზონში მაღალი ბგერების სიმღერის პრობლემა, რის გამოც ხშირად იყენებდა ფარულად სხვა მომღერლის დახმარებას! რაც შეეხება იოსიფ კაბზონს ის ჩვენს მიმართ კეთილად იყო განწყობილი, მოსკონცერტში შეხვედრისას ომახმიანად შემოგვძახებდა: «ბიჭებო კაკ დელა?!». რამოდენჯერმე ჩვენ მიგვიწვია გასტროლებზე მასთან ერთად თურქმენისტანში, ტაჯიკისტანში და მოლდოვეთში.
1981 წლის მაისში ცენტრალური ტელევიზიის პირველმა პროგრამამ აჩვენა ჩვენი სატელევიზიო ფილმ-კონცერტი. ამ ფილმ-კონცერტის შესახებ წინა სტატიაში მე უკვე დაწვრილებით მოგიყევით გაზეთ «ალიონის» გვერზე, ვიტყვი მხოლოდ, რომ მოსკოვში ამ ტელე-ფილმა დიდი გამოძახილი გამოიწვია! ყველა გვილოცავდა წარმატებას, კიდევ უფრო დიდი ინტერესი გააჩინა ჩვენს მიმართ რადიო და ტელე მაყურებლისა და მსმენლების! გახარებული იყო სახელმწიფო ესტრადის თეატრის დირექტორი ბატონი ბორის ბრუნოვი. მაისის თვეში ჩვენ ორი კონცერტი ანშლაგით ჩავატარეთ ესტრადის თეატრის სცენაზე. ამ კონცერტებმა გამოძახილი იპოვა გაზეთების «ვეჩერნაია მოსკვას» და «კომსომოლსკაია პრავდას» გვერდებზე, სადაც აღნიშნეს ტრიუმფ გრუზინსკიხ პევცოვ!
1981 წლის ივნისის დასაწყისიდან ასრულდა ჩვენი ჩანაფიქრი, მოსკონცერტმა ორი თვით გასტროლებით მიგვავლინა საქართველოში, უფრო ზუსტად
ქ. სოხუმში და ქ. ბათუმში. ამავე პერიოდში ჩვენი ანსამბლის დირექტორი ლადო სამადბეგაშვილი აწარმოებდა მოლაპარაკებას თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების საკონცერტო დარბაზების დირექციებთან! აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს ქ. ფოთის, ქ. სამტრედიის, ქ. ქუთაისის,
ქ. ზესტაფონის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. წყალტუბოს ხელმძღვანელობამ! მარტო თბილისის ფილარმონიამ განაცხადა უარი, 1981 წლის ყველა დღე დაკავებული გვაქვს კონცერტებითო! თან დაამატეს «არ ვიცით ვინ არიანო?!», ასეთმა უხეშმა, პასუხმა ჩვენი მოტივაცია კიდევ უფრო გააძლიერა გაგვეგრძელებია ჩვენი საქმე.
ჩვენ ანსამბლში გვყავდა იმ დროისთვის ძალიან კარგი მუსიკოსები, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ საყვირზე, კლარნეტზე, საქსაფონზე და სინთეზატორზე დამკვრელი მუსიკოსები, სუპერ-კლასის იმპროვიზატორები. მოსკონცერტმა თან გამოგვაყოლა კონფერანსიე მიხაილ ევდაკიმოვი, მაშინ რუსეთში ყველაზე პოპულარული არტისტი-პაროდისტი. ასევე ხმის რეჟისორი და განათების რეჟისორი. საღამოებით ვიყენებდით სტრაბასკოპს, დისკო შარებს, ღრუბლების მანქანა, ლაზერის სვეტო მუსიკას! სიბნელეში განსაკუთრებულად ეფექტიური იყო სტრაბასკოპი, წამში რამოდენჯერმე ელვისებური ანთება ჩაქრობა გვაძლევდა საშვალებას ეფექტურად გვემოძრავა და გვეცეკვა. კომპოზიტორ ვალოდია კუპრიანოვის სიმღერაში «დავაი პოტანცუემ» მე ძალიან მეხმარებოდა, მაყურებელს ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა, თითქოს სცენაზე მაგარი მოცეკვავე ცეკვავსო.
ჩვენი სასიმღერო პროგრამაც სრულიად გამოირჩეოდა სხვა ანსამბლების პროგრამებისგან, საესტრადო თანამედროვე საზღვარგარეთული სიმღერებით: რიკკი ე პოვერის «კოზა სეი», «პიკკოლო ამორე», «ჩე სარა», «მამა მარია», «ე ქომე მორე სისა». ადრიანო ჩელენტანოს «სოლი», «სუზზანა», «ამორე ნო», ტოტო კუტუნიოს «ლ“იტალიანო» და «სოლო ნოი». თანამედროვე რუსი კომპოზიტორების: იური ანტონოვის, ვიაჩესლავ დობრინინის, ვალერი ზუბკოვის, ვალერი ლაზავოის, ევგენი მარტინოვის სიმღერები! ამ სიმღერებს ემატებოდა ჩვენი დიდი ქართული რეპერტუარი! ერთი თვე ვიმუშავეთ სოხუმის საზაფხულო თეატრის სცენაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. ამავე პერიოდში ჩავატარეთ დღის გასვლითი კონცერტები გაგრაში და ბიჭვინთაში! ზაფხულობით შავი ზღვის პირას ათასობით დამსვენებლები, მათ შორის ქართველებიც ისვენებდნენ, ესწრებოდნენ ჩვენ კონცერტებსაც. ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან, გვაქებდნენ, კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ძალიან მოწონდათ ჩვენი რეპერტუარი, ჩვენი ანსამბლი!
რამოდენიმე ადამიანმა პირადად გაგვეცნო, მუსიკოსები აღმოჩნდნენ. გვითხრეს, რომ საღამოს მეგობრებთან ერთად თქვენ კონცერტებს ვესწრებითო! მოგვიყვნენ, რომ სოხუმში ხშირად ჩამოდიან ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლები თბილისდან. ძირითადად ასრულებენ ქართულ საესტრადო სიმღერებს და თითო-ოროლა რუსულ ან საზღვარგარეთულ სიმღერას. თქვენ კი ანსამბლის მუსიკოსები თავის ინსტრუმენტზე პროფესიონალურად, გასაოცრად მაღალ დონეზე უკრავენ, ასეთი იმპოვიზაციის დამკვრელები მუსიკოსები საყვირზე, საქსაფონზე და სოლო გიტარაზე ჩვენთან ძნელად მოიძებნებიანო. თქვენ, ორივე სოლისტები თანამედროვე სიმღერებს მღერიხართ ისე შესანიშნად, რომ სურვილი გვიჩნდება კიდევ და კიდევ დავესწროთ თქვენ კონცერტს, რომ კიდევ ერთხელ მოვისმინოთ პოპულიარული სიმღერების ცოცხალი შესრულება. იმოდენა რეპერტუარი გქონიათ, რომ ყველა კონცერტზე ახალ-ახალ სიმღერებს მღერიხართო!
რამოდენიმე ადამიანმა ჩვენი პატარა პლასტინკებიც მოიტანეს, თბილისში უყიდიათ და ავტოგრაფები გვთხოვეს! ერთმა გოგონამ თავისი ლექსების რვეული გადმოგვცა: «იქნება ჩემ ლექსებზე სიმღერები დაწეროთო». მახსოვს რომ მეგრული გვარი ჰქონდა, მაგრამ ახლა ვერაფრით ვერ გავიხსენე ვერც გვარი, ვერც მისი სახელი. ლექსების რვეული ლადო სამადბეგაშვილს (ფსევდონიმით «სურამელი») გადავეცი. ლადო ძალიან კარგი სიმღერების ავტორი იყო, მოსკოვის ცნობილი მომღერლები მღეროდნენ მის სიმღერებს. მას დიდი ნიჭი და გამოცდილება გააჩნდა უკვე დაწერილ ლექსებზე მუსიკის შექმნის.
წინ გველოდებოდა გასტროლები ბათუმის ფილარმონიაში! მაგრამ მინდა ჩემ მოგონებებში ცოტა დროით წინ გადავიდე. 1982 წელს ჩვენ თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საქართველოს ქალაქებში ჩავატარეთ კონცერტები. მაყურებელი სითბოთი და სიმპატიით იყვნენ განწყობილი ჩვენს მიმართ. აქაც ბევრ მათგანს ხელში ეჭირათ ჩვენი პლასტინკები და გვთხოვდნენ სამახსოვროდ ავტოგრაფები პლასტინკების ყდაზე დაგვეწერა.
დაუბრუნდეთ ჩვენ გასტროლებს, ამჯერად აჭარის ულამაზეს ქალაქში, ბათუმში!
იყო 1981 წლის ივლისი. უკვე საკმაოდ ცხელოდა, ირგვლივ ყველაფერი ყვაოდა, განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურებოდა ზღვის სანაპირო ხეივანი. ჩვენი მუსიკოსები აღტაცებული შესცქეროდენ ამ პატარა სამოთხეს დედამიწაზე! ჩვენ პირადად შეგვხდა ფილარმონიის დირექტორი მიხეილ ნაკაშიძე, მისი მოადგილე სარდიონ ხარჩილავა და ნოდარ ფაღავა! მიგვიღეს ფილარმონიის შენობაში, სადაც როგორც ჩანდა დიდი ხნის რემონტი მიმდინარეობდა. დირექტორმა გვითხრა, რომ რემონტის გამო ჩვენ მოგვიწევდა კონცერტების ჩატარება საზაფხულო თეატრის შენობაში, სანაპიროსთან!
დაგვაბინავეს თეატრთან ახლოს მდებარე სასტუმროს ნომრებში, ყველა საჭირო პირობებით. ჩვენი კონცერტის აფიშები გაკრული იყო არა მარტო ბათუმის ქუჩებში, ასევე აჭარის რეგიონის ყველა დასახლებებში, რაიონის ცენტრებში. ბათუმის კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად «მოსკონცერტმა» ჩვენ დაგვიმატა და მოსკოვიდან გამოგვიგზავნა შესანიშნავი მოცეკვავეები კირიუშკინა ნატალია და დიმიტრი კუზინი საცეკვავო ნომრით. ასევე ცნობილი კონფერანსიე სერგეი სვისტუნოვი, ვინაიდან მიხაილ ევდაკიმოვი სასწრაფოდ გაიწვიეს მოსკოვში. გვთხოვეს შაბათ და კვირას ჩაგვეტარებია ორი კონცერტი 19:00 და 21:00 საათზე, დანარჩენ დღეებში კი ერთი კონცერტი საღამოს 21:00 საათზე. თავიდან დასასვენებელ დღეებად გამოგვიცხადეს ორშაბათი და სამშაბათი, მაგრამ პირველივე კონცერტების შემდეგ მოგვთხოვეს სამშაბათსაც გვემუშავა!
შაბათ დილით, ბათუმში მახარაძიდან მანქანით ჩამოვიდნენ მამა და დედა ბავშვებით იათი და ეკათი! ის დღეები იყო დაუვიწყარი, სიცოცხლით სავსე, საოცარი სიხარულით გაბრწყინებული მონატრებული მშობლების და ბავშვების ნახვით! იმ სასწაულ დღეს ჩვენი მშობლები და ბავშვები პირველად ნახავდნენ ჩვენ ახალ საესტრადო კონცერტს! მართლაც იმ საღამოს ჩვენ ისეთი მონდომებით ვმღეროდით, როგორიც არც ერთ ძნელ კონკურსზე არ გვიგრძნია. მუსიკოსებს გადაედო ჩვენი აღფრთოვანება და შესაფერისად ორივე კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა! გოგიმ «ცეცხლი დაანთო» სცენაზე ესპანური სიმღერით «ესპერა პოკო!». კონცერტის მერე ახალგაზრდებმა აიტაცეს ამ სიმღერის სიტყვები და ხეივანში ხმამაღლა, შეძახილებით გაისმოდა: «ესპერა პოკო!» და იტალიური სიმღერის სიტყვები: «პიკოლო, პიკოლო ამორე მიო!» ჩემი ტეპერტუარიდან.
პირველსავე კონცერტზე ჩვენთან გასაცნობად მოვიდნენ ანზორი ბეშიტაიშვილი და მისი მეუღლე ქალბატონი იზო შვილებით გოჩათი და ხვიჩათი! ჩვენი ბათუმელი ნათესავები! მამა ჩვენზე ადრე იცნობდა ბათუმელ ბეშიტაიშვილებს, ჩვენ კი ასეთ კარგ ამბავს არ მოველოდით და ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენ ნათესავებთან გაცნობა. განსაკუთრებით მოგვეწონა ძმები ხვიჩა და გოჩა. მაშინ ხვიჩა იყო 11 წლის, გოჩა კი 14 წლის! ბიჭებმა ხელად გამახსენეს ქართული ფილმი «მამელუქი». ამ ფილმის ყურებისას ძალიან განვიცდიდი პატარა ქართველი ბიჭების ბედს!
თითქმის ყველა ბეშიტაიშვილი იმ დროს ცხოვრობდნენ ბათუმში, სუვოროვის №28, თავიანთ სახლკარში. ბატონმა ანზორმა კვირა დილისთვის ყველა დაგვპატიჟა თავის სახლში «ბეშიტაიშვილებს შეგახვედრებთო!». მეორე დღეს ვესტუმრეთ ბატონ ანზორს, სადაც უკვე ყველა ბათუმელი ბეშიტაიშვილი გველოდებოდა! ერთმანეთთან ახლოს ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ოჯახის წევრები გაგვაცნეს, სახლი და ეზო დაგვათვალიერებიეს. ამასობაში გააწყვეს დიდი სუფრა! დაუვიწყარი დღე იყო, ყველა ბეშიტაიშვილმა მოიყარა თავი, ახლო მეზობლებიც მოიწვიეს! ქეიფის დროს წამოიჭრა თემა,ჩვენი გვარის წარმოშობის ისტორიის საკითხზე. მათ ძალიან კარგად ახსოვდათ, რა თქმა უნდა გადმოცემით, უახლოესი წარსულის, 250 წლეების უკანდელი ამბები. ვერსია ასე ჩამოყალიბდა: «იმერეთის მეფის სოლომონ პირველის დროს (1735 – 1784) ჩვენი ბათუმელი ბეშიტაიშვილების ბაბუის ბაბუა შვილებით, მამია მეოთხე გურიელის კარზე მუშაობდა ბაზიერად, მას ასევე ევალებოდა საშევარდნო გადასახადის აკრეფვა (ქორის, შევარდენის, მიმინოს). 1778 წელს მეფე სოლომონ პირველის საწინააღმდეგო აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო მამია მეოთხე გურიელმა, რის გამოც დასაჯეს, გადააყენეს და მის მაგივრად გიორგი მეხუთე გურიელი დასვეს. სწორედ ამ აჯანყებაში მიუღია მონაწილეობა მამია გურიელის ბაზიერს ბეშიტაიშვილს და დასჯა თავიდან რომ აეცილებინა მთელი ოჯახით თურქეთში გადახვეწილა! მამია მეოთხემ კი უფრო გვიან მეფე ერეკლე მეორის დახმარებით უკან დაიბრუნა გურიელობის ტახტი.
თურქეთში გვარმა მიიღო თურქული ელფერი «ბეშტოღლი, ან «ბეშტიოღლი»! უკან დაბრუნებისას ერთი შტო ბეშიტაიშვილებისა ბათუმში დასახლდა. მეორე შტო, ბეშიტაიშვილებისა დასახლდა ლანჩხუთში სოფელ ნინოშვილში. მესამე შტო კი გიგო ბეშიტაიშვილი (ჩემი ბაბუა გიორგის მამა) ოჯახით დასახლდა ოზურგეთში, სადაც ჩამოსვლისას აუშენებიათ ეკლესია!
არსებობს კიდევ მეორე ვერსიაც, უფრო ძველი: აღმოსავლეთ საქართველოში კახეთში და ქართლში ხშირად გვხდება გვარი ბეჟიტაშვილი. ჩვენი გვარისაგან ორი ასოთი განსხვავებული გვარი. სიტყვიერი გადმოცემით ოსმალების შემოსევის დროს გამოქცეულან და დასახლებულან გურიაში! მაშინ ამ საუბარმა სერიოზულად დამაფიქრა: «ნეტავ რამდენი ადამიანი არსებობდა ბეშიტაიშვილის გვარით, სანამ ჩვენ გავჩდებოდით ამ ქვეყანაზე?!».

ქეიფის დროს ერთმა ნათესავმა შეგვაქო და გვითხრა: «კარგად მღერიხართ და კარგი შემოსავალიც გექნებათო!» გულისხმობდა ფულად შემოსავალს! მე აუხსენი, რომ გაყიდული ბილეთების ფული მთლიანად შედიოდა ბათუმის ფილარმონიის სალაროში, ჩვენ იმ ფულიდან არაფერი არ გვეძლეოდა! საკონცერტო ორგანიზაციების ურთიერთ შეთანხმების სისტემით ბათუმის ფილარმონია ჩვენ გვაძლევდა მხოლოდ «სუტოჩნებს», ყოველდღიურ ფულს, ხუთ მანეთს საჭმელი რომ გვეჭამა. შემოსავლიდან ბათუმის ფილარმონია რამდენ პროცენტს იტოვებდა მისთვის და რამდენ პროცენტს უგზავნიდა «მოსკონცერტს» ჩვენ არ ვიცოდით და არც გვაინტერესებდა იმიტომ, რომ ჩვენ «მოსკონცერტის» სალაროში ვიღებდით ხელფას ჩვენი «სტავკების», განაკვეთების შესაფერისად. ჩვენ მუსიკოსებს კონცერტში ერიცხებოდათ 7 მანეთი, მუშებს 4 მანეთი, ჩვენ კი სოლისტებს 11 მანეთი. ხელფასი დამოკიდებული იყო კონცერტების რაოდენობაზე! საღამოსთვის ყველა ბეშიტაიშვილები დავპატიჟეთ ჩვენ კონცერტზე!
ჩვენ მაშინ გასვლითი კონცერტების ჩატარება მახარაძეში ვთხოვეთ ფილარმონიის დირექტორს, მაგრამ უარი გვითხრა: «ამის უფლება არ მაქვსო!». რა თქმა უნდა ყველაფრის უფლება ჰქონდა, მაგრამ ფილარმონია ფინანსურ კრიზის განიცდიდა და არ უნდოდა ზედმეტი ხარჯების დახარჯვა! ასე, რომ ერთი თვე წარმატებით ვიმუშავეთ ბათუმში, თეატრის დარბაზი ყოველთვის სავსე იყო მაყურებლით და თეატრს გარეთ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გვისმენდა! სანამ მოსკოვში დავბრუნდებოდით სოჩის ფილარმონიამ მოითხოვა ჩვენი კონცერტები გაგრაში და სოჩში. მოსკოვში, კინოსაკონცერტო დარბაზში «ოქტიაბრსკაიაში» კონცერტის მერე ჩვენ გაგვეცნო პოეტი ხუტა გაგუა! ამ დიდ ქართველ პოეტზე ჩემი მოგონებები იხილეთ შემდეგ სტატიაში!
* * *
1981 წლის სექტემბერში ჩვენი ბავშვებისთვის, იას და ეკასთვის დაიწყო ცხოვრების ახალი ეტაპი! მახარაძის რუსულ საშუალო სკოლაში სწავლების საოცარი დრო. პირველი მასწავლებელი, ახალი ამხანაგები. გაკვეთილების მერე სკოლის მოპირდაპირე ხეივანში ატრაქციონებზე გართობა, განსაკუთრებით უყვარდათ ელექტრო მანქანებით შეჯიბრებები. მშობლების გადაწყვეტილებით დაიწყეს მუსიკალური სკოლაში სწავლა და ქართული ცეკვების შესწავლა კულტურის სახლში არსებულ ბავშვების ცეკვების წრეში! ბავშვებისაგან გამოგზავნილი წერილები სიხარულით იყო სავსე!
სექტემბერში განახლდა ჩვენი კონცერტები ქ. მოსკოვში. «მოსკონცერტის» და საკონცერტო დარბაზების ურთიერთ შეთანხმებით «მოსკონცერტი» მათგან იღებდა წინასწარ შეკვეთებს კონკრეტულად ამა თუ იმ მომღერლებზე, კოლექტივებზე, ანსამბლებზე! საკონცერტო დარბაზების და ფილარმონიების ხელმძღვანელობამ პრაქტიკული გამოცდილებით კარგად იცოდნენ რომელ მომღერალს თუ ანსამბლს შეეძლო მაყურებლების მაქსიმუმის უზრუნველყოფა დარბაზში. «მოსკონცერტი» ასეთი დიდი დარბაზების ხელმძღვანელების შეკვეთებს, სადაც 2000-ზე მეტი მაყურებელზე ეტეოდა ძალიან სერიოზულად განიხილავდნენ! სწორედ ასეთი იყო კინო-საკონცერტო დარბაზი «ოქტიაბრ», სადაც დარბაზი იტევდა 2450 მაყურებელს. ჩვენ ამ დარბაზში ორჯერ უკვე გვქონდა მიღებული მონაწილეობა საერთო კონცერტებში. როგორც სჩანს დარბაზის ხელმძღვანელობამ დაგვიმახსოვრა და ამჯერად ჩვენგან ითხოვდნენ სოლო კონცერტს, სექტემბრის ბოლოს!

კონცერტის დამთავრებისას ჩვენთან მოვიდა სიმპატიური ახალგაზრდა ქართველი კაცი და გაგვეცნო: «მე პოეტი ხუტა გაგუა ვარ!». იქვე, ჩვენგან ცოტა მოშორებით იდგა ახალგაზრდა ლამაზი ქალი. გამოირკვა, რომ ის იყო ქალბატონი ოლია, ბატონ ხუტას მეუღლე! გვითხრეს, რომ ცხოვრობენ აქვე, ძალიან ახლოს საკონცერტო დარბაზისგან, ახალ არბატის ერთ-ერთ მაღალ შენობაში და მიგვიწვიეს სტუმარად: «ჩვენ შვილებს, პატარა ბიჭებს გაგაცნობთო!». მართლაც ორი, სულ პატარა ბიჭუნები გაგვაცნეს! ერთის სახელი დამამახსოვრდა, სანდრო ერქვა, მეორე ბიჭუნას სახელი სამწუხაროდ ვერ გავხსენე. ასე რომ შვილებიც გაგვაცნეს და პატარა მაგიდაც გააწყვეს!

ჩვენ ჩვენი ამბები მოუყევით, რაც მათ აინტერესებდათ. ჩვენ ოჯახებზე, მშობლებზე, ბავშვებზე. ხუტამაც მოგვიყვა რომ: « მისი მშობლები დღემდე ცხოვრობენ სოფელ ბაბუშარაში, ეკლესიასთან ახლოსო!». ჩვენ რომ მიხვდარიყავით სად იყო სოფელი ბაბუშარა აგვიხსნა, იქ სადაც სოხუმის აერაპორტიაო. მაისის თვეში მეუღლესთან ერთად მოუნახულებიათ მშობლები! რაღაც გასაოცარი სითბოთი გვიყვებოდა მშობლებზე, მის ბავშვობაზე, იმ სახლზე სადაც დაბადებულა, ზღაპრულ ზღვაზე და სოფლის სილამაზეზე. გვითხრა, რომ მეუღლესთან ერთად სოხუმში სეირნობის დროს ყურადღება მიუქცევიათ ჩვენი აფიშებისთვის, ქართველი მომღერლების «მოსკონცერტის» სახელით, მაგრამ უფრო ადრე წამოსულან სოხუმიდან, ვიდრე ჩვენი გასტროლები დაიწყებოდა. ახლა კი მის მეუღლეს დაუნახავს საკონცერტო დარბაზთან გამოკრული ჩვენი აფიშა და გადაუწყვეტიათ დასწრებოდნენ ჩვენ კონცერტს! გამომშვიდების დროს ხუტამ გვაჩუქა მისი ლექსების ორი კრებული, ავტოგრაფი.
ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა, რომელიც თანდათანობით გადაიზარდა ჩვენ შემოქმედებით მეგობრობაში! როცა მე ვკითხულობდი ხუტა გაგუას ლექსებს, ამ ლექსებში ვიგრძენი ისეთივე საოცარი სითბო, როგორიც მისმა ხმამ დამიტოვა მაშინ, ჩვენთან გაცნობის დროს. მე ცოტა უცნაური მუსიკალური მახსოვრობის უნარი მაქვს, განსაკუთრებით ადამიანების ხმების დამახსოვრების, სულ ერთია ქალის, კაცის, მოხუცის თუ ბავშვის. საკმარისია ერთხელ დამელაპარაკოს ადამიანმა, რომ მისი ხმა ამოვიცნო თუ გინდაც დიდი ხნის მერე.
ლექსების წაკითხვისას მივხვდი, რომ ხუტა გაგუა გასაოცარი, პოეტური მუსიკით დაჯილდოებული ადამიანია. მის ლექსებში ყველა განცდები და ემოციები: სიყვარულის, სინანულის თუ ნოსტალგიისა გადმოცემული იყო და იკითხებოდა ერთ ემოციურ განწყობილებაში. ლექსებში ვერცერთ ფრაზას, სიტყვას ან ბგერასაც კი უადგილოდ, ან ზედმეტს ვერ იპოვიდით. როცა მისი ლექსების კითხვის დროს მისი ხმაც გავიხსენე და შინაგანად გავიგონე, ლექსები სულ სხვანაირად აჟღერდნენ, ლექსებს სულ სხვა ელფერი დაემატა! მაშინ ჩემთვის აღმოვაჩინე ერთი «ჭეშმარიტება»: ლექსი ის კი არ არის, რასაც შენ, წაკითხვის დროს თავად რომ გრძნობ, ან შენით რომ წარმოგიდგენია! თუ გინდა, რომ ბოლომდე ჩაწვდე ლექსის სიღრმეში მყოფ გრძნობების სიმებს, მაშინ აუცილებლად ლექსი უნდა მოისმინო ლექსის ავტორის, პოეტის შესრულებით, პოეტის ხმით! აქაც ხმა, როგორც სიმღერაში, არის გადამწყვეტი ღრმა ემოციების გადმოსაცემად !
შემდეგი ჩვენი შეხვედრა შედგა მოსკოვის მწერალთა კავშირის საქართველოს განყოფილებაში, სადაც ბატონი ხუტა მუშაობდა საქვეყნოდ ცნობილი პოეტის, ევგენი ევტუშენკოს მოადგილედ. იმ დროს ხუტა გაგუა კურირებას უწევდა ქართულ მწერლობას და პოეზიას. პოეტი ევგენი ევტუშენკო აღმოჩნდა შემოქმედებითად ენერგიული ადამიანი. საქართველოზე, ქართულ პოეზიაზე შეყვარებული.

ევგენიმ ევტუშენკომ მიგვიწვია მწერალთა კავშირის საკონცერტო დარბაზში პოეტების კონცერტზე, სადაც რობერტ როჟდესტვენკი, რიმა კაზაკოვა, ანდრეი ვაზნესენსკი, ანდრეი დემენტიევი, ევგენი რიაშენცევი და თავად ევგენი ევტუშენკო წაიკითხავდნენ საკუთარ ლექსებს! დამასაჩუქრა ქართველი პოეტების ლექსების კრებულით საქართველოზე, გადათარგმნილი რუსულ ენაზე და ასევე დასაბეჭდად გამზადებული მისი ახალი პოემით «დედა და ნეიტრონული ბომბი».
ქართველი პოეტების ლექსების კრებულმა საქართველოზე გადათარგმნულმა რუსულად ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა. შემდეგ წლეებში როცა მე დავინტერესდი თუ როგორ თარგმნეს ჩემი ყველაზე საყვარელი პოეტის, ვაჟა ფშაველას ლექსები რუსულად, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს თარგმანი მიზანდასახულად, ცუდად, არა პოეტურად იყო გაკეთებული! თუმცა გამოირკვა, რომ ვაჟას ლექსების თარგმანი იმ დროინდელ «დიდ რუს პოეტებს» გაუკეთებიათ!
დავესწარით პოეტების კონცერტს. მწერალთა კავშირის დიდი დარბაზი სავსე იყო მაყურებლებით. ამბობდნენ ბულატ ოკუჯავა და ბელლა ახმადულინაც მიიღებს მონაწილეობასო, მაგრამ კონცერტში მონაწილეობა სამწუხაროთ მათ არ მიუღიათ.
პოეტები და პოეზია ეს განსაკუთრებული, ყველაფრისგან განსხვავებული სამყაროა! კონცერტში მონაწილე ყველა პოეტს მისი «ორბიტა» გააჩნდა, წაკითხვის მანერა, თავისი ენა. ყველა მათგანს ჰყავდა თავისი მსმენელი, გულშემატკივარი, რაც კარგად გამოიხატებოდა უფრო მეტი ოვაციებით, როცა მათი საყვარელი, «ყველაზე კარგი» პოეტი კითხულობდა ლექსებს! საგულისხმოა, რომ კონცერტში მონაწილე პოეტები, იმ დროისთვის პოეზიის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ! ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი პოეტების ცოცხლად მოსმენის სიყვარული!
მოსკოვში ჩვენი კონცერტებზე ხშირად ვიწვევდით ბატონ ხუტას მეუღლესთან ერთად. ურთიერთობის დროს გამოირკვა, რომ ხუტა გაგუას ლექსებზე ჯერ არავის, არცერთ კომპოზიტორს არ დაუწერია სიმღერა და არც მას, არასდროს არ უცდია სხვის მუსიკაზე დაეწერა ლექსი, ან თუნდაც ტექსტი!
მე კი ამ დროისთვის მქონდა რამოდენიმე სიმღერის მუსიკა დაწერილი,
მარტო მუსიკა! თუმცა ზუსტად ვიცოდი როგორ წარმოიშვა სიმღერის მელოდია, რაზე მოგვითხრობდა ეს სიმღერა. რას განვიცდიდი მუსიკა შექმნის დროს. ვიცოდი მომავალი სიმღერის ზოგიერთი სიტყვიერი ფრაზაც და სიმღერის სათაურიც კი!
ხუტას ლექსებით აღფრთოვანებული, თუ როგორ გადმოსცემდა ის სიტყვების მეშვეობით მის განცდებს, ჩვენ გადავწყვიტეთ და შევთავაზეთ, როგორც ექსპერიმენტი, ეცადა დაეწერა ლექსი ჩემ მუსიკაზე! ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მარტო მუსიკაში მოცემულ ძირითად განცდაზე. როგორც დამხმარე მოტივაცია მე უნდა მეთქვა «რაზეა» ეს მუსიკა დაწერილი!
პირველ სიმღერად ამოვირჩიე მუსიკა, ჩემგან მინიჭებული სახელით «წყურვილი»! სამშობლოსაგან მოწყვეტილ ადამიანის მონატრებაზე! უკვე მივხვდი, რომ ეს ის გრძნობა იყო, რასაც ხუტაც მძაფრად განიცდიდა! გადავეცი
მას კასეტაზე მუსიკის ჩანაწერი და მოუყევი ისიც თუ რა სიტუაციაში და როდის დავწერე ეს მუსიკა:« თურქმენისტანში გასტროლების დროს აშხაბადიდან კონცერტების ჩასატარებლად ჩვენი საკონცერტო აპარატურა სატვირთო მანქანით უდაბნოს გავლით გააგზავნეს ჩერჯოუში. მანქანას მძღოლთან ერთად თან გაყვა გოგი და კიდევ ერთი მუსიკოსი. დანარჩენი ანსამბლის წევრები კი «იაკ- 40»-ით, პატარა თვითმფრინავით გადავფრინდით ქ. ჩერჯოუში, ავღანეთის საზღვართან ახლოს!
ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ილუმინატორიდან ჩანდა უსაზღვრო, თითქოს ნისლში გახვეული უდაბნო! სადაც კი გაიხედავდი ყველგან უსასრულო, ყვითელი ფერის უდაბნო ჩანდა! თვითმფრინავიც კი რაღაც უცნაურად, პეპელასავით დაფარფატებდა. მფრინავებმა დაგვაწყნარეს: «არ შეგეშინდეთ, ეს უდაბნოს ცხელი ჰაერის ბრალიაო!». მაშინ დამეუფლა რაღაც მძაფრი გრძნობა, ჩვენი ბავშვობის მოგონების და ჩემთვის ნოტების ფურცელზე ჩავიწერე სიტყვები «დასიცხულ უდაბნოში ასე, არავის სწყურებია წყალი»!
ხუტასთან მუსიკის მოსმენის დროს ეს ორი ფრაზა, ზემოთ ნახსენები, როგორც ნიმუში, იყო კასეტაზე ჩაწერილი. ბატონ ხუტას აუხსენი ტექსტის მუსიკასთან შეთანხმების პატარა საიდუმლოებები, რომ სიტყვაში «არავის» ხდება ხმოვანი «ა»-ს გამღერება და ამიტომ სიმღერის დროს სიტყვა ისმის როგორც «აარავის»! მიუთითე ასევე, რომ როცა მუსიკის ტონალობა ზევით იწევს და იძაბება, ასეთ დროს მიზანშეწონილია ტექსტიც ემოციურად უფრო დაიძაბოს, რომ სიმღერის ემოციურობის ერთიანობა არ დაირღვეს!
ორი დღის შემდეგ ხუტა გაგუამ დაგვიბარა და თვითონვე წაგვიკითხა სიმღერის ლექსი! ეს იყო ნამდვილი, ღრმა მონატრებით გამჭვალული ამაღელვებელი ლექსი! ჩვენ გაოცებას და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! მისი ლექსის «გმირი» ქალაქში მცხოვრები ადამიანი, მის მონატრებულ ბავშვობას ემოციურად იხსენებს და სწორედ იმ დროს, როცა მუსიკამ ზემოთ აიწია, ახალ სიმაღლეზე და დაიძაბა, ლექსში გაისმა გულის სიღრმიდან ამოხეთქილი, აუტანელი «ტკივილი», აჭრილი ცაში! აი ეს სიტყვები: «დედისგან პატიებას ვითხოვ, დაჭრილი ირემივით ვტოკავ, წყაროზე გავეგზავნე თითქოს და ქვაზე გამებზარა კოკა!» ტკივილი რომელიც პოეტმა შეადარა «დაჭრილი ირემის სიკვდილის განცდას». როცა ამ ადგილს გვიკითხავდა ხუტას თვალებში დავინახეთ ცრემლები! ჩვენზეც ძალიან იმოქმედა ლექსის ამ სიტყვებით გამოწვეულმა განცდამ!
რამოდენიმე დღის შემდეგ სიმღერა «წყურვილს», პოეტ ხუტა გაგუას ლექსზე
უკვე ვმღეროდით კონცერტში! ეს იყო ჩვენი პირველი სიმღერა ბატონ ხუტას ლექსებზე! სულ 15 სიმღერა შეიქმნა ჩემ მუსიკაზე ხუტა გაგუას ლექსებით! სოციალურ ქსელში, იუტუბზე არის ორი საიტი სადაც ყველა ჩვენი სიმღერების მოსმენა შეგიძლიათ: 1. www.youtube.com/@georgianmusiconvinyl «იუთუბის» არხი «ქართული მუსიკა ვინილზე / Georgian On Vinil» რომელიც ემსახურება ქართული მუსიკის პოპულარიზაციას მსოფლიოში. არხის შემქმნელი ლუკა შაიშმელაშვილი. 2. www.youtube.com/@RamShemqmnaAdamianad დარეგისტრებულია იუტუბში 20.12.2011 წელს. ასევე იუტუბზე მაქვს ჩემი საიტიც: @ ГиаБешитаишвили

ბევრი ადამიანი ყველგან, ასევე ჩვენთანაც, ერთმანეთში ურევს ნოსტალგიას და მონატრებას! ნოსტალგია ის კი არ არის მოულოდნელად ძმაკაცებთან ერთად ნასაკირალში ბებიას რომ ესტუმრე, რომელიც შეშინებული თვალებით შემოგცქერის: «რა მოხდა, ხომ მშვიდობააო?!» შენ კი ეუბნები: «ნუ გეშინია, ყველანი კარგად არიან! შენ მომენატრე ბებია და შენ სანახავად მოვედი». და ხედავ სიხარულით აღელვებულ ბებოს თვალებში ცრემლებს! მონატრება შეიძლება ჩაითვალოს ნოსტალგიის დასაწყისად. ნოსტალგია უფრო ღრმა, მძიმე, მტანჯველი განცდაა. აქ არ მინდა ამ ღრმა განცდაზე გელაპარაკოთ! ჩემი სუბიექტური აზრი უბრალო სიტყვებით რომ გითხრათ, ეს ის საშინელი გრძნობაა, როცა ძალიან მონატრებული საყვარელი ადამიანის ნახვა შეუძლებელია!
ამას წინათ ოზურგეთში რომ ჩავედი, გოგებაშვილის ქუჩის №32-ში, ჩემი მკვიდრი ბიძაშვილის, ზაური ბეშიტაიშვილის სახლში გავათიე ორი ღამე! ორი მოუსვენარი, უძილო, მოგონებების ღამე. სწორედ იმ სახლში, სადაც პატარობა გავატარეთ მე და გოგიმ, სახლის მეორე სართულის პატარა ოთახში, სანამ ჩვენი მშობლები ახალ სახლს ააშენებდნენ. ჩვენს ქვევით, სახლის პირველ სართულზე კი ბებია მარიამი და ბაბუა გიორგი ცხოვრობდნენ. გამთენიას ჩათვლემილს, ბუნდოვნად თითქოს ბაბუას ხმაც ჩამესმა. ბებიას გარდაცვალების შემდეგ ღამ-ღამოობით ხშირად გვესმოდა გიორგი ბაბუას კვნესა და გულამოფსკვნილი შეძახილები «მარია, მარია!».
ის, ახალი სახლი, რომელიც მშობლებმა ააშენეს, ჩვენი დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ მიყიდა ბილიხოძეების ოჯახს, ჩვენ მეზობლებს. ცოტა ხნის შემდეგ, რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო, სამწუხაროდ მათ სახლი ხანძრის დროს დაეწვათ! ახალ მოსახლეს კი ჩვენი სახლ-კარის გარდა, ჩვენ გვერდით მცხოვრებ კარლო და ელიკო ნადირაშვილების სახლი და ეზოც შეუძენია. კარგი ღობით შემოუღობავს, კარგი კარჭისკარი დაუენებია. ღმერთმა ხელი მოუმართოს! დალოცვილი იყოს ის ადგილი, სადაც ოდესღაც ჩვენ, მშობლებთან ერთად ვცხოვრობდით!
დილით როცა ჩაუარე იმ ადგილს, სადაც წინათ ჩვენი ორსართულიანი, დიდი სახლი იდგა, ნასახლარ ცარიელ ეზოში, მხოლოდ რამოდენიმე ძირი ხეხილის ხე იდგა! ზოგიერთებს იმაში მაინც უმართლებს, რომ მათ გაყიდულ სახლში ახალი სიცოცხლე ჩქეფს და ჯერ კიდევ შეუძლიათ თუ მოენატრებათ მის ძველ სახლს მიაკითხონ და მოინახულონ მაინც!
ჩემი მოგონებების სათაური «მომწყურდი საოცარი ძალით» გაზეთ «ალიონში»
სიმღერა «წყურვილიდან» არის ამოღებული! სიმღერის ამ ფრაზას კონცერტის დროს სოფელ ნატანებში, თავის სტატიაში პირველად ხაზი გაუსვა გაზეთ «ალიონის» სტაჟიორ- კორესპონდენტმა, ია მამალაძემ, უნივერსიტეტის სტუდენტმა,ახალგაზრდა ლამაზმა გოგონამ.

1981 წლის ბოლომდე კიდევ სამი სიმღერის ლექსები დაგვიწერა ბატონმა ხუტამ
ჩემ მუსიკაზე! ასე გაჩნდა ჩვენ საკონცერტო რეპერტუარში სიმღერები: «ნანაია», «საგანთიადო» და «დიდგორული ბგერები»! მინდა ყველას, ისევ და ისევ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის! ჯამრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!
მსგავსი სტატიები
- 88
- 85
ავტორი გიორგი გორდელაძე ამა წლის მარტის თვეში, ესტონეთში უდიდესი მსოფლიო კომპოზიტორის - Arvo Pärdi Keskus / Arvo Pärt Centre არვო პიარტის ცენტრს ვესტუმრეთ. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, თავად კომპოზიტორთანაც მოვახერხეთ შეხვედრა. აქვე, მინდა მადლობა ვუთხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი ყოველთვის სწორი და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი… - 80
ერთი თვის წინ გაზეთ „ალიონის“ რედაქციასთან ოზურგეთის თეატრის დირექტორს ზაზა ჯინჭარაძეს შევხდი სტუმრებთან ერთად.„სტუმარი“ ესტრადის ცნობილი მომღერალი გია ბეშიტაიშვილი იყო ქალიშვილთან ერთად.მასპინძელი კი ოზურგეთის თეატრი გახლდათ. „სანბარში“ დავსხედით. უცებ გავიხსენეთ 40 წლის წინ ოზურგეთსა და ნატანებში გამართული ძმები ბეშიტაიშვილების კონცერტები და იმჟამად რედაქციის პრაქტიკანტის, თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის ია… - 79
წერილი მეთერთმეტე_მეთორმეტე 1973 წლის სამ მარტს, თავის კაბინეთში დაგვიბარა საკავშირო რადიოს მუსიკალური გადაცემების მთავარმა რედაქტორმა გენადი ჩერკასოვმა. თავდაპირველად გულითადად მოგვილოცა დიდი წარმატება, ჩვენი ორი სიმღერის მიღება «დკს»-ში. შემდეგ დაწვრილებით აგვიხსნა, თუ რა«გზას» გაივლიდა ეს სიმღერები საკავშირო რადიოს სისტემის მეშვეობით, ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად! ვფიქრობ, გაზეთ «ალიონის» პატივცემულო მკითხველებო… - 76
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
