ავტორი გია ბეშიტაიშვილი         

                                                                               წერილი მეცხრე-მეათე

1972 წლის ბოლო თვეების განმავლობაში ვემზადებოდით საქართველოს სატელევიზიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ რეპეტიციებსხშირად ესწრებოდა ბატონი გუგული ყიფიანი, ფილარმონიის გენერალური  დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი! გვაძლევდა საინტერესო რჩევებს: პროგრამის, ჩაცმულობის, სცენაზე მოქმედების შესახებ. იგრძნობოდა, რომ ძალიან გამოცდილი და ეროდირებული ადამიანი იყო.

იმ დროს ფილარმონიაში მუშაობდა 28 საესტრადო ანსამბლი, რომლებიც დიდი წარმატებით გამოდიოდნენ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში და საზღვარგარეთის ქვეყნებში. ფილარმონიის სხვა ანსამბლებთა შორის ჩვენ აღმოვჩნდით ახალი ჩამოყალიბებული, ყველაზე ახალგაზრდული ანსამბლი.   ალბათ ამიტომაც ბატონმა გუგულიმ ამოირჩია ჩვენი ანსამბლი ამ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და ძალიან დაინტერესებული იყო კონკურსში ჩვენი გამარჯვებით. ჩვენ ანსამბლზე ფილარმონიაში ხმა გავრცელდა, მაგარი მუსიკოსები არიანო. ფილარმონიის ზოგიერთ ანსამბლის ხელმძღვანელებს

მე თვითონ გავეცანი, ზოგიერთები თავად მოვიდნენ ჩვენ გასაცნობად. ყველა მათგანი გამოთქვამდა დიდ მადლიერებას ბატონი გუგულის ყიფიანის მიმართ, «ყველაფერში ამ ადამიანმა დაგვეხმარაო!»

ყველა ახალგაზრდა მუსიკოს, რომელიც შემოქმედებით ცხოვრებას იწყებს, სჭირდება მხარში დგომა, დახმარება: ინსტრუმენტები, აპარატურა, სარეპეტიციო სივრცე, რეკლამა, კონცერტების დაგეგმარება და კიდევ ბევრი სხვა რამ  –  ყველაფერს ამას კი გუგული ყიფიანი აკეთებდა. ქართული ესტრადა იმ პერიოდში მისი წყალობით აყვავდა! თუ დღევანდელი თვალით განვიხილავთ ამ დიდებულ ადამიანს, ის იყო მრავალმხრივი მოღვაწე, ქართული კულტურის დიდი მოამაგე, კულტურის მუშაკი, საბჭოთა კავშირში ცნობილი იმპრესარიო!

მოახლოვდა 1973 წლის თებერვალი, კონკურსის ჩატარების დღე, მაგრამ სანამ ამ კონკურსზე მოგითხრობთ  მინდა პასუხი გავცე რამოდენიმე კითხვას, რომელსაც ყველაზე ხშირად მეკითხებოდნენ და ახლაც ხშირად მეკითხებიან საქართველოში: «რატომ წახვედით საქართველოდან რუსეთშიო?».

გპასუხობთ! პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წავედით მოსკოვში, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში და არა რუსეთში, დღევანდელი გაგებით! მაშინ ჩვენ ყველანი ვიყავით საბჭოთა კავშირის მოქალაქეები, საბჭოთა პასპორტით!

გაზეთ «ალიონის» სტატიებში, ჩემ მოგონებებში გავიხსენე როგორც ყოველივე კარგი, რაც ხდებოდა ჩვენ ცხოვრებაში, ასევე გავიხსენე ყველა ჩემი «გაცრუებული იმედები!» ნება მომეცით შეგახსენოთ ზოგიერთი მათგანი,

ეს ის იმედები იყო, რის გაცრუებამ განაპირობა მოსკოვში წასვლა და ჩვენი ცხოვრების ბედიც!

ჯერ გავიხსენებ «ნიჭიერთა ათწლედის» დამთავრებას, როცა სკოლის დიპლომში ყველა ხუთიანის გვერდით, რაღაც საოცრებით ორი ოთხიანიც აღმოჩნდა და ამიტომ არ მომცეს წითელი დიპლომი! ჩემთვის, ახალგაზრდა ადამიანისთვის ეს იყო ძალიან მტკივნეული, მოულოდნელი უსამართლობა, რაც მანამდე არასდროს არ განმიცდია!

შემდეგი «გაცრუებული იმედი» აღმოჩნდა კოსერვატორიაში სწავლების დროს, როცა ბატონი დავით ანდღულაძე და ბატონი დიდიმ  მირცხულავა მივიდნენ კონსერვატორიის რექტორთან, სულხან ცინცაძესთან თხოვნით

მოეცა ჩემთვის უფლება ერთდროულად მესწავლა ორ განყოფილებაზე!

რაზეც სულხან ცინცაძისგან  უარი მიიღეს! თუმცა ასეთი პრაქტიკა დაშვებული იყო უმაღლეს სასწავლებლებში, მითუმეტეს წარჩინებულ სტუდენტების მიმართ, როგორიც მაშინ მე ვიყავი, ფრიადოსანი, პ.ი. ჩაიკოვსკის სტეპენდიანტი. სულხან ცინცაძეს მაშინ რომ მოეცა უფლება, შესაძლებელია სულ სხვანაირად წასულიყო ჩემი ცხოვრების გზა!!!

შემდეგ – 1969 წელს, ექსტერნად, წარჩინებით კოსერვატორიის დამთავებისას გადმომცენ მხოლოდ წითელი დიპლომი, ხოლო ჩემთვის განკუთვნილი ოქროს მედალი ვერსად ვერ იპოვეს! ამ უსამართლო ამბავმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე! წინათაც დავწერე, ახლაც გავიმეორებ –  «ალბათ ვიღაცას ჩემზე მეტად ჭირდებოდა ჩემი ოქროს მედალი».

შემდეგ – 1969 წელს როცა კონსერვატორია დავამთავრე, როგორც ახალგაზრდა სპეციალისტს, რომელსაც განაწილება მისცეს თბილისში, მუსიკალურ სკოლაში სამუშაოდ, კანონის მიხედვით უნდა მოეცათ ერთ ოთახიანი ბინა! კულტურის სამინისტრომ ყველა საჭირო საბუთები გადაუგზავნა თბილისის ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს ამ საკითხის  დადებითად გადასაწყვეტათ! სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ბინის გამოყოფის საკითხი. 1971 წელს კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთხელ შეახსენა ჩემი ბინის შესახებ ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს! უშედეგო შეპირებები კი ისევ გრძელდებოდა. ბინის ქირაობა თბილისში, ფინანსურად მძიმე ტვირთი გახდა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ესეც საგრძნობი «გაცრუებული იმედი» იყო ჩემთვის!

შემდეგი «გაცრუებული იმედი» აღმოჩნდა ჩემგან ჩამოყალიბებული «თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის ბედი!»

45 ახალგაზრდა მუსიკოსი, კონსერვატორიის სტუდენტები და «ნიჭიერთა ათწლედის» მოწაფეები დიდი მონდომებით ითვისებდნენ სიმფონიური მუსიკის რთულ ნაწარმოებებს. მომზადებული იქნა დიდი საკონცერტო პროგრამა ცნობილი დირიჟორის, დიდიმ მირცხულავას ზედამხედველობით!

ამ კეთილშობილ საქმეში გვეხმარებოდნენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც შეგვიქმნეს ყველა პირობები პროგრამის მოსამზადებლათ და მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდულ ორკესტრს წინ ელოდებოდა წარმატებები. მაგრამ იმ დროინდელმა კულტურის სამინისტრომ უარი გვითხრა სტატუსის მოცემაზე პატარა ბიუჯეტის გამო! მოსმენითაც კი არ მოინდომეს მოესმინათ ჩვენი პროგრამა! საბოლოოდ კი ჩვენ მიმართვებზე ასე გვიპასუხეს: «თქვენ რომ გაღიაროთ, მაშინ ქუთაისაც, ბათუმსაც და თელავსაც მოუნდება ყავდეს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრებიო!»

ჩვენ კი მიგვაჩნდა, რომ სწორედ ეს იქნებოდა დიდი წარმატება ჩვენი ორკესტრის, როგორც ამ კარგი საქმის «პიონერების». თუ სხვა ქალაქებშიც შეიქმნეოდა ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრები, მაშინ საქართველოს მოსახლეობას დიდ ქალაქებში თუ რაიონის ცენტრებში მიეცემოდა კარგი შესაძლებლობა ხშირად დასწრებოდნენ კლასიკური მუსიკის  კონცერტებს, სადაც მოისმენდნენ შესანიშნავ კლასიკურ მუსიკას ჩვენი, ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსების შესრულებით! ასევე გადაიჭრებოდა კიდევ ბევრი სხვა პრობლემებიც: სამუშაო ადგილები მუსიკოსებისთვის, სპეციალობის მიხედვით. კომპოზიტორებს კი მიეცემოდათ მოტივაცია დაეწერათ სიმფონიური ნაწარმოებები, მითუმეტეს, რომ 60-ან წლეებში საქართველოში იყვნენ შესანიშნავი ახალგაზრდა კომპოზიტორები: იოსებ კეჭაყმაძე, ფელიქს ღლონტი, ვაჟა აზარაშვილი და კიდევ ბევრი სხვა ნიჭიერი მუსიკოსები! ასე დაიწყებოდა კლასიკური მუსიკის აყვავების ხანა! ორკესტრებს შორის გაიზრდებოდა ჯამრთელი კონკურენცია, გაიხსნებოდა მუსიკალური სასწავლებლები, საკონცერტო დარბაზები რაიონის ცენტრებშიც და იქ მცხოვრებ ბავშვებს და მშობლებს გაუჩნდებოდათ მეტი ინტერესი კლასიკური მუსიკის მიმართ!

მაგრამ სამწუხაროდ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ!

როგორც ჩანს კულტურის სამინისტრო მაშინ არ იყო მზად ასეთი სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად!

ახლა კი ჩვენ დიდ იმედზე – საქართველოს სატელევიზიო კონკურსის შესახებ!

1973 წლის თებერვალში თბილისის ტელევიზიაში გაიმართა სატელევიზიო კონკურსი, სადაც ბევრი შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას, მათ შორის რამოდენიმე ცნობილი მომღერალიც. ჩვენ გამოვედით კონკურსის ბოლოს და ჩვენდა გასახარად მოგვანიჭეს პირველი ადგილი! ჟიურის თავჯდომარე იყო ყველასთვის ცნობილი, საყვარელი კომპოზიტორი, გიორგი ცაბაძე. დაჯილდოვების დროს სწორად მან მოგვილოცა და გადმომცა გამარჯვებულის დიპლომი! საქართველოს ტელევიზიამ გადაიღო კონკურსი, მათ შორის გამარჯვებულთა დაჯილდოვებაც. შემდეგ გამოგვიცხადეს, რომ ხვალ საღამოს აჩვენებენ კონკურსის ჩანაწერს საქართველოს ტელემაყურებელს!

ანსამბლის წევრები ძალიან გახარებულები ვიყავით! ერთმანეთს ულოცავდით! ასრულდა ჩვენი ოცნება, გავიმარჯვეთ! უკვე მივიღეთ საქართველოს სატელევიზიო კონკურსში გამარჯვებულის სტატუსი და

მალე მოსკოვში, ახალგაზრდობის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან ჩვენ წავიდოდით! მე ტელეგრამა გაუგზავნე მშობლებს:

« ჩვენ გავიმარჯვეთ. ხვალ საღამოს აჩვენებენ კონკურსის ჩანაწერს. აუცილებლად ნახეთ!» ბატონი გუგული ყიფიანიც ძალიან გახარებული იყო, გიორგი ცაბაძეს დაურეკავს და მიულოცია, მაგარი პროგრამა აჩვენეს და გაიმარჯვესო!

მეორე დღის საღამოს ბიძაჩემის, გივი ვაშაკიძის ბინაში ვიჯექით ტელევიზორთან და ველოდით კონკურსის ჩანაწერის გადაცემას.

ვიჯექით სანამ დიქტორმა არ გამოაცხადა «დღევანდელი პროგრამის გადაცემები დამთავრებულიაო!» რა თქმა უნდა დილიდანვე მივედი ტელევიზიაში მიზეზის გასაგებად. დამამშვიდეს: «ამ დღეებში შეგატყობინებთ გადაცემის დღეს, ცოტა ჩანაწერის მონტაჟი გაგვიჭიანურდაო».

მედღე-მეხვალეობით ჩვენი ნერვიულობა თითქმის ორი კვირა გაგრძელდა. შემდეგ ფილარმონიაში გავიგეთ, რომ ჩვენ მაგივრად ფესტივალზე მოსკოვში უკვე სხვები, უფრო ცნობილი მომღერლების ჯგუფი გაუშვიათ. მომღერლები, რომლებსაც საერთოდ არ მიუღიათ მონაწილეობა ამ კონკურსში! ფილარმონიაში ხელმძღვანელობამ გვითხრა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიუღიათ საქართველოს კომკავშირის ცეკაში!

მე დამაფიქრა იმან, რომ თვით ბატონმა გუგული ყიფიანმა, ასეთმა ცნობილმა, ბევრის შემძლე ადამიანმაც კი ვერ დაგვიცვა უსამართლობისაგან. მან არც კი ჩაერია ჩვენი არ გაგზავნის საკითხში. მივხვდი, რომ არ შეეძლო ჩარეულიყო, ან წინასწარ იცოდა, რომ ვერც ჩვენ დაგვეხმარებოდა და თავის თავსაც ავნებდა!

აი, ეს იყო ის ბოლო ძალიან სერიოზული «გაცრუებული იმედი», რომელმაც ქვა ქვაზე არ დამიტოვა და გადამაწყვეტინა წავსულიყავი მოსკოვში! რატომ მოსკოვში?! იმიტომ, რომ მოსკოვი მაშინ იყო საბჭოთა კავშირის კულტურის ცენტრი, ბევრი კულტურის ორგანიზაციებით, სადაც შეგვეძლო გვემუშავა  ჩვენი სპეციალობით! ჩვენ ჯერ კიდევ 60-ან წლეებში, კონსერვატორიაში სწავლის დროს, დედასთან ერთად ორჯერ ვიმოგზაურეთ  ლენინგრადში და მოსკოვში, ასე, რომ უკვე ცოტა წარმოდგენა გვქონდა ამ ქალაქებზე.

შეგახსენებთ რომ ეს იყო 1960/70-ნი წლეები, მაშინ ასე ადვილად ვერ წახვიდოდი საზღვარგარეთ, ვერც ევროპაში და ვერც ამერიკაში, მაშინ სულ სხვა დრო იყო!

ამ ბოლო «გაცრუებულმა იმედმა» კიდევ უფრო მძაფრად, სერიოზულად დამაფიქრა თბილისში ჩემი ცხოვრების და მუშაობის მომავალზე! მე ჯერ კიდევ ვმუშაობდი პედაგოგად «ნიჭიერთა ათწლედში» და ველოდებოდი, როგორც კი გაათავისუფლებდნენ და მოვიდოდა სკოლაში სამუშაოდ ჩემი მასწავლებელი, ბატონი მამია კახიანი, მე იმავე დღესვე უნდა დამეტოვებინა სამსახური, მისი თხოვნის მიხედვით. სხვა სიტყვებით დავრჩებოდი უმუშევარი, ნაქირავებ ბინაში.

შემეძლო თუ არა გარდა მომღერლობისა სხვა სპეციალობით დამეწყო მუშაობა? არა! არ შემეძლო. თუმცა მივიღეთ ერთად ერთი შემოთავაზება, ნუ გაიკვირვებთ რასაც ახლა წაიკითხავთ, მახარაძის კომპარტიის პირველმა მდივნმა – მამაჩემს შესთავაზა: «თუ ბიჭები ჩამოვლენ, მუსიკალურ სასწავლებელს გავხსნი და ერთმა ძმამ დირექტორად იმუშაოს, მეორემ კი მის მოადგილეთო». მადლობის მეტი აბა რა გვეთქმოდა, მაგრამ ჩვენთვის ეს ნიშნავდა – ჩვენ ოცნებებზე, ჩვენ სამომღერლო გზაზე უარის თქმას! რისი ნიჭიც ბავშვობიდან უფალმა მოგვანიჭა იმაზე უარის თქმა!

მივმართავ გაზეთ «ალიონის» მკითხველებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს: «არასდროს არ უღალატოთ თქვენ ოცნებებს, თქვენ ჩანაფიქრებს!». მე რომ ჩინოვნიკად და მოხელედ მუშაობა მდომებოდა, ჯერ კიდევ «ნიჭიერთა ათწლედში» სწავლის დროს, ჯიმი მიქელაძემ, გოგის ნათლიამ, რომელიც მაშინ თბილისის კალინინის რაიონის კომკავშირის კომიტეტის პირველ მდივნად მუშაობდა, უთხრა დედაჩემს: «ნიჭიერი ბიჭები გყავს, ჩემთან გადავიყვან და მე მივხედაო». მაგრამ ჩვენ მაინც მუსიკის გზით წავედით. თერთმეტი წელი დავახარჯეთ მუსიკის სწავლას, შესანიშნავი მუსიკოსები გვასწავლიდნენ სკოლაშიც, კონსერვატორიაშიც. გვეხმარებოდნენ წინსვლაში, წარმატებების მიღწევაში სახელოვანი ადამიანები: «მამია კახიანი, დავით ანდღულაძე, დიდიმ მირცხულავა, ოდისეი დიმიტრიადი, გუგული ყიფიანი, ავთანდილ გელოვანი, ჯანო ბაგრატიონი, ალექსანდრე რეხვიაშვილი და კიდევ ბევრი სხვა შესანიშნავი ადამიანები!

1973 წლის მარტში დადგა ის სასიხარულო დღე, რასაც წლეების განმავლობაში ველოდი, სკოლის დირექტორმა ხატიაშვილმა მაცნობა, რომ ჩემი მასწავლებელი მამია კახიანი გაათავისუფლეს და უნდა თავის ადგილზე უკან დაბრუნდესო! რა თქმა უნდა, იმავე დღესვე 12 მარტს დავწერე განცხადება და გამათავისუფლეს სამსახურიდან! მე ვიყავი გახარებული და ამაყი იმით, რომ შევასრულე ჩემი მასწავლებლის თხოვნა!

მეორე დღეს ჩავედი მახარაძეში და მშობლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება წავსულიყავით მოსკოვში! ჩავალაგე ჩემოდანში ჩემი ნოტები, ორკესტროვკები, არანჟიროვკები, ინსტრუმენტი ფლეიტა, საბჭოთა პასპორტი და საქართველოს ფილარმონიის სოლისტის საბუთი! ჩავჯექით მამაჩემის მანქანაში და გაუდექით გზას მოსკოვისკენ, სადაც არავინ არ გველოდა, არც არავის ვიცნობდით და არც არავის არაფერში არ ვჭირდებოდით! მაგრამ ჩვენ მივდიოდით ჩვენი ოცნების გზაზე!

პასუხს მეორე კითხვაზე: «რატომ არ დაბრუნდით საქართველოში საცხოვრებლადო?» ამ კითხვაზე დაწვრილებით პასუხი იხილეთ გაზეთ «ალიონის» შემდეგ წერილში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყველას ბედნიერებას გისურვებთ!

* * *

16 თებერვალს, როცა მამის «ჟიგულით» წავედით მოსკოვისკენ, ოზურგეთში იყო თბილი, მზიანი ამინდი! ბუნება იწყებდა ახალ ცხოვრებას, თითქოს გვანიშნებდა: «წადით, არაფერს არ შეუშინდეთ, იარეთ თქვენი ოცნების გზაზე». და მაინც ისმის კითხვა, ვისი იმედი გვქონდა? არავის! მარტო საკუთარი თავის, ჩვენი განათლების და ღვთით მონიჭებული ნიჭის! და რაც მთავარი იყო გაგვაჩნდა უდიდესი სურვილი, გაგვეხარებია ჩვენი საყვარელი მშობლები!

გადავწვიტეთ სოხუმის გზით წასვლა, თავიდან ყველაფერი მშვიდად, ნორმალურად მიდიოდა, როცა შევედით აფხაზეთის ტერიტორიაზე იქაურმა გაის მუშაკებმა ჩვენ, რაღაც თავისი უცნაური საგზაო მოძრაობის წესები შემოგვთავაზეს! მოკლედ, აი როგორ მოქმედებდა მათი «წესები»: «როცა  ჩვენ მიუახლოვდით გაის პოსტს, როგორც წესია შევანელეთ მანქანის სისწრაფე, ვინ იცის იქნება ან გაჩერებს ან საბუთებს გიმოწმებს. არა! გაიშნიკმა არც კი შემოგვხედა. საერთოდ არ მოგვაქცია ყურადღება! ჩვენც მშვიდად გავაგრძეთ გზა. სამი კილომეტრიც არ გვექნეოდა გავლილი, როცა მოტოციკლეტით დაგვეწია გაიშნიკი და მკაცრად გვითხრა: «თქვენ დაარღვიეთ მოძრაობის წესები და გამომყევით უკანო!». სიტყვის თქმაც კი ვერ მოვასწარით, მოატრიალა მოტოციკლეტი და გაბრუნდა უკან, თავის პოსტისკენ. აბა რა უნდა გვექნა, ჩვენც მოვტრიალდით და მივედით გაის პოსტთან. გაიშნიკმა ჩვენთან თავისი მკაცრი ლაპარაკი გააგრძელა: «მე გაჩვენეთ გაჩერდითო, თქვენ კი არაფრად არ ჩამაგდეთ და ჩქარი სიჩქარით წახვედით, ალბათ ფიქრობდით ვერ დაგვეწევაო! ერთი წლით მანქანის ტარების უფლება უნდა ჩამოგართვათო». დიდი ხნის კამათის შემდეგ, მხოლოდ ფულმა გადაწყვიტა ჩვენი გზის გაგრძელების საკითხი. ზუსტად იგივე «ფინტი» გაგიმეორა შემდეგი პოსტის გაიშნიკმაც! იგივე მკაცრი სიტყვებით დაიწყო ჩვენი დაშინება! ისევ ფულმა გაანათა ჯოჯოხეთი! ეხლა კი ჩვენთვის ნათელი გახდა მათი «სისტემის სხემა». მესამე გაის პოსტთან ჩვენ თვითონ გავჩერდით, ვიცადეთ სანამ გაიშნიკმა არ მოვიდა და არ გვითხრა: «რას დგახართ? რას უცდითო?!» –  რომ წავიდეთ უკან არ დაგვედევნებით? – შევეკითხეთ ჩვენ! ამ სიტყვებზე  გაიშნიკმა გაიცინა: «ცოტა ფული დატოვეთ და წადით თქვენ გზაზე, სადაც მიდიხართო!»

ასე წინ და უკან სიარულში ბევრი დრო დავკარგეთ. უკვე კარგად შებნელებული

იყო როცა მივაღწიეთ ჯუგბის  უღელტეხილს. მანქანაშიც საგრძნობლად აცივდა, ჩავრთეთ გათბობა და ღამის შუქები. ასფალტი რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა, გზაზე არაფერი, არც თოვლი და არც ნაწვიმარი არ ჩანდა, გზა კი სარკესავით მოპრიალებულივით იყო, თითქოს ასფალტზე კი არა სარკის ზედაპირზე მივდიოდით.

წინ ერთი დაღმართი შეგვხდა, გზას მარჯვენა მხრიდან მთის ქვებიანი კედელი მიყვებოდა, მარცხნიდან კი მდინარის ხევი. დაღმართზე ჩასვლისას ჩვენი მანქანა მოსრიალდა და წინა კაპოტით კლდის კედლთან გაჩერდა, უკანა მხრიდან კი გზა ნახევრად გადაკეტა. შეგვექმნა ავარიული სიტუაცია, ზემოდან ვინმე რომ წამოსულიყო აუცილებლად დაგვეტაკებოდა. გოგი საჭესთან იჯდა, მე კი ვცადე მანქანის გასწორება, მაგრამ ასფალტი ისეთი მოყინული აღმოჩნდა, რომ ფეხზე დადგომაც კი შეუძლებელი იყო, ორჯერ წავიქეცი და სანამ ამ გაწამაწიაში ვიყავი, ზემოდან ვიღაცის მანქანა წამოვიდა ჩვენსკენ, თუმცა ზემოთ მყოფნი ადამიანები ყვირილით და ხელებით ქნევით ანიშნებდნენ მძღოლს: « არ შეიძლება, არ წახვიდეო!». მეც დავიწყე ხელებით ქნევა, მაგრამ წამოსულმა მანქანამ დაღმართში უფრო მოუმატა სიჩქარეს და ჩვენ მანქანას დაეტაკა. ჩაგვილეწა უკანა მარჯვენა კარები და ჩაამსხვრია კარების მინაც! კიდევ კარგი, რომ გოგიმ შეჯახებამდე ადრე მოასწრო მანქანიდან გადმოსვლა.

მძღოლი სომეხი კაცი აღმოჩნდა. აღიარა: «ვიფიქრე მანქანას გვედს აუვლიო, მაგრამ ხრამში გადავარდნის შემეშინდა და ვამჯობინე თქვენ მანქანას დავტაკებოდიო». შეგვპირდა: «სოხუმში ჩემ ნაცნობ სომხებთან, მანქანის კარგ ხელოსნებთან მიგიყვანთ, უკანა კარებსაც გამოცვლიან და რაც საჭირო იქნება ყველაფერს გაგიკეთებენო! რემონტის ფულს მე გადავიხდიო!» სომეხის მანქანაც, ძველი «მოსკვიჩი»-ც მაგრად იყო დამსხვრეული, მაგრამ მოძრაობა შეეძლო. ჩვენ ყოველ შემთხვევისთვის პასპორტი გამოვართვით. როცა შევამოწმეთ სად იყო ჩაწერილი, აღმოჩნდა რომ ჩაწერილია ქ. კრასნოდარში. გასაგები გახდა, რომ არა სანდო კაცთან გვქონდა საქმე! გზის გაგრძელება რომ დავაპირეთ გვითხრა: «მე ამ გზაზე ხშირად დავდივარ და აქედან ორ კილომეტრში მოსახლეების სახლებია, სადაც შეგვიძლია ღამე გავათენოთ და ხვალ დილიდან წავიდეთ სოხუმშიო». მართლაც ცოტა ხანში გზის პირას გამოჩნდა ორი სახლი, სადაც რამოდენამე მანქანა იყო გაჩერებული, ალბათ ღამის გასათევად. ჩვენც გადავწყვიტეთ

აქ დილამდე დარჩენა. ადრე დილით ჩვენმა სომეხმა მოინდომა გაპარვა და გაქცევა, მაგრამ არ გამოუვიდა, ვერ გაგვექცა! ამჯერად მანქანის ტარების მოწმობაც ჩამოვართვით და უთხარით ჩვენს უკან ევლო. როგორც იქნა 12 საათისთვის ჩავაღწიეთ სოხუმში. სომეხმა ხელოსნებმა ჩვენ ცისფერ «ჟიგულის» შავი ფერის კარები დაუყენეს და ჩვენც გავაგრძელეთ გზა მოსკოვისკენ!

გზაში გადავწყვიტეთ მოსკოვში პირველ რიგში გვენახა იური სილანტიევი,

საკავშირო რადიოს და ტელევიზიის ორკესტრის მთავარი დირიჟორი, რომელსაც ჯერ პირადად არ ვიცნობდით, მაგრამ როცა მოსკოვიდან სადღესასწაულო კოცერტებს გადმოცემდნენ ტელევიზორში, ყოველთვის მას აჩვენებდნენ და ჩვენც დავიმახსოვრეთ მისი გვარი და სახელი.

გზას ჩვენ ვაგრძელებდით რუქების დახმარებით, მაშინ ნოვიგატორები ჩვენთან არ არსებობდა. ყოველ ოთხ საათში ცოტას ვისვენებდით. თანდათან ბუნება და ამინდი შეიცვალა, შევედით ზამთრის სამყაროში, ირგვლივ თოვლიანი, ყინვისგან გათოშილი, გაუთავებელი მდელოები იყო გადაჭიმული ჰორიზონტამდე. ფრინველებიდან მარტო ყორნების, ყვავების და კაჭკაჭების ხროვა დაფრინავდა. ადამიანის სახსენებელი თითქოს გამქრალიყო, იშვიათად შემხვდური სატვირთო მანქანა ან ტრაქტორი თუ ჩაგვივლიდა. ასე ვიარეთ დიდხანს!

მესამე დღის საღამოს, 19 თებერვალს შევედით მოსკოვში. საკავშირო რადიოს მისამართი რომ გაგვეგო მივმართეთ ტაქსის მძღოლს. ჯერ სიტყვებით გვიხსნიდა როგორ მივსულიყავით კაჩალოვის ქუჩამდე, მაგრამ მალე მიხვდა, ასე ქუჩის მოძებვნა გაგვიჭირდებოდა. ამოიღო მანქანიდან მოსკოვის დიდი რუქა, გაშალა მანქანის

კაპოტზე და ფანქრით დაგვიხაზა მარშრუტი. გვითხრა: «ეს რუქა საჩუქრადო, ასე უფრო მიაგნებთ კაჩალოვის ქუჩასო!». ჩვენ გვინდოდა ფული მიგვეცა მისთვის, მაგრამ იწყინა «ეს ჩემი საჩუქარიაო». ასეთი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა უბრალო, მოსკოველ ტაქსისტთან! იმ პერიოდში, ქუჩაში ხშირად შევხვედრივარ კეთილ და პატიოსან ადამიანებს, ყველა კითხვაზე პასუხს რომ  გაგცემდნენ და თუ საჭირო იყო სრულიად უსასყიდლოდ დაგეხმარებოდნენ! რატომღაც ქართველების მიმართ ძალიან კეთილად იყვნენ განწყობილები! ის თაობა დიდი ხნია წარსულს ჩაბარდა, წავიდა, გაქრა! დღეს სიკეთის, მეგობრობის, პატიოსნების  მაგივრად ბობოქრობს ჯოჯოხეთის გამნათებელი ფული და რაც უფრო მეტი ფულია აქვს ადამიანს, მით უფრო მალე იხრწნება მისი სული!

საღამო ხანს მივედით საკავშირო რადიოს შენობასთან. საშვების ბიუროში გამოგვკითხეს ვინაობა, საბუთები შეგვიმოწმეს და მხოლოდ მერე მოგვცეს მისამართი, სადაც მეორე დილით შეგვეძლებოდა იური სილანტიევის ნახვა. უკვე გვიან იყო და გასათევად ისევ მანქანაში გადავწყვიტეთ ღამის გათევა, უკვე შევეჩვიეთ მანქანაში

ძილს, თან სადმე საჭმელი უნდა გვეჭამა, ძალიან მოშივებულები ვიყავით. მოვძებნეთ ერთი სასადილო, კარგად მივირთვით, მანქანა კი სასადილოს წინ დავაყენეთ და დაღლილებს ხელად ჩაგვეძინა.

მეორე დილით, 20 თებერვალს სასადილოში ვისაუზმეთ და წავედით პრავდის ქუჩაზე, ვიპოვეთ კულტურის სახლი, სადაც იური სილანტიევი და მისი ორკესტრი რეპეტიციებს ატარებდა. ჯერ ორკესტრის დირექტორი, არკადი ვოიტენკო მოვიდა ჩვენთან გასაგებად, ვინ ვიყავით და რა გვინდოდა. მერე გვთხოვა მოიცადეთო, ჯერ რეპეტიცია მიმდენარეობს და შესვენების დროს შეგახვედრებთ სილანტიევსო! მართლაც შესვენებაზე მიგვიყვანა ბატონ იურისთან, გავეცანით, კონსერვატორიის დიპლომები ვაჩვენეთ, უთხარით, რომ  თან გვაქვს არანჟიროვკები ცნობილი ნეაპოლიტანური სიმღერების. «აბა, მაჩვენეთ არანჟიროვკებიო», მეც ამოვიღე ჩანთიდან ნოტები. გადაშალა პირველივე არანჟიროვკა, ყურადღებით გადახედა პარტიტურის რამოდენიმე გვერდს და მეუბნება: «ეს პროფესიონალის გაკეთებულია,

ეს შენი გაკეთებული არ იქნებაო!». მე მეწყინა, მაგრამ მაინც თავშეკავებულად შევთავაზე: «მომეცით რომელიმე სიმღერის კლავირი და აქვე, თქვენ თვალწინ გავაკეთებ არანჟიროვკას-მეთქი». ორკესტრის დირექტორმა – «მოვიტანო კლავირიო?» – შეეკითხა სილანტიევს. «არა, არ არის საჭირო» თქვა და გადმომხედა, მიხვდა რომ მეწყინა, «მჯერა მისი გაკეთებულიაო».

ჩვენ არ დაგვიმალავს იური ვასილის ძე სილავიენტისთვის სიმართლე, პირდაპირ უთხარით: «თქვენი სახელი და გვარი ტელევიზორდან დავიმახსოვრეთ და ჩამოვედით პირადად თქვენთან გასაცნობად, გვინდა თქვენ, ცნობილმა მუსიკოსმა მოგვისმინოთ, შეგვაფასოთ როგორც მომღერლები და თუ თქვენი ნება და სურვილი იქნება დაგვეხმაროთო». ძალიან გაუკვირდა. პატარა პაუზის მერე შეგვეკითხა: «კონსერვატორიაში ვინ გასწავლიდათ სიმღერას?» პასუხად დავით ანდღულაძე რომ გაიგონა გვითხრა: «მასწავლებელი მართლაც  საუკეთესო მომღერალი გყოლიათ. კარგი, მოგისმენთ, ვნახოთ თქვენ როგორი მომღერლები ხართო!» ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა საოპერო არიები გვემღერა, სადაც კარგად ისმის ხმის ავი თუ კარგი. გოგიმ ტურიდუს ბოლო არიას ვიმღერებო, ჩემი ძმა კი აკომპანიმენტს გამიწევსო!

ამ დროს ორკესტრს შესვენებაც დამთავრდათ და მუსიკოსებმა ხმაურით დაიწყენ დარბაზში შემოსვლა. ორკესტრის დირექტორმა მუსიკოსებს გამოუცხადა: «ჯერ მაესტრო ამ ახალგაზრდა მომღერლებს მოუსმენს, რეპეტიცია კი მერე გაგრძელდებაო, ახლა გთხოვთ ჩუმად ისხდეთ და მოუსმინოთ მომღერლებსო». ჩვენ ავედით სცენაზე და გოგიმ შეასრულა პუჩინის «სოფლის პატიოსნებიდან» ტურიდუს ბოლო არია. მუსიკოსებმა აპლოდისმენტებით და ბრავოს შეძახილით გამოხატეს მოწონება. იური სილანტიევიც კმაყოფილი ჩანდა, მიუტრიალდა მის მუსიკოსებს და სიამაყით უთხრა: «ამ ახალგაზრდებს ჩემი გვარი და სახელი ტელევიზორიდან დაუმახსოვრებიათ და საქართველოდან ჩამოვიდნენ პირადად ჩემთან, გასაცნობათო». მერე ჩემი ნამღერი ოტელოს არია ვერდის «ოტელოდან» მოისმინეს! ესეც მოიწონეს მუსიკოსებმა, ბატონი იურიც კმაყოფილი იყო და შეგვეკითხა: «ქართულ ხალხურ სიმღერებს, ქართულ საესტრადო სიმღერებს, რომანსებს თუ მღერიხართო?» – «დიახ ვმღერივართ! ჩვენი მამა ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი მომღერალია». ჩვენი პასუხი მოეწონა: «ძალიან კარგიო! მოდით ჩვენ ასე მოვიქცეთ, ხვალ დილის 11 საათზე მოდით საკავშირო რადიოში, საშვებს არკადი გამოგიწერთ, ამოდით მეოთხე სართულზე და მთავარი რედაქტორის, გენადი ჩერკასოვის კაბინეტთან დამელოდეთო». დირექტორმა ჩაიწერა ჩვენი სახელები, გვარი და პასპორტის მონაცემები, ხვალ დილით თქვენთვის საშვები მზად იქნებაო! გამოვემშვიდობეთ ბატონ იურის, ორკესტრის მუსიკოსებს და ძალიან გახარებულები  წამოვედით. კულტურის სახლთან იქვე ახლოს პროდუქტების მაღაზია იყო, პროდუქტები რომ ვიყიდეთ, გამყიდველ ქალს შევეკითხეთ ბინის ქირაობის შესახებ, ამ საკითხზე სახლის სადარბაზოებთან მოხუცებულ ქალებს შეეკითხეთ, იმათ ეცოდინებათო. მართლაც ერთ-ერთმა ხნიერმა ქალმა გვთხრა – მე ვაქირავებ ორ საწოლიან ოთახსო. წაგვიყვანა ოთახის სანახავად, მესამე სართულზე მაღალჭერიანი დიდი ოთახის ფანჯრები ეზოს გადაყურებდა, სადაც მანქანის დაყენებაც შეგვეძლო. თანაც აგვიხსნა, რომ აქვე ახლოს, ქარხნის სასადილოც იყო. ყველაფერი მოგვეწონა და შეუთახმდით ქირაზე ერთი თვით. იმავე საღამოს მშობლებს დაურეკეთ ნაქირავები ბინიდან ტელეფონით, ძალიან გავახარეთ ჩვენი ახალი ამბებით. მეორე დღისთვის ტანსაცმელიც წესრიგში მოვიყვანეთ და ადამიანურად გამოვიძინეთ, გზაში ამდენი მწვალების მერე.

21 თებერვლის დილის 11 საათზე უკვე ვიყავით გენადი ჩერკასოვის კაბინეტთან,

მალე ბატონ იურიც მოვიდა, ჯერ რამოდენიმე წუთით თვითონ შევიდა კაბინეტში და მერე ჩვენც დაგვიძახეს. როგორც ჩანდა ბატონმა იურიმ კარგი რეკომენდაცია გაგვიწია. მთავარმა რედაქტორმა გვითხრა: « ჩვენ როგორც ახალგაზრდა მომღერლებს, მოგცემთ უფლებას ჩაწეროთ სხვადასხვა ჟანრის ორ-ორი ნაწარმოებები. ჩვენი მკაცრი სამხატვრო საბჭო შეაფასებს თქვენი შესრულების ხარისხს და მხოლოდ ამის მერე შეიძლება ან გავაგრძელოთ ჩაწერები, ან არაო». შემდეგ გ. ჩერკასოვმა გამოიძახა მუსიკალური რედაქციების რამოდენიმე მთავარი რედაქტორები, მათ შორის ვიაჩესლავ კლიუევი ხალხური მუსიკის რედაქციის მთავარი რედაქტორი, ლილია ტისომიროვა კლასიკური მუსიკის რედაქციის რედაქტორი, ანატოლი ბაევი საესტრადო მუსიკის რედაქციის მთავარი რედაქტორი და წარგვადგინა მათ წინაშე! «იური სილანტიევმა მაღალი შეფასება მისცა, ამ ახალგაზრდებს, როგორც მომღერლებს და ყველა რედაქტორს გთხოვთ ხელი შეუწყოთ მათ, რომ  მაქსიმალურად გამოამჟღავნონ თავისი შესაძლებლობებიო». იური სილანტიევმა იქვე კაბინეტში სთხოვა ლილია ტიხომიროვას ნარიადი გამოეწერა ორ ნეაპოლიტანური სიმღერის ჩასაწერად, მისი ორკესტრის თანხლებით. ჩვენ გაოცებულები ვიდექით, თვით სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით რაც ახლა ჩვენ ირგვლივ ხდებოდა! სილანტიევმა გამომშვიდების დროს გვითხრა: « ხვალ დილით 10 საათზე მოდით რეპეტიციაზე, მოიტანეთ ორი სიმღერის არანჟიროვკები რისი ჩაწერაც თქვენ გინდათო».

ხალხური მუსიკის მთავარმა რედაქტორმა ვიაჩესლავ კლიუევმა თავის რედაქციაში წაგვიყვანა, გაგვაცნო რედაქტორებს. ქართული მუსიკის რედაქტორი აღმოჩნდა ქართველი ქალბატონი – დინა კერესელიძე, რომელმაც საქართველოს კარტოტეკა გაგვიხსნა, სადაც დაფიქსირებული იყო ყველა ჩანაწერი: სიმღერის დასახელება, შემსრულებელი, ჩაწერის თარიღები. ჩვენ  მივაქციეთ ყურადღება, რომ სიმღერები კარგა ხნის უკან იყო ჩაწერილი, ახალი ჩანაწერები კი ოთხი – ხუთი წლის წინანდელი. ქალბატონმა დინამ აღნიშნა, რომ ახალ ჩანაწერებს საქართველოს რადიო იშვიათად გვიგზავნის, ჩვენ კი ვცდილობთ მოსკოვში ჩამოსული ხალხური სიმღერის გუნდები მოვიწვიოთ რადიოში ჩასაწერათო. თან აგვიხსნა, რომ კარტოტეკაში დიდი ხნით მარტო ის ჩანაწერები რჩება, რომლებსაც სამხატვრო საბჭო მაღალ შეფასებას «დკს» ანიჭებს, მაგრამ სამხატვრო საბჭო თუ დაბალ შეფასებას იძლევა – ვდკს, ასეთ ჩანაწერს მხოლოდ ერთხელ გაუშვებენ ეფირში და ჩანაწერსაც წაშლიანო! სხვა სიტყვებით მიგვანიშნა, თუ სამხატვრო საბჭოსთვის დკს-ის დონეზე ვერ იმღერებთ, კარგად ბრძანდებოდეთო!

შევთახმდით, რომ მოუტანდით  ხალხური სიმღერების სიას, რომლების ჩაწერასაც ჩვენ შევძლებდით. იმავე საღამოს ამოვიღეთ ხალხური სიმღერების დიდი კრებული, სადაც საქართველოს ყველა კუთხის სიმღერების ნოტები იყო. გადავწყვიტეთ აკაპელად ჩაგვეწერა: იმერული «მგზავრული», გურული «ოთხი ნანა», «შენ ხარ ვენახი» და «გაფრინდი შავო მერცხალო». შემდეგ შეხვედრაზე გავაცანით ქალბატონ დინას და მთავარ რედაქტორს სიმღერების სია, აუხსენით, რომ აკაპელას გარდა სხვა სიმღერების ჩასაწერად, მაგალითად სვანურ ხალხურ სიმღერებში თუ შეიძლებოდა, რომ გამოგვეყენებია რუსული ხალხური ინსტრუმენტები. ვიაჩესლავ კლუევმა გაიხსენა: «რამოდენიმე დღის უკან ჩავწერეთ ანსამბლი «ჟალეიკა», მოგცემთ ხელმძღვანელის, ვალოდია ნაზაროვის ტელეფონს, შეხვდით და გადაწყვიტეთ გამოგადგებათ თუ არა «ჟალეიკას» ჟღერადობა სვანური სიმღერების ჩასაწერადო». ჩვენც იმავე დღეს დაურეკეთ ვალოდია ნაზაროვს, მიგვიწვია ანსამბლის რეპეტიციაზე, მოვისმინეთ ოთხი სხვადასხვა ტონალობის რაჟოკების ჟღერადობა და გადავწყვიტეთ «ჟალეიკასთან» ერთად ჩაგვეწერა სვანური სიმღერები «მირანგულა», «ირინოლა» და «ბუბა ქაქუჩელა». მე დაუწერე ანსამბლის მუსიკოსებს ნოტები, გავიარეთ რეპეტიციები და ქალბატონმა დინამ გამოგვიწერა ჩაწერის ნარიადი.

დაუბრუნდეთ იური სილანტიევს, 22 თებერვალს რეპეტიციაზე მივიტანეთ ნოტები და პარტიტურები ნეაპოლიტანური სიმღერების «Catari» და «Funiculi Funicula». ბატონმა იურიმ შეამოწმა რა ტემპში ვმღეროდით, ჩაიწერა სად ვანელებდით, რამდენ ხანს ვაგრძელებდით ფერმატოს და ა. შ. ორჯერ ორკესრტთან გაიარა ეს სიმღერები, მერე კი ჩვენთან ერთად, გოგიმ იმღერა «Catari», მე კი «Funiculi Funicula». მაესტროს და მუსიკოსებს ძალიან მოეწონათ არანჟიროვკებიც და ჩვენი სიმღერაც. სილანტიევმა დაუძახა მის დირექტორს და უთხრა: « გადაეცი რედაქტორ ლილია ტიხომიროვას, რომ რვა მარტის კონცერტებში ჩართოს ეს სიმღერები გოგი და გია ბეშიტაიშვილის შესრულებით». ჩვენ კი გვითხრა, ამ სიმღერების ჩაწერა დაგეგმილია ზეგ, დროზე ცოტა ადრე მოდით, დაგვიანება არ შეიძლებაო! ასე დაიწყო ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა ცენტრალური ტელევიზიისა და საკავშირო რადიოს საესტრადო – სიმფონიურ ორკესტრთან, იური სილანტიევის ხელმძღვანელობით.

24 თებერვალს საკავშირო რადიოს პირველ სტუდიაში ჩავწერეთ ნეაპოლიტანური სიმღერები: «Catari» და «Funiculi Funicula» ი. სილანტიევის ორკესტრის აკომპონიმენტით! დიდი კმაყოფილება და გაოცება გამოთქვა ხმის რეჟისორმა მელიტონიანმა, გასაოცარია, 20 წუთში ორი სიმღერა ჩავწერეთო! სილანტიევიც ძალიან კმაყოფილი იყო ჩანაწერის ხარისხით, რედაქტორმა ლ. ტიხომიროვმა განაცხადა: «თუ ხმის რეჟისორი მოასწებს ჩანაწერის მონტაჟს, მაშინ 27 თებერვალს სამხატვრო საბჭოზე შევძლებ გავიტანო თქვენი ჩანაწერებიო!» გამოირკვა, რომ რადიოს სამხატვრო საბჭო თვეში სამჯერ იკრიბებოდნენ ახალი ჩანაწერების მოსასმენად და განსახილველად: თვის დასაწყისში, შუა რიცხვებში და თვის ბოლოს. მელიტონიანმა ტიხომიროვას შეპირდა: «დღესვე გავაკეთებ ჩანაწერის მონტაჟსო».

სამი დღე დიდი მღელვარებით ველოდებოდით 27 თებერვალს დადგომას, დღის ორ საათზე კი ლილია ტიხამიროვამ მოგვილოცა: «თქვენი ორივე სიმღერის ჩანაწერი ერთხმად მიიღეს დკს-შიო!». ჩემთვის დღესაც კი საოცარია, რაც ექვს დღეში განხორციელდა: 22 თებერვალს სილანტიევთან შეხვედრა და უკვე 27 თებერვალს

მის ორკესტრთან ერთად საკავშირო რადიოში იქნა მიღებული ორი მსოფლიოში ცნობილი ნეპოლიტანური სიმღერა ოქროს ფონდში, «დკს-ში». ასეთ მოკლე დროში, ასეთ წარმატებაში ჩვენი წილი მხოლოდ 1% იყო, დანარჩენი 99% კი იყო საკავშირო რადიოს მუსიკალური რედაქციის, საათის მეხანიზმივით აწყობილი მუშაობის. არავითარი დროის დაკარგვა, ყველა თავის ფუნქიას ასრულებდა დროულად და ხარისხიანად!

შემდეგ წერილში თქვენ გაიგებთ თუ როგორი, დროული დახმარება გაგვიწია თქვენთვის ყველასთვის ცნობილმა ადამიანმა,

                                                                                                    (გაგრძელება იქნება)

სურათებზე: ძმები ბეშიტაიშვილები მოსკოვში, ცენტრალურ ტელევიზიაში; გოგი ბეშიტაიშვილი _კონსერვატორიის სტუდენტი; გუგული ყიფიანი _ფილარმონიის დირექტორი;გია  კონცერტის დროს;გია ;ბეშიტაიშვილი სტუდიაში; დირიჟორი იური სილანტიევი’ იური სილანტიევი კრემლში კონცერტის დროს.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 89
    ყაზახურად აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VII დღეს მხოლოდ ერთი სპექტაკლი ვიხილეთ — ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტის თეატრის მიერ თანამედროვედ აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ (რეჟისორი — აბაი დაულეთი). მხატვარმა (რომელიც თავად რეჟისორიცაა) შექმნა პირობითი გარემო — ოთხკუთხედად დალაგებულია საბავშვო სათამაშო ჯარისკაცები, იარაღები,…
  • 88
              „მომწყური საოცარი ძალით“     ავტორი: გია ბეშიტაიშვილი               (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან  როგორც წარჩინებულ…
  • 88
    „მომწყურდი საოცარი ძალით“ ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან  როგორც წარჩინებულ სტუდენტს დამინიშნეს პ.ი. ჩაიკოვსკის სტეპენდია! საკმაოდ დიდი თანხა,…
  • 88
    „მომწყურდი საოცარი ძალით“                                                              წერილი მეშვიდე-მერვე ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1971 წლის ოქტომბერში კულტურის სამინისტრომ კიდევ ერთხელ შეახსენა ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს ჩემთვის, როგორც წარჩინებულ…
  • 87
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღეავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IV დღეს  ნოდარ დუმბაძის   და დავით კლდიაშვილის მოთხრობების  სცენური ინტერპრეტაციები ვიხილეთ. პირველი სპექტაკლი წარმოადგინა ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის „გუდული ბაბუ და პატარა უჩა“ (რეჟისორი- დიმიტრი ხვთისიაშვილი), ხოლო შემდგომ - „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რეჟისორი- გიორგი კაშია). ჯერ გავემგზავროთ ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, სადაც …