(წერილი მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე)

ავტორი: გია ბეშიტაიშვილი

როცა 1976 წლის ნოემბერში დავბრუნდი სოჩიდან მოსკოვში, «ვტმეი»-ში დამხვდა სერიოზული ამბავი – სამხატვრო ხელმძღვანელმა ლეონიდ მასლიუკოვმა «ვტმეი»-ს დირაქტორს ნ. მიასოედოვს გამოუცხადა მკაცრი საყვედური, პირად საქმეში შეტანით! როგორც ჩანს ლ. მასლიუკოვს ჩემი წარმატების დიდი იმედი ქონდა, ჩვენი ორგანიზაციისთვის ჩემი წარმატება ძალიან საჭირო და სასახელო იქნებოდა! დირექტორმა კი სცადა მისი მოვალეობის ცუდი შესრულება ჩემზე გადმოეტანა: «ჟიურის უნდოდა დაშვებული შეცდომა გამოესწორებინა, მაგრამ გია უკვე წასული იყო

ქ. სოჩიდან, ჩვენ კი გაუგზავნეთ ტელეგრამა, რომ დაბრუნებულიყო და მესამე ტურში ემღერაო!», მაგრამ ტყუილი არ გამოუვიდა, მე წარვუდგინე მასლიუკოვს დეპეშაა, რომელიც დათარიღებული იყო 4 ნოემბერით, ესე იგი   კონკურსის დამთავრების შემდეგ გამოგზავნილი!

ვოკალში ჩვენმა ხელმძღვანელმა, ცნობილმა მომღერალმა გიორგი ვინოგრადოვმა გამიზიარა მისი ბიოგრაფიიდან კონკურსებში მონაწილეობის ძალიან საინტერესო გამოცდილება: « როცა კონკურსის ჟიურისთვის წინასწარ ცნობილია მომავალი ლაურიატების გვარები,

მაშინ პირველ და მეორე ტურის განმავლობაში ჟიური, კონკურსის მესამე ტურამდე, აუცილებლად თავიდან ჩამოიშორებენ გამარჯვების შესაძლო პოტენციალის მქონე სხვა მომღერლებს! მესამე ტურში დატოვებენ – მხოლოდ იმათ, ვინც უნდა გახდნენ ლაურეატები და კიდევ რამოდენიმე, მათზე გაცილებით «სუსუტ» კონკურსის მონაწილეებს! საქმე იმაშია, რომ კონკურსის პირველ ორი ტურის მსვლელობის დროს მაყურებელი საკმაოდ კარგად ვერ აკონტროლებს ყველა კონკურსანტის კარგ თუ ცუდ გამოსვლას! მაშინ როცა კონკურსის მესამე ტური და უბრალოდ კონცერტი თავისი მსვლელობით, დარბაზში მყოფი მაყურებლისთვის წარმოადგენს შეჯიბრს, ერთ საღამოში ყველა გამარჯვების მსურველის მოსმენას. მსმენელს ვერ დაუმალავ, ვერ მოატყუებ, ვინ უკეთესი იყო და ვინ არა! ასე იქმნება ილუზია ლაურეატების ღირსეული გამარჯვებისა!

არსებობს კიდევ სხვა ხრიკები (ეშმაკობები), მათ შორის ყველაზე უფრო აღსანიშნავია კონკურსის წესდებაში დაკანონებული მოთხოვნა : «კონკურსის სამ ტურში სამღერი ცხრა ნაწარმოებისაგან, რვა ნაწარმოები  აუცილებლად უნდა შესრულდეს რუსულ ენაზე! არა რუს, სხვა ერის კონკურსანტს აქვს უფლება მხოლოდ ერთი სიმღერის შესრულების

თავის ნაციონალურ ენაზე!» ამ წესდებიდან გამომდინარე ჟიურის წევრებს ეძლევათ მეორე ძირითადი ხრიკის (ეშმაკობის) გამოყენების საშვალება: «კონკურსანტის რუსულ ენაზე არა სათანადო დონეზე შესრულება!».

ასე, რომ თუ ვინმეს დაჩაგვრა უნდათ, დაჩაგრავენ!!!

ამ დროს გოგი კამერული თეატრის საუკეთესო კონცერტმეისტერთან ვლადიმეროვნასთან (ასე მიმართავდნენ ყველა ამ ქალბატონს, მე კი სამწუხაროდ მისი გვარი არ დამამახსოვრდა) ერთად მონდომებით ემზადებოდა დიდ თეატრში სტაჟიორთა ჯგუფში მოსახვედრ კონკურსში მონაწილეობისათვის! პროგრამაში აირჩიეს ათი ძალიან სერიოზული არია, უფრო სწორად ურთულესი არიები ტენორის რეპერტუარიდან! როცა თეატრში მომუშავე კოლეგებს ესმოდათ თუ როგორ მღეროდა რეპეტიციის დროს გოგი ამ ურთულეს არიებს, გაოცებული ამბობდნენ: «ამ ახალგაზრდას რა უნდა სტაჟიორების ჯგუფში?! მისი აყვანა ახლავე   შეიძლება დიდ თეატრის სოლისტადო!». აი, ასეთი საერთო აზრი შეიქმნა თეატრის თანამშრომლებში. ბორის პაკროვსკიმ კონკურსის წინ თავად მოუსმინა გოგის პროგრამას და გაოცებულმა თქვა: «ასეთი რთული არიების შემსრულებელი დიდ თეატრში არავინ არ მეგულებაო!», კონცერტმეისტერიც დაეთანხმა! სპეციალურად მომყავს გიორგი ბეშიტაიშვილის საკონკურსო პროგრამა მელომანებისთვის და ოპერის მომღერლებისთვის!

დადგა კონკურსის დღე! არა თეატრის მთავარ სცენაზე, არამედ  სპეციალურად გამოყოფილ დარბაზში შეიკრიბა ჟიური: ყველა წამყვანი მომღერლები: ვ. პივკო, ვ. ატლანტოვი, ე. ნესტერენკო, ა. ვედერნიკოვი, ტამარა მილაშკინა, ირინა არხიპოვა, ელენა ობრაზცოვა, ტამარა სინიავსკაია, ლარისა ნიკიტინა. ასევე თეატრის დირექტორი, თეატრის მთავარი რეჟისორი ბორის პაკროვსკი, მთავარი დირიჟორი და მხატვარი.

გოგის როცა კითხეს რას გვიმღერებო, უპასუხა- თავად რომელ არიასაც  ამოირჩევთ ჩემ რეპერტუარიდან, იმ არიას შევასრულებო! მეორე კითხვა დაუსვა დირიჟორმა: «აქ რაც წერია, ყველა არიას მღერიხართო?»

დიახ, მღერისო! გოგის მაგივრად უპასუხა ბორის პოკროვსკიმ!

ჟიურის თხოვნით გოგიმ შეასრულა: პიეტრო მასკანის ოპერა «სოფლის პატიოსნება»-დან ტურიდდუს ბოლო სცენა და არია «მამმა ქველ ვინო ე ჯენეროზო»; გაეტანო დონიცეტტის ოპერა «ფავორიტკა»-დან; ფერნანდოს არია «სპირიტო ჯენტილ». _ჯაკომო მეიერბერის ოპერიდან «პურიტანე არია « ა ტე ო კარა,პ. ჩაიკოვსკის ოპერა «პიკის ქალი»-დან ორი არია – «პრასტი ნებესნოე სოზდანიე» და «ჩტო ნაშა ჟიზნ?»

თუ როგორ განიხილეს გოგის გამოსვლა ჟიურის წევრებმა, ამის შესახებ ყველაფერი გულახდილად მოგვიყვა ბორის პაკროვსკიმ! გოგის ჩარიცხვას სტაჟიორთა რიგებში ხმა მისცა დიდი თეატრის დირექტორმა, იმ მოტივით, რომ ამ მომღერლის  შესაძლებლობით შეიძლებოდა დიდი თეატრის რეპერტუარის უფრო გაფართოება, მსოფლიოში ცნობილი საოპერო სპექტაკლების დამატებით. ამ აზრს მხარი დაუჭირეს მთავარმა დირიჟორმა, ბორის პოკროვსკიმ, მთავარმა მხატვარმა და ორმა მომღერალმა ქალბატონმა: ირინა არხიპოვამ და ელენა ობრაზცოვამ, იმ მოსაზრებით, რომ მათი ოცნება იყო ემღერათ მთავარი პარტიები ოპერებში: «გუგენოტებში», «პურიტანებში» და «ფავორიტკაში»! ქალთა ამ უხეშად გამოხატულმა პრეტენზიამ მამაკაცი მომღერლების მისამართით დიდი უსიამოვნება და რბილად რომ ვთქვათ წალაპარაკება გამოიწვია მომღერალთა წევრებს შორის! თუმცა ბოლო მომენტში ელენა ობრაზცოვამ განაცხადა: « რომ მას ააქვს ინფორმაცია, რომ გოგი ჯერ კიდევ თბილისის ოპერის თეატრის სტაჟიორების ჯგუფში მოხვედრას ცდილობდა, მაგრამ ოპერის სამხატვრო საბჭომ უარი უთხრაო!» საიდან ააქვს ეს იფორმაცია, ვინ უთხრა? ბ. პოკროვსკის ამ კითხვაზე ობრაზცოვამ პასუხს თავი აარიდა და ვითომ არაფერიო, უბრალოდ თქვა «ძალიან სანდო ადამიანმა მითხრაო!» ბორის პოკროვსკი შედავებია: « აბა რას ამბობთ? რის სტაჟიორება, თბილისის თეატრი ხანძრისგან დამწვარი იყო და არ მუშაობდა!» მარტოდ დარჩენილმა ირინა არხიპოვამაც გამოიცვალა მისი გადაწყვეტილება და შეუერთდა მომღერლების საერთო აზრს.

ასე, რომ საბოლოოდ ყველა მომღერლებმა განაცხადეს უარი და ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვეს დირექციაზე, მთავარ დირიჟორზე, რეჟისორზე და მხატვარზე.

რა თქმა უნდა სრული სიცრუე იყო, თითქოს გოგის ქონდა ცდილობა თბილისის ოპერის თეატრში მოწყობის. მაგრამ ვიღაცას დაჭირდა ასეთი ტყუილის გამოყენება, ყოველ შემთხვევისთვის! თუ ადამიანი შურიანი დაიბადა მას არაფერი არ ეშველება! მახსენდება ჩემი საყვარელი პოეტის, ვაჟა ფშაველას სიტყვები: «არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა».

ბორის პოკროვსკის, ცნობილი საოპერო რეჟისორის აღელვებულმა ლაპარაკმა მაშინ გამახსენა ჩვენი საყვარელი მასწავლებლი, დავით ანდღულაძე, რომელმაც თავის ბინაში, გოგისთან გაკვეთილის დროს გვითხრა: «ჩემს შემდეგ დიდ თეატრში დღემდე არ შესრულებულა ოპერა «გუგენოტები», ვფიქრობ, რომ თქვენ იქნებით ჩემი  შემოქმედების გამგრძელებლები! თქვენს ამბობდა, მაგრამ უფრო გოგის გულისხმობდა, მე სიტყვა თქვენიდან გამორიცხული ვიყავი ჩემი ავადმყოფობის, სახმო აპარატის არა სახარბიელო მდგომარეობის გამო!

მაგრამ მე მინდა ხაზი გაუსვა თუ რამდენად ფაქიზი სულის ადამიანი იყო ბატონი დავითი! მე თითქოს ამ სიტყვით მომეფერა და არც მე არ დამიკარგა მომავლის იმედი. ამ დიდმა მომღერალმა იცოდა დიდიც და პატარაც, იცოდა როგორ გაემხნევებინა ადამიანის სული!!! სწორედ იმ გაკვეთილის დროს, ის თავისი საოცარი ხმით აჩვენებდა და ასწავლიდა გოგის, თუ როგორ უნდა ემღერა ის ურთულესი ფრაზა, მაღალი რე ბემოლით, «გუგენოტებიდან»! უხსნიდა ჩემ ძმას სუნთქვის სწორ წარმართვას, რომ აპორაზე დაყრდნობილი ბგერა უჰაეროდ არ დარჩენილიყო! მიუხედავად უკვე საკმაო ასაკისა, ბატონი დავითი შესანიშნავად მღეროდა ამ ურთულეს ფრაზას! პატარა ბავშვივით უხაროდა, როცა მის ნამღერს გოგი იმეორებდა! ღმერთო! სინათლეში და სიმშვიდეში ამყოფე მისი სული!

ახლა კი მე მინდა დაუბრუნდე «ვტმეი»-ში ჩვენ სწავლას, იქ სადაც ჩვენ ვამზადებდით საესტრადო დიდ განყოფილებას, რომლის ჩაბარების შემდეგ თვითოულ ჩვენთაგანს ოფიციალურად მოგვეცემოდა უფლება თითო განყოფილების შესრულებისა, შესაფერისი სამომღერლო ახალი განაკვეთებით.

1976 წლის ნოემბრის ბოლოს სამხატვრო ხემძღვანელმა ლეონიდ მასლიუკოვმა წარმადგინა მოსკოვის შემოქმედებითი ახალგაზრდობის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ეს კონკურსი ეძღვნებოდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობას! კონკურსი ჩატარდა მოსკოვის ცნობილ საკონცერტო «კალონების დარბაზში».

ჟიურის თავჯდომარე იყო  დიდი თეატრის სოლისტი, რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი გალინა ოლეინიჩენკო. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ დირიჟორები მაქსიმ შოსტაკოვიჩი და იური სილანტიევი, საკავშირო რადიოს მთავარი მუსიკალური რედაქტორი გენადი ჩერკასოვი, «ვტმეი»-ს სამხატვრო ხელმძღვანელი ლეონიდ მასლიუკოვი, კომპოზიტორები ნიკიტა ბოგოსლავსკი, ალექსანდრა პახმუტოვა, დავიდ ტუხმანოვი, არნო ბაბაჯანიანი და სხვა ბევრი ცნობილი მუსიკოსები!

კორკუსანტებს შორის იყვნენ უკვე რუსეთში ცნობილი ესტრადის მომღერლები ედუარდ ხილი, ლევ ლეშენკო, ვალენტინა ტალკუნოვა, ალბერტ ასადულინ და სხვანი.  ჩემ ხელმძღვანელთან, გიორგი ვინოგრადოვთან ერთად ჩამოვაყალიბეთ სამივე ტურში შესასრულებელი პროგრამა!

   სამივე ტური მაღალი ქულებით გავიარე და ბოლოს ჟიურის წინაშე დადგა საკითხი ვისთვის მიეცად პირველი ადგილი, ჩემთვის თუ ლევ ლეშენკოსთვის! ამ საკითხში პრინციპიალური პოზიცია დაიკავა ჟიურის თავჯდომარემ გალინა ოლეინიჩენკომ, იმ მოსაზრებით, რომ ლეშენკო, როგორც რუსი მომღერალი შეიძლება ქართველზე უკეთესად მღეროდა რუსულ ენაზე, მაგრამ ქართველი უფრო მაღალი დონის პროფესიონალი მომღერალი არისო, ხმითაც და მუსიკალობითაცო! ჩვენ რომ ამ კონკურსში  მოგვეწვია კარელ გოტი ან ტომ ჯონსი, მაშინაც ლეშენკოს მიცემდით პირველ ადგილსო?! ამ მოსაზრებას ჟიურის უმრავლესობა დაეთანხმა, მაგრამ აქ წარმოიშვა მეორე, უფრო სერიოზული მოსაზრება – კონკურსი ეძღვნება საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობასო და ოთხი საათის მსჯელობის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება არავისთვის არ მიეცათ პირველი ადგილი. მეორე ადგილი კი მოგვაკუთნეს ორივეს, ლევ ლეშენკოს და მე!

ლეონიდ მასლიუკოვი დიდად გახარებული და კმაყოფილი იყო ჩემი მეორე ადგილით, თუმცა მიაჩნდა, რომ ფაქტიურად მე დავიკავე პირველი ადგილი!

კონკურსში წარმატების მოსალოცად ჩემთან მოვიდნენ საკავშირო რადიოს ვოკალისტა ჯგუფის დირექტორი ქალბატონი მატიუშინა და რადიოს მთავარი მუსიკალური რედაქციის რედაქტორი ბატონი გენადი ჩერკასოვი, რომლებმაც ოფიციალურად მიგვიწვიეს მე და გოგი მიგვეღო მონაწილეობა საკავშირო რადიოში სოლისტებად ჩასარიცხ კონკურსში, რომელიც ჩატარდებოდა 1977 წლის იანვარში, საკავშირო რადიოს პირველ სტუდიაში!

 

      * * *  

 

1976 წლის 30 დეკემბერს მე და გიორგიმ დავამთავრეთ სწავლა «ვტმეი»-ში, გავიარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი ერთწლიანი სრული კურსი. ხელმძღვანელობამ და სტუდენტებმა ჩვენ მოგვიწყვეს გრანდიოზული საღამო! საზეიმოდ გადმოგვცეს  დიპლომები, სასწავლებლის საპატიო მომღერლების სიგელები. სარეპეტიციო ოთახში, სადაც ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავდიოდით კვალიფიკაციას, გამოაკრეს ჩვენი აფიშები და სურათები. ბოლოს კი ჩვენი წარმატებების აღსანიშნავად გაგვიმართეს სადღესასწაულო კონცერტი! ჩემთვის ამ დაწესებულების დიპლომს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, მე აქ პირველად ოფიციალურად მივიღე მომღერლის დიპლომი! შეგახსენებთ, რომ მე თბილისის კონსერვატორია 1969 წელს დავამთავრე როგორც ფლეიტისტმა, წითელი დიპლომით! მადლობა «ვტმეის» ხელმძღვანელობას, მასწავლებლებს და სტუდენტებს. ეს იყო რაღაც დაუვიწყარი საღამო!

მე ვფიქრობდი ცოტა უფრო გვიან გამეხილა თქვენთვის, ჩემთვის ძალიან სამწუხარო,  მტკივნეული ამბავი. მაგრამ ახლა იძულებული ვარ გითხრათ, რომ ყოველივე ის, რაც მე მინდოდა შემენახა ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის მომავალში

ჩვენდა მოსაგონარად: ჩვენი საკონცერტო აფიშები, დიპლომები, ფოტო-სურათები, პროგრამები, გაზეთების სტატიები და ჩემი რვეულები, სადაც მე მქონდა ჩაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ამბები ჩვენი ცხოვრებიდან დაიკარგა მაშინ, როცა დააყაჩაღეს სოფელ მელექედურში ჩემი სახლი! სახლი სადაც უნდა ასრულებულიყო ჩემი სულის ოცნება – მთელი ჩემი ოჯახით სამშობლოში სამუდამოდ დაბრუნება და საქართველოში ცხოვრება! მე იძულებული გავხდი ეს ამბავი თქვენთვის გამეზიარებინა იმიტომ, რომ რასაც ახლა ვწერ ჩემ მოგონებებში, ეს არის მხოლოდ ჩემი მახსოვრობის წყალობით და შემთხვევით შემორჩენილი დოკუმენტების გამოყენებით.

1976 წლის დეკემბერში როცა ჯერ კიდევ ვითვლებოდით «როსკონცერტის»   სოლისტებად და მოსკოვის კამერულ მუსიკალურ თეატრის არტისტებად, ჩვენ  მივიღეთ მიწვევა საკავშირო რადიოს ხელმძღვანელობისაგან მიგვეღო მონაწილეობა ცენტრალურ ტელევიზიის და საკავშირო რადიოს კონკურსში! გამარჯვებულები  ჩაირიცხებოდნენ რადიოსა და ტელევიზიის ვოკალისტთა ჯგუფის სოლისტებად!

კონკურსში მონაწილეობის წინ ჩვენ შევხდით და ვესაუბრეთ კამერული მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელს ბატონ ბორის ალექსანდრეს ძე პოკროვსკის. უამბეთ ჩვენთვის მომავალ კონკურსის შესახებ. ჩვენ შორის შედგა ძალიან გულახდილი საუბარი, ბატონმა ბორისმა გვისურვა წარმატება კონკურსში და გვითხრა, რომ ის არ მოაწერდა ხელს ჩვენ თეარტიდან გათავისუფლებაზე მანამ, სანამ არ ჩავირიცხებოდით რადიოში სოლისტებად. მასაც კარგად ესმოდა, რომ «მისი თეატრი» სამწუხაროდ არ წარმოადგენდა «ჩვენ თეატრს», განსაკუთრებით რეპერტუარის თვალსაზრისით.

ჩვენ დიდი მადლობა გადაუხადეთ მას მხარდაჭერისთვის და გასაოცარი აქტიორული გაკვეთილებისთვის, რაც ჩვენ მივიღეთ მის თეატრში მუშაობის დროს და წარმატებები უსურვეთ თეატრის შესანიშნავ კოლექტივს!

  კონკურსი ჩატარდა 1977 წლის იანვარში, საკავშირო რადიოს პირველ სტუდიაში საესტრადო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. კონკურსანტებს შორის იყვნენ მხოლოდ საკავშირო რადიოსგან მოწვეული, უკვე საკმაოდ ცნობილი მომღერლები! ჟიურის თავჯდომარე იყო მაქსიმ დიმიტრის ძე შოსტაკოვიჩი, ჟიურის წევრები კი საკავშირო რადიოს სამხატვრო საბჭოს წარმომადგენლები: მომღერლები, კომპოზიტორები და რადიო-ტელევიზიის რედაქტორები. ამ კონკურსში ჩვენ გავიმარჯვეთ და  ოფიციალურად გავხდით ცენტრალური ტელევიზიის და საკავშირო რადიოს სოლისტები! ჩაგვრიცხეს რადიოს ვოკალისტთა ჯგუფში სერგეი ლემეშევის ხელმძღვანელობით! ამ ჯგუფში უკვე მუშაობდნენ რენატ იბრაგიმოვი, ლევ ლეშენკო, ევგენი შაპინი, ალბერტ ასადულინი და კიდევ სხვა რამოდენიმე მომღერალი.

მაქსიმ დიმიტრის ძე შოსტაკოვიჩი

იმ დროისთვის თავის პოპულიარობის ზენიტში იმყოფებოდნენ მუსლიმ მაგომაევი, იოსიფ კობზონი და ლევ ლეშენკო. მათთვის ცენტრალური ტელევიზიის «კარები» ყოველთვის ღია იყო. ახლა გამახსენდა – თბილისში მუსლიმ მაგომაევის გასტროლების  დროს, როცა ის ფიგაროს როლს სპექტაკლში ერთი ტონით ქვევით მღეროდა, მომღერლებში ხმები დადიოდა, თითქოს რევაზ კაკაბაძესთან შემთხვევით შეხვედრისას თეატრის დერეფანში, ბატონი რევაზი ვითომ ასე მისალმებია: « დობრი უტრო მუსლიმ მიკრაფონოვიჩ»! რა თქმა უნდა  ასეთი მოქმედება არ ეკადრებოდა გასაოცარი ბარიტონის მქონე ბატონ რევაზ კაკაბაძეს, მაგრამ «უსამართლობა»-მ ალბათ ყელში ამოუვიდა. ამბობენ მუსლიმ მაგამაევმა თავი ისე დაიჭირა თითქოს ეს სიტყვები არ გაუგონია, მარტო თავი დაუქნია და გაიარაო!

საქმე იმაშია, რომ მაშინ სულ სხვა დრო იყო! ცნობილ საესტრადო მომღერლებს, თითქმის ყველას რატომღაც უნდოდათ თავი წარმოეჩინათ უფრო მაღალ დონეზე, ოპერის მომღერლებად! გასაოცარია, რომ ამას ამბობდნენ ისეთ ცნობილ ესტრადის მომღერლებზე როგორც იყო ლეონიდ უტიოსოვი და მარკ ბერნესი. უფრო სასაცილოა ის, რომ ხშირად ასეთ აზრებს გამოთქვამდე თავად მომღერლებიც: «ჩვენ შეგვეძლო გვემღერა ოპერაშიო!» თქვენ კარგი დედ-მამის შვილებო, ასე ადვილია იყო ოპერის მომღერალი?! აბა სცადე ერთი არია მაინც იმღერეთ ორიგინალურ ტონალობაში!

როგორც მაშინ ბევრი, ამ საქმის მცოდნე პროფესიონალები ამბობდნენ –  მაგომაევს უმიკრაფონოდ ბარიტონისთვის არა საკმარის სიძლერის ხმა აქვსო, უფრო მეტიც –  ამბობდნენ რომ ტემბრის მიხედვით მუსლიმს ჰქონდა შესანიშნავი ტენორი, მაღალ რეგისტრში თავის ბგერით სიმღერა რომ ესწავლებია მისთვის ვინმესო! შესაძლებელია! ვინ იცის?! ფაქტი ერთია, რომ მუსლიმ მაგომაევი იყო ნიჭიერი, დიდი ტალანტის მქონე, საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულიარული პროფესიონალი მომღერალი!

რაც შეეხება იოსიფ კობზონს, მასაც ისევე, როგორც მსოფიოში ყველაზე ცნობილ  მომღერალ ფრენკ სინატრას, გააჩნდა ბარიტონისთვის შეზღუდული მაღალი რეგისტრი. მაგრამ ამ შეზღუდულობას მისთვის ხელი არ შეუშლია გამხდარიყო  საბჭოთა კავშირის ერთერთ ყველაზე ცნობილ მომღერლად! ის შესანიშნავად ირჩევდა მის ხმისთვის სიმღერებს და მღეროდა მისთვის ხელსაყრელ ტონალობაში! მითუმეტეს, რომ წამყვანი საბჭოთა კომპოზიტორები სპეციალურად კაბზონის ხმისთვის და ტონალობისთვის წერდნენ სიმღერებს! ლევ ლეშენკოზე კი იმ დროს ხალხში ხმები დადიოდა, რომ გვეშინია რადიოს ან ტელევიზორის ჩართვა, ხელად ლევ ლეშენკოს ხმას გაიგონებო! ნუ გაიკვირვებთ! ნამდვილი სიმართლეა! სწორედ ასე იყო! ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ლეშენკოს ცენტრალური ტელევიზიის მხრიდან, რაც 100%-ით გარანტირებდა მის უსაზღვრო პოპულარობას! მიუხედავად ამისა საკავშირო რადიოს ვოკალური ჯგუფის დირექტორის მატიუშინას თქმით: «არ ვიცი როგორ გავაფორმო ეს მომღერალი, როგორც ბარიტონი?! არ ააქვს მაღალი რეგისტრი! როგორც ბანი?! არ ააქვს დაბალი რეგისტრი!» ამ შესანიშნავი აღნაგობის მქონეს ახალგაზრდას ააქვს სრულიად შესაფერისი ხმა იმისთვის, რომ მაღალ დონეზე შეასრულოს საბჭოთა პატრიოტული სიმღერები! ამ მოვალეობას ის დღესაც წარმატებით აგრძელებს!

მე ჯერ კიდევ მაშინ მივაქციე ყურადღება, რომ რენატ იბრაგიმოვს, ზაურ ტუტოვს, ალბერტ ასადულინს ტელევიზიის «გზა» გახსნილი ჰქონდათ, ხშირად გადასცემდნენ მუსიკალურ ტელეგადაცემებში! ამ დროს კი ყველა ორკესტრები და დირიჟორები კონცერტებში და განსაკუთრებით გასტროლებზე ჩვენ უფრო ხშირად გვიწვევდნენ ვიდრე მათ! მე დავინტერესდი და ამ საკითხზე დაველაპარაკე მთავარ მუსიკალურ რედაქტორს გენადი ჩერკასოვს. მან უბრალოდ ამიხსნა თუ რაში იყო საქმე:

«ამ მომღერლებს ააქვთ რესპუბლიკის დამსახურებული არტისტების წოდებები და

მათი რესპუბლიკების მხარდაჭერის გამო, ტელევიზიის მუსიკალური რედაქცია ვალდებულია ანგარიში გაუწიონ მათ სტატუს და ძირითადად ამ მიზეზით ხდება

მათი უფრო ხშირი ჩართვა სხვა და სხვა ტელე-კონცერტებშიო!»

მინდა თქვენთვის ერთი პატარა მაგალითი მოვიყვანო იმისა, თუ როგორ მხარდაჭერას უწევდნენ რესპუბლიკები თავიანთ მომღერლებს. აი მაგალითად: თათარსტანმა რენატ იბრაგიმოვს: 1977 წელს მიანიჭა თათარსტანის დამსახურებული არტისტის წოდება. 1980 წელს სახალხო არტისტის წოდება. შემდეგ 1981 წელს რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტის წოდება! რესპუბლიკამ ასეთი დროული  ყურადრებით რენატ იბრაგიმოვს შეუქმნა ყველა პირობა ესახელებია მისი სამშობლო!

ნუ იფიქრებთ, რომ რენატ იბრაგიმოვის მაგალითი თითქოს გამონაკლისი შემთხვევა ყოფილიყო.

ამ დიდ ქვეყანაში არსებობდა კიდევ უფრო ცუდი მხარდაჭერის ფორმები, მაგალითად «შენ მე –  მე შენ»! განსაკუთრებით პატარა რესპუბლიკებში! საკმარისი იყო ურთიერთ შეთანხმებით, არტისტს იმისთვის, რომ რამოდენიმე სადღესასწაულო კონცერტებში, ან დიდ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა საპატივცემულოდ არა მარტო საპატიო სიგელებით დააჯილდოვებდნენ, არამედ სრულიად თავისუფლად შეეძლოთ დიდსულოვნების გამოსაჩენად მიენიჭებინათ ამ რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდება! ორივე მხარე ნასიამოვნები და კმაყოფილი რჩებოდა!

გარდა «შენ მე – მე შენ» ფორმისა სამწუხაროდ არსებობდა კიდევ უფრო «მახინჯი» გასამრჯელოთი ამ წოდების მიღების ფორმა, ზუსტად იგივე სცენარის გათამაშებით!

საერთოდ რესპუბლიკის სახალხო არტისტის საპატიო წოდება, ისევე როგორც ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, ეს იყო და არის ხელოვანი ადამიანის მოღვაწეობის შეფასების ფორმა და ამავე დროს «დასაწყისი ეტაპი» ხელოვანის მოღვაწეობის რთულ გზაზე. მაგრამ ამ «დასაწყის ეტაპამდე»» არტისტს თავი უნდა მკაფიოდ გამოეჩინა თავისი რესპუბლიკის სასახელოდ! ისე მაგალითად, როგორც ჩვენ, გია და გიორგი ბეშიტაიშვილებმა საკავშირო კონკუსის «მოლოდიე გოლოსა»-ს პრიზიორებმა, ოთარ თევდორაძის ქართული სიმღერით «კართან მოდგა შემოდგომა!». საკავშირო რადიოში ათეული ქართული ნაწარმოებების ოქროს ფონდში ჩაწერით! ან თუნდაც რუსეთში საქართველოს კულტურის დღეებში აქტიური მონაწილეობით ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, არაფერს ვამბობ საკავშირო კონკურსში თუ ქალაქ მოსკოვის კონკურსებში წარმატებით მონაწილეობაზე, სადაც ისმოდა ქართული სიმღერები ჩვენი შესრულებით! და საბოლოოდ, ჩვენ გავხდით საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მომღერლები, პირველი სოლისტები საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიისა და საკავშირო რადიოსი! ეს წარმატებები სრულიად საკმარისი იყო იმისთვის მაინც,

რომ ვინმეს, განსაკუთრებით ვისაც ევალებოდა, ყურადღება გამოეჩინა ჩვენს მიმართ!

ჩვენ შევხდით საქართველოს საელჩოს კულტურის განყოფილების გამგეს ბატონ ნოდარ მახარაძეს. მოუყევით კონკურსის შესახებ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და გავხდით საკავშირო რადიოს სოლისტები, მან ჩვენი წარმატების შესახებ აცნობა მაშინდელ საქართველოს ელჩის მოადგილეს მოსკოვში ბატონ ამირან ვალერის ძე როგავას!

საპასუხოდ წარმატებისთვის გამოგვიცხადეს სიტყვიერი მადლობა და კიდევ უფრო მეტად დაგვტვირთეს რუსეთში საქართველოს კულტურის დღეების კონცერტებში მონაწილების მიღებაში. მაშინ როცა საქართველოს კულტურის ისტორიაში ჩვენ ვიყავით საკავშირო ტელევიზიისა და რადიოს პირველი ქართველი სოლისტები! ამ დროს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს განყოფილების გამგის მოადგილედ მუშაობდა კონსტანტინ იოსების ძე ბოჭორიშვილი! მისი ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა, რომ საქართველოს მთავრობას, კულტურის სამინისტროს ყურადღება გამოეჩინა ჩვენს მიმართ, რითაც დაგვეხმარებოდნენ ქართველ მომღერლებს წინსვლაში! მაინტერესებს, თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს საელჩოს კულტურის განყოფილებას არავითარი კავშირი არ ქონდა საქართველოს კულტურის სამინისტროსთან?! ჩვენი მიღწევები როგორ მოახერხეს ასე უყურადღებოდ რომ დატოვეს?!

საკავშირო რადიო-ტელევიზიის კომიტეტში ჩვენ ვიმუშავეთ თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, 1980 წლის 18 დეკემბრამდე! ამ ხნის განმავლობაში გავაკეთეთ სხვა და სხვა ჟანრის სიმღერების ჩანაწერები რადიოში. ამავე დროს ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას სადღესასწაულო კონცერტებში, მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო დარბაზებში. ორკესტრებთან ერთად გასტროლებით მოვიარეთ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ბევრი ქალაქები: რიგა, ვილნიუსი, ტალინი, კიევი, ლვოვი, მინსკი, ტაშკენტი, აშხაბადი, ალმა-ატა, ომსკი, ნოვოსიბირსკი, სვერდლოვსკი და ბევრი სხვა ქალაქები. საბჭოთა კავშირის სახელით ვიყავით გასტროლებზე სოციალისტურ ქვეყნებში: პოლონეთში, რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, უნგრეთში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

მინდა დიდი მადლიერებით გავიხსენო საკავშირო რადიოს ხელმძღვანელობის  გულითადი მონდომება მოეცათ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საცხოვრებელი ბინა მოსკოვში, რადიოსა და ტელევიზიისთვის თანამშრომლებისთვის სპეციალურად გამოყოფილ მრავალსართულიან სახლში. პირველად ჯერ კიდევ 1977 წლის ივლისში რადიო კომიტეტმა გაუგზავნა ყველა საჭირო საბუთები კულტურის სამინისტროს და მოსკოვის ქალაქის საბჭოს, სადაც მიუთითებდნენ რადიოს ახალგაზრდა სოლისტის და მისი ოჯახის უაღრესად ცუდ საცხოვრებელ პირობებზე და ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საკავშირო რადიოს მუშაკებისთვის გამოყოფილ ბინების ფონდიდან მათ აქვთ საშუალება გამოუყონ ბინა! მაგრამ მიიღეს უარყობითი პასუხი იმ მოტივით, რომ მე

ჩემ ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და ვიყავი ჩაწერილი მოსკოვის ახლო გარეუბანში, ხიმკის რაიონის დაბა ფირსანოვკაში.

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მინდა მოგითხროთ. მატიუშინამ, ვოკალისთა ჯგუფის დირექტორმა გვაცნობა, რომ მალე ბულგარეთის დედაქალაქში, ქალაქ სოფიაში ჩატარდება საბჭოთა კავშირის კულტურის დეკადა, სადაც ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ცენტრალური ტელევიზიისა და საკავშირო რადიოს აკადემიურ დიდ გუნდთან ერთად! ჩვენ გვევალებოდა შეგვესრულებინა სამი ნაწარმოები: ბულგარეთის რესპუბლიკის ჰიმნი, ცნობილი საბჭოთა სიმღერა «ალიოშა» და რევაზ ლაღიძის სიმღერა «თბილისო»! ბულგარეთში ადგილობრივი სიმფონიური ორკესტრი ამ სამ ნაწარმოებში გაგვწევდა თანხლებას. ამიტომ მე სასწრაფოდ გავაკეთე «თბილისო»-ს არანჟიროვკა სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისთვის. «თბილისო»-ს ეს ჩანაწერი საბედნიეროდ მე შემომრჩა. სამახსოვროდ გადმომცა ბულგარელმა ხმის რეჟისორმა.

ამ მართლაც დიდი გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი კლავდიი ბორისის ძე პტიცა! მთავარი ხორმეიტერი იყო რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ერმაკოვა ლიუდმილა ვლადიმეროვნა. გუნდთან რეპეტიციები ერმაკოვას მიყავდა. ეს ქალბატონი მართლაც კარგი ხორმეისტერი აღმოჩნდა, მაგრამ გამოირჩეოდა გადამეტებული სიმკაცრით გუნდის მიმართ.

გასტროლებზე გავემგზავრეთ მატარებლით. ყველა ჩვენთაგანს შეეძლო თან ჰქონოდა არა უმეტეს 45 მანეთისა და გზისთვის საკმარისი პროდუქტები. ყველასთვის სასტიკად აკრძალული იყო ძეხვის, ხიზალალის და არაყის თან წამოღება.

რუმინეთის საზღვარზე ჩვენ ვაგონში საბუთების შესამოწმებლად შემოვიდა მესაზღვრე ტამოჟნიკები, როცა ჩვენ კუპეს მიუახლოვდნენ გავიგონეთ გუნდის დირექტორის ხმა: «პუსტ გრუზინ პროვერიაუტ»! კუპეში შემოსულმა ტამოჟნიკმა ყურადღებით შემოგვხედა და გვითხრა: «ვამ ნიჩევო ნე ნადო პოკაზივატ». კუპეში ჩვენს გარდა დარჩენილ გუნდის ორ წევრს კი შეუმოწმეს ჩემოდნებიც და ხელჩანთებიც.

ეს იყო მოულოდნელი, პირველი ინციდენტი ჩვენ მიმართ. დირექტორმა თავის გასამართლებად გვითხრა, რომ ჩვენი შემოწმება მოუთხოვია ერმაკოვას! სოფიის საუკეთესო სასტუმროს ნომრებში განაწილების დროს გუნდის ერთმა მომღერალმა საიდუმლოდ გაგვაფრთხილა, რომ ერმაკოვას და გუნდის დირექტორს წესად ქონია ღამით, მოულოდნელად გუნდის წევრების შემოწმება, რომ არ ქონოდა ადგილი ლოთობას და გახრწნილობას. «ფრთხილად იყავით, ელოდეთ თქვენც აუცილებლად შეგამოწმებენო!» მართლაც, ღამის ორ საათზე, როცა უკვე გვეძინა დაგვიბრახუნეს კარებზე, «სასწრაფოდ გაგვიღეთ კარები» ისმოდა ერმაკოვას ხმა. ჩვენც გაუღეთ კარები. შემოვარდნენ ოთახში და ყველგან სადაც კი შეიძლებოდა შეამოწმეს, ლოგინის ქვეშაც კი შეიხედეს, ეძებდნენ ვიღაცა ქალებს! მერე თავის გასამართლებლად გვითხრეს «ჩვენ სიგნალი მივიღეთ, თითქოს თქვენ ნომერში ქალები არიანო». მოკლედ, მანამდე ბევრ ქვეყნებში ვიყავით სხვა კოლექტივებთან ერთადგასტროლებზე მაგრამ ასეთი რაღაც «ჩეკისტური» ამბავის მსგავსი პირველად შეგვემთხვა.

სოფიის ოპერის თეატრის სცენაზე ჩატარდა საბჭოთა კავშირის კულტურის დეკადის საზეიმო გახსნა. გუნდთან და ორკესტრთან ერთად მე და გიორგიმ შევასრულეთ ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის ჰიმნი, შემდეგ ვიმღერეთ ბულგარეთში ყველაზე ცნობილი საბჭოთა სიმღერა «ალიოშა». კონცერტში დიდი პროგრამა შეასრულა მოსკოვის გუნდმა ერმაკოვას დირიჟორობით. ამ საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ბულგარეთის ცნობილმა მომღერლებმა ლილი ივანოვამ და ბისერ კიროვმა. კონცერტის ბოლოს ჩვენ შევასრულეთ რევაზ ლაღიძის «თბილისო» და  ბულგარეთის  ხელმძღვანელების თხოვნით, კიდევ ერთხელ ვიმღერეთ ბულგარეთის ჰიმნი!

ლილი ივანოვამ გაგვეცნო და გვთხოვა მიგვეცა «თბილისო»-ს ნოტები. ჩვენ გავეცით კლავირის ნოტები და გუნდის მომღერლებისთვის სპეციალურად გაკეთებული «თბილისო»-ს ქართული ტექსტის ტრანსფიქცია, ასევე პირადად ვაჩვენეთ როგორ უნდა გამოეთქვა ქართულად სიმღერის ტექსტი! არ ვიცი იმღერა ლილი ივანოვამ «თბილისო» თუ არა, მაგრამ მაშინ ჩვენი დიდი მადლობელი დარჩა. მეორე დღეს დილიდან საღამომდე  თავისუფალი დრო გვქონდა. დავათვალიერეთ ქალაქის ცენტრი და წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარის დიდებული შენობა. დავანთეთ სანთლები და მოვიხსენიეთ ჩვენგან წასული ნათესავები. საღამოს კი ავტობუსებით წავედით ქ. პლოვდივისკენ!

ჩვენ ავტობუსის შუა ნაწილში დავჯექით, ხელმძღვანელობასთან  მოშორებით,

მაგრამ ერმაკოვამ გვთხოვა, რომ გადმოდით ჩვენთან ახლოს დაჯექითო და სანამ ვიღაცას ველოდებოდით ორიოდე სიტყვით მოგვილოცა წარმატება, შეგვაქო «მომწონს როგორ მღერიხართო». ამასობაში  ავტობუსში ამოვიდა ახალგაზრდა ბულგარელი გოგო, გაგვიღიმა და ყველას ხმამაღლა მოგვესალმა «ზდრავსტვუიტე!» არავინმა, არც გუნდის მომღერლებმა, არც ხელმძღვანელობამ გამარჯობაზე არ უპასუხა, თითქოს არ გაუგონიათო, მხოლოდ მე და გოგიმ ვუპასუხეთ «ზდრასტვუიტე». ამ გოგომ გადმოგვხედა, ჩვენ გაგვიღიმა და ყველას გასაგონად კიდევ უფრო ხმამაღლა განაცხადა «მე თქვენი გიდი ვარ! ჩემი სახელია ზვეზდალინა! ეს დღეები თქვენთან ერთად ვიქნები და ყველა თქვენ კითხვებზე მე გაგცემთ პასუხსო!» ამ კოლექტივის ასეთმა ტუტუცურმა მოქმედებამ ჩვენ ძალიან გაგვაცეცხლა, საშინლად შეურაცყოფილად ვიგრძნობით თავი, კიდევ კარგი ისევ იმ გოგომ, ზვეზდალინამ გვიშველა. მოვიდა, ჩვენ წინ დაჯდა და დაგვიწყო ლაპარაკი. გამოირკვა, რომ სწავლობდა უნივერსისტეტში ჟურნალისტიკის განყოფილებაზე და თავად მოითხოვა ჩვენთან გიდად მუშაობა, რომ რუსულად ლაპარაკში მეტი პრაქტიკა მიეღო.

ქალაქ პლოვდივში დილიდან წაგვიყვანეს და ყვავილებით შევამკეთ საბჭოთა ჯარისკაცის «ალიოშა“-ს ძეგლი! რომელიც აუგიათ ბულგარელებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა იმ საბჭოთა ჯარისკაცების საპატივცემულოდ, რომლებმაც თავი გაწირეს ბულგარეთის ფაშიზმისგან განთავისუფლებისას მეორე მსოფლიო ომის დროს! ეს მონუმენტალური ძეგლი ასევე ითვლება საბჭოთა და ბულგარელ ხალხთა შორის მეგობრობის სიმბოლოდ!

საღამოს კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, პროგრამა იგივე იყო როგორც სოფიაში იმ განსხვავებით, რომ კონცერტის ბოლოს მოგვიწია სიმღერის «ალიოშა»-ს  სიმღერა მთელ დარბაზთან ერთად! ის ღამე ქ. პლოვდიში გავატარეთ და მეორე დილით სამი ავტობუსით გავემართეთ ქალაქ ბურგასისკენ! ამ ქალაქში სამ დღეში

ორი კონცერტი უნდა გვემღერა, მესამე დღე კი ზღვაზე დასასვენებლად დაგვიტოვეს.

ძალიან კარგი, მზიანი დღე იყო. ავტობუსის ფანჯრებიდან მოჩანდა მდელოებზე გადაფენილი ყურძნის, ვაშლების და ატმების ბაღები. მთელი გზის განმავლობაში

გზის პირას იდგნენ ალუბლის მაღალი ხეები, ისეთი ჩვენ რომ კახამბალს ვეძახით. ხანდახან გვხდებოდა გზის პირას დამჯდარი ქალები, რომლებსაც მარწყვით სავსე კალათები ედგათ გასაყიდად! ირგვლივ ყველაფერი ძალიან გავდა საქართველოს ბუნებას! ამ დროს ავტობუსის მძღოლმა მოულოდნელად მაგრად დაამუხრუჭა, გააჩერა მანქანა და ჩავიდა ავტობუსიდან. ცოტა ხანში ჩვენ ხელმძღვანელობას განუცხადა: «სამივე მძღოლები უარს ვამბობთ თქვენი კოლექტივის მომსახურეობაზეო». გაირკვა, რომ მესამე ავტობუსის ფანჯრიდან ვიღაცა გონება ჩლუნგს გადაუგდია გაფუჭებული ძეხვი გზაზე! ავტობუსის მძღოლს ეს დაუნახავს და მიიმჩნიეს საჭიროდ გაჩერებულიყვნენ და უარი ეთქვათ მომსახურეობაზე! შეიქმნა ძალიან არა სასიამოვნო ინციდენტი! ერმაკოვამ შეპირდა მძღოლებს, რომ დაადგენდნენ ვინ ჩაიდინა ეს სამარცხვინო ამბავი, მაგრამ მძღოლები მაინც უარზე იყვნენ. მხოლოდ ჩვენ გიდთან  ლაპარაკის შემდეგ, ზუზღუნით დაბრუნდნენ ავტობუსებში და გავაგრძელეთ გზა!

ბურგასი ლამაზი, ზღვისპირა საკურორტო ქალაქია აღმოჩნდა, ცნობილი თავისი პლიაჟებით, სასტუმროებით, ხეივნებით და ტურისტების სიმრავლით, ამიტომ ჩვენ კონცერტებს გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა ბევრი საზღვარგარეთელი დამსვენებლებიც ესწრებოდა! კოცერტებმა ჩაიარა დიდი წარმატებით, განსაკუთრებით მოეწონათ რევაზ ლაღიძის «თბილისო».

ბულგარეთში ყოფნის ბოლო დღეს, ბურგასის ზღვის სანაპიროზე ჩვენმა გიდმა ზვეზდალინამ ყველასთვის გასაგონად თქვა, რომ «ზღვის მოპირდაპირე მხარეს არის საქართველო, უძველესი და ულამაზესი ქვეყანა. იქ ზღვის პირას ბურგასის მოძმე მარადმწვანე ქალაქი ბათუმია!».  პატარა პაუზის მერე ერმაკოვამ, მთავარმა ხორმეისტერმა ხმამაღლა განაცხადა, ვფიქრობ უფრო ჩვენდა გასაგონად, «დიახ, მართლაც კარგი ქვეყანაა, ლამაზი ბუნებით, მაგრად რად გინდა ხალხია ველურები».

ჩვენ გაოგნებისაგან ხმის ამოღებაც კი ვერ მოვასწარით, ზვეზდალინამ დაგვასწრო:

«რაღაც თქვენი არ მესმის ქალბატონო ლიუდმილა ვლადიმიროვნა, თქვენ ხომ საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება გაქვთ მიღებული, თქვენი ეს სიტყვები რას ნიშნავს?! თქვენ ველური ხალხის დამსახურებული არტისტი ხართ?!».

ამ სიტყვების მერე ზვეზდალინა სწრაფად მოგვიტრიალდა ჩვენ და გვითხრა: «თუ შეიძლება გამომყევით, თქვენთან საქმე მაქვსო». ასე აგვაშორა ზვეზდალინამ გადაუდებელ კონფლიქტს ერმაკოვასთან!

მე დამაიტერესა რა გააკეთა ლ. ერმაკოვამ საქართველოსთვის ისეთი, რომ კულტურის სამინისტრომ მას მიანიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება?! გზაში, როცა უკან მოსკოვისკენ ვბრუნებოდით, გუნდის წევრებმა მოგვიყვეს, რომ 1971/72 წლეებში მოსკოვში, საკავშირო რადიოში ერმაკოვას დირიჟორობით გუნდს ჩაუწერია ოთარ თაქთაქიშვილის სუიტები «გურული სიღერები»  და «მეგრული სიმღერები», ოთარ თაქთაქიშვილისაგან  გადამუშავებული (არანჟირებული) ხალხური სიმღერები, ხალხური სიტყვებით. ერთი წუთით წარმოვიდგინე გურული და მეგრული სიმღერების ტექსტების შესასწავლად რამდენი დრო უნდა დაეხარჯა ამ რუსულ გუნდს? მაშინ, როცა მე ბულგარეთში გასტროლების წინ, ერთი კვირის განმავლობაში გავდიოდი რეპეტიციებს ამ გუნდთან მხოლოდ იმისთვის, რომ «თბილისო»-ს ქართულ ტექსტში «თბილისო»-ს მაგივრად არ ემღერათ ტბილისო და «ჭაღარა მთაწმინდა»-ს მაგივრად არ ემღერათ ჩაგარა მთაცმინდა!

საქართველო მაშინაც და დღესაც განთქმულია მთელ მსოფლიოში ქვეყნის უძველესი ისტორიით, მართლმადიდებლობით, სტუმართ-მოყვარეობით და ხალხური სიმღერა-ცეკვებით! განა ჩვენი ხალხური სიმღერების ანსამბლები, აკადემიური გუნდები თუ კაპელები ასჯერ უკეთესად არ იმღერებდნენ

გურულ და მეგრულ სიმღერებს?! ან იქნებ ერმაკოვაზე ნაკლები ხორმაისტერები გვყავდა საქართველოში?!                ლიუდმილა ერმაკოვ

მოსკოვში დაბრუნებისას დაგვიბარეს საქართველოს საელჩოში ჩვენთვის საპატიო სიგელების გადმოსაცემად, რუსეთში საქართველოს კულტურის დღეებში აქტიური და წარმატებით მონაწილეობისთვის! საელჩოში ყოფნის დროს ყველასთვის მოულოდნელად შემოვიდა ედუარდ შევარდნაძე! თუ რა მოხდა მერე, ამას წაიკითხავთ შემდეგ სტატიაში!

როგორც ყოველთვის გაზეთ «ალიონის» რედაქციას და მკითხველებს გისურვებთ ჯამრთელობას და ბედნიერებას!

პატარა ეკა და ია ბებიასთან და ბაბუასთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 83
    სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირაამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „მეგობარი აქტს“ მხარი დაუჭირა. შშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „მეგობარი აქტი“ არის „მკაფიო მესიჯი“. „ჩვენ დავამტკიცეთ „მეგობარი აქტი“, ეს არის მკაფიო „მესიჯი“ ქართველი ხალხისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, რომ დემოკრატიული მომავალი შეინარჩუნონ“, _ განაცხადა სენატორმა.…
  • 83
    “ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს – განცხადება“ყვარლის ბაგა” მიზნობრივი ჯგუფებისთვის ღია კარის დღეებს მოაწყობს. “რძის ლაბორატორიის” მიერ გავრცელებული განცხადება შემდეგია: ‘’ყვარლის ბაგამ“ მიიღო გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მოაწყოს ღია კარის დღეები, რომელიც ჩატარდება მიზნობრივი აუდიტორიებისთვის, მათ შორის: კულინარიისა და კვების მრეწველობის პროფესიონალები; სამედიცინო და კვების ექსპერტები; სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის სპეციალისტები; მედიის წარმომადგენლები; განათლების სექტორი; მასწავლებლები,…
  • 82
    ვითომ  „ქველმოქმედებით“ ცდილობს მოსახლეობის გაბრიყვებას.გადავარჩინოთ გურიის მდინარეები  ეს ის ” პარვუს ჯგუფია” სოფელ გომის მიმდებარედ მდ. ბჟუჟს რომ უპირებს საბიტკოინედ დაშრობას. თაღლითური სქემით შემოპარული კომპანია 6 დან 30 მგვტ – მდე ზრდის ჰესების სიმძლავრეს რეალური გარემოსდაცვითი კვლევებისა და გათვლის გარეშე. წვეთ წყალს არ დატოვებენ საპროექტო არეალში რამდენიმე კმ. მანძილზე.თან სხვადასხვა ვითომ  „ქველმოქმედებით“ ცდილობს მოსახლეობის…
  • 80
    რედაქტორები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოდან ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენმსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
  • 79
    „პირველი სავაჭრო სახლი“ საკუთარ ბაზარზე გურული ღვინოების შემოტანას იწყებს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“   „ძირითადი პრობლემა სტაბილურობის დეფიციტია – ანუ, შეგრძნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა უმუშევარი დარჩე და ოჯახი ვერ გამოკვებო.  ამიტომაა სპეციალისტების ნაკლებობაა, მათი აბსოლიტური უმრავლესობა ევროპასა და ამერიკაში წავიდა, შესაძლოა აქ ყოველთვიურად და წლიურად უფრო მეტი შემოსავალი ჰქონდეს, მაგალითად ნებისმიერ ხელოსანს, მაგრამ როგორც…