ოჯახური ძალადობის გავლენა ბავშვზე

დამატებულია: 2020-06-23
picture1

არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობრივი ქმედებების მზარდმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა ბოლო პერიოდში საგანგაშო ზღვარს მიაღწია.შესაბამისად, აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ძალადობის ფაქტების პრევენციასა და დიაგნოსტიკას.

ოჯახი – ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც დაფუძნებულია მათ ერთობლივ საერთო საოჯახო მოღვაწეობაზე, ხოლო ეს ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ცოლ-ქმრული, მშობლურ-ნათესაობრივი კავშირებით და ახორციელებენ მოსახლეობის აღწარმოებასა და საოჯახო თაობათა მემკვიდრეობითობას, ასევე, ბავშვთა სოციალიზაციასა და ოჯახის წევრთა არსებობის ხელშეწყობას.

ოჯახის სპეციფიკური ფუნქციები, რომლებსაც მიეკუთვნება შვილთაშობა (რეპროდუქციული ფუნქცია), ბავშვების შენახვა (ეგზისტენციალური ფუნქცია) და ბავშვების აღზრდა (სოციალიზაციის ფუნქცია), საზოგადოების ცვლილების ყველა ეტაპზე რჩება, თუმცა ოჯახსა და საზოგადოებას შორის კავშირის ხასიათი შეიძლება იცვლებოდეს ისტორიულად.

ოჯახის არასპეციფიკური ფუნქციები დაკავშირებულია საკუთრების დაგროვებასა და გადაცემასთან, სტატუსთან, წარმოებისა და მოხმარების ორგანიზებას, დასვენებასა და მოცალეობასთან, ოჯახის წევრთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვასთან და ა.შ. ყველა ეს ფუნქცია ასახავს ოჯახსა და საზოგადოებას შორის კავშირის ისტორიულ ხასიათს. ამიტომ საოჯახო ცვლილებები ყველაზე უფრო თვალნათლივ ჩანს.

არასპეციფიკურ ფუნქციათა შედარება სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე ცხადყოფს, რომ ახალ პირობებში ხდება ფუნქციათა მოდიფიცირება, შეკვეცა ან გაფართოება, სრულად ან ნაწილობრივ განხორციელება ან სრულიად გაქრობაც კი.

ძალაუფლების კრიტერიუმის მიხედვით განასხვავებენ პატრიარქალურ ოჯახს, სადაც მამა ითვლება ოჯახის „მეთაურად“ და მატრიარქალურ ოჯახს, რომელშიც უმაღლესი ავტორიტეტით და გავლენით სარგებლობს დედა. იქ, სადაც მკვეთრად გამოხატული ოჯახის მეთაური არ გვხვდება და სადაც ძალაუფლების გაყოფა მამასა და დედას შორის ხდება სიტუაციურად, საუბარია ეგალიტარულ ოჯახებზე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ოჯახში ძალადობა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას გულისხმობს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სექსუალური ძალადობით. ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად არიან ქალები და ბავშვები.აღსანიშნავია, რომ ქალების მიმართ ხშირად ხორციელდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ძალადობა.

ფიზიკური ძალადობა გულისხმობს მშობლელსა ან ნდობით აღჭურვილ, ძალაუფლების ან პასუხისმგებლობის მქონე პირსა და ბავშვს შორის ურთიერთქმედებას ან მის დეფიციტს, რომელსაც მოსდევს რეალური ან პოტენციური ფიზიკური ზიანი.

სექსუალური ძალადობა გულისხმობს ბავშვის ჩართვას სექსუალურ აქტივობაში.

ემოციური ძალადობა ეს არის ბავშვის დამცირება, დასჯა, დაშინება.

კომერციული ან სხვა ექსპლუატაცია გულისხმობსსხვა ადამიანების მიერ ბავშვის ჩართვას შრომითან სხვა აქტივობაში მოგების მიღების მიზნით. ეს მოიცავს ბავშვთა შრომას და პროსტიტუციას.

უგულებელყოფა გულისხმობს ოჯახის შესაძლებელობის ფარგლებში არასაკმარის მზურველობას ან მზრუნველის უყურადღებობას.

დადგენილია ის ფაქტი, რომ თუ დედა ძალადობის მსხვერპლია ორსულობის პერიოდში, ბავშვი იბადება ჯანმრთელობის დარღვევებით, მათ შორის ნეიროენდოკრინული დაავადებებით, და მომავალში თავად შეიძლება გახდეს მოძალადე.

ოჯახური ძალადობის შემთხვევათა დაახლოებით70%-ში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები. ისინი შეიძლება იყვნენ მსხვერპლნი როგორც პირდაპირი ძალადობის, რაც ხდება მათზე უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი ძალადობის - დედაზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით. (შემთხვევათა 90%-ში ბავშვებმა იციან დედების მიმართ ძალადობის შესახებ).

ნებისმიერი ფორმის ძალადობა ბავშვის მიმართ გავლენას ახდენს განვითარების ყველა ასპექტზე: არღვევს ფიზიკურ ჯანმრთელობას, ინტელექტუალურ განვითარებას, ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას, სოციალურ უნარ-ჩვევებს. აღნიშნული განპირობებულია თავის ტვინის სპეციფიურ უბნებზე ქრონიკული სტრესის ზემოქმედებით და შესაბამისი სტიმულაციის დეფიციტით.

განასხვევებენ ძალადობის შემდეგ ფორმებს: ფიზიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა,ექსპლუატაცია, ემოციური ძალადობა, უგულებელყოფა.

ბავშვი შეიძლება განიცდიდეს ძალადობის ამ ფორმათაგან ერთ-ერთს ან რამდენიმე მათგანის კომბინაციას. ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმები უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სექსუალურ ჯანმრთელობაზე. კვლევები აჩვენებს, რომ შედეგად შეიძლება გამოვლინდეს ღამის კოშმარები, ენურეზი, დეპრესია, ცუდი აკადემიური მოსწრება და სხვა. ამასთან, დაბალი თვითშეფასების შემთხვევები ორჯერ მეტია იმ ბავშვებში, რომელთა დედები ძალადობის მსხვერპლნი არიან. ამ ბავშვებმა, შესაძლოა, მოზრდილთა ასაკში თვითონ ჩაიდინონ ძალადობა. ბავშვების რეაქცია ძალადობაზე განსხვავდება ასაკის, სქესისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ ყველა ის ბავშვი, რომელიც ძალადობის მოწმე და სამიზნეა ხასიათდება სერიოზული ქცევითი პრობლემებით.მათი ტვინი ისევე ზიანდება, როგორც ჯარისკაცების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბრძოლაში. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს ფსიქიკური დაავადებები ცხოვრების მანძილზე.მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ფენომენის კვლევით შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ საფრთხე მომავალში.

ოჯახში მუდმივი დაპირისპირება იწვევს იმას, რომ ბავშვი მუდმივად გრძნობს უმწეობას. ბავშვი ფიქრობს, რომ არის მშობლების კონფლიქტის მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გონების დაზიანება. ბავშვი ხდება ჩაკეტილი, ის განიცდის კოშმარებსა და შიშებს. ეს ბავშვები პრობლემებს აწყდებიან ცხოვრების შემდეგ ეტაპზეც, რადგან ოჯახში არ აქვთ ნორმალური ქცევის მაგალითი. ემოციური ტრავმა ხშირად გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე: ბავშვს, შესაძლოა, განუვითარდეს „ტიკები“, ენურეზი, ყურადღების დამეტყველების დარღვევები, ჰიპერ -კონტროლი.

მრავალრიცხოვანი კვლევებით დადგენილია, რომ ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, მაღალი აქცევითი დარღვევების განვითარების სიხშირე, როგორც ბავშვობის, ისე მოზარდობის ასაკში. მკვლევარები ხშირად აფიქსირებენ, რომ ძლადობის მსხვერპლ ბავშვებში ქცევის 2 ძირითადი მოდელი ყალიბდება:

-​მოძალადის ტიპი (ექსტერნალიზებული ქცევა) - ბავშვთა ნაწილი საკუთარ თავს მოძალადესთან აიგივებს და თვითონაც აგრესიულ, შემტევ როლს ირჩევს. იგი ძალადობას უფროსის მაგალითის და მიბაძვის საფუძველზე სწავლობს. ბავშვთა ეს ჯგუფი აგრესიას უფრო სუსტი ბავშვების ან ცხოველებისკენ მიმართავს. მათი აგრესიულობა შეიძლება გამოვლინდეს თამაშის დროს.

-​მსხვერპლის ტიპი (ინტერნალიზებული ქცევა) - ბავშვი უმწეო, უსუსურ პოზიციას ირჩევს, რაც მასში დანაშაულისა და ბრალეულობის განცდებს ბადებს. ვლინდება დათრგუნვა, უინიციატივობა, პასიურობა, სირცხვილის გრძნობა. ბავშვი შესაძლებელია მანიპულირებდეს საკუთარი უმწეობითა და დაჩაგრულობით.

დადგენილია, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები მიდრეკილნი არიან კრიმინალური ქცევისადმი და მოზარდობის პერიოდში ხშირად ავლენენ ძალადობას. კვლევები აჩვენებენ რომ ოჯახში ძალადობა მოზარდთა ძალადობის და კრიმინალური ქცევის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია.

ჩვენ ხშირად გვგონია, რომ ბავშვებმა არაფერი იციან ძალადობაზე. სინამდვილეში, ბავშვები გაცილებით მეტს ხედავენ და ესმით. უფროსები მეტად სერიოზულად უნდა მოეკიდონ ბავშვების შიშებსა და წუხილს. პატარები დარწმუნებულებ იუნდა იყვნენ, რომ უფროსები ყველაფერს იღონებენ მათი უსაფრთხოებისთვის. ხშირად ბავშვები უფრო მეტს გადმოსცემენ საქციელით, ვიდრე სიტყვებით.

მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაეცნოთ ოჯახურ ძალადობას და მის გავლენას ბავშვებზე; ნიშნებს , რომლებიც დამახასიათებელია ბავშვებში, როდესაც მათ უჭირთ.

აუცილებელია ბავშვთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების ადრეული იდენტიფიკაცია, ადრეული პროფილაქტიკური მექანიზმების დანერგვა საბავშვო ბაღის დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში ძალადობის ფარული ფორმების გამოვლენას, ამ მეთოდებით შესაძლებელი იქნება ნაადრევ ეტაპზე ძალადობის პრევენცია და სკოლის დონეზე კონფლიქტის,აგრესიის და სტრესის მენეჯმენტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი ქალთა ცენტრი“ ახორციელებს პროექტს „ბავშვთა და ახალგაზრდების მიმართ ძალადობის პრევენცია“ (დონორი ორგანიზაცია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივაCOBERM) ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის გურიის რეგიონულ კომიტეტთან ერთად.პროექტის მიზანია ოჯახური ძალადობის პრევენცია ადრეულ ასაკში.

სტატიის ავტორები: მედ.მეც დოქტორი პროფესორი იათამზე ვერულაშვილი , ელენე გაბისონია , მაია ბერიძე

დაფინანსებული ფართი

ავტორი: სტატიის ავტორი;

© alion.ge 2015 წელი ყველა უფლება დაცულია.