ავტორი თემურ მარშანიშვილი

ყოველი 28 ივლისი, ოზურგეთელთათვის, განსაკუთრებით სოფელ კვირიკეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრევლისთვის გამორჩეული დღეა. დღეს სოფელ კვირიკეთში, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიაში სახალხო-რელიგიური დღესასწაული კვირიკობა აღინიშნა. დღესვე ამ ეკლესიას აღდგენიდან 30 წელი შეუსრულდა. საზეიმო წირვა აღავლინა მამა მათემ (გორდელაძე) რამდენიმე მამაოსთან ერთად.

კვირიკობის დღესასწაულს ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია.
ეკლესიის აღდგენის საკითხებზე და აღდგენილ ეკლესიაში სამი ათეული წლის განმავლობაში ჩატარებულ ღვთის მსახურებაზე „ალიონს“ ეკლესიის მოძღვარი,
დეკანოზი მამა მათე (გორდელაძე) ესაუბრა:
„დიახ, დღეს კვირიკობა აღნიშნა ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ამავე დროს, 30 წელი გახდა წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის აღდგენიდან. აღდგენითი სამუშაოები მე-18 საუკუნეში აგებულ ეკლესიას ჩაუტარდა, რომელიც, თავის მხრივ, უფრო ადრინდელ საძირკველზე იდგა. აღდგა კედლები, გუმბათი, თუნუქის სახურავი ქართული კრამიტით შეიცვალა. ამ საღვთო საქმეში, ჯემალ კეჭაყმაძის თაოსნობით, არა მხოლოდ კვირიკეთის, არამედ თითქმის მთელი ოზურგეთის მოსახლეობა მონაწილეობდა.
ჩემი მოსვლის შემდეგ, ეკლესიის კედლები შეიმოსა, აშენდა სამრეკლო და სატრაპეზო, ბიზნესმენ ირაკლი სირაძის დახმარებით მოიხატა შიდა კედლები, ეკლესიამ მიიღო ქართული იერი.
უფრო მთავარი ისაა, როგორ მიდის ღვთის მსახურება, თორემ საეკლესიო ნაგებობები საუკუნეების წინათ იდგა და საუკუნეების შემდეგაც იდგება. მათში კომუნისტების დროს ღვთის მსახურება აკრძალული იყო. შემდეგ ხალხი მობრუნდა ეკლესიისკენ, ირწმუნა უფალი და მრევლი გახდა. აღევლინება წირვა-ლოცვები. ათასობით ადამიანი მოინათლა, ათასობით ადამიანმა ჯვარი დაიწერა. ეკლესიამ შეიფარა და დააპურა მრავალი დავრდომილი, ღატაკი, წესი აუგო გარდაცვლილთ, დაკრძალა უჭირისუფლო მიცვალებულები.
ეკლესიაში მოდიან ახალგაზრდები, ინათლებიან, ჭეშმარიტი მართლმადიდებლები ხდებიან.
სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ეკლესიასა და მრევლს დაუპირისპირდა ლიბერალური მოძრაობა, ხდება გაუკუღმართება, ჩვენი ტრადიციების, ადათ-წესების წალეკვა, ცხოვრების წესის შეცვლა, ძალადობა. საფრთხე შეექმნა სიწმინდეებსა და ტრადიციებს, 5 ივნისს საზოგადოების ფენები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რაც მოხდა, ის სატკივარი უნდა იყოს და არა სისასტიკე, ზიზღი, დაშინება და სიძურვილი. ამიტომ ხალხმა უნდა დაინახოს, რა არის სინამდვილეში ეკლესია, რომელია საშიში, ეკლესია თუ ის ძალები, რომლებმაც დღეს ასეთ მდგომარეობამდე მიგვიყვანა.
ობიექტურად უნდა მიუდგნენ საკითხს ჟურნალისტებიც. ისინი არ უნდა წარმოადგენდნენ მხარეს, ჟურნალისტიკა პოლიტიკა არ არის.“
ჩვენთან საუბარში ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების 30 წლის წინანდელი ამბები გაიხსენა ამ საღვთო საქმის მოთავე ჯემალ კეჭაყმაძემ:
„რა უცებ გაირბინა 30 წელიწადმა. მადლობა უფალს, რომ შთამაგონა, შემომეკრიბა ჩემი სოფლელები და ეს საქმე მეთავა, აღგვედგინა ჩვენი ეკლესია, ჩვენი სალოცავი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მიწასთან იყო გასწორებული.
პირველი, რითაც დავიწყე, ეს იყო ის, რომ ბათუმში მოვინახულე ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი კონსტანტინე, რომელიც ჩამობრძანდა კვირიკეთში, დაგვლოცა და გვიკურთხა მშენებლობა.
ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო არქიმანდრიტ მამა ნიკოლოზს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საღვთო საქმის აღსრულებაში, არა მხოლოდ ჩვენს ეკლესიას დაეხმარა, არამედ თავისი ლოცვა –კურთხევით ეკლესიისკენ მოაბრუნა უამრავი ადამიანი.
აუცილებლად უნდა ითქვას ქუთაისელ მშენებელთა ჯგუფის წევრების შესახებ, რომლებმაც მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულეს სამშენებლო სამუშაოები.
მშენებლობის პროცესში, შეიძლება ითქვას, ჩემი მარჯვენა ხელი იყო ქალბატონი ეთერ ქადეიშვილი, ცნობილი ჟურნალისტი, მწიგნობარი და კალმოსანი.
უფალმა კი მოძღვრად, სულიერ მამად დეკანოზი მამა მათე (გორდელაძე) მოგვივლინა, რომლის მობრძანების შემდეგ სრულიად შეიცვალა და გაბრწყინდა ჩვენი ეკლესია.
მადლობით მინდა მოვიხსენიო ყველა, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა
მოწამე კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის აღდგენაში.
ვიხსენებ, დაახლოებით ათი წლის წინათ ოზურგეთში საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ჩამობრძანებას, რომელმაც ჩვენი ეკლესიის მონახულებისას მშენებლობის თავკაცი მოიკითხა, დიდი მორიდებითა და მოკრძალებით მივეახლე და კალთაზე ვემთხვიე. უწმინდესმა და უნეტარესმა დამლოცა. ეს იყო ჩემთვის უდიდესი მადლი.
ყველას გილოცავთ კვირიკობას, განსაკუთრებით კვირიკეთელებს, რომლებიც მშობლიურ სოფელში თავიანთი ხელებით აღდგენილი ეკლესიიდან ადიდებენ უფალს და ქართველთა შორის სიყვარულსა და ერთიანობას შესთხოვენ მას“.
აქვე გეტყვით, რომ ბატონმ ჯემალმა არ დაარღვია ტრადიცია და წირვის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, თავისი მსუბუქის ავტომობილით ქალაქ ოზურგეთიდან, ღმრთის მშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამდებარე ტერიტორიიდან უფასოდ გადაიყვანა მომლოცველები სოფელ კვირიკეთში. დღესასწაულის დამთავრების შემდეგ კი ასევე ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე ჩამოიყვანა ისინი ქალაქში.
წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ვაჟს — პატარა კვირიკეს ზრდიდა. ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ ივლიტა მმართველთან დაიბარეს. ის სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვით დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა მმართველმა ის კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ კვირიკე არ ჩერდებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!” – ტიროდა და დედისკენ მიიწევდა. განრისხებულმა მსაჯულმა ბავშვი ძირს დაანარცხა, ჩვილი იქვე გარდაიცვალა. ივლიტასაც თავი მოჰკვეთეს. ისინი დაახლოებით 305 წელს აწამეს. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება.

მოწამე კვირიკე

მთელი სამყარო შეირყა მაშინ,
წარმართებმა რომ შეიპყრეს ბავშვი.
_ ქრისტიანი ვარ, რას სჩადით, ხალხო,
აღარაფერი არ გიჩანთ თვალში?!
დედა სადღაა, ჩემი დედიკო,
ხომ არა უჭირს? ადრე მხნედ იყო.
_ აქა ვარ, შვილო, ფეხზე ძლივს მდგარი,
ლამის წამიღოს, ისე ქრის ქარი,
ბედნიერი ვარ, რომ მოვასწარი,
მესწავლებინა ქრისტეს ანბანი,
ცოტა გაუძელ, ჩემო პატარავ,
დალოცვილია შენი Kაკვანი!
არ შეისმინეს მათი ვედრება
და გაუყენეს ხრამის ბილიკებს,
ნემსებით ჩხვლიტეს, გზაში აწამეს
სამი წლის ბავშვი, წმიდა კვირიკე.
უცებ ჩამოწვა შავი ღრუბელი
და ყველაფერი შესრულდა წამში,
ორფეხა მხეცი დედა-შვილს ეცა
და მოისროლა ორივე ხრამში…

…მერე უეცრად განათდა ირგვლივ,
თეთრი არსება ჩაეშვა ხრამში,
დედა-შვილს მყარად ჩაავლო ხელი
და აიტაცა ისინი ცაში.

დიდება თქვენდა, მარად დიდება,
რომ ჩაგვინერგეთ რწმენა ნათელის.
მადლობა უფალს, მოგვცა უფლება,
ყოველდღე გინთოთ წმინდა სანთელი!
ჯემალ კეჭაყმაძე

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 100
    მორიგი ,,ბრალდება" გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან.საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს და მის მიმართ ბრალდებების მორიგ სერიას პასუხობს: „ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!" ბარემ ერთი…
  • 100
    ბეჭდური მედიის მონიტორინგის წინასწარი ანგარიშიდღეს,  მუნიციპალური არჩევნების „ინტერნიუს საქართველოს“  მედიამონიტორინგის წინასწარი ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ონლაინ პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ანა ჩერნიშოვა, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; ევია კოტანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების უფროსის მოადგილე. პრესა და რადიოში მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა პროექტის მენეჯერმა ეკა ბერიძემ_„ინტერნიუსი-საქართველო“. „ინტერნიუს…
  • 100
    „თუ კაცი კაცის წამალი  იქნებოდა, მაშინ ყველანი ერთად თავის ქვეყნის, თავის კუთხის წამალი და მალამო იქნებიანო“დაბა და სოფელი (მოწერილი ამბავი) გურია,10 მაისი. ნათქვამია „დიდი ლხენაა ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს. გურულების ერთადერთი თავმოსაწონი და სასიქადულო თვისება, თუ ღირსება, რომლითაც შინ ვყოყოჩობდით, და გარეთ თავი მოგვქონდა, ის იყო, რომ თავმოყვარეობა მოიპოვებოდა ჩვენში. როგორ შეიძლებოდა შეურაცხყოფა და დაბრიყვება, მასხრად აგდება, გაბიაბრუება და გაუპატიურება ვინმესთვის დაგვეთმო. ეს რომ…
  • 100
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 100
    დასუფთავების აქცია ბახმაროში  დღეს, კურორტ ბახმაროში, დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „ბახვი 1“ ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია CCEH HYDRO VI იყო და მასში მონაწილეობდნენ აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები, ჰიდროელექტროსადგურის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წევრები. ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), სოციალური საწარმო   „3D საამქრო“ და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.…