საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული:

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატო ქართული საზოგადოების მიმართ, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ქართველმა ხალხმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ღირსება, თავისუფლება და დამოუკიდებლობა მისი უმთავრესი ღირებულებებია. ამასთან, ქართულმა საზოგადოებამ ყველას დაუმტკიცა, რომ ხანმოკლე დემოკრატიული გამოცდილების მიუხედავად, აქვს სიბრძნე, რომელიც ურთულეს გამოწვევებთან ღირსეულად გამკლავების შესაძლებლობას აძლევს.

უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას პოლიტიკიდან ჩემი გასვლის გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობე და მას შემდეგ, ჩემივე გადაწყვეტილებას სრულად ვიცავდი და ვიცავ. მთელი ამ პერიოდის მანძილზე, ერთადერთი საჯარო განცხადება გამოვაქვეყნე და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ ჩემი სახელით სპეკულირების საშუალება არავისთვის მიმეცა. არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებზე არათუ მე, თუნდაც, ჩემს ფაქტორს რაიმე გავლენა ჰქონოდა და საჯარო სივრციდან ჩემი სრული დისტანცირების მიზეზი სწორედ ეს იყო და არის.

ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის შვილი და მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი, ბუნებრივია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მთელი ყურადღებით ვადევნებ თვალყურს. რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოს და მის მმართველ გუნდს გასული თვეების განმავლობაში ძალზე მტკივნეული პროცესების გავლა უწევდა და უწევს. საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ვითარებას განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია.

უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩება და როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას მაქსიმალური სიფრთხილე მართებს, რათა საქართველომ საბედისწერო ომი საბოლოოდ აიცილოს თავიდან.

ამასთან, დღეს, როდესაც ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული, მიმაჩნია, რომ მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, თავისი ყურადღება მეტწილად კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.

რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას – კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები.

დასასრულს, რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ, საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 89
    ჩოლოქის ბრძოლა1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
  • 89
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
  • 89
    “მმართველი გუნდი ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს”გუშინ,  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგინა   გუშინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ“  ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე  წარადგენა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა…
  • 89
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…