ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის მერვე დღეს მაყურებელმა ორი წარმოდგენა იხილა. მაყურებელმა გაიცნო ბრაგის თეატრალური კომპანია სპექტაკლით „ცის კარი“ (რეჟისორი- ელენე მაცხონაშვილი) და თავისუფალი თეატრი სპექტაკლით „სამანიშვილის დედი(ს) ნაცვალი“. საგულისხმოა, რომ ორივე სპექტაკლში ასახულია რეჟისორების განსხვავებული ხედვა და ინტერპრეტაციები.

„ცის კარი“

ფესტივალის ფარგლებში ბრაგის თეატრალური კომპანიის სპექტაკლის სანახავად ჩოხატაურის კულტურის სასახლეში წავედით.
ელენე მაცხონაშვილი ის რეჟისორია, რომელიც არაერთი სპექტაკლიდან გვიყვება ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა თუ შემოქმედებაზე, „ცის კარიც“ სწორედ ამის გამოხატულებაა. თავად რეჟისორი გახლავთ ინსცენირების ავტორი, რომელიც ეფუძნება ნოდარ დუმბაძის ჩანაწერებსა და მოთხრობებს. საინტერესოა, რომ სპექტაკლი მაქსიმალურად გამომსახველობითი ფორმებითაა გაჯერებული და ეს განსაკუთრებით გასაგებსა და მეტყველს ხდის. ყოველივეს კი განაპირობებს ის ფაქტორი, რომ წარმოდგენა სინთეზურია და პიესის კითხვის პარალელურად თოჯინების გათამაშებასაც ვუყურებთ (თოჯინების მხატვარი- ვახტანგ ქორიძე). მსახიობები, რომლებიც თოჯინებს ათამაშებენ, შესაბამის ხმებს გამოსცემენ, ამგვარი ეფექტი სანახაობრივად მეტად სასიამოვნო და დამაჯერებელია. სპექტაკლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან ამაღელვებელი და სევდიანია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წარმოდგენა მონოტონურად მიმდინარეობს, მაყურებელში აღვიძებს ერთგვარ განცდებსა და სენტიმენტებს. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ფინალური სცენა, სადაც გათამაშებულია სიკვდილის, დამარხვის სცენა. ფაქტია, ელენე მაცხონაშვილმა შექმნა საკმაოდ პირქუში ატმოსფერო და სცენიდან გვესაუბრა ისეთი ენით, რომელიც სასიამოვნოა, როგორც ბავშვებისათვის ასევე დიდებისათვის. ასევე უნდა აღინიშნოს სპექტაკლში არსებული ანსამბლურობა, მიუხედავად იმისა, რომ პიესას კითხვით აცოცხლებს ორი მსახიობი დანარჩენები კი ძირითადად ქმედითად არიან დატვირთულნი, თანაბარი მნიშვნელობა აქვს თითოეულის ხაზს.
აქვე აღვნიშნავ, რომ ფესტივალის ფარგლებში, ჩვენ კიდევ ვიხილავთ ელენე მაცხონაშვილის სარეჟისორო ნამუშევარს.

„სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“
ფესტივალის მერვე საღამოს კონკურსის მონაწილე თავისუფალი თეატრის დასი ვიხილეთ, რომლებმაც წარმოადგინეს დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“. სპექტაკლის რეჟისორი გოგი მარგველაშვილი გახლავთ. მოგეხსენებათ, დავით კლდიაშვილის თითოეული პიესა თუ მოთხრობა საკმაოდ ხშირად იდგმება ქართული თეატრის სცენაზე და თეატრთან დამეგობრებულ საზოგადოებას არაერთი სახის ინტერპრეტაცია ექნება ნანახი, თუმცა აღნიშნული სპექტაკლი ნამდვილად ახალი სიტყვაა ქართულ თეატრში და ვფიქრობ, რთულად მოიძებნება მაყურებელი, რომელსაც ნანახი დიდხანს არ გაჰყვება. პიესა საუკუნე ნახევრის წინ დაიწერა და რეჟისორები დღემდე ეძებენ სიახლეს. გოგი მარგველაშვილის ინტერპრეტირებულ წარმოდგენაში მოქმედება თანამედროვე სამყაროში ხდება.  ეს კი აისახება რეჟისორის თითოეულ გადაწყვეტაში: პერსონაჟები თანამედროვე ენით საუბრობენ, იყენებენ ტელეფონებს, კოსტიუმებიც მორგებულია მოცემულობას და ყველაზე მოულოდნელი რამ: პლატონ სამანიშვილი და ივანე გვერდევანიძე ხვდებიან „მაკდონალდსში“ და არა გზად, ცხენებზე მსხდომი.
გარდა ამისა, სპექტაკლში მკაფიოდ არის წამოწეული მეტად საჭირბოროტო პრობლემა. ფარისევლობა და მხოლოდ ზედაპირული რწმენა. მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენის კუთხეში დევს ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მკითხაობის, მკრეხელობის დროს აბრუნებენ, ამით რეჟისორი საზოგადოების დეგრადაციაზე მიუთითებს და ხაზს უსვამს მათ არასწორ ხედვასა და ქმედებას, რაც ადამიანის სულიერებისთვის დამანგრეველია. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომ პერსონაჟები ღვთისმშობლის ხატს ეთაყვანებიან, ამის პარალელურად კი თავიანთი ქმედებითა და საუბრით, ეწინააღმდეგებიან ახალი ქმნილების შობას და ყოველივე ამის ფონზე ვლინდება თუ რა მხეცია გაღარიბებული აზნაური ადამიანი და როგორ შეიძლება სიღარიბეს დამონებული ადამიანი მორალურად დეგრადირდეს.
შემოქმედებითმა ჯგუფმა სრულიად ახლებური ენით გააჟღერა დავით კლდიაშვილის მნიშვნელოვანი ნაწარმოები. თავისუფალი თეატრის აღნიშნულ სპექტაკლში ძალიან ბევრი თემის, პრობლემის, ადამიანური ფაქტორისა და სიახლის ამოკითხვა შეიძლება და სწორედ ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, რომ ოზურგეთის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კლდიაშვილის ახლებური ინტერპრეტაცია.
ჩემი აზრით, „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“ ნამდვილად ერთ-ერთი მნიშვნელოვნად გამორჩეული სპექტაკლია საფესტივალო რეპერტუარში.
სამწუხაროა, რომ უცხოელი ჟიურის წევრები და სტუმრები, სრული სიზუსტით ვერ აღიქვამენ ნანახს, რაც, რასაკვირველია, იმოქმედებს შთაბეჭდილებაზე, სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, უმჯობესია სამომავლოდ გათვალისწინებული იყოს სუბტიტრები საერთაშორისო ენაზე.

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე

მსგავსი სტატიები

  • 100
    „ამერიკის ელჩთან შეხვედრა 21 მარტს ნამდვილად შედგა“ - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებსსაქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
  • 100
    „ჯუმა“, ჯუმათელები და... სამოქალაქო აქტივობაჯუმათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფელია. მაღალმთიანი, ულამაზესი, უძველესი კულტურის მქონე, აქ ადამიანთა დასახლების ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება... ალბათ, ადრეული ცივილიზაციის გაგრძელებაა, რომ სოფელში სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული ახალგაზრდობა ცხოვრობს და საქმიანობს კიდეც. ქალბატონი მაკა ჩხარტიშვილი ჯუმათის სათემო ორგანიზაციის „ჯუმას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელია. „ჯუმა“ კი არასამთავრობო ორგანიზაციის „გურიის მედიატორთა ასოციაცია“ ქოლგის ქვეშ საქმიანობს.…
  • 100
    ბახვი 2 ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვა ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან _ბატონო დავით, როგორ დაახასიათებთ ჰიდროენერგეტიკას და არის თუ არა ის მწვანე ენერგიის წყარო? _ ჰიდროენერგეტიკა არამც თუ მწვანე და განახლებადი ენერგიის რესურსია, არამედ ქარისა და მზის სადგურებისგან განსხვავებით სტაბილური ენერგიის წყაროა. ქარისა და მზის სადგურების მუშაობა მეტწილად დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე…
  • 94
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 91
    რატომ აიცილა თავიდან არნოლდ გეგეჭკორმა ბინდიბუს ბელადის ცოლთან დაწოლა და როგორ გადაურჩა ის სიკვდილს რამდენჯერმე  სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს  5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს.   არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…