აკაკი გობრონიძე – 100

ავტორი თემურ მარშანიშვილი

ივლისში ბატონი  აკაკი გობრონიძის დაბადებიდან 100 წელი გასრულებულა. ამის შესახებ  მისმა ყოფილმა თანამშრომელმა და უმცროსმა მეგობარმა ბატონმა რეზო თედორაძემ გვაცნობა ჩოხატაურიდან.

აკაკი გობრონიძე ის კაცია, რომლის სახელი და გვარი, თავისი, ქვეყნისა და ხალხისთვის ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო, არასოდეს ამოიშლება გურიის ისტორიიდან. შეიძლება ითქვას, რომ ბატონი აკაკის ტოლფასი საზოგადოებრივი მოღვაწე გურიაში თითზე ჩამოსათვლელია.  მას, როგორც ერთ-ერთ შეუდარებელ, პრინციპულ, სამართლიან, პოლიტიკასა და ეკონომიკაში კარგად გათვითცნობიერებულ ხელმძღვანელს, განუზომლად დიდი ღვაწლი მიუძღვის საბჭოთა პერიოდში ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონების განვითარებასა და წინსვლაში. სადაც იღვაწა, ყველგან თავისი წარუშლელი კვალი დატოვა.

მახსენდება, როგორ გავიცანი: ეს ის პერიოდია,„გურია ნიუსში“ რომ ვმუშაობდი. მაშინ ჩვენი ოფისი დოლიძის ქუჩაზე მდებარეობდა. ერთ მშვენიერ დილას, პარასკევსხელჯოხიანი კაცი მესტუმრა, რიხიანი გამარჯობა მითხრა,აკაკი გობრონიძე ვარო. სკამი შევთავაზე სტუმარს. მეუღლის მოსაგონარის გამოქვეყნება მინდაო, პიჯაკის ჯიბიდან შუაზე გაკეცილი რამდენიმე თაბახის ფურცელი ამოიღო  და მომაწოდა.

„იმ დღეს ბედნიერი მხოლოდ ის იყო, ვინც შენ არ გიცნობდა“ – ახლაც მახსოვს იმ წერილის საოცრად ემოციური სათაური. წავიკითხე ბოლომდე, შევეცადე, არ შემემჩნია, რომ მომეწონა და ვუთხარი მოგონების სახით ვერ დავბეჭდავთ-მეთქი.

_ ეს როგორ, ფულს ვიხდი, კაცო?! – გაუკვირდა, ცოტათი გაწყრა კიდეც.

_ბატონო აკაკი, ეს არ არის მოგონება, უფრო მეტია, ასეთ წერილებში ავტორებს ჰონორარს იქეთ ვუხდით და თუ თქვენი ნება იქნება, უფასოდ დავბეჭდავთ-მეთქი.

შევატყვე, რომ ესიამოვნა.

„გურია ნიუსის“ ხელმძღვანელებს, ია მამალაძესა და გია სიხარულიძეს ასეთი რამ არ ეშლებათ, მით უფრო, მათ კარგად იცოდნენ ბატონი აკაკის დამსახურება ჩოხატაურისა და ჩოხატაურელთა წინაშე და ორშაბათს გაზეთის ცინცხალი ნომერი, რომელშიც განთავსდა ხსენებული წერილი,  სახლში მივართვი ავტორს. შემიძლია ვთქვა, რომ „გურია ნიუსის“ ოზურგეთის განყოფილებაში, ჩემი მუშაობის პერიოდში, ასეთი დონის სულ რამდენიმე წერილი შემოვიდა.

ამ დღიდან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა. კარგი კალამი ჰქონდა,მემუარების გამოქვეყნება შევთავაზე თუ დაწერდა. სურვილი ერთია, მაგრამ, რომ დავწერო, მარჯვენა ხელი არ მემორჩილებაო. დავითანხმე:სამშაბათობით და ხუთშაბათობით, შესვენებისას მივაკითხავდი და დიქტაფონზე ჩავიწერდი მის საუბარს, საღამოობით კომპიუტერში შევიყვანდი მასალას, დილით კი ამოვბეჭდავდი და წავაკითხებდი.

ერთ დეტალს გავიხსენებ: რომელიღაც თარიღში შემეპარა ეჭვი, შემოვხაზე და კითხვითი ნიშანი დავუსვი. ნაწერს გადახედა და თითი დამიქნია –  ყმაწვილო, შენ ჩემს მეხსიერებაში ეჭვი არ შეგეპაროსო. მაშინ ბატონი აკაკი ოთხმოცდაათს მიკაკუნებული იყო.

სამთვიან ერთობლივ მუშაობას ის მოჰყვა, რომ სამზეოზე გამოჩნდა ბატონიაკაკი გობრონიძის წიგნი, რომელიც მაშინვე დაიტაცა მკითხველმა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მაგალითისთვის გეტყვით, რომ პირადად ჩემთვის სახსოვრად გადმოცემული ერთი ეკზემპლარი,  ავტორის წარწერით, ერთმა წიგნიერმა კაცმა ითხოვა და როცა შევახსენე, როდის დააბრუნებ-მეთქი, ის უკვე ხომ დაგიბრუნეო, გაიკვირვა,  სინამდვილეში „შემაწერა“. რასაკვირველია, მეწყინა, მაგრამ მესიამოვნა, რომ ამ წიგნზე ტაციაობა გაჩაღდა, რაც, უპირველესად, იმის დასტურია, რომ ბატონი აკაკი უყვარდა და უყვარს ჩვენს საზოგადოებას.

ბატონი აკაკის ამ წიგნში, სხვათა შორის, ისიც ჩანს, რომ გობრონიძეების დიდ გვარს ყველა ეპოქაში ტრადიციულად ჰყავდა გამორჩეული პიროვნებები. ამ ტრადიციის მოშლა არ ეგების, ბატონ აკაკის ჰყავს ღირსეული შთამომავლობა, რომელიც თავის სიტყვას იტყვისდღეისა და მომავლის საქართველოში.

 

 

მსგავსი სტატიები

  • 93
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 93
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 89
    რატომ არ უნდა სამინისტროს ოზურგეთში მავნე საწარმოს აგების გარემოსდაცვითი ზემოქმედების ანგარიში მოსახლეობის მონაწილეობით განიხილოს…28 იანვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ონლაინ რეჟიმში ქ. ოზურგეთში, ექადიის უბანში შპს „არერსა მეტალის“მიერ მეტალურგიული საწარმოს მშენებლობისა და ექსპლოატაციის პროექტს განიხილავს. ქ. ოზურგეთი რუსთავის, ზესტაფონის შემდეგ  მძიმე მრეწველობის მესამე ქალაქი ხდება..მშენებელი შპს „არერსა მეთალი“ შპს „ჯეოგადამამუშავებელის“ კუთვნილ ტერიტორიაზე ააგებს მძიმე მეტალურგიულ კომბინატს. ერვინ კურამ შარმა „მანსაროვარის“,…
  • 83
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 82
    კომპანია „პოლატი“ მდინარე ნატანების ხეობაში წელსაც მილიონ კუბ. ინერტულ მასალას ამოიღებს, რატომ მიმართავს პროკურატურას გურიანთელი ფერმერი აკაკი ღლონტი_ კომპანია „პოლატის“მიერ ინერტული მასალების შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ვანდალური  მოპოვების შედეგად 1,7 ჰექტარი მიწა  დავკარგე, აქედან 0,7 ჰექტარზე პავლონია და კაკალი  მქონდა გაშენებული.   ამჟამად მიყენებული ზარალი 100 000 ლარი მაინც იქნება, _ გვითხრა სოფელ გურიანთაში მცხოვრებმა, ცნობილმა ფერმერმა აკაკი ღლონტმა. აკაკი ღლონტის ფართობი ახლოსაა ცენტრალური მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოებასთან, რომელიც…

არ გამოტოვოთ