გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა.
დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა.
მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა.
მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავას, მთისპირის, ვანისქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, „გათბა ცეხლი, ახლა ჩვენთანც დაყრის არ აგვცდებაო იტყოდა ბაბუა“.
ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ.
ნაშუადღევს დაიწყებდა, ჯერ ხოშხოშელას ჩამოყრიდა, მერე ფანტელად გადაიქცეოდა, მოდიოდა და მოდიოდა, შრაშუნით, შუშუნით, ნელა და ხვავრიელად..
თუ მოუქროლებდა და მარიამის გორიდან ნამქერს წამოიღებდა უცბად მობურდნავდა.
არ ჰქონდა ჩვენს სიხარულს საზღვარი.
საღამოს ბაბუა იტყოდა „ასე თუ ქნა, დილას სახლები დასათოლი იქნებაო“ თავის ცნობილ მოხრილპირიან ბამბისხის ნიჩაბს გამოაძრობდა საჩხინავიდან. ნაკვერჩხალზე ღორისქონიან ქილას შეათბობდა და ჭინჭით, საგულდაგულოდ გაპოხავდა ნიჩაბს. ჩახანის ნაპირს ჩამოფხეკდა, ჟანგარას მერდინში გამოცრიდა, ქონში გადაზელდა და მაღალყელიან, ტყავის ჩექმებს წასცხებდა.
„ზურიკონა, შენი ჭირიმე, რაღადროის შენხელა კაცის სახურავზე ბღოტიალია? არ ახვიდე ეგება წელს, ბიჭებმა ქნან..“
„ხომ კი? ბაღნები გუუშუა ზეთ და მე ფუხართან ვიჯდე, კი კი დაგიჯერეფ და ვიზამ მასე!!“
ყოველ წელს ერთი და იგივე სიტყვები..
„ღმერთო გამჩენელო, შვიდობა ქენი. შვიდობით მოსული შვიდობით წეიყვანე.“ ამ დღისთვის გადარჩეულ სიმინსდის ფრჩხილისხელა, თეთრ მარცვლებს ჩამოკიდებდა ბუხარში, ჟაჭვზე ჩახანით ბებია.
ასე დიდი თოვლი ერთხელ აუცილებლად მოდიოდა ყოველ წელს, ითვლებოდა დიდ წყალობად, დიდ საკრალურ ამბვად, ახლდა დარდი და ზორი და შრომა მაგრამ ბევრი სიხარული.
ძალის ძალად დაგვაძინებდნენ. დილით, დაორთქლილი ფანჯრიდან გადაბუმბლულ ეზოს რომ დავინახავდით ყვირილით ვიკლებდით იქაურობას.
ჩვენს გაღვიძებამდე ბაბუას გაკვალული ქონდა გზები ჭამდე, ფეხსალაგამდე წინა და სამეზობლო ჭიშკრებამდე. პატარა შენობებს, ნალიას, ხულას, საშეშეს, საბძელს, სათივეს, საქათმეებს და მისთანებს ზედ აუსვლელად, ბარნაბით გადმოთოლავდენ. სახლების გადმოთოვლა ცალკე საკაცებო, საერთო სამეზობლო საქმე და საკეთებელი იყო. დაუძახებდენ ერთმანეთს, ზურგზე ნიჩბიანი მეზობლის კაცები, უთქმელად იყო დადგენილი ჯერ ვისი სახლი ითოლება მერე ვისი და ბოლოს ვისი. პირველად უკაცო და ქვრივების სახლებს მიხედავდენ, სირცხვილად ითვლებოდა მთელი სოფლისთვის დაუთოლავობით სახლის დანგრევა და ამიტომ. შეძრებოდენ პარმაღიდან სხვენში და სხვენიდან სამტრედის პატრა ფანჯრიდან გამოდიოდენ სახურავებზე.
სახლიდან ჩამოსულებს ცხელ ბუხარს დაახვედრებდენ და პატარა სუფრას, მხოლოდ ერთს დალევდენ თაფლის არაყს „გულის სიმაგრიზა“ და ხაპის ნატეხს მიატანდენ. სახლზე ამსლელი კაცის არც დალევა ვარგა და არც სიმაძღრე.
ამ დღეს სხვანაირად ერთიანი და მხიარული იყო სოფელი, ყველა სახლი ითოლებოდა, ყველა ერთმანეთს ეხმიანებოდა სახურავებიდან, დაბნელებამდე იყო გადაძახილები..
ბაღნებისთვის სახლის წინ ჩიტების მოსახმობად ნაცარით მოაშავებდნენ მოტკეპნილ თოვლს და რაგვს გაგვიმართავდენ, ირენჭკაზე შეაყენებდა მამა დამხობილ გობს და ძაფის ბოლოს ფანჯარაში შემოყოფდა. მოგროვდებოდენ ჩიტები, გამოუშლიდით ფეხს და გობის ქვეშიდან გამოვიყვანდით გულაფართხალებულ ბეღურებს, ყელწიას, ღობემძრალას, იშვიათად წლევანდელი გამოუცდელი შაშვის ან ჩხართვის ბარტყიც გაებმებოდა მახეში, ვკიოდით სიხარულით, მოვეფერებოდით და ბებიას დარიგებით თავზე შემოვლებულს გავუშვებდით. მოხუცებს სჯეროდა რომ ყველა დაჭერილი და დახსნილი ჩიტი ბაღნების სატკივარს თან წაიღებს.
ბოლოს მიხედავდენ ნიჩბიანი კაცები ჩვენს სახლს, „აფერის დერდი არ მაქ, ზოტიდან ჩამოტანილი კაცისიმსხო კავი და სარაბახი მიწყვია ზეთ, ერთი კვირე ითუოს არ გაქანდება”“ იტყოდა ბაბუა ამაყად, მარა მაინც.. ამოისუნთქავდა სახლები, აღარ გაუდიოდა წაბლის ღოჯეს წკიპინი და დამშვიდდებოდენ ქალებიც.
სახურავიდან ჩამოყრილი თოვლი ამოყორავდა პირველი სართულის ფანჯრებს და ოთახებში ჩამობნლდებოდა, სხვანაირად დათბებოდა და დამყუდროვდებოდა.
ბოლო სახლში სანაქებო სადილს გაშლიდნენ მეზობლის ქალები, ფუთიან ქვის კეცს არეკავდა ბებია, ღორის ფერდი და კუპატი, თხილიანი ჯეჟერა ფხალის და კუხე პამიდორის მჟავე.
-ბეურ თოვლობას მოვსწრებოდეთო..
-რაფერც შვიდობით მოგვიბრძანე ისე შვიდობით დაგვეხსნასო..
-დღევანდელი თოლივით ხვავრიელი და ბარაქინი ქენი წრომანდელი წელიწადიო და ამის მაგვარები ბევრი, გვიანობამდე..
რახანია გურიაში სახლი აღარ დათოვლილა, აღარ მოდის თოვლი, ნეტა რამე ხომ არ დავაშავეთ და ვაწყენინეთ გამჩენელს?
ფოტო: გიორგი მახარაძე
მსგავსი სტატიები
- 100სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „ვჰმადლობდეთ მამას, რომელმაც გვიხსნა სიბნელის ხელმწიფებისაგან… და შეგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სასუფეველში“ (კოლ.1.13) დგება…
- 100დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 100გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 100„ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად, სულს კი მარადის სურს ციერება“ ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი. სცენა სადა დეკორაციებით, რომელიც სულის ფორიაქს გამოხატავს და... რომლის დაუოკებელი მდინარება ხან ზეცისკენ არის მიმართული, ხანაც დაბლა ეშვება ქვესკნელისკენ...? პოეტი შემოდის როლში, განა ყველა სულიერი არსი, ქმნილი უფლისგან, საკუთარი როლით არ ევლინება ამ ყოფიერ სინამდვილეს? თითქოს მაღალფარდოვნად ჟღერს…
- 100კოლმეურნეობის თავმჯდომარემ სოფლის საერთო კრებაზე გაანდო ეჭვი დაღლილ კოლმეურნეებს, რომ წინ ბედნიერება გველოდა, გარდამავალი დღოშა მივიღეთ. ამიტომ საცხრამაოსოდ სამზადისი ორი კვირით ადრე დაიწყეს, სოფლის ცენტრში სოკრატ შევარდნაძის ლურჯი ტრაქტორის გემ ავრორად გადაკეთებას შეუდგა კოლმეურნეობის მხატვარი თემურ ნინიძე ასისტენთებთან ერთად. შეღებილი ფანერებით, დროშებით, ალმებით მორთული ტრაქტორი, მატო ბორბლების ნაწილი რომ უჩანდა…